განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4543-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------ კ------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ------ შ------ ძე ღ----–--ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 2------------–ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- დ--------------- პ------–--------, კორპუსი #-- ბინა #3--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, თ---–--–-- გ-–------ მ-----/რ-ნის, 3--- კორპუსის სადარბაზოში მ------ ღ----–--ემ სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე სცემა ხ----- მ-------–---–ი, კერძოდ დაარტყა ხელი სახის არეში, წააქცია და ფეხი დაარტყა სხეულზე, მ------ ღ----–--ის ქედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.
2.2. სასამართლოს დასკვნა მ------ ღ----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ხ----- მ-------–---–ის და მოწმეების ხ----- გ----–---–--- და რ-------–-- მ--–-------ის გამოკითხვის ოქმებს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 3-------------- #---------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მ------ ღ----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა და სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 3-------------- #---------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხ----- მ-------–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (14.08.2019) აღენიშნებოდა - მარჯვენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოს და ყვრიმალის მიდამოებში სისხლნაჟღენთი, მარჯვენა წინამხრის მიდამოში მრავლობითი ნაჭდევები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებელი უჩივის ტკივილს დაზიანების ადგილზე, კერძოდ მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში. ცემის შედეგად ტკივილის განცდა ასევე დადასტურდა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით.
3.3. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით აღიარებულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.5. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა მ------ ღ----–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ------ ღ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება და სინანული, მისი პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ: წარსულში არ არის ნასამართლევი, არ არის ადმინისტრაციულად სახდელდადებული პირი.
4.2. მ------ ღ----–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.4. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
5.6. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
5.7. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მ------ ღ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე მის პიროვნულ მახასიათებლებს - წარსულში არ არის ნასამართლევი, არ არის ადმინისტრაციულად სახდელდადებული პირი, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა - აქვს გულის თანდაყოლილი პათოლოგია (სამედიცინო ცნობა #7632).
5.8 სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------ ღ----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მ------ ღ----–--ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
5.9.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ------ ღ----–--ის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა დამნაშავე პირს ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ ღ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ მ------ ღ----–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა
3. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ------ ღ----–--ეს დაეკისროს მოვალეობა, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ. ხარჩილავა