განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/880-19 (№041130919002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ---–- ტ--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ--–---- ვ--–----ს ძე ი------–--- - დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ს-–----–-- განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები (რეგისტრირებული): ქ. ქუთაისი, ს------------------------2; მცხოვრები (ფაქტობრივად): ქ. ქუთაისი, რ---------–---–----------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 04:30 საათზე ქუთაისში, რე-------------–---–-----------------ში, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ვ--–---- ი------–---- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ----- ჭ-----------. კერძოდ, მოქაჩა თმებში, ხელი ჩაარტყა თავის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ----- ჭ----------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ ვ--–---- ი------–---ს აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულის ნ----- ჭ----------- გამოკითხვის ოქმი, მოწმე ლ---- ჭ----------- გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა ვ--–---- ი------–---ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ--–---- ი------–---- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ--–---- ი------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება ადეკვატური. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ვ--–---- ი------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ:
ვ--–---- ი------–---ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ბრალდებულმა უდავოდ ცნო ბრალდების ფაბულაში აღწერილი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - ვ--–---- ი------–--- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. შესაბამისად ვ--–---- ი------–---ს სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად ვ--–---- ი------–---ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. ვ--–---- ი------–--- სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ--–---- ი------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვ--–---- ი------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ვ--–---- ი------–--- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 სექტემბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნამსხვრევები - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური