განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2019
საქმის ნომერი
330100118002364794
თარიღი
25.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1194-18

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი - თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი----------

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - ა-–-------------------

 

ბრალდებული - გ-------------–---–- (პირადი #1----------) - დაბადებული 1--- წლის 1------------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ----------- რაიონის სოფელ ჩ----–--–-, მ--- ქუჩა #--ში

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ე.ი. ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 8 თებერვალს, 14:49 საათზე, თბილისში, ს---------–-- ქ.#--ში მყოფ, თ---------–---–---–- მისი ყოფილი მეუღლე გ-------------–---–- სატელეფონო საუბრისას დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რის შედეგადაც თ---------–---–---–- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ

ოჯახის სხვა წევრის მიმართ

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე უდავოდ მიჩნეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.

 

დაზარალებულ თ---------–---–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2001 წლიდან იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბრალდებულ გ-------------–---–----. ჰყავთ სამი შვილი, რომელთაგან უმცროსი შშმ პირია. დაახლოებით 4 წელია, რაც განქორწინდა ყოფილ მეუღლესთან და, ვინაიდან უმცროს შვილს მუდმივად ესაჭიროება რეგულარული თერაპია, ცხოვრობს თბილისში. ამჟამად იმყოფება ქორწინებაში ლ--------------–---–----. შვილებიდან ერთი იზრდება ბრალდებულის მშობლების ოჯახში, ხოლო დანარჩენი ორი ცხოვრობს მასთან, თბილისში. ბოლო პერიოდში ბავშვების ნახვასთან დაკავშირებით ყოფილ მეუღლესთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოცემულია ორი შემაკავებელი ორდერი. ერთ-ერთი მსგავსი უთანხმოების დროს, როცა სოციალური დაცვის სამსახურმა მიუთითა ბრალდებულს დედის შვილთან შეხვედრის აუცილებლობაზე, ბრალდებულმა მას დაურეკა, აგინა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა შემდეგი სიტყვებით: ,,სისხლს განთხევინებ‘‘. ამ დროს იგი იყო ორსულად. ბრალდებულთან არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო, მან იმ პერიოდისთვის მუქარა აღიქვა რეალურად, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით მის მიმართ პრეტენზია აღარ აქვს, რადგან მომხდარის შემდეგ ბრალდებულს მასთან კონტაქტი არ ჰქონია.

 

მოწმე ლ--------------–---–-- ჩვენების თანახმად, დაახლოებით წელიწადნახევარია ქორწინებაში იმყოფება დაზარალებულთან. 2018 წლის 8 თებერვალს მის მეუღლეს დაურეკა ბრალდებულმა, აგინა უწმაწური სიტყვებით და დაემუქრა. სატელეფონო საუბრის შინაარსი, რადგან ტელეფონში გააქტიურებული იყო საუბრის ხმამაღალი რეჟიმი, მასაც ესმოდა. ტელეფონში ინტეგრირებული პროგრამა call recorder-ის მეშვეობით, საუბრის ჩაწერა ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა. სატელეფონო ზარის დასრულების შემდეგ მან კიდევ ერთხელ, მეუღლესთან ერთად, მოუსმინა საუბარს და დარწმუნდა, რომ შინაარსი ნამდვილად შეიცავდა რეალურ მუქარას, რის გამოც მისმა მეუღლემ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს.

 

სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა გ-------------–---–-- თავი არ სცნო დამნაშავედ და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

საქმეში არსებული სხვა ყველა მტკიცებულება (თ---------–---–---–-- მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი - 08.02.18; გ-------------–---–-ს ხმის ნიმუშის ოქმი - 09.02.18; CD_R დისკის დათვალიერების ოქმი - 10.02.18; ფონოსკოპური ექსპერტიზის დასკვნა - 20.02.18; შემაკავებელი ორდერები - 23.07.17, 15.10.16) დაცვის მხარემ გახადა უდავო. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე აღნიშნული მტკიცებულებები არ გამოკვლეულა და მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ პუნქტის თანახმად.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, ასევე, დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ გ-------------–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და ადასტურებს გ-------------–---–-ს მიერ ყოფილი მეუღლის - თ---------–---–---–-- მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე, მთლიანად, პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.

 

ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვან ასპექტზე, უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და მიუთითებს, რომ იგი დაიძლევა იმ მოცემულობით, როცა პირის ბრალეულობა დამტკიცდება. ამასთან, ბრალეულობა უნდა დამტკიცდეს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘ და მისი მტკიცების ტვირთი სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს - ბრალდების მხარესაა (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლი). ასეთი მტკიცება შესაძლებელია, თუ არსებობს საკმარისად მყარი, მკაფიო და თანხვედრი ვარაუდები, ან მსგავსი გაუბათილებელი პრეზუმფციები ფაქტებთან დაკავშირებით (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia, ECHR, #39630/09, §151, 13.12.2012, Hassan v The UK, ECHR, #29750/09, §48, 16.09.2014).

 

განსახილველ საქმის ფარგლებში, ბრალდებულ გ-------------–---–-ს მიმართ ბრალდება წარმოდგენილია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის კვალიფიკაციით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, თუ პირს, რომელსაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. იგივე დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კვალიფიკაციასთან მიმართებით:

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის ფარგლებში დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა დაირღვეს მაშინ, როცა პირი ადამიანს ემუქრება ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში).

 

სასამართლო განმარტავს, რომ შიში (ამ შემთხვევაში მუქარის განხორციელების), სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია, მან ნამდვილად აღიქვა თუ არა მუქარა რეალურად და განიცადა თუ არა შიში. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი. ამასთან, კვალიფიკაციის მიზნებისთვის შიშის რეალურობა და საფუძვლიანობა ფასდება გარეშე ობიექტური დამკვირვებლის სტანდარტითაც, არსებული მოცემულობის როგორც სუბიექტური, ისე, ობიექტური კრიტერიუმებით. შეფასებისას აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი და რეალური შიში. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი/აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც პირადად, პირისპირ საუბრით, ასევე, მიმოწერით, სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით და სხვა.

 

განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ადასტურებს გ-------------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, გ-------------–---–-ს მხრიდან მუქარა განხორციელებულია სატელეფონო საუბრისას დაზარალებულისადმი უშუალო დამუქრებით. ფაქტი დადასტურებულია დაზარალებულ თ---------–---–---–--ა და მოწმე ლ--------------–---–-- ჩვენებებით, რაც, თავის მხრივ, ასევე, გამყარებულია საქმეზე წარმოდგენილი მუქარის სატელეფონო საუბრის ჩანაწერისა და ექსპერტიზის დასკვნით. შესაბამისად, დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები ამ მხრივ ეჭვგარეშეა. რაც შეეხება შიშის რეალურობის აღქმას, სასამართლო აღნიშნავს, რომ დამმუქრებელსა და მუქარის მსხვერპლს შორის არსებული ხანგრძლივი კონფლიქტის ფონზე, რაც, ასევე, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერებით (23.07.18, 15.10.16) და დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, მუქარის შინაარსს, ნათქვამ სიტყვებსა და აგრესიულ ფორმას შეეძლო დაზარალებულში რეალურად გამოეწვია მისი შესრულების შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლთან მიმართებით:

 

ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 22 სექტემბრის #561 დადგენილებით, მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის ყველა სფეროში, მათ შორის, იმ საკითხებში, რომლებიც ეხება ქორწინებას, ოჯახურ ურთიერთობას და მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების პერიოდში, ასევე, განქორწინების დროს.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თანმიმდევრული კომპლექსური ღონისძიებებია დადგენილი ევროპის საბჭოს კონვენციით ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ‘‘ (ე.წ. ,,სტამბულის კონვენცია‘‘, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით). კონვენცია ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის, ოჯახში ძალადობას. ამავე კონვენციის მიზნებისთვის ,,ოჯახში ძალადობა‘‘ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

 

მოცემულ საკითხთან შემხებლობით, გაერთიანებული ერების ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი განმარტავს, რომ ,,სქესზე დაფუძნებული ძალადობა წარმოადგენს დისკრიმინაციის ფორმას, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ქალთა უნარს, ისარგებლონ უფლებებითა და თავისუფლებით, მამაკაცებთან თანასწორ საწყისებზე‘‘. ამასთან, სქესზე დაფუძნებული ძალადობის ზოგად კატეგორიაში კომიტეტი მოიაზრებს ძალადობას ,,ინდივიდუალური მოქმედებით‘‘ და ,,ოჯახურ ძალადობას‘‘ და მიიჩნევს, რომ ძალადობა ქალების წინააღმდეგ, მათ შორის, ოჯახური ძალადობა წარმოადგენს დისკრიმინაციის ფორმას (იხ. CEDAW/C/TUR/4-5, Corr.1, 15 თებერვალი, 2005, §28).

 

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასა და ზოგადად ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებასთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, ასევე, ისეთ შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივი რეგულაციებზე, როგორიცაა: ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი, ,,გენდერული თანასწორობის შესახებ‘‘ საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი და ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ‘‘ საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მ--- მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ამავე მუხლის მე-2 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

 

ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებშიც. ამავე კოდექსის მე-111 მუხლი განმარტავს, რომ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

არსებულ მოცემულობაში, განსახილველ საქმეზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ-------------–---–- და თ---------–---–---–- წარმოადგენდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეებს, რომლებიც მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. აღნიშნული უდავო ფაქტობრივ გარემოებას მიეკუთვნება, რის საფუძველზეც სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-------------–---–- არის ოჯახური დანაშაულის სუბიექტი და, შესაბამისად, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე მითითებით.

 

ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა, რომ გ-------------–---–-- ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ-------------–---–-ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-------------–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა (საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილი).

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა.

 

განსახილველ საქმეზე სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ქალის - ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, რაც ოჯახური დანაშაულის გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (სახეზეა ფსიქიკური ძალადობა ოჯახის წევრის - ქალის მიმართ, რაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, ასევე, იმ გარემოებებს, რომ არ არის ნასამართლევი და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდებულისგან მომდინარე სამომავლო საფრთხეები არ არსებობს (დანაშაულის ჩადენის შემდეგ, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, დაზარალებულის მიმართ ბრალდებულს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ განუხორციელებია).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------------–---–-ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს არასაპატიმრო სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და მისი სიმკაცრე არ გამოიწვევს მასში უსამართლობის განცდას. სასჯელის ასეთ სახედ სასამართლო მიიჩნევს ჯარიმას.

 

პარალელურად, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ-------------–---–- 2018 წლის 11 თებერვლიდან 2018 წლის 16 თებერვლის ჩათვლით იმყოფებოდა პატიმრობაში. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან) და მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის ოდენობის შემცირებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გ-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2 300 (ორი ათას სამასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გ-------------–---–-, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გ-------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 3 (სამი) ცალი დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე