განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3681-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
ბრალმდებელი - ლ-------------–---
დაცვის მხარე:
დამცველი - ნ-----–-----------
ბრალდებული - ნ---------------------------, დაბადებული - 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს--------------------------–---------–ი, ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–----------------------–-–--–-----–-.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ნ------------- მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს - მ----–------ს, რომელიც იმყოფებოდა ქ-------–--–-, თ-------------–-----------------------------------------–-----------------------------ში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ნ--------------
მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - მ----–------- ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებული არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც დაახლოებით 3 წელი ცხოვრობდა. 2019 წლის ივნისში დაშორდა მეუღლეს, რისი მიზეზიც მისი შვილები იყო. დაზარალებულს სურდა შვილების თბილისში ჩამოყვანა, მაგრამ ნ------ ეუბნებოდა, რომ ბავშვები ერთი წლის შემდეგ ჩამოეყვანათ, რათა უკეთეს პირობებში ეცხოვრათ. ბრალდებულთან დაშორების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში, ვ---------––-, ბიძაშვილთან - თ------–-------თან, რომლის მისამართის შესახებ ცნობილი იყო ბრალდებულისთვის, ხოლო შემდეგ გადავიდა თავის მეგობრთან - ნ----------–-–---–თან ქ-------–--–-, თ-------. ვინაიდან, ნ------------- მასზე ეჭვიანობდა და ამის გამო ჩხუბობდნენ, შერიგება ვერ შეძლეს. ბრალდებული მას ტელეფონით დაუკავშირდა და დაემუქრა, რომ თუ მანიკურის გასაკეთებელ აპარატურას არ დაუბრუნებდა, რომელიც მისი ფულით იყიდა, ფეხებს დაამტვრევდა და ის ფული საავადმყოფოში სამკურნალოდ დასჭირდებოდა. მან ნ------ გააფრთხილა, რომ მუქარის გამეორების შემთხვევაში პოლიციას მიმართავდა. გაფრთხილების მიუხედავად, 2019 წლის ივლისის თვეში ნ------------- მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- კვლავ დაუკავშირდა დაზარალებულს ნომერზე 5----------- და აპარატის დაუბრუნებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მან ნ------ს ფულის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება შესთავაზა, რაზეც ბრალდებულმა კატეგორიული უარი განუცხადა და ცოცხლად დამარხვით დაემუქრა, რაც მან რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან ნ-------------ს აქვს ფიცხი ხასიათი და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომაც იყო, რომ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა - მეგობართან გადავიდა და დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართა. დაზარალებულის განმარტებითვე, მისი და ბრალდებულის საუბარი, რა დროსაც ნ------ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, მოისმინა და ტელეფონით ჩაიწერა მისმა მეგობარმა ნ----------–-–---–მა.
მოწმე თ------–------- ჩვენებით დგინდება, რომ იგი არის დაზარალებულის ახლობელი და აქვს საკმაოდ ახლო ურთიერთობა. მ----–------ ყოველთვის უყვებოდა თავის პირად და ოჯახურ ამბებს. თუმცა მისი ინფორმაციით, დაზარალებული თავისი ქმრის გამო აღარ ურთიერთობდა გარშემომყოფებთან. დაზარალებულის გადმოცემით იცის, რომ მას ნ-------------სთან დაეძაბა ურთიერთობა, რადგან მ---ს შვილებთან ერთად უნდოდა ცხოვრება, თუმცა ნ------ ეუბნებოდა, რომ თანხა შეეგროვებინათ, ბინა შეეძინათ და ამის შემდეგ ჩამოეყვანათ ბავშვები თბილისში. მ----–------ს არ ჰქონდა შვილების ნახვის საშუალება, მათ მხოლოდ დღესასწაულებზე ნახულობდა, რასაც ძალიან განიცდიდა და ხშირად მოსდიოდათ ჩხუბი. ერთ დღესაც, მ--- მასთან გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც შეშინებული იყო, ტიროდა და მოუყვა, რომ უნდა დაშორებოდა ნ-------------ს, რადგან შვილებთან ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა. მ--- შვილებს დაპირდა, რომ სექტემბრიდან თბილისში გადმოიყვანდა სკოლაში და ერთად იქნებოდნენ, თუმცა დანაპირებს ვერ ასრულებდა, რასაც ძალიან განიცდიდა. შესაბამისად, მას უნდოდა გამოსავლის პოვნა - სახლის დაქირავება, პროფესიის შეძენა და მუშაობის დაწყება. 2019 წლის ივნისის შუა რიცხვებში ნ------ ჩამოვიდა თბილისში, შეხვდნენ და ისაუბრეს, რა დროსაც ნ-------------მ მ---ს გადასცა პლასტიკური ბარათი. დაზარალებულმა თავდაპირველად თანხა სესხის სახით გამოართვა, ვინაიდან ელოდებოდა დედისგან თანხის გადმორიცხვას. მას აღნიშნული თანხა 2019 წლის 5 აგვისტოს უნდა დაებრუნებინა მეუღლისთვის, თუმცა იმ პერიოდში ნ-------------ს და მ----–------ს მოუვიდათ უთანხმოება, რის გამოც ნ------მ მოსთხოვა მის მიერ გადაცემული თანხით შეძენილი მანიკურის ხელსაწყოების დაბრუნება, რაზეც მ---მ უარი განუცხადა და შესთავაზა, რომ თანხას დაუბრუნებდა ნაწილ-ნაწილ, როგორც ვალს, თუმცა აღნიშნულზე ნ------ არ დათანხმდა და დაიწყო დაზარალებულის მისამართით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რასაც თავადაც შეესწრო. აღნიშნულის გამო მ--- ატირებული და განერვიულებული დადიოდა. ნ------ მ---ს ემუქრებოდა, რომ მის მოთხოვნას თუ არ დაემორჩილებოდა სიცოცხლეს გამოასალმებდა, რისიც მ---ს ძალიან ეშინოდა და ამ ყველაფერს რეალურად აღიქვამდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ დაზარალებული მისი სახლიდან მეგობართან გადავიდა საცხოვრებლად, რომლის მისამართიც ბრალდებულმა არ იცოდა.
მოწმე ნ----------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ქ-------–--–-, თ-------. არის მ----–------- შვილის ნათლია. მისი ინფორმაციით მ---ს ჰყავდა ეჭვიანი მეუღლე და უკრძალავდა ახლობლებთან და სამეგობროსთან კონტაქტს, რის გამოც გარკვეული პერიოდი ვეღარ ეკონტაქტებოდა. თუმცა, 2019 წლის 10 ივლისს მ--- გადავიდა მასთან საცხოვრებლად, რადგან ქმრის მუქარის ეშინოდა. შემთხვევის დღეს გაიგო ხმამაღალი საუბარი ტელეფონზე - მ----–------ს ტელეფონი ხმამაღლა მოლაპარაკეზე ჰქონდა ჩართული და ესაუბრებოდა ნ-------------ს, რომელიც მ---ს სთხოვდა აპარატურის დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ცოცხლად დამარხვით. მან აღნიშნული მუქარა ტელეფონით ჩაიწერა, გადაიტანა დისკზე და გადასცა დაზარალებულს პოლიციაში წარსადგენად.
მოწმის გ---------------- ჩვენების მიხედვით, 2019 წლის 11 ივლისს, თანამშრომელ გ----------–---------ესთან ერთად მეტროსადგურ ვ---------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე ნ-------------ს განუმარტეს უფლებები და დააკავეს ბრალდებულის სახით, შეადგინეს შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერა ხელი.
2019 წლის 11 ივლისის N------ შემაკავებელი ორდერით (უდავო მტკიცებულება) დგინდება, რომ 2019 წლის 11 ივლისს ყოფილი მეუღლე ნ------------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ----–------ს, რის გამოც ნ-------------- მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი.
2019 წლის 15 აგვისტოს დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებულ იქნა მ----–------- მიერ წარდგენილი დისკი. ჩანაწერში ჩანს აბონენტი ,,Pawula’’, სიმბარათის ნომერი ,,------------------, დრო 22:48 საათი, ჩანაწერში ისმის მამაკაცის და ქალბატონის ხმა,.როგორც შემდგომ ირკვევა მამაკაცის სახელია ნ------, ხოლო ქალბატონის კი მ---, რადგან ისინი ამ სახელებით მიმართავენ ერთმანეთს. საუბარი მიმდინარეობს საყოფაცხოვრებო საკითხებზე, ფულადი თანხის და ნივთების დაბრუნების თაობაზე. 02:36 წუთის შემდეგ მამაკაცი საუბარში ამბობს, რომ ,,თავი არ მომაძებნინო ძალიან გთხოვ, თორემ ნ------ სულს ფიცავარ დაგასაფლავებ ცოცხლად, ისე არ გამიხადო საქმე მანდ ჩამოვიდე, დღეს ბოლო დღე იყოს, მე შენ არ დაგიწყო ძებნა, მეტი არაფერს გეტყვი, ძებნა არ დამაწყებინო თორემ ძალიან ადვილად გიპოვი“. შემდეგ, საუბარი გრძელდება 10:12 წუთზე მამაკაცი აყენებს ქალბატონს სიტყვიერ შეურაცხყოფას და 13:00 წუთზე ისევ ისმის მამაკაცის მხრიდან უწმაწური სიტყვები, რომლის შემდეგ გრძელდება, რომ ,,ნ------ სულს ფიცავარ თუ არ გიპოვო და არ დაგმარხო ცოცხლად“. შემდეგ, აგრძელებს საუბარს, რომ იპოვის და ნებისმიერი გზით შეაღწევს იმ სახლში, სადაც იმყოფება ქალბატონი.
აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა - ნ-------------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია. სიტყვები: „ცოცხლად დაგმარხავ“ და „მიწის ლუკმას გაგხდი“, მისი ტერმინებია და მ---სთან საუბარში ხშირად გამოუყენებია, თუმცა მას შიშის შეგრძნება არასდროს ჰქონია, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
შესაბამისად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.
სასამართლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებასთან და არგუმენტებთან დაკავშირებით, განმარტავს შემდეგს:
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების არასანდოობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებებთან, ვიდეო ჩანაწერთან.
დაცვის მხარის მოწმის ხ--------------- მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება კი, ზოგადი ხასიათისაა, არ ასახავს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და შესაბამისად, ბრალდებულის გამამართლებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ-------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ვინაიდან, ნ------------- თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ნ-------------- ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თავისებური ინტერპრეტაცია, ემსახურება მხოლოდ ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის - მუქარის შემადგენლობა დაფუძნებული არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი მუქარის ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. მუქარა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რამდენადაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში, ბ) შედეგში - შიში (რომელიც ბრალდებულის ქმედებით განიცადა დაზარალებულმა) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა შეიძლება განხორციელდეს როგორც სატელეფონო საუბრით, ისე პირისპირ საუბრით და ა.შ.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. პირს თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი - დაზარალებული იმყოფებოდა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ (განერვიულებული და ატირებული დადიოდა) და იმდენად იყო შეშინებული, რომ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ ბრალდებულმა იცოდა მისი დროებითი საცხოვრებლის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ-------------მ ჩაიდინა მ----–------- მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად რჩება.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
- დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 300 (ორი ათას სამასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 11 ივლისიდან - 2019 წლის 14 ივლისის ჩათვლით) შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, ნ-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ნ-------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. ნივთმტკიცება:
- დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი