გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.12.2019
საქმის ნომერი
130310019003154132
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-77-2019

(130310019003154132)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ბარბაქაძე

მოსარჩელე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - მ-----– ბ---–--ე

მოპასუხე - ლ-- თ--------–---–ი

დავის საგანი: უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ზედმეტად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) დაბრუნება 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა სოციალურ დახმარებას.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილებისათვის ცნობილი გახდა, რომ ლ-- თ--------–---–ის ოჯახის წევრს თ------ თ--------–---–ს უფიქსირდება პატიმრობა. მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დადგენილ ვადაში. მოპასუხის ოჯახს ზედმეტად დაერიცხა 2018 წლის სექტემბრის (50 ლარი), ოქტომბრის (50 ლარი) და ნოემბრის თვის (200 ლარი) შემწეობის თანხა, სულ - 300 ლარი, რაც მას უკან არ დაუბრუნებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ შემოუტანია. სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ მის ძმას შემთხვევით შემოაკვდა ადამიანი, რის შემდეგაც თვითონ ჩაბარდა პოლიციას. არ იცოდა თუ ძმის პატიმრობის თაობაზე უნდა ეცნობებინა სოციალური მომსხურების სააგენტოსათვის. მას ეგონა, რომ მხოლოდ დაბადების, გარდაცვალების ან შემოსავლის გაჩენის შესახებ უნდა ეცნობებინა სააგენტოსათვის. ჰყავს ლოგინად ჩავარდნილი დედა და სასამართლოში გამოცხადებისათვის საჭირო სახსრებიც არ გააჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) ლ-- თ--------–---–ის ოთხსულიან ოჯახს დაენიშნა 2018 წლის 14 თებერვალს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე, სარეიტინგო ქულით 53790. ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით თვეში 200 ლარის ოდენობით (ს.ფ. 15-21).

 

3.2. ლ-- თ--------–---–ის ოჯახის წევრი თ------ თ--------–---–ი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებულ იქნა 2018 წლის 20 აგვისტოს და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. ამჟამად, სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში (იხ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 22 ნოემბრის N350668/01 წერილი).

 

3.3. მოპასუხეს თ------ თ--------–---–ის პატიმრობის შესახებ შესახებ არ უცნობებია სააგენტოსათვის (მხარეთა განმარტება, იხ. სარჩელი, ასევე, სხდომის ოქმი).

 

3.4. 2019 წლის დეკემბრიდან ოჯახს შეუწყდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და სოციალური დახმარების გაცემა (ს.ფ. 10-17).

 

3.5. სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილების 2019 წლის 12 თებერვლის და 13 მარტის წერილებით ლ-- თ--------–---–ს ეცნობა, რომ მის ოჯახს აქვს ზედმეტად აღებული სოციალური დახმარება 300 ლარის ოდენობით და მოსთხოვა თანხის დაბრუნება ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე (ს.ფ. 12-14).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“; „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი-მეოთხე პუნქტების თანახმად, ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა; საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის; საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

6.2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე. ამ ნორმებიდან გამომდინარე ლ-- თ--------–---–ის ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა იყო 53790 და შედგებოდა 4 სრულწლოვანი წევრისაგან, იღებდა სოციალურ დახმარებას თვეში 200 ლარის ოდენობით.

 

6.3. ამავე დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებები (წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება, დამატება, საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა), ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა და/ან გადაამოწმოს ოჯახი, შეუწყვიტოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და/ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია.

 

6.4. ამავე დადგენილების მე-91 მუხლის „ბ“ ქვეუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

6.5. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების შესახებ განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. იმავე დადგენილების მე-2 მუხლის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული. დადგენილია, რომ ლ-- თ--------–---–ის ოჯახმა მისი წევრის გამოკლების (პატიმრობის) შესახებ არ აცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დადგენილ ვადაში, რის გამოც ზედმეტად ჩაერიცხათ 2018 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვის სოციალური დახმარება 300 ლარი.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

6.7. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო ზემოაღნიშნული თანხა, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის შესახებ.

 

6.8. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ლ-- თ--------–---–მა უნდა დააბრუნოს ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 300 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ლ-- თ--------–---–ს (პ/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ზედმეტად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) დაბრუნება 300 (სამასი) ლარის ოდენობით შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460;

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ხაშური, კოსტავას ქ. №15).

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი