განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/752-19
(N 041050719007)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი
სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გურჯან ტაბეშაძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ზურაბ ჯანაშია
ბრალდებული - ლევან დარსალია
მამის სახელი: ბუთხუზი
დაბადების თარიღი: 16.08.1989 წელი
პირადი ნომერი: 62004024915
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: გულრიფში, სოფ. ბაბუშარა
ფაქტიურად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, პ.ცახელის ქუჩა N6/46
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. ლევან დარსალიას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 04 ივლისს, დღის საათებში, ქუთაისში, ცახელის ქუჩა N6/46-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ლევან დარსალიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ნანი კილაძეს. კერძოდ, კისრის არეში უჭერდა ხელს. ლევან დარსალიას ქმედებით ნანი კილაძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ლევან დარსალიას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 04 ივლისს დაახლოებით 14:00 საათზე, ქუთაისში, ცახელის ქუჩა N6/46-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ლევან დარსალია სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნანი კილაძეს. კერძოდ, დანის გამოყენებით ეძახდა რომ მოკლავდა. ლევან დარსალიას ქმედების შედეგად ნანი კილაძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდებული ლევან დარსალია ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ბრალდებული ლევან დარსალია ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, 2019 წლის 05 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე N041050719007 დაიწყო გამოძიება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში მოქალაქე ნანი ჯონის ასული კილაძის განცხადების საფუძველზე.
საქმეში არსებული N004807619 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,05.07.2019 წ. 22:58-23:04 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ნანი კილაძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.
საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე ნანი კილაძის გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ნანი კილაძეს მიეცა წინადადება მიეთითებინა ადგილი, სადაც მის მიმართ ლევან დარსალიას მხრიდან 2019 წლის 04 ივლისს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას. ნანი კილაძემ ნებაყოფლობით თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეობაზე. ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას ასევე იღებდნენ იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტები: გურამ ჟუტაევი, ლევან ჯინჭარაძე და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ომარ გერაძე. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, ცახელის ქუჩა N6/46-ში, მაგრამ საცხოვრებელი ბინის კარი იყო დაკეტილი. ნანი კილაძის განმარტებით აღნიშნული ბინა ეკუთვნის ლევან დარსალიას და სწორედ მითითებული ბინის ლოჯის ოთახში 2019 წლის 04 ივლისს მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მოუჭირა ხელი კისერში და დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შემდეგ გამოვიდა ბინიდან და იქვე ცახელის ქუჩა N6-ის მიმდებარედ საავტომობილო გზის კუთხეში მოთავსებულ მის ავტომანქანაში ჩაჯდა და მოიხურა კარებები. რის შემდეგაც იმავე დღეს საჭის მხარეს წინა საქარე მინის ზედაპირზე რამოდენიმეჯერ დანის წვერით მიუკაკუნა და დაემუქრა მას ლევან დარსალია, თუმცა დათვალიერებით ავტომანქანას რაიმე სახის დაზიანების კვალი აღნიშნულ მინაზე არ აღენიშნებოდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად რაიმე სახის ნივთები და საგნები ამოღებული არ ყოფილა.
05.07.2019 წელს შედგენილი შემაკავებელი ორდერის (N017704) თანახმად, ნანი კილაძის გადმოცემით 2019 წლის 04 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქუთაისში, ცახელის ქუჩა N6/46-ში ლევან დარსალიამ მიაყება ფიზიკური შეურაცყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნანი კილაძემ განმარტა, რომ 2015 წელს დაქორწინდა ბრალდებულ ლევან დარსალიაზე. ერთად ცხოვრობდნენ 4 წლის განმავლობაში და ჰყავთ 1 შვილი, 3 წლის დაჩი დარსალია. მოწმის განმარტებით, მეუღლეებს შორის დაძაბული ურთიერთობა თავიდანვე ჰქონდათ, თუმცა კონფლიქტი პერიოდულად გვარდებოდა, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მდგომარეობა ძალიან გამძაფრდა, რის შედეგადაც, როგორც მოწმე აღნიშნავს, მოითხოვა განქორწინება ლევან დარსალიასთან. მისივე განმარტებით, ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2019 წლის 4 ივლისს. აღნიშნულ დღეს, ყოფილ მეუღლეებს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, თავად იმყოფებოდა სახლში, სოფელ ფარცხანაყანევში, რა დროსაც ბრალდებულმა ლევან დარსალიამ უთხრა, რომ შვილისთვის ნაყიდი ჰქონდა სათამაშო მანქანა, თვითონ ვერ მიდიოდა და მისულიყო მასთან სახლში. ლევანმა მას შვილის წამოყვანაც სთხოვა, თუმცა ვინაიდან ბავშვს ეძინა, მისი წაყვანა ვერ მოახერხა. ქ.ქუთაიში, ცახელის ქუჩა 6/46-ში მისვლისას, თავიდან არანაირ აგრესიას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ როცა კარი დაიკეტა და ყოფილი მეუღლეები სახლში დასხდნენ, როგორც ნანი კილაძე იხსენებს, უკვე მიხვდა რომ დარსალიას არანაირი სათამაშო მანქანა არ ჰქონდა ნაყიდი და მან სახლში მოტყუებით მიიყვანა. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ ბრალდებულმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ დანის დემონსტრირებით დაემუქრა. დანა იყო შავი, მცირე ზომის და მან ის ჯიბიდან ამოიღო. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ბრალდებულმა დარსალიამ ფიზიკურადაც იძალადა მასზე, რაც კისერში ხელის მოჭერაში გამოიხატა, რის შედეგადაც, როგორც მოწმე აღნიშნავს, ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და შეეკვრა სუნთქვა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულს, მისივე თქმით, აღენიშნებოდა სახის ტერიტორიაზე სისხლჩაქცევები. ნანი კილაძის განმარტებით, ლევან დარსალია მოითხოვდა დაზარალებულთან ერთად ცხოვრებას, რაზეც მოტყუებითი თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ, ისინი ჩავიდნენ ეზოში, თავად ჩაჯდა ავტომობილში, ჩაკეთა მანქანის კარი და ცდილობდა ადგილიდან გაცლა. რაზეც ლევან დარსალიამ დანა ნანი კილაძის მხარეს, საქარე მინას დაარტყა, მაგრამ დაზარალებულმა მოახერხა გამოქცევა. მოწმის განმარტებით, იმის გამო, რომ იგი აღნიშნული ფაქტით შეშინებული იყო ვერ მიმართა 4 ივლისს სამართალდამცავ ორგანოს, ვინაიდან, როგორც თავად აღნიშნავს, ლევან დარსალიასთან წინააღმდეგობის გაწევის შედეგად იყო შეშინებული, ყველაფერი სტკიოდა და გონებაც დაკარგა. 2019 წლის 05 ივლისს კი მან პოლიციაში განაცხადა აღნიშნული. მოწმის განმარტებით, იგი კონფლიქტისას ფანჯარასთან მისვლას ცდილობდა, რადგან ეყვირა ან ვინმეს დაენახა, რაზეც ლევან დარსალია, დაემუქრა, თუ ფანჯარასთან მივიდოდა დანას ესროდა, ხოლო მუქარის სისრულეში მოყვანა დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ფიცით დაადასტურა. ნანი კილაძის თქმით იგი უკვე ერთი წელია ცხოვრობს დასთან და სიძესთან ერთად. ვინაიდან მას ეშინია მისი ყოფილი მეუღლის და მარტო ცხოვრების. მანვე განმარტა, რომ დაზარალებულის დედა იმყოფება საზღვარგარეთ, მისი ძმა თბილისში ცხოვრობს, ხოლო მამა გარდაცვლილი ჰყავს. მოწმემ განმარტა, როცა დარსალიას ბინიდან კიბეებზე ჩამოდიოდა, ბრალდებული მას მოჰყვებოდა უკან გაშლილი დანით. ბინიდან გამოსვლა კი კილაძემ შეძლო მოტყუებით, რომ თითქოს იგი აღნიშნულის შესახებ არავის იტყოდა და ბავშვის წამოსაყვანად სოფელში ერთად წავიდოდნენ. მოწმის თქმით მანქანა ბინის გვერდზე ჰყავდა გაჩერებული. ეზოში ჩასვლისას, ეზოში არავინ იყო. მომხდარის შესახებ სახლში მისულმა დას - ნაზიბროლა კილაძეს უამბო. დაზარალებულმა მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. მას, ასევე, ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზაც. მოწმის განმარტებით, მან განიცადა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტკივილი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველო პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ირინა დოგრაშვილმა განმარტა, რომ ნანი კილაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მან გამოკითხა მოწმის სახით დაზარალებული ნანი კილაძე და პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი თამარ შენგელია, რომელმაც გამოსცა შემაკავებელი ორდერი. მოწმემ ასევე, პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ გააცნო დაზარალებულს. მოწმის თქმით, კილაძე განცხადებაში აღნიშნავდა ფიზიკური ძალადობის ფაქტს, ასევე, კისრის არეში აღენიშნებოდა მოვარდისფრო დაზიანებები. მოწმე იხსენებს, რომ დაზარალებულმა განუმარტა 2018 წელს ლევან დარსალიას პასუხისგებაში ყოფნის შესახებ ოჯახური ძალადობის ბრალდებით, თუმცა, ვინაიდან მან სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება მის წინააღმდეგ, შეწყდა სისხლისამართლებრივი დევნა. მოწმე იხსენებს, რომ ნანი კილაძის თქმით 2019 წლის 4 ივლისს ლევან დარსალიამ დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვისთვის სათამაშო მანქანა ჰქონდა ნაყიდი და წაეღო. ნანი კილაძე საკუთარი ავტომობილით მივიდა ლევანთან სახლში, სადაც, ლევან დარსალია დანის გამოყენებით მოკვლით დაემუქრა თუ მასთან არ დარჩებოდა. შემდეგ ნანი კილაძე მისულა ფანჯარასთან, სადაც ბრალდებულმა მას კისერში ხელი მოუჭირა, რის გამოც სუნთქვა შეეკრა და გონებას კარგავდა. შემდეგ, დაზარალებულმა შეძლო ამოსუნთქვა და მოტყუებით ლევან დარსალიასთან იასთან ერთად გავიდა გარეთ. ისინი ჩავიდნენ კიბეზე, სადაც ლევან დარსალიას დანა კვლავ გაშლილი ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენება დაზარალებულის მიმართ არ მომხდარა. უბრალოდ აშინებდა მას, რომ არ მოეხმო საშველად ვინმე. შემდეგ ჩაჯდა მანქანაში, ნანი კილაძემ დაკეტა ოთხივე კარი და გაიქცა. როგორც მოწმემ გამომძიებელს განუმარტა, 4 ივლისს ძალიან აღელვებული და შეშინებული იყო და სწორედ ამიტომ, მეორე დღეს მიმართა სამართალდამცავ ორგანოს განცხადებით. მოწმის განმარტებით, დაზარალებულმა მისი ხელით დაწერა განცხადება და ამ განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მოწმის განმარტებით, დაზარალებულის ჩვენებაში ისეთი არაფერი შეუმჩნევია, რაც დააეჭვებდა იგი სიმართლე ამბობდა თუ არა. სატელეფონო ზარის შემოწმება, როგორც გამომძიებელი, ამბობს არ მოუთხოვია და არც დაზარალებულს გამოუჩენია ინიციატივა. მოწმის განმარტებით, დაზარალებული მასთან მივიდა მარტო. გამომძიებელი ამბობს, რომ დაზარალებულს მოწმის სახით არავინ დაუსახელებია, რომელიც დაადასტურებდა ამ ფაქტს, ვინაიდან როგორც ნანი კილაძემ მას უთხრა, ყოფილი მეუღლეები მარტო იყვნენ სახლში და ეზოშიც არავინ იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა საქმის უფროსმა გამომძიებელმა, ხოლო თავად დისკზე არსებული ფოტომასალის დათვალიერება აწარმოა. მოწმის განმარტებით, ჯერ გამოკითხული იყო დაზარალებული და შემდეგ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ნანი კილაძის მიერ მიცემული ინფორმაციის საფუძველზე და აღნიშნული დადასტურებულ იქნა გამოკითხვის დროს.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თამარ შენგელიამ განმარტა, რომ გამოსცა შემაკავებელი ორდერი ლევან დარსალიას მიმართ 2019 წლის 5 ივლისს. რადგან ნანი კილაძის განმარტებით 2019 წლის 4 ივლისს, ქ.ქუთაისში, ცახელის ქუჩა N6, ბინა 46-ში ლევან დარსალიამ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შემაკავებელ ორდერში მითითებულ იქნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. მოწმემ განმარტა, რომ ნანი კილაძე პოლიციის განყოფილებაში მისვლის დროს იყო ძალიან აღელვებული და აღენიშნებოდა სიწითლე კისრის არეში. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ მსხვერპლს განემარტა მისი უფლებები, ხოლო მოძალადეს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა გამოცემული შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი. მოწმის განმარტებით, შემაკავებელ ორდერში აღინიშნა, რომ ლევან დარსალიამ ნანი კილაძეს კისერში წაუჭირა ხელი და გადაუკეტა სასუნთქი გზები. ასევე, ბრალდებულმა დანის მუქარით აიძულა ეზოში ჩასვლა. ასევე, შემაკავებელი ორდერის შესახებ იცოდა ლევან დარსალიას ოჯახის წევრებმაც. მოწმე არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას იცოდა თუ არა უშუალოდ ლევან დარსალიამ შემაკავებელი ორდერის გაცემის შესახებ, მან სცადა სატელეფონო კავშირის დამყარება ბრალდებულთან, მაგრამ უშედეგოდ.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ილია კოხრეიძემ განმარტა, რომ მის მიერ შედგენილ იქნა ოქმი ბრალდებულის დედასთან სატელეფონო გასაუბრების შესახებ, რომლითაც მას შეატყობინა, რომ ლევან დარსალიას გამოუცხადებლობის შემთხვევაში ბრალდების წარდგენა განხორციელდება მის დაუსწრებლად, ადვოკატის მონაწილეობით. ასევე, მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, სადაც ნანი კილაძე მონაწილეობდა. დაზარალებულის მითითებით საგამოძიებო ჯგუფი გაემართა ლევან დარსალიას საცხოვრებელ ბინასთან, თუმცა ისინი ვერ ბინაში ვერ შევიდნენ, რადგან იქ არავინ იყო. ნანი კილაძემ მიუთითა, რომ ბინაში ყოფილი მეუღლე ყელში წვდა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ასევე, მიუთითა ადგილზე, სადაც გაჩერებული ჰყავდა ავტომანქანა. მოწმის განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან დანა ვერ იქნა ამოღებული. ილია კოხრეიძის თქმით, იგი ფლობდა ინფორმაციას, რომ ნანი კილაძე შემთხვევის ადგილის მისამართზე არ ცხოვრობდა. ილია კოხრეიძემ იმის დასამტკიცებლად, რომ შემთხვევის დღეს ნანი კილაძე ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე მოიხმო ნაზიბროლა კილაძის ჩვენება, რომლის თანახმად ნაზიბროლა კილაძე ადასტურებს ნანი კილაძესთან ლევან დარსალიას დარეკვის ფაქტს 2019 წლის 4 ივლისს, კერძოდ, რომ ნამდვილად დაურეკა მის დას და სთხოვა მასთან მისულიყო ბინაში, რადგან ბავშვისთვის სათამაშო ჰქონდა ნაყიდი და მსხვერპლიც ნამდვილად წავიდა მასთან. ამის შემდეგ ნაზიბროლა კილაძემ დაურეკა ნანი კილაძეს, რომელმაც უთხრა, რომ სახლში მალე მივიდოდა. სატელეფონო ზარიდან ნახევარი საათის შემდეგ, სახლში დაბრუნებულმა დაზარალებულმა დას მოუყვა მომხდარის შესახებ. ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ განცხადებით მიემართათ პოლიციისთვის. მოწმემ განმარტა, რომ საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა სისწირეც დაადასტურა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტმა გია გობრონიძემ დაკითხვის დროს განმარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის ილია კოხრეიძის დადგენილების საფუძველზე ჩატარდა ექსპერტიზა. შემოწმებისას, როგორც ექსპერტი განმარტავს, ნანი კილაძემ განაცხადა, რომ 2019 წლის 4 ივლისს 14:00 საათზე ლევან დარსალიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოწმის თქმით, დაზარალებული უჩიოდა ტკივილებს მთელი სხეულის მიდამოებში. ექსპერტის თქმით, შემოწმების დროს მსხვერპლს არ ჰქონდა თვალის მიდამოში სიწითლე-სილურჯე, არც კისრის არეში ჰქონდა კანის მთლიანობა დარღვეული, თუმცა აღენიშნებოდა ზედაპირული ნაჭდევი. მოწმემ არ გასცა დაზუსტებული პასუხი კითხვაზე: შეიძლება ადამიანმა თავისი ხელით მიიყენოს ზიანი კისრის არეში თუ არა, მაგრამ აღნიშნავს იმას, რომ კისერი იმყოფება ხელით ადვილად მიწვდომად არეში. მოწმის განმარტებით, გამოკითხვის დროს მსხვერპლი ენის ტკივილსაც აფიქსირებდა. მოწმის განმარტებით, მან განახორციელა შემოწმება და დააფიქსირა სისხლჩაქცევა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტმა გურამ ჟუტაევმა განმარტა, რომ 2019 წლის 5 ივლისს ექსპერტ-კრიმინალისტ ლევან ჯინჭარაძესთან ერთად, გამომძიებელ ილია კოხრეიძის მოთხოვნით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება 2019 წლის 4 ივლისს, ქ.ქუთაისში, ცახელის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით ნანი კილაძემ მიუთითა მათ, თუ სად მოხდა შემთხვევა. ექსპერტ-კრიმინალისტებს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი დაკეტილი დახვდათ, რის გამოც სახლში შესვლა ვერ მოხერხდა. ექსპერტ-კრიმინალისტ ლევან ჯინჭარაძის მხრიდან, რომელიც მათი ახალი თანამშრომელია, როგორც ამას თავად გურამ ჟუტაევი განმარტავს, მოხდა ეზოს, საცხოვრებელი კარის, სართულის, სადარბაზოს და ნანი კილაძის ავტომობილის დასურათება, ხოლო თავად ავსებდა ოქმს. მოწმის განმარტებით, რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა და არც ნანი კილაძის ავტომობილის საქარე მინას არ ემჩნეოდა ნაკაწრი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ნაზიბროლა კილაძემ განმარტა, რომ 2019 წლის 4 ივლისს იმყოფებოდა სოფელ ფარცხანაყანევში, რა დროსაც მის დას ნანი კილაძეს დაურეკა ყოფილმა მეუღლემ ლევან დარსალიამ, უთხრა, რომ ბავშვისთვის დიდი ზომის სათამაშო მანქანა ჰქონდა ნაყიდი და თვითონ ფეხის ტკივილის გამო ვერ მიდიოდა აღნიშნული ნივთის მისატანად. მოწმემ გაიხასენა, მის დის ნაამბობი, რომლის მიხედვით ლევან მას მშვიდად შეხვდა, თუმცა საცხოვრებელი სახლის ოთახში, კერძოდ, „ლოჯში“ შესვლისას ნანი მიხვდა, რომ მის ყოფილ მეუღლეს არანაირი სათამაშო არ ჰქონდა ნაყიდი. როგორც მოწმემ აღნიშნა, რომ ნანის შეაგვიანდა, რის გამოც დაურეკა, რაზეც უპასუხა, რომ სახლში მალე დაბრუნდებოდა. თუმცა როგორც მოწმე იხსენებს, მის დას შეშინებული ხმა ჰქონდა. როგორც შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, ამ მომენტში ლევან დარსალიას ნანისთვის ყელზე დანა ჰქონდა მიბჯენილი და ემუქრებოდა, რომ ნაზიბროლა კილაძისთვის ნანის არაფერი მიენიშნებინა. ნაზიბროლა კილაძე ამბობს, რომ არ იცოდა თუ რა გზით ეძებნა მისი და, ამიტომ მის სახლში მისვლას დაელოდა. სახლში მისულ დაზარალებულს, როგორც მოწმე აღნიშნავს, ყელზე ეტყობოდა დაზიანება და ენაზე ჰქონდა ჭრილობა, რომელიც მიიყენა თავად დაზარალებულმა გონების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით. ასევე, თვალებზე აღენიშნებოდა სიწითლე. მოწმე აღნიშნავს, რომ ყოფილ სიძესთან ხშირი კომუნიკაცია არ ჰქონდა და მათ შორის იყო გარკვეული სახის, როგორც მოწმე ამბობს, პირადული სახის უთანხმოებაც. მოწმე აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა მეორე ზარის განხორციელების დროს მოითხოვა შვილთან საუბარი, შვილს აცნობა ნაყიდი სათამაშო მანქანის შესახებ, საუბარი ე.წ “დიქტოფონით“ მიმდინარეობდა და ნაზიბროლა კილაძემ გაიგონა მამისა და შვილის საუბრი. შემდგემ სწორედ ბავშვის თხოვნით წავიდა ნანი კილაძე ლევან დარსალიასთან სახლში. მოწმემ აღნიშნა, რომ ეს დეტალი პირველად სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რადგან მისივე თქმით არ თვლიდა საჭიროდ და არც იცოდა, რომ აღნიშნული გარემოების გახმაურება გამოძიების დროს რაიმე მნიშვნელოვანს წარმოადგენდა. მოწმის ვარაუდით ბარათზე, რომელიც ლევან დარსალიამ მისცა ნანი კილაძეს იმ მოტივით, რომ სათამაშო დედას თავად ეყიდა შვილისთვის, თანხა არ იყო, თუმცა მოწმე აღნიშნავს რომ ეს მხოლოდ მისი მოსაზრებაა და ბანკში ბარათის გადამოწმება, იყო თუ არა მასზე თანხა არ მომხდარა, არც მისი და არც მისი დის მხრიდან. მოწმის განმარტებით, ადგილი ჰქონდა წარსულში ფაქტს, როდესაც ლევან დარსალია მათთან სახლში დარჩა, სადაც ნანი კილაძე არ იმყოფებოდა, რა დროსაც ლევანმა განუცხადა, რომ უნდოდა ქალთან ურთიერთობის დამყარება და მოეძებნა ვინმე, რაზედაც აღშფოთდა და უთხრა დაფიქრებულიყო თუ რას ეუბნებოდა. ლევან დარსალია კანკალებდა და ცუდად იყოს. ამის შემდეგ, თავად მოწმეს შესთავაზა სექსუალური ურთიერთობის დამყარება, რასაც მოყვა კონფლიქტი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე ნინო გვარამაძემ დაკითხვის დროს განმარტა, რომ იგი ცახელის ქუჩა N6-ში ცხოვრობს 31 წელი. იგი ლევან დარსალიას დადებითად ახასიათებს. მოწმემ აღნიშნა, რომ ლევან დარსალიას ხელში ან ჯიბეში რაიმე სახის ცივი იარაღი არასოდეს დაუნახავს. თუმცა მანვე განმარტა, რომ არ იცის ცივი იარაღის მნიშვნელობა. მოწმემ ასევე, აღნიშნა, რომ ივლისის თვეში ნანი კილაძე ეზოში მყოფი ან ბინიდან გამოსული არ უნახავს და არც პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალისტები შეუნიშნავს.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა მზიანა გაბუნიამ განმარტა, რომ იგი ცახელის ქუჩა N6-ში ცხოვრობს დაახლოებით 34-35 წელია, ხოლო ლევანს იცნობს დაახლოებით 20-25 წელი, მას შემდეგ რაც დარსალიების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა აღნიშნულ მისამართზე. იგი იყო ლევან დარსალიას მასწავლებელიც სკოლაში გარკვეული პერიოდის მანძილზე. მოწმემ განმარტა, რომ ლევან დარსალიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კონფლიქტურ ფაქტს ვერ იხსენებს, რადგან იგი უკონფლიქტო პიროვნებაა. მოწმის თქმით, ცივი იარაღი ლევან დარსალიას ხელში არასოდეს დაუნახავს, არც ხმამაღალი საუბარი გაუგია მისგან. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ იცნობს ლევანის ყოფილ მეუღლეს ნანი კილაძეს, რომელიც 4 წელი ცხოვრობდა ლევან დარსალიასთან, ხოლო რამდენიმე თვეა ისინი აღარ ცხოვრობენ ერთად. მოწმემ აღნიშნა, რომ 2019 წლის ივლისის თვეში ნანი კილაძე ეზოში ან ლევანთან ერთად სადარბაზოში ან არ დაუნახავს. ასევე, არ უნახავას აღნიშნულ მისამართზე მისული პოლიციის თანამშრომლები.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ბექა გუბელაძემ განმარტა, რომ იგი ლევანს ბავშვობიდან იცნობს და დროის დიდ ნაწილს ერთად ატარებდნენ. მოწმე არასოდეს შესწრებია რაიმე კონკრეტულ უთანხმოებას ყოფილ მეუღლეებს შორის. მისთვის აღნიშული ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა მეზობლებიდან. მოწმის თქმით, ცივი იარაღი ლევან დარსალიას ხელში არასოდეს უნახავს
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ლევან დარსალიამ განმარტა, რომ კონფლიქტის მიზეზი არ იყო შერიგების მოთხოვნა, უთანხმოების მოტივი ყოფილი მეუღლის სურვილი იყო შვილის საზღვარგარეთ წაყვანასთან დაკავშირებით. ბრალდებულმა განმარტა, რომ ნანი კილაძეს სურდა ბავშვისთვის პასპორტის გაკეთება, რაზეც თავად აცხადებდა უარს, სწორედ ამის გამო მივიდა ნანი კილაძე მასთან ბინაში 2019 წლის 4 ივლისს. ბრალდებულმა აღიარა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება და განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მოხდა ნერვიულობის ნიადაგზე, ხოლო მუქარას და დანის დემონსტრირების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მისი განმარტებით პასპორტის დამზადებაზე თანხმობას ნანი კილაძე ხან თხოვნით, ხან კი მუქარით მოითხოვდა მისგან, რაც მამობის უფლების ჩამორთმევაში გამოიხატებოდა. ლევან დარსალიას განმარტებით, კომუნიკაცია ყოფილ მეუღლეებს შორის ბრალდებულის ტელეფონის არქონის გამო შეწყდა 5 ივლისს და მისი აზრით, სწორედ ამიტომ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს დაზარალებულმა. ბრალდებულის თქმით, იგი ყოფილ მეუღლესთან შერიგებას არ მოითხოვს, მაგრამ სურს შვილის ნახვაზე არ ეთქვას უარი. ბრალდებულმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ძალადობის ფაქტს იგი აღიარებს. მან გაიხსენა ის ფაქტის, რომ 2019 წლის 4 ივლისს ყოფილი მეუღლე სადარბაზოში არ ჩამოუცილებია და მხოლოდ მეორე დღეს დატოვა ქალაქი. ბრალდებულის განმარტებით, არ იცოდა, რომ იგი იმყოფებოდა ძებნაში და როცა ამის შესახებ გაიგო საკუთარი ნებით გამოცხადდა სასამართლო პროცესზე.
საქმის სასამართლო განხილვის დროს დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებები, კერძოდ მოწმეები: ივანე ანაკიძე; ომარ გერაძე; ლევან ჯინჭარაძე; ქეთევან შევარდნაძე; აგრეთვე შუამდგომლობა ამოღების ჩატარების შესახებ, მოსამართლის შესაბამისი განჩინება და შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“ სამედიცინო დოკუმენტაციის ამოღების ოქმი, დადგენილება კომპლექსური ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მიმართვა ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ექსპერტიზის დასკვნა.
ბრალდების მხარემ საქმის სასამართლო განხილვის დროს მოხსნა ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულება - საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათების ამსახველი CD დისკი.
დაცვის მხარემ საქმის სასამართლო განხილვის დროს დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები, კერძოდ: ონისე რეხვიაშვილი და ესმა ნორაკია.
საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ იქნა ბრალდების და დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები.
სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ლევან დარსალიამ თავი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და ითხოვა მის მიმართ მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება პირობითი მსჯავრის სახით. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია მოწმეთა ჩვენებებთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაიკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ლევან დარსალია ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებას, ვინაიდან მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, იგი აღნიშნული ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ ლევან დარსალიას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს შემდეგს: სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს ფაქტს, რომ ლევან დარსალია და ნანი კილაძე იყვნენ მეუღლეები და მათ ჰყავთ საერთო შვილი. ასევე, დადგენილ იქნა, რომ განქორწინების შემდეგ, ნანი კილაძე მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ფარცხანაყანევში მის დასთან და სიძესთან. გამოკვლეული მასალებით დადასტურდა ისიც, რომ ნანი კილაძე ლევან დარსალიასთან ერთად, განქორწინებამდე ცხოვრობდა ქალაქ ქუთაიში ცახელის ქუჩა #6/46-ში. სასამართლო სხდომაზე ნანი კილაძემ განაცხადა, რომ სახლში ყოფნისას მას დაუკავშირდა მისი ყოფილი მეუღლე და ბავშვისთვის საჩუქრის გადაცემის მიზნით დაიბარა თავის საცხოვრებელ ბინაში, აღნიშნულ საუბარს ადასტურებს დაზარალებულის და - ნაზიბროლა კილაძე, რომელიც სატელეფონო საუბრისას იმყოფებოდა სახლში და საუბრის ნაწილი ესმოდა ხმამაღალ რეჟიმში სატელეფონო საუბრის განხორციელებისას. ასევე, ნაზიბროლა კილაძის ჩვენებით დადგინდა, რომ სახლში დაბრუნებულ ნანი კილაძეს ჰქონდა დაზიანებები, რომელიც სახლიდან გასვლამდე მას არ ჰქონია. ნანი კილაძის ლევან დარსალიასთან ბინაში ყოფნას ადასტურებს მოწმე ნაზობროლა კილაძის კიდევ ერთი განმარტება, რომლის თანახმად, მას შემდეგ რაც ნანი კილაძეს დააგვიანდა, ტელეფონზე დაურეკა, რა დროსაც ნანი კილაძემ განუცხადა, რომ იყო ლევან დარსალიასთან. ზემოაღნიშნულ მისამართზე ყოფნისა და ძალადობის ფაქტს ადასტურებს თავად ბრალდებული, რომელიც აღნიშნულს ხსნის იმით, რომ ყოფილი მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა გამოიწვია კონფლიქტმა, რომელიც აღმოცენდა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით, რის გამოც ბრალდებული განერვიულდა და იძალადა მასზე. ძალადობის ფაქტს, გარდა დაზარალებულის, მისი დის და გამოძიების მწარმოებელი ორგანოს წარმომადგენელთა ჩვენებისა, ადასტურებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმი და ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ნანი კილაძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს“, აგრეთვე პირადი გასინჯვის მონაცემებში აღნიშნულია, რომ გამოსაკვლევი პირი უჩივის ტკივილებს მთელი სხეულის მიდამოში, კისრის და ენის მიდამოებში. კისრის წინა ზედაპირზე ცენტრალურად აღენიშნება გასწვრივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის მოწითალო-მოვაყივსფრო ფერი, მშრალი, მიმდებარე კანის თითქმის დონეზე მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 9,2X0,1 სმ. ექსპერტიზის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გია გობრონიძემ. აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა კონფლიქტს ადასტურებს გაცემული შემაკავებელი ორდერიც. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ლევან დარსალიას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული ლევან დარსალია ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: აღსანიშნავია, რომ მუქარასთან დაკავშირებით რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).
მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ლევან დარსალიას მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
აღნიშნული ბრალდების ნაწილში ბრალდება ემყარება დაზარალებულ ნანი კილაძის ჩვენებას, რომელიც განმარტავს, რომ ლევან დარსალიას მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარას. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტში მითითებული მონაცემებიც გამომდინარეობს სწორედ დაზარალებულის ჩვენებიდან, სადაც იგი იმავე გარემოებებზე უთითებს, რომლებზეც დაკითხვისას. საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ არ არის ამოღებული დანა, რომლითაც, როგორც დაზარალებულმა განაცხადა, მას დაემუქრა ყოფილი მეუღლე, გამოძიების მიერ არ მომხდარა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დანის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ყურადღება იქნა გამახვილებული დაზარალებულის ჩვენებაზე, რომლის თანახმად ეზოში ჩასვლის შემდეგ ლევან დარსალიამ მის მანქანაზე მინაზე დაუსვა დანა, თუმცა წარმოდგენილი მასალებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დაზარალებულის მიერ მითითებულ მინაზე რაიმე დაზიანების კვალი არ აღინიშნება. აღნიშნული დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტმა გურამ ჟუტაევმა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გარდა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მუქარის განხორციელების ფატს და დაადასტურებდა დანის ფიგურირებას ყოფილ მეუღლეებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს. სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, ლევან დარსალიას ბრალეულობა მის მიერ ნანი კილაძის მიმართ, რაიმე სახის მუქარის განხორციელებაში, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 04 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქუთაისში, ცახელის 6/46-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ლევან დარსალია დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ნანი კილაძეს და დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
ლევან დარსალია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით- მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად:
1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:
ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები (მაგ: ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეულ გარემოებებში), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია. ინფორმირებულობის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციები თანდათან იწვევს ქცევის ცვლილებას, თუმცა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ლევან დარსალია აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლევან დარსალიას მიმართ სასჯელის სახედ და 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე პირობითი მსჯავრი, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, იქნება დანაშაულის ადეკვატური, პროპორციული და ამასთან სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლევან დარსალია ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
2. ლევან დარსალია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
3. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ლევან დარსალიას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 08 აგვისტოდან 2019 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.
4. ლევან დარსალიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
5. პირობითი მსჯავრისა აღსრულებისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, 1 (ერთ) ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის სს საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი