გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210019003056742
2-517-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ხაშური
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
პირვანდელი სარჩელი:
მოსარჩელე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
,,ა-------------“
მოპასუხე ხ-–------------–----–-------- მერია
დავის საგანი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების
შესრულებულად აღიარება, ვალდებულების
შესრულება
შეგებებული სარჩელი:
მოსარჩელე ხ-–------------–----–-------- მერია
მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
,,ა-------------“
დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება
შპს ,,ა-------------ს წარმომადგენლები: მ---------------–---------------------–--ლი
ხ-–------------–----–---------------- წარმომადგენლები: ბ------------–-----------------------------------------------–---
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.1. პირვანდელი სასარჩელო მოთხოვნა
შესრულებულად ჩაითვალოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ა--------------- მიერ ხაშურის მუნიციპაალიტეტის მერიასთან 2019 წლის 28 თებერვალს დადებული ხელშეკრულება საჯარო სკოლების მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის შესახებ.
ხ-–------------–----–-------- მერიამ შპს ,,აქ------------” გადაუხადოს 33 159.29 ლარი.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე: 2019 წლის 28 თებერვალს, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ,,ა-------------“, 2019 წლის 1 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ავტოტრანსპორტით უნდა მომსახურებოდა ხ-–------------–----–-------- სკოლების გარკვეული კატეგორიის მოსწავლეებს - უნდა მიეყვანა სკოლებიდან მოშორებით მცხოვრები მოსწავლეები სკოლებში და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ უკან წაეყვანა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება იყო 32 194 ლარი და 16 თეთრი.
,,ა-------------ა“ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო - 2019 წლის მარტში - 14 892.88 ლარის და აპრილში - 18 266.41 ლარის ღირებულების, მაგრამ ხ-–------------–----–-------- მერია უარს აცხადებს ამ თანხაზე მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე, რადგან მიაჩნია, რომ ,,ა-------------ა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ნაწილი ხარვეზით შეასრულა.
1.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ა--------------, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისათვის, დაეკისროს პირგასამტეხლო 3 586 ლარი და 77 თეთრი.
შეგებებული სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თანახმად, ,,ა-------------- მოსწავლეები სკოლაში უნდა მიეყვანა სასწავლო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 და არაუდრეს 45 წუთისა და წამოეყვანა სასწავლო პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 40 წუთისა. მომსახურების ხარვეზად ჩაითვლებოდა თუ სატრანსპორტო საშუალების ტევადობა გადასაყვან მოსწავლეთა რაოდენობაზე ნაკლები იქნებოდა. თითო მარშრუტის მოცულობა ითვლებოდა 20 მოსწავლის ჩათვლით.
მონიტორინგისას, დადგინდა, რომ ,,ა-------------ა“ ხარვეზით შეასრულა მომსახურება - მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას დაფიქსირდა მათი გადაჭარბებული რაოდენობა და ასევე - ერთ შემთხვევაში, - სასწავლო პროცესის დაწყებამდე მოსწავლეთა 45 წუთით ადრე მიყვანა სკოლაში თუმცა, ,,ადრე მიყვანაზე არ დავობს“ (იხ. 2019 წლის 24 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი: 17:27:28-17:27:39). ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლო - ხარვეზით შესრულებული გზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების 50%-ის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ხ-–------------–----–-------- მერიამ პირვანდელი სარჩელი მთავარ სხდომაზე, ცნო 24 954.42 ლარის მოთხოვნის ნაწილში (2019 წლის 24 ოქტომბრის მთავარი სხდომის ოქმი: 16:46:20-16:47:03), აღნიშნა, რომ ,,ა-------------ა“ ამ ღირებულების მომსახურება შეასრულა ჯეროვნად, დანარჩენი - ხარვეზით, - სატრანსპორტო საშუალებაში მოსწავლეთა რაოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოდენობაზე - სტაციონარულად დამონტაჟებულ დასაჯდომ ადგილებზე მეტი იყო;
2.2. შეგებებული სარჩელი არ ცნო შპს ,,ა-------------ა“ და აღნიშნა, რომ მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას, დაცული იყო ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელთა თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ დამსხდარ მდგომარეობაში, აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა თუ მგზავრთა რაოდენობა აღმატება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით გათვალისწინებულ რაოდენობას (12 წლამდე ბავშვების გაუთვალისწინებლად), შემსყიდველს არც ერთხელ მიუმართავს ,,ა-------------სათვის“ ხარვეზით შესრულებული მომსახურების შესახებ. ცუდი ამინდის პირობებში იმ კატეგორიის მოსწავლეთა ,,დამგზავრება“, რომლებსაც ტრანსპორტით უზრუნველყოფა არ ეხებათ, არ უნდა ჩაითვალოს ხარვეზით შესრულებულ მომსახურებად.
გარდა აღნიშნულისა, ,,ა-------------“ აღნიშნავს, თუნდაც გაზიარებული იქნეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხარვეზით შესრულებულად მიჩნეული მომსახურების მოცულობა, უხარვეზოდ შესრულებული მომსახურების ღირებულება არის არა 24 954.42 ლარი, არამედ - 29 254.25 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2019 წლის 28 თებერვალს, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ,,ა-------------“, 2019 წლის 1 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით, სასაწავლო დღეებში, ავტოტრანსპორტით უნდა მომსახურებოდა ხ-–------------–----–-------- სკოლების გარკვეული კატეგორიის მოსწავლეებს - მიეყვანა მოშორებით მცხოვრები მოსწავლეები სკოლებში და სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ უკან წაეყვანა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება იყო 32 194 ლარი და 16 თეთრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ს.ფ. 20-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, - დღემდე, მხარეებს შორის ანგარიშსწორება არ მომხდარა;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხ-–------------–----–---------------- მიაჩნია, რომ ,,ა-------------ა“ ხარვეზის გარეშე შეასრულა მხოლოდ 24 954.42 ლარის მომსახურება, რადგან, დადგინდა, რომ რამოდენიმე შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებაში მოსწავლეთა რაოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოდენობაზე - სტაციონარულად დამონტაჟებულ დასაჯდომ ადგილებზე მეტი იყო;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს, ერთობლიობაში შეაფასა რა მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ პირვანდელი სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ხ-–------------–----–---------------- გადახდეს შპს ,,ა--------------- სასარგებლოდ 29 254.25 ლარი.
ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელიც, - შპს ,,ა-------------- ხ-–------------–----–---------------- სასარგებლოდ გადახდეს პირგასამტეხლო - 500 ლარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, 417-ე მუხლი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის:
361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;
316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
მოცემულ შემთხვევაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ა-------------ა“ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, რასაც არც მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, კონკრეტულ მარშრუტზე სატრანსპორტო საშუალების ტევადობა უნდა შეესაბამებოდეს მასში სტაციონარულად დამონტაჟებულ სკამებზე დამჯდარ მდგომარეობაში გადასაყვან მოსწავლეთა რაოდენობას. მარშრუტების რაოდენობა და სატრანსპორტო საშუალების ტევადობა შესაბამისობაში უნდა იყოს გადასაყვან მოსწავლეთა რაოდენობასთან, 10.4. მუხლის თანახმად, მომსახურების შესრულების ხარვეზად ჩაითვლება თუ სატრანსპორტო საშუალების ტევადობა ნაკლები იქნება გადასაყვან მოსწავლეთა რაოდენობასთან.
სკოლის დირექტორების მიმართვებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მონიტორინგის ჯგუფის, სკოლის დირექტორისა და მომსახურე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ერთობლივად შედგენილი აქტებით (ს.ფ.32-35,39-40, 45,50,52,55-56,58-60) დგინდება, რომ მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას, მათი რაოდენობა სტაციონარულად დამონტაჟებულ სკამებზე დასაჯდომ ადგილზე მეტი იყო, რითაც მიმწოდებელმა ხელშეკრულების პირობა დაარღვია.
ხარვეზით შესრულებული მომსახურების ღირებულებაზე მსჯელობისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც პირვანდელ სარჩელზე მოპასუხემ აღნიშნა, ამ მომსახურების ღირებულების გაანგარიშება წერილობით არ წარმოუდგენია, თუმცა, ის, დათვალა მერიის სამსახურმა, რომლის ხელმძღვანელიც მოწმედ დაიკითხა საქმის განხილვისას, თუმცა, მას სრულყოფილი გაანგარიშება - მომსახურების ორივე თვის, არ წარმოუდგენია (2019 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი: 14:23:15-14:23:40; 14:35:10-14:35:40; 14:36:50-14:37:00;), მერიამ ზოგადად მიუთითა, რომ ასეთი გაანგარიშება შეასრულა, თუმცა, სასამართლოს არ წარმოუდგინა. რაც, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მისი ვალდებულება იყო.
ასეთი გარემოების არსებობისას, სასამართლო იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებას, რომლის მიხედვით, ხ-–------------–----–---------------- მიერ ხარვეზით შესრულებულად მიჩნეული სამუშაოების გათვალისწინებით (გამოკლებით), უხარვეზოდ შესრულებული მომსახურების ღირებულება და შესაბამისად, პირვანდელი მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხის ოდენობაა 29 254.25 ლარი.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;
შგებებული სასარჩელო მოთხოვნაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ა--------------, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისათვის, დაეკისროს პირგასამტეხლო 3 586 ლარი და 77 თეთრი.
შეგებებული სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თანახმად, ,,ა-------------- მოსწავლეები სკოლაში უნდა მიეყვანა სასწავლო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 და არაუდრეს 45 წუთისა და წამოეყვანა სასწავლო პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 40 წუთისა. მომსახურების ხარვეზად ჩაითვლებოდა თუ სატრანსპორტო საშუალების ტევადობა გადასაყვან მოსწავლეთა რაოდენობაზე ნაკლები იქნებოდა. თითო მარშრუტის მოცულობა ითვლებოდა 20 მოსწავლის ჩათვლით.
დადგინდა, რომ ,,ა-------------ა“ ხარვეზით შეასრულა მომსახურება - მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას დაფიქსირდა მათი გადაჭარბებული რაოდენობა, - ტრანსპორტირებისას, მოსწავლეთა რაოდენობა, სატრანსპორტო საშუალებაში დასაჯდომ ადგილებზე მეტი იყო, რაც, ხელშეკრულების 10.1. მუხლის თანახმად, მომსახურების შემსყიდველს უფლებას აძლევს მოითხოვოს პირგასამტეხლო - ხარვეზით შესრულებული გზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების 50%-ის ოდენობით;
პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მსჯელობისას, სასამართლო ითვალისწინებს, მართალია, ხელშეკრულებით, გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ხარვეზით შესრულებული სამუშაოს 50%-ის ოდენობით რაც, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, 3 586 ლარი და 77 თეთრია, თუმცა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხელშეკრულების 14.4 პუნქტი ავალდებულებდა შემსყიდველს, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლის ან დეფექტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებინა მიმწოდებლისათვის წუნდების მიზეზების შესახებ, მან კი ეს ვალდებულება არ შეასრულა. ამ გარემოებამ, ხელი შეუწყო ხარვეზით შესრულებული სამუშაოების მოცულობის გაზრდას.
გარდა ამისა, სასამართლო მხედველობაში იღებს დარღვევის ხასიათს, - რაც გამოიხატა იმაში, რომ ტრანსპორტირებისას, ბავშვების ოდენობა მეტი იყო სატრანსპორტო საშუალებაში სტაციონარულად დამონტაჟებული დასაჯდომი ადგილების რაოდენობაზე, მიმწოდებლის მიერ დაშვებული ხარვეზის შედეგად, სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია 500 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, პირვანდელ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 994.80 ლარი. ,, ა-------------“ მოითხოვდა 33 159. 29 ლარის დაკისრებას. მოპასუხემ, მთავარ სხდომაზე, სარჩელი ცნო 24 954.42 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 374.32 ლარი უნდა დაუბრუნდეს პირვანდელ მოსარჩელეს.
პირვანდელი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა 29 254. 25 ლარის გადახდა (მოთხოვნილის 88%). შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი - 546 ლარი უნდა გადახდეს მერიას ,,ა--------------- სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ხ-–------------–----–-------- მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (რადგან მისი ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან). მისი სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ,,ა-------------- დაეკისრა ხ-–------------–----–---------------- სასარგებლოდ 500 ლარი. შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 15 ლარი ,,ა-------------- უნდა გადახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. პირვანდელი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ხ-–------------–----–---------------- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ა--------------- სასარგებლოდ გადახდეს 29 254 (ოცდაცხრა ათას ორას ორმოცდათოთხმეტი) და 25 (ოცდახუთი) თეთრი;
2. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ა-------------- ხ-–------------–----–---------------- სასარგებლოდ გადახდეს პირგასამტეხლო 500 (ხუთასი) ლარი;
3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ა-------------- დაუბრუნდეს 2019 წლის 20 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 994.80 ლარის ნაწილი 374 (სამას სამოცდათოთხმეტი) ლარი და 32 (ოცდათორმეტი) თეთრი;
ხ-–------------–----–---------------- გადახდეს შპს ,,ა--------------- სასარგებლოდ 546 (ხუთას ორმოცდაექვსი) ლარი - მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ა-------------- გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 15 (თხუთმეტი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
A