გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.11.2019
საქმის ნომერი
330210119002965496
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330210119002965496 (2/9112-19)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.11.2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

მოსარჩელე გ--–--------------,მოსარჩელის წარმომადგენელი ლ----------ე,მოსარჩელე სს ს----------–--------ი,წარმომადგენელი გ----------------ე

მოპასუხე ს---------------–---–ი,მოპასუხე თეიმურაზ კალანდაძე,დავის საგანი: ქონების ყადაღის განთავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 24 აგვისტოს აქტში მითითებული მოძრავი ნივთების: 1) ტელევიზორი სამსუნგი შავი ფერის, მეორადი; 2) კომპიუტერი სამსუნგი, შავი ფერის მონიტორით, sp წარწერით პროცესორით, ელ. დამმუხტველი კლავიატურა და მაუსი; 3) მაცივარი სამსუნგი, ვერცხლისფერი, დიდი ზომის; 4) სარეცხი მანქანა ელ ჯი, 5 კგ-იანი; 5) გაზქურა ვაგნერი, ვერცხლისფერი; 6) ერთი სამადგილიანი დივანი და ერთი ორადგილიანი დივანი - ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს ს----------–--------მა (კრედიტორი) წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, თუმცა მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადებულმა ბანკის წარმომადგენელმა სრულად ცნო გ--–--------------ის სასარჩელო მოთხოვნა.

 

2.2. მოპასუხე თ--------------–------ე (მოვალე) გამოცხადდა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე და სრულად ცნო სარჩელი.

 

2.3. მოპასუხე ს---------------–---–ს (მოვალე) არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. ამდენად, სასამართლოსთვის მისი პოზიცია სარჩელთან მიმართებით უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის სააღსრულებო ბიურო სააღსრულებო წარმოებას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 02.06.2017 წელს გაცემული #170460229/275573 აღსრულების ქვემდებარე აქტის (საარსრულებო წარმოება #A17062178) საფუძველზე, რომლის თანახმად კრედიტორია სს ს----------–--------ი, ხოლო მოვალეები თ--------------–------ე და ს---------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 17);

 

3.1.2. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღა დაედო შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1) ტელევიზორი სამსუნგი შავი ფერის, მეორადი; 2) კომპიუტერი სამსუნგი, შავი ფერის მონიტორით, sp წარწერით პროცესორით, ელ. დამმუხტველი კლავიატურა და მაუსი; 3) მაცივარი სამსუნგი, ვერცხლისფერი, დიდი ზომის; 4) სარეცხი მანქანა ელ ჯი, 5 კგ-იანი; 5) გაზქურა ვაგნერი, ვერცხლისფერი; 6) ერთი სამადგილიანი დივანი და ერთი ორადგილიანი დივანი. აქტის თანახმად, ამ ნივთებზე მოვალე ს---------------–---–მა განაცხადა, რომ ეს ნივთები არ წარმოადგენს მის საკუთრებას და ეკუთვნის გ--–--------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (ს.ფ. 15);

 

3.1.3. არსებული მდგომარეობით სადავო ნივთები არ არის რეალიზებული და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ არ არის დანიშნული აუქციონი დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილობითი პასუხი (ს.ფ. 24);

 

3.1.7. 2018 წლის 24 აგვისტოს აქტით დაყადაღებული სადავო მოძრავი ნივთები წარმოადგენს გ--–--------------ის საკუთრებას.

 

ორმა მოპასუხემ, მათ შორის კრედიტორმა სს ს----------–--------მა ცნო სარჩელი, რითაც უდაოდ მიიჩნია გ--–--------------ისადმი სადავო ნივთების კუთვნილების ფაქტი. მესამე მოპასუხემ შესაგებელი არ შემოიტანა, რითაც ფაქტობრივად სადავო არ გაუხდია ის გარემოება, რომ სადავო ნივთები ეკუთვნის მოსარჩელეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. წლის სხდომის ოქმი);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები განსახილველ საქმეში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამებიან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40 მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 158-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალეეები არიან ს---------------–---–ი და თ--------------–------ე, რის გამოც ყადაღა უნდა დადებოდა მხოლოდ მის კუთვნილ ნივთებს.

 

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ნორმის ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ კანონმდებლის ნება, რაც დეკლარირებულია ზემოაღნიშნული მუხლით, გულისხმობს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად (მაგ. მესაკუთრესთან ერთად მოვალის დროებითი ცხოვრება და აშ.) მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე არ წამოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება.

 

დადგენილია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთების ეკუთვნის მოსარჩელეს, რადგან კრედიტორი სს ს----------–--------ი და ერთ-ერთი მოვალე თ--------------–------ე ცნობენ სარჩელს. საწინააღმდეგო შედავება მოპასუხე ს---------------–---–ს არ წარმოუდგენია. ამიტომ, სარჩელში მითითებული გარემოებების კვლევის გარეშეც შეიძლება დადასტურებულად იქნეს მიჩნეული. მოპასუხეები სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით არ შედავებიან.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. სასამართლო განმარტავს, რომ პრეზუმფცია წარმოადგენს ვარაუდს ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ, იგი შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებიც წინასწარ ცნობილია ან უნდა დადგინდეს. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კანონით გათვალისწინებული საქმის გარემოებებისათვის დამახასიათებელი ნიშნები ფაქტის პრეზუმფციისათვის, ამიტომ 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ნავარაუდევი ფაქტი - ნივთის ფაქტობრივი მფლობელის მესაკუთრეობის შესახებ მტკიცებას არ საჭიროებს. შესაბამისად, მოსარჩელე დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გარეშეც მიიჩნევა მესაკუთრედ.

 

6.4. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. სასამართლო მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს, კერძოდ მოპასუხე სოფიკო მებაღიშვილმა წარმოდგენილი განცხადებით დაადასტურა მისი მხრიდან სარჩელის ცნობა, ხოლო მოპასუხე ლევან ქოროღლიშვილმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად, რაც ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენით შეძლო დაედასტურებინა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტოს აქტით დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე მისი საკუთრების უფლების არსებობა. ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა, ჯამში 120 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის 50 ლარი.

 

მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა, რომ მის მიერ გადახდილი ბაჟი არ დაეკისროს მოპასუხეებს და დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით შეჩერდა სადავო მოძრავი ნივთების რეალიზაცია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. გ--–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ტელევიზორი სამსუნგი შავი ფერის, მეორადი; 2) კომპიუტერი სამსუნგი, შავი ფერის მონიტორით, sp წარწერით პროცესორით, ელ. დამმუხტველი კლავიატურა და მაუსი; 3) მაცივარი სამსუნგი, ვერცხლისფერი, დიდი ზომის; 4) სარეცხი მანქანა ელ ჯი, 5 კგ-იანი; 5) გაზქურა ვაგნერი, ვერცხლისფერი; 6) ერთი სამადგილიანი დივანი და ერთი ორადგილიანი დივანი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე