განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2019
საქმის ნომერი
330100119002988216
თარიღი
04.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2082-19

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის - გ-------–---–------ის,ბრალდებულის - კ------------------–--–---–ს,მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ----------–---ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე კ------------------–--–---–ის (პ/ნ------------) - დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ-------–--------–-------------------------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.------–-----–--------------------------- ამჟამად პატიმრის - მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

კ------------------–--–---–ს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის.

ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ პუნქტით ნასამართლევი კ------------------–--–---–ი 2019 წლის 26 მარტს, დაახლოებით 17:10 საათზე, თბილისში, მ. თამარაშვილის ქუჩა №4ა-ში მდებარე შპს ,,ფ--–----------------–ი“ იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით თავს დაესხა კომპანიის თანამშრომლებს მ-------------–-–---–სა და ნ-------------–---–ს და მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა, თუმცა თანამშრომლებმა მას ფულადი თანხა არ გადასცეს და განუმარტეს, რომ ფულად თანხას არ ინახავდნენ კომპანიაში. აღნიშნულის მიუხედავად, კ------------------–--–---–მა განაგრძო ფულადი თანხის ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა და დატოვა შემთხვევის ადგილი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ კ------------------–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის უტყუარ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ კ------------------–--–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალადშერაცხული ქმედება.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების ლ--------------ს, გ--------------------ის, კა----------ის, ტ-----------------ს, ი-–--------ის, ლ--------–-–---–ის, გ-----------–------ის, გ--------------ის, გ-------------–---–ის, ზ----------–-–---–ის, თ------------------–---–ის და ლ------------–---–ის ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

დაზარალებულმა მ-------------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2019 წლის 26 მარტს მუშაობდა ქ. თბილისში, მ. თამარაშვილის ქუჩა №4ა-ში მდებარე მაღაზია ,,ჰ------–------“ მოლარე-ოპერატორად. ხსენებულ დღეს, დაახლოებით 17:10 საათზე იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თავის კოლეგა ნ-------------–---–თან ერთად. ამ დროს მაღაზიაში შევიდა უცხო მამაკაცი, რომელსაც სახეზე აფარებული ჰქონდა ცისფერი სამედიცინო პირბადე და ეხურა ქუდი. ცოტა ხანში გაიგონა ნ-------------–---–ის ხმა, რომელიც იძახდა, რომ ფული არ ჰქონდათ. ასევე გაიგონა ხსენებული მამაკაცის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ფული მიეცა. ნ-------------–---–ი ადგა სკამიდან, მამაკაცმა გამოწია უჯრა, სადაც მხოლოდ ხურდა ფული იყო. ნ-------------–---–ი გასასვლელი კარისკენ გაიწია. თვითონაც სცადა გასვლა, თუმცა მამაკაცმა მას იარაღი მიადო საფეთქელთან, შემდეგ უჯრებში დაიწყო ფულის ძებნა. სალაროს უჯრებში რომ ვერაფერი ნახა, პრინტერის მხარეს დაიწყო ძებნა, დახრისას მას ჩამოეწია პირბადე და მან დაინახა მისი სახე. აღნიშნული ფაქტი ნ-------------–---–მაც დაინახა. მამაკაცს მომრგვალო სახე, ოდნავ მოხრილი ცხვირი და თხელი ტუჩები ჰქონდა. პირბადის ჩამოწევამდე იგი მის თვალ-წარბის მიმდებარე ადგილს ხედავდა და აშკარად ჩანდა, რომ მას ღია ფერის თვალები ჰქონდა. იგი ხმამაღლა ეუბნებოდა მამაკაცს, რომ არ ჰქონდათ ფული, რადგან კომპანია მხოლოდ დისტანციურ შეკვეთებზე მუშაობდა. თავდამსხმელი მიხვდა, რომ პირბადე ჩამოწეული ჰქონდა, ამიტომ იარაღი ჩაიდო ჩანთაში და გავიდა. თავდამსხმელი დაახლოებით 6 წუთით გაჩერდა შიგნით. გამოძიების ეტაპზე მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ბრალდებული. ამოსაცნობი პირები იყვნენ დაახლოებით ერთი სიმაღლის. მან ბრალდებული ამოიცნო სიმაღლით და იმ ნაკვთებით, რისი დანახვაც მოასწრო თავდასხმისას.

დაზარალებულმა ნ-------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 26 მარტს მუშაობდა ქ. თბილისში, მ. თამარაშვილის ქუჩა №4ა-ში მდებარე მაღაზია ,,ჰ------–------“ მოლარე-ოპერატორად. ხსენებულ დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე იმყოფებოდა სამსახურში თავის კოლეგა მ-------------–-–---–თან ერთად და ემსახურებოდა კომპანიის კლიენტს. ამ დროს მაღაზიაში შევიდა დაახლოებით 1.75 სიმაღლის, 30-35 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც ეხურა ქუდი, ეკიდა ზურგჩანთა, სახეზე აფარებული ჰქონდა სამედიცინო პირბადე, ხელებზე ეკეთა ხელთათმანები და ხელში ეჭირა იარაღი. იგი შემოვიდა მოლარე-ოპერატორებთან, სადაც პირველი თვითონ იჯდა, მას იარაღი მიუშვირა და დაჟინებით ფული მოსთხოვა. მან უპასუხა, რომ თანხა არ ჰქონდა, შემდეგ მიუთითა უჯრაზე, სადაც ხურდები ეყარა და აუხსნა, რომ მეტი თანხა არ იყო. მამაკაცმა ეს უჯრა გამოგლიჯა. შემდეგ ეს მამაკაცი მ-------------–-–---–ს იარაღს უმიზნებდა და თანხას სთხოვდა. მ------ი ცდილობდა სამაშველო ღილაკზე მიეჭირა ხელი და პარალელურად თავდამსხმელს უხსნიდა, რომ მუშაობდნენ ელექტრონულად და თანხა მაღაზიაში არ ჰქონდათ. ეს მამაკაცი მაინც დაჟინებით ითხოვდა თანხას. მან თვითონაც შეამოწმა უჯრები, თუმცა ვერაფერი იპოვა. ეს პიროვნება დაახლოებით 5 წუთს გაჩერდა მაღაზიაში, რის შემდეგაც წავიდა. მას მაღაზიიდან არაფერი წაუღია. ადგილზე მალევე მივიდნენ პოლიციისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. ეს თავდასხმა მისთვის იმდენად სტრესული იყო, რომ მეორე დღესვე წავიდა სამსახურიდან. თავდასხმის დროს ამ მამაკაცს პირბადე არ მოუხსნია, მას სახე დაფარული ჰქონდა და მისი სახის ნაკვთების გამორჩევა არ შეეძლო.

დაზარალებულის წარმომადგენელმა ს---------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ქ. თბილისში, მ. თამარაშვილის ქუჩა №4ა-ში მდებარე მაღაზია ,,ჰ------–------“ ადმინისტრაციული კოორდინატორი. 2019 წლის 26 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, იგი იმყოფებოდა ოფისის მეორე სართულზე, რა დროსაც პირველი სართულიდან მოესმა ხმაურიანი საუბარი. მან ამ ხმაურს არ მიაქცია ყურადღება, რადგან ოფისში ბევრი ხალხი შედის ხოლმე. რამდენიმე წამში კომპანიის საწყობის უფროსმა ბ-------------–--ემ ფანჯრების უკნიდან აცნობა, რომ ოფისს აყაჩაღებდნენ, რის გამოც საგანგაშო ღილაკს მიაჭირა ხელი და გამოიძახა დაცვის პოლიცია, ასევე მას სთხოვა, რომ დაერეკა 112-ში. მოწმემ დარეკა პოლიციაში და ტელეფონი მიაწოდა საწყობის უფროსს, რომელმაც დეტალურად აუხსნა ოპერატორს სიტუაცია, შემდეგ კი დაუბრუნა ტელეფონი მას. მოწმემაც კიდევ ერთხელ უთხრა 112-ის ოპერატორს მომხდარის შესახებ და გაუთიშა ტელეფონი. ასევე დარეკა დაცვის პოლიციაში, სადაც დაუდასტურეს, რომ უსაფრთხოების ჯგუფი უკვე გამოსული იყო მათ მისამართზე. ამის შემდეგ ჩავიდა ოფისის პირველ სართულზე, სადაც უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო. თავდამსხმელი წასული იყო, ხოლო ოფისის მოლარე-ოპერატორები მ-------------–-–---–ი და ნ-------------–---–ი შეშინებულები იყვნენ. მოლარე-ოპერატორებმა მას უთხრეს, რომ თავდამსხმელი სამედიცინო პირბადით იყო შესული, რომელმაც მათ ფული მოსთხოვა, შემდეგ თვითონ დაიწყო ფულის ძებნა და როდესაც ვერ იპოვა, წავიდა. ამის შემდეგ მან უყურა ოფისში დამონტაჟებული კამერების ვიდეოჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ყაჩაღობა დაახლოებით 2 წუთს გაგრძელდა. მკაფიოდ ჩანს, რომ თავდამსხმელს სახეზე პირბადე ეკეთა და მისი მოხსნის ფაქტი არ ჩანს. ყაჩაღობის შემდეგ მ-------------–-–---–ს მისთვის არ უთქვამს, რომ დაინახა თავდამსხმელის სახე. მან მოგვიანებით უთხრა მოწმეს, რომ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში და ამოიცნო ბრალდებული.

მოწმე ვ----–----–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის კომპანია ,,ჰ------–------“ საწყობის თანამშრომელი. მუშაობს 10:30 საათიდან 07:00 საათამდე. 2019 წლის 26 მარტს იგი საწყობში იმყოფებოდა საწყობის უფროსთან ერთად და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დარბაზიდან გაიგო ყვირილის ხმა, კერძოდ, ვიღაც მამაკაცი ითხოვდა ფულის გადაცემას. საწყობიდან არ ჩანს თუ რა ხდებოდა დარბაზში. შესაბამისად, არ დაუნახავს ის პიროვნება, რომელიც თანხას ითხოვდა. დარბაზში იმყოფებოდნენ მოლარე-ოპერატორები - მ-------------–-–---–ი და ნ-------------–---–ი. დაახლოებით 5 წუთში იგი გავიდა უკანა ეზოში და დარბაზს შემოუარა წინიდან. ამ დროს პოლიცია უკვე მისული იყო ადგილზე და თვითონ ვერ შევიდა დარბაზში. როგორც იცის, ერთ-ერთმა ოპერატორმა ამოიცნო თავდამსხმელი, თუმცა რა ნიშნით ამოიცნო, არ იცის.

მოწმე ბ-------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის კომპანია ,,ჰ------–------“ საწყობის მენეჯერი. 2019 წლის 26 მარტს, დაახლოებით 17:00 საათის შემდეგ იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა თავის მოვალეობას, რა დროსაც საწყობის მომიჯნავე ოთახიდან შემოესმა ხმაური. მამაკაცი ითხოვდა ფულს და იძახდა მუქარის შემცველ სიტყვებს. მან თავისი ოთახიდან ფანჯარაში გაიხედა იმ ოთახში, საიდანაც ხმაური მოდიოდა და დაინახა მამაკაცი, რომელიც მისგან ზურგით იდგა მოლარე-ოპერატორებთან, მას მუქი ფერის ტანსაცმელი ეცვა, შავი ქუდი ეხურა და ხელში შავი ფერის იარაღი ეჭირა. იგი მიხვდა რაშიც იყო საქმე და საგანგაშო ღილაკს მიაჭირა ხელი. ცოტა ხნის შემდეგ დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია. როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, თავდამსხმელი უკვე წასული იყო. მას თავდამსხმელის სახე არ დაუნახავს, რადგან ზურგით იდგა, შესაბამისად არც ამოცნობაში მიუღია მონაწილეობა. თავდასხმის შემდეგ იგი ესაუბრა კომპანიის ოპერატორებს, რომლებმაც უთხრეს, რომ თავდამსხმელს სახეზე ნიღაბი ეკეთა და მისი სახე ვერ დაინახეს.

მოწმე ნ-------------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 26 მარტს მეგობარ მ--------------ესთან ერთად იმყოფებოდა თამარაშვილის ქუჩა №4ა-ში მდებარე ,,ჰ------–------“ გაყიდვების ცენტრში, პროდუქციის შეძენის მიზნით. ამავე დროს იქ შემოვიდა დაახლოებით 180 სმ სიმაღლის მამაკაცი, რომელსაც პირზე მიფარებული ჰქონდა სამედიცინო პირბადე და ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი. იგი შევიდა მოლარეებთან და მოსთხოვა ფული. თავდაპირველად მან და მ--------------ემ იფიქრეს, რომ ეს მამაკაცი ხუმრობდა და არ მიაქციეს ყურადღება, შემდეგ მან დაიწყო ყვირილი, ფული მომეცითო. თავდამსხმელს ხელში ეჭირა იარაღი, რომელიც ხან ერთ ხელში ჰქონდა, ხან მეორეში. მოლარეებმა მას უთხრეს, რომ არ ჰქონდათ ფული და აჩვენეს უჯრა, სადაც მართლა არ იყო თანხა. თავდამსხმელმა შავი ფერის იარაღი მიაბჯინა ერთ-ერთ მოლარე - მ------ს და ფული მოსთხოვა. მ------მა მას აუხსნა, რომ გადარიცხვებზე მუშაობდნენ და ფული არ ჰქონდათ. ეს სიტუაცია დაახლოებით ორ წუთს გაგრძელდა, შემდეგ მან აწია იარაღი და გაიქცა. პირბადის გამო მას თავდამსხმელის სახე არ დაუნახავს, ამიტომ არც ერთ საგამოძიებო მოქმედებაში არ მიუღია მონაწილეობა. როგორც იცის, თავდამსხმელს კომპანიიდან არაფერი წაუღია.

მოწმე მ--------------ემ იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა და სასამართლოს დამატებით განუმარტა, რომ ,,ჰე-----–----–ი“ შესული შეიარაღებული თავდამსხმელი საშუალოზე მაღალი სიმაღლის იყო, რომელსაც ცისფერი თვალები ჰქონდა, ქუდი ეხურა და პირბადე ეკეთა. მან იგი დაახლოებით 3 მეტრის მანძილზე დაინახა. იქ ყოფნისას მას პირბადე არ ჩამოუხსნია და სახე არ გამოუჩენია. თავდამსხმელი სხდომის დარბაზში მყოფ ბრალდებულ კ------------------–--–---–ზე მაღალი იყო, ხოლო კ------------------–--–---–ს ცისფერი თვალები არ აქვს, თავდამსხმელს სხვანაირი თვალები ჰქონდა.

მოწმე გ----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის კომპანია ,,ჰ------–------“ აიტის სამსახურის მენეჯერი და მოცემულ საქმეზე მან ოფისში და ოფისის გარეთ დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები გადასცა გამოძიებას.

მოწმე გ-------------–---მ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს განყოფილების უფროსი დეტექტივი. 2019 წლის 27 მარტს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. თბილისში, თამარაშვილის ქუჩა №4ა-ში მდებარე კომპანია ,,ჰ------–------“ ოფისის დაყაჩაღების ფაქტი ჩადენილია ქ. თბილისის ჟ---------------------------–- მცხოვრები კ------------------–--–---–ის მიერ, რომელიც გადაადგილდებოდა მისი მეუღლის ნ----------------ის სახელზე რეგისტრირებული ,,BMW“-ს X6 მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით C--------- აღნიშნულთან დაკავშირებით მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმე ა-–-----------------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და დოკუმენტების ავთენტურობის თაობაზე.

2019 წლის 26 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის გამზ. №4ა-ში მდებარე შპს ,,ფ--–-----------------“ მაღაზია საწყობი, რის შედეგად ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები ორ ქილად, რომლებიც დაილუქა ერთად, ერთ სპეც. პაკეტში, ასევე ამოღებულ იქნა 16 ცალი ხელის კვალი, ოთხი ცალი უჯრის სახელური, ანაწმენდები და ორი ცალი სალაროს ყუთი (ს.ფ. 4-27).

2019 წლის 28 მარტის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ მ-------------–-–---–მა ამოიცნო კ------------------–--–---–ი, რომელიც მისი განმარტებით 2019 წლის 26 მარტს, ქ. თბილისში, მ.თამარაშვილის ქუჩა №4ა-ში მდებარე შპს ,,ფ--–-----------------“ კუთვნილი დაბალანსებული საკვები პროდუქტების მაღაზია ,,ჰე-----–----–ი“ პისტოლეტით ხელში შევიდა. ამომცნობმა კ------------------–--–---–ი ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, პირისახით, თმის ფერით, ცხვირის ფორმით, წარბების ფორმით, ტუჩების ფორმით და საერთო გარეგნული ვიზუალით (ს.ფ. 125-129).

2019 წლის 28 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, კ------------------–--–---–მა გამოძიებას მიუთითა ის ადგილები და მარშრუტი, სადაც იმყოფებოდა 2019 წლის 26 მარტს (ს.ფ. 149-160).

2019 წლის 28 მარტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, თამარაშვილის ქუჩა №4ა-ში მდებარე კომპანია ჰ------–------ ოფისში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია მოწმე კ------------------–--–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის (ს.ფ. 166-168).

ექსპერტმა ბ----------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

2019 წლის 9 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, მ-------------–-–---–ის მონაწილობით დათვალიერდა ქ. თბილისში, მ. თამარაშვილის გამზირი №4ა-ში მდებარე შპს ,,ფ--–--------------ია“-ს, იგივე მაღაზია ,,ჰ------–------“ შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელიც დათარიღებულია 2019 წლის 26 მარტის 17:00 საათიდან 17:30 საათამდე.

ვიდეოში ჩანს მაღაზია ,,ჰ------–------“ დარბაზი, სადაც ასევე განთავსებულია სალარო დახლი, რომლის უკანაც სალაროსთან ზის ორი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელთაგან ერთი არის შავგრემანი, ხოლო მეორე - ქერა თმით. დათვალიერების მონაწილე მ-------------–-–---–ის განმარტებით, შავგრემანი ქალბატონი არის თავად, ხოლო ქერა ქალბატონი არის მისი ყოფილი თანამშრომელი ნ-------------–---–ი. რაც შეეხება მაღაზიის დარბაზს, იქ იმყოფებიან მოქალაქეები, რომელთა ვინაობაც მ-------------–-–---–ისთვის უცნობია. გარდა ამისა, ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ზის მაგიდასთან ახალგაზრდა ქალბატონთან ერთად, რომელიც მ-------------–-–---–ის თქმით არის მისი თანამშრომელი ნ-------------–-–---–ი. ვიდეოჩანაწერის 17:08:10 საათამდე მაღაზია ფუნქციონირებს ნორმალურად და იქ შემოდიან და გადიან მომხარებლები, ხოლო რაც შეეხება ჩანაწერის 17:08:10 საათს, კადრში ჩანს თუ როგორ შემოდის მაღაზიაში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გამოწყობილია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალში, ასევე ლურჯი ფერის ქურთუკში და შავი ფერის ფეხსაცმელში, თავზე ახურავს ასევე შავი ფერის ქუდი, ხოლო ხელში კი უკავია შავი ფერის ზურგჩანთა. ვიდეოჩანაწერის 17:08:20 საათზე ახალგაზრდა მამაკაცი მიდის მაღაზიაში კედელზე ჩამოკიდებულ ტელევიზორთან და მარჯვენა ხელს ყოფს ზურგჩანთაში, რის შემდეგაც ტრიალდება და ჩანს, რომ მას სახეზე გარდა ქუდისა ასევე აფარებული აქვს ღია ფერის სამედიცინო ნიღაბი. შემოტრიალების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი ზურგჩანთიდან იღებს პისტოლეტს, უახლოვდება სალარო დახლს, შედის სალაროს შიგნით და მიდის მ-------------–-–---–თან და ნ-------------–---–თან, სადაც მ-------------–-–---–ის განმარტებით ახალგაზრდა მამაკაცი მათგან იარაღის დემონსტრირებითა და მუქარით ითხოვს თანხის გადაცემას. ჩანაწერის 17:08:43 საათზე მაღაზიაში მყოფი მოქალაქეები ტოვებენ მაღაზიას, სადაც რჩებიან მხოლოდ მ-------------–-–---–ი, ნ-------------–---–ი, ნ-------------–-–---–ი და შეიარაღებული მამაკაცი. ჩანაწერის 17:09:05 საათამდე შეიარაღებული მამაკაცი მ-------------–-–---–ის განმარტებით მოლარე ოპერატორი გოგონებისგან იარაღის დემონსტრირებითა და მუქარით ითხოვს თანხის გადაცემას, ხოლო 17:09:05 საათზე კი თვითონ მიდის და აღებს სალაროს უჯრებს. ჩანაწერის 17:09:10 საათზე ნ-------------–---–ი და მ-------------–-–---–ი გადიან სალაროდან, რომლებსაც წინ გადაუდგა შეიარაღებული მამაკაცი და მ-------------–-–---–ი იარაღის მუქარით და ზურგზე მიბჯენით შემოიყვანა სალაროსთან. ჩანაწერის 17:09:21 საათზე შეიარაღებული მამაკაცი დგას მ-------------–-–---–ის წინ, იხრება ქვევით, რა დროსაც მ-------------–-–---–ის განმარტებით მას სახიდან ჩამოეწია სამედიცინო ნიღაბი, რა დროსაც დაინახა მისი სახე. ჩანაწერის 17:09:30 საათზე უცნობი მამაკაცი გამოდის სალაროდან, შავი ფერის ზურგჩანთაში იდებს პისტოლეტს და ტოვებს მაღაზიას. გარდა ზემოაღნიშნულისა ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტი დაფიქსირებული არ ყოფილა (ს.ფ. 381-383).

აღნიშნული ვიდეო მასალა გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა უშუალო მონაწილეობით. ჩანაწერში მკაფიოდ ჩანს, რომ თავდამსხმელს სახეზე პირბადე უკეთია, ხოლო მისი მოხსნის ფაქტი არ იკვეთება. ასევე არ ჩანს, რომ სალაროს მაგიდასთან დახრისას მას პირბადე ეწევა და ამ პირბადეს ისწორებს სახის უკეთ დაფარვის მიზნით.

2019 წლის 13 ივნისის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №004000019 დასკვნის მიხედვით, გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით ,,2 ცალი ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე შესასვლელი კარის სახელურებიდან“ მოთავსებულ: ანაწმენდებზე (ობ. №1; კონტეინერი, წარწერით: ,,შესასვლელი კარის სახელურის გარე ზედაპირიდან“), გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

ანაწმენდზე (ობ. №2); კონტეინერი, წარწერით: ,,შესასვლელი კარის სახელური შიდა ზედაპირიდან“) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;

პაკეტში წარწერით: ,,4ც უჯრის სახელური მოხსნილი სალარო დახლის შიგნით მდგარი პრინტერის ტუმბოდან“, მოთავსებულ მოვერცხლისფრო მეტალის ოთხ სახელურზე არსებული ბიომასალის (ობ. №3-6) გენეტიკური პროფილები შერეულია და გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;

პაკეტში, წარწერით: ,,1ც სალარო ყუთი ამოღებული სალარო დახლის შიგნით სავარძლის ზედაპირიდან“, მოთავსებულ სალაროს ყუთზე არსებული ბიომასალის (ობ. №7) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. №7-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება კ------------------–--–---–ის გენეტიკური პროფილისგან, ხოლო მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;

პაკეტში, წარწერით: 1 ცალი სალარო ყუთი ამოღებული სალარო დახლის შიგნით არსებული მაგიდიდან“, მოთავსებულ სალაროს ყუთზე არსებული ბიომასალის (ობ. №8) გენეტიკური პროფილი შერეულია და იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.

ბრალდებულმა კ------------------–--–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ მას პოლიციის განყოფილებაში დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ და ნარკოტიკული დანაშაულისთვის გასამართლებით ემუქრებოდნენ. პოლიციის განყოფილებაში ასევე მიიყვანეს მ-------------–-–---–ი, რომელიც თავიდან აცხადებდა, რომ მან თავდამსხმელის სახე ვერ დაინახა, რადგან მას სახეზე ნიღაბი ეკეთა. პოლიციის თანამშრომლებმა ბ-----–-–---–ი ზედა სართულზე აიყვანეს, სადაც მასზე ფსიქოლოგიურად ახორციელებდნენ ზეწოლას, ხოლო მას განუმარტეს, რომ ვინაიდან წარსულში იყო ნასამართლევი, ამიტომ ეს დანაშაული თავის თავზე უნდა აეღო და 1 წელი თავისუფლების აღკვეთა უნდა მოეხადა, არ აინტერესებდათ შემთხვევის მომენტში სად იმყოფებოდა და რას აკეთებდა, ასევე არ აინტერესებდათ პროკურატურა და სასამართლო. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს მან დამნაშავე პირი განარიდა შემთხვევის ადგილს და დაეხმარა მიმალვაში. ადგილი ჰქონდა ცინიკურ საუბარს. მან გამოძიებასთან შეძლებისდაგვარად ითანამშრომლა ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და ხელი შეუწყო მათ, თუმცა დანაშაული არც ერთ ეტაპზე არ უღიარებია და აცხადებდა, რომ უდანაშაულო იყო. დაკავებისას დაირღვა მისი არაერთი საპროცესო უფლება, მათ შორის ადვოკატის ყოლისა და ზარის განხორციელების უფლებები. 2019 წლის 26 მარტს იგი იმყოფებოდა თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ასაკოვან მამიდასთან - ნ---------–--ესთან, რომელიც არის მისი გამზრდელი და აქვს კარგი ურთიერთობა. იგი ამ დროს მარტო იმყოფებოდა სახლში. მასთან სახლში ასევე იმყოფებოდა შემთხვევამდე 2 კვირით ადრეც, თუმცა მაშინ კარი არავინ გაუღო. თამარაშვილის ქუჩაზე მას ხშირად უწევდა მოძრაობა, რადგან ვაკეში ცხოვრობს. შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მას მანქანაც ჰყავდა ამ ქუჩაზე გაჩერებული, სადაც ფული დაახურდავა. კომპანია ,,ჰე-----–----–ი“ იგი არის ნამყოფი, ვინაიდან მის მეუღლეს აქვს ესთეტიკური ცენტრი, რომელიც არის ,,ჰ------–------“ მომხმარებელი. ამის გამო იგი თავადაც მისულა გარკვეული პროდუქციის წამოსაღებად. იგი ,,ჰე-----–----–ი“ ბოლოს მისული იყო შემთხვევამდე თვე ან თვენახევრის წინ, თავის მეუღლესთან ერთად.

სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურდა კ------------------–--–---–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება შეაფასა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის. კერძოდ:

ქ. თბილისში, მ. თამარაშვილის ქუჩა №4ა-ში მდებარე შპს ,,ფ--–----------------–ი“ იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ დაზარალებულები მ-------------–-–---–ი და ნ-------------–---–ი, დაზარალებულის წარმომადგენელი ს---------------–---–ი, მოწმეები ვ----–----–--ე, ნ-------------–-–---–ი, მ--------------ე და ბ-------------–--ე, ასევე ყაჩაღობის ფაქტი დადასტურებულია კომპანია ,,ჰ------–------“ შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერებით და მისი დათვალიერების ოქმით, თუმცა აღნიშნული დანაშაულის კ------------------–--–---–ის მიერ ჩადენაზე უთითებს მხოლოდ დაზარალებული მ-------------–-–---–ი, რომლის ჩვენებაც შინაარსობრივად ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და ამავე დროს წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ჩვენების მიხედვით, როდესაც თავდამსხმელმა პრინტერის მხარეს დაიწყო ფულის ძებნა, იგი მოიხარა, რა დროსაც მას ჩამოეწია პირბადე და დაუნახა სახე, რაც ასევე დაინახა ნ-------------–---–მაც. თავის მხრივ დაზარალებულმა ნ-------------–---–მა არ დაადასტურა პირბადის ჩამოწევისა და თავდამსხმელის სახის დანახვის ფაქტი და აღნიშნა, რომ თავდასხმის დროს ამ მამაკაცს პირბადე არ მოუხსნია, მას სახე დაფარული ჰქონდა, რის გამოც მისი სახის ნაკვთების გამორჩევა არ შეეძლო. ასევე კომპანია ,,ჰ------–------“ შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერებში, ნათლად ჩანს, რომ თავდამსხმელს სახე დაფარული აქვს პირბადით, რომლის ჩამოწევის, მოხსნის ან ხელით შესწორების ფაქტი არ იკვეთება. ამასვე ადასტურებს ,,ჰ------–------“ წარმომადგენელი ს---------------–---–იც, რომელმაც გამოძიების ეტაპზე უშუალოდ უყურა ვიდეოჩანაწერს, მისი თქმით ვიდეოჩანაწერში მკაფიოდ ჩანს, რომ თავდამსხმელს სახეზე პირბადე ეკეთა, რომელიც არ მოუხსნია. ამასთანავე, მოწმე მ--------------ემ, რომელიც უშუალოდ შეესწრო ,,ჰე-----–----–ი“ მომხდარ ყაჩაღობას და მან თავდამსხმელი დაახლოებით 3 მეტრის მანძილზე ნახა, განმარტა, რომ მაღაზიაში ყოფნისას თავდამსხმელს პირბადე არ ჩამოუხსნია და სახე არ გამოუჩენია. მისივე თქმით, თავდამსხმელი სხდომის დარბაზში მყოფ ბრალდებულ კ------------------–--–---–ზე მაღალი იყო, ხოლო თვალები მას ბრალდებულისგან განსხვავებული ჰქონდა.

რაც შეეხება პირის ამოცნობის ოქმს, სასამართლო აღნიშნულ დოკუმენტს მ-------------–-–---–ის ჩვენებისგან დამოუკიდებელ მტკიცებულებად არ განიხილავს, ვინაიდან ინფორმაციის წყარო არის მ-------------–-–---–ი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მ-------------–-–---–ის განმარტებები თუ რის მიხედვით ამოიცნო მან კ------------------–--–---–ი. ოქმის მიხედვით, ამომცნობმა კ------------------–--–---–ი ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, პირისახით, თმის ფერით, ცხვირის ფორმით, წარბების ფორმით, ტუჩების ფორმით და საერთო გარეგნული ვიზუალით. ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან კ------------------–--–---–ი იყო 180 სმ სიმაღლის, ხოლო სხვა ამოსაცნობი პირები - ზ------------–---–ი და ბ----------------ე - 179 სმ სიმაღლის (სხვაობა 1 სმ). სამივე მათგანი არის საშუალო აღნაგობის, მომრგვალებული პირისახის მქონე მამაკაცი, რომლებსაც აქვთ ღია ფერის თმა, საშუალო ზომის ოდნავ მოხრილი ცხვირი და საშუალო ზომის წარბები, კ------------------–--–---–სა და ზ------------–---–ს აქვთ თხელი ტუჩები, ხოლო ბ----------------ეს - საშუალო ტუჩები.

იმის გათვალისწინებით, რომ თავდამსხმელი ქმედების ჩადენისას სახეს იფარავდა პირბადით და ქუდით, ხოლო ამოცნობაზე წარდგენილ ამოსაცნობ პირებს ჰქონდათ მსგავსი სიმაღლე, აღნაგობა, პირისახე, თმის ფერი, ცხვირის ფორმა, წარბების ფორმა და ტუჩების ფორმა, სასამართლოს არადამაჯერებელად მიაჩნია დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ჩვენების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მან ბრალდებული სწორედ ამ ნიშნების მიხედვით ამოიცნო. ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ ბ-----–-–---–ის ჩვენების მიხედვით, მან თავდამსხმელის სახე მისი მოხრის მომენტში, ძალზედ მცირე ხნით დაინახა, რომლის დამახსოვრება ხედვის რაკურსისა (ზემოდან ქვევით) და შემთხვევის ადგილას შექმნილი სტრესული მდგომარეობის გათვალისწინებით (სტრესის გამო მისმა კოლეგამ ნ-------------–---–მა მეორე დღეს დატოვა სამსახური), ძალზედ ძნელი იქნებოდა.

მ-------------–-–---–ის ჩვენების ამ ნაწილში ეჭვის გაღრმავების საფუძველს ასევე იძლევა კომპანია ,,ჰ------–------“ ადმინისტრაციული კოორდინატორის ს---------------–---–ის განმარტება, რომლის მიხედვითაც, მ-------------–-–---–ს ყაჩაღობის შემდეგ მისთვის არ უთქვამს, რომ დაინახა თავდამსხმელის სახე. ბ-----–-–---–მა მას მოგვიანებით უთხრა, რომ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში და ამოიცნო ბრალდებული. ასევე კომპანიის საწყობის მენეჯერმა ბ-------------–--ემ განაცხადა, რომ თავდასხმის შემდეგ იგი ესაუბრა კომპანიის ოპერატორებს, რომლებმაც უთხრეს, რომ თავდამსხმელს სახეზე ნიღაბი ეკეთა და მისი სახე ვერ დაინახეს.

ამდენად, დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ჩვენება და პირის ამოცნობის ოქმი, რომლებზეც ბრალდების მხარე ამყარებს თავის პოზიციას, შინაარსობრივად ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ხსენებული ჩვენება არ არის გამყარებული სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი ან ირიბი ხასიათის მტკიცებულებით, წინააღმდეგობრივია საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, რაც მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს აჩენს.

ამასთანავე, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდების ნაწილზე გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო ნაწილი - განსხვავდება კ------------------–--–---–ის გენეტიკური პროფილისგან.

რაც შეეხება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლო იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ დასკვნა არის კატეგორიული ხასიათის, რომელშიც მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია მოწმე კ------------------–--–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, აღნიშნულ ფაქტს არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ, თუმცა ბრალდებულმა კ------------------–--–---–მა განმარტა, რომ ხსენებულ ადგილას იგი იმყოფებოდა შემთხვევამდე თვე ან თვენახევრის წინ. არც ექსპერტიზის დასკვნით და არც ექსპერტ ბ----------------ის ჩვენებით არ არის გამოკვეთილი თუ რამდენი ხანი შეიძლება შენარჩუნდეს კონკრეტული სუნი შემთხვევის ადგილას. თვენახევრის წინანდელი სუნის შემთხვევის ადგილას შენარჩუნების ცალსახად გამორიცხვა პროკურორის ვარაუდია და არა ექსპერტის კატეგორიული დასკვნის ნაწილი. სასამართლო სხდომაზე ამასთან დაკავშირებით ექსპერტ ბ----------------ისთვის მხარეებს შეკითხვა არ დაუსვამთ. შესაბამისად, რჩება გონივრული ეჭვი, რომ კ------------------–--–---–ის სუნი შესაძლოა უფრო ადრინდელი იყოს, ვიდრე 2019 წლის 26 მარტის დროინდელი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცებას მათემატიკური სიზუსტით. გონივრულია ეჭვი თუ ის ეფუძნება ლოგიკას, საღ აზრს, მსჯელობას, მიზეზს და გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც საშუალო სტატისტიკურ გონიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მტკიცებულებათა აწონ-დაწონვის შედეგად.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა კ------------------–--–---–ის ბრალეულობაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

ასევე, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ კ------------------–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში - უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ------------------–--–---–ი გამართლდეს საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

კ------------------–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ნივთიერი მტკიცებულება:

1) შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, ხელის კვალის ნიმუში, ოთხი ცალი უჯრის სახელური, ანაწმენდები და ორი ცალი სალაროს ყუთი, კ------------------–--–---–ის სუნის ნიმუში, კ------------------–--–---–ის ნერწყვის და ხელის კვლების ნიმუში, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

2) ვიდეოჩანაწერი დისკზე, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი