განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/959-19 (№076210319001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 დეკემბერი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ვ------- ჭ-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული: დ----------–---
მამის სახელი: ბ------
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: უ-----–---
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები (რეგისტრირებული): ჭიათურა, 9-------–------------
მცხოვრები(ფაქტობრივად): ჭიათურა, სოფელი ს-------–---------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);
დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე თერჯოლის რაიონის სოფელ ჭ-------–-, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, დ----------–---მ ,,მიცუბიში დელიკას’’ მოდელის სახელმწიფო ნომრით V-------- ავტომობილის მართვისას, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33.1 (,,შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება’’) და 33.2 (,,სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა) რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს) მუხლების მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ,,მერსედეს ბენცის’’ მოდელის ტრანზიტული ნომრით F--------- ავტომობილს, რასაც გ------- ჭ-------- მართავდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გ------- ჭ--------მ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
დ----------–---- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ გ------- ჭ--------ს გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ზ---- გ--------------, დ----------–---- და ჯ--–--- კ-------- გამოკითხვის ოქმები, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოსურათები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ----------–---მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ----------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა, ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ (ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) - გასათვალისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ დ----------–---- პასუხისმგელობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბრალდებული სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----------–---ს უნდა განესაზღვროს - ჯარიმა. ჯარიმის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ბრალდებულის პიროვნებას, მის ეკონომიურ მდგომარეობას, ასევე მის პოზიციას და გამომდინარე აქედან, დ----------–---- მიმართ ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით არის, როგორც ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რაც, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი იქნება მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვითა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის ზემოაღნიშნული ოდენობით განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
დ----------–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
დ----------–---- მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
,,მიცუბიში დელიკას’’ მარკის, სარეგისტრაციო ნომერი V-------- ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმის შემადგენელი ნაწილი, სატრანსპორტო საშუალება ,,აუდის’’ მარკის, სარეგისტრაციო ნომერი F---------, ,,მიცუბიში დელკას’’ მარკის, სარეგისტრაციო ნომერი V------ ავტომობილი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური