გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019003125575
საქმე №3/194-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო გერგაული
სხდომის მდივანი - ნათია ბერიშვილი
მოსარჩელე: ნ---- თ-----–---–ი
წარმომადგენელი: ა-–---- მ------–---–ი
მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: ნ---- მ------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 დისცილინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა.
1.2. გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის №4628 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელემ მიუთითა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ბრძანებით ნ---- თ-----–---–ს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება, ხოლო 2019 წლის 19 ივლისის №4628 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ბრძანებით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა საყვედური. პირველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდა ექიმთან და წარადგინა საავადმყოფო ფურცელი მოხსენებით ბარათთან ერთად, მიიღო გაფრთხილება. ამ დღეს 2019 წლის 10 ივნისს შემოწმდა სამსახურში თანამშრომელთა გამოცხადება და 2019 წლის 13 ივნისს დაიწყო დისციპლინური წარმოება 10 ივნისის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით. 2019 წლის 17 ივნისს მიიღო უმაღლესი შეფასება. 2019 წლის 20 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის მერს განცხადებით აცნობა, რომ 10-19 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.
2019 წლის 4 ივლისის დისცილინური საქმისწარმოების დასკვნა მომზადდა, რომელშიც აისახა მისი გამოუცხადებლობის მიზეზები. ამასთან, დასკვნა ყველა სავარაუდო ჩამდენი პირის მიმართ შეიცავს მასალებს, რითაც დაირღვა კონფიდენციალურობის პრინციპი.
ხოლო მეორე შემთხვევის დროს, ისე, რომ არ იყო ამოწურული გასაჩივრების ვადა და კანონიერ ძალაში არ იყო შესული 2019 წლის 5 ივლისის №4407 დისცილინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ბრძანება, შეეფარდა პასუხისმგებლობის უფრო მკაცრი ზომა საყვედური.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ გასაჩივრებული ბრძანებები კანონიერი და დასაბუთებულია.
გორის სამსახურის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მიერ ჩატარდა მ---------–-----ტ---------- განყოფილების შემოწმება, რა დროსაც 9 - 9:30 შორის არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა გამოცხადებული. დისციპლინური წარმოება დაიწყო ყველა თანამშრომლის მიმართ. ყველას მოეთხოვა ახსნა-განმარტების წარდგენა და ყველამ გამოიყენა ეს უფლება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა. მაგრამ ვერ იქნა გაზიარებული, რადგან დაგვიანება არ შეატყობინა უშუალო უფროსს 9 საათიდან 9:30-მდე პერიოდში შინაგანაწესის მიხედვით. არც 10-ის ნახევრის შემდეგ მერის მიერ მოწყობილ თათბირზე აღნიშნა იმავე დღეს, რომ ავადმყოფობის გამო დააგვიანა. ნ---- თ-----–---–მა მას შემდეგ გადაწყვიტა ექიმთან წასვლა, რაც დაფიქსირდა დაგვიანება. საავადმყოფო ფურცელი გახსნა და თავისი მომხმარებლიდან განცხადება დაწერა 14:45 საათზე. დაიწერა დისციპლინური დასკვნა და მიღებული იქნა გადწყვეტილება თანამშრომელთა, მათ შორის ნ---- თ-----–---–ის მიმართ. მოპასუხემ მიუთითა გორის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 18 დეკემბრის N88 ბრძანებით დამტკიცებულ გორის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად ,,მერიაში სამუშაოს დაწყების დროდ განისაზღვრება 09:00 საათი, ხოლო დასრულების დროდ - 18:00 საათი.“ მე-5 და მე-6 პუნქტების მიხედვით დაუშვებელია სამუშაო დღის განმავლობაში საჯარო მოხელის სამუშაო ადგილიდან პირად საკითხებზე გასვლა, უშუალო უფროსთან შეთანხმების გარეშე. თანაშრომელს არასაპატიოდ ჩაეთვლება სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და სამუშაო დროის დასრულებამდე სამუშაო ადგილის დატოვება. აღნიშნული განიხილება როოგრც დისციპლინური გადაცდომა, გარდა შინაგანაწესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, თუ თანაშრომელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციული შენობის გარეთ“.
მეორე ბრძანება დისციპლინური წარმოება დაიწყო ე---------- ს----–---–ის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. ნ---- თ-----–---–მა თვითნებურად მიატოვა სამუშაო პროცესი, რაც თავადვე დაადასტურა. არ დადასტურდა მის მიერ აღნიშნული გარემოებები, რომ მერის მოადგილემ შეურაცხყოფა მიაყენა. პირიქით უთითებდნენ თანამშრომელები, რომ მოსარჩელემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მერის მოადგილემ ზოგადად და არა ნ.თ-----–---–ის მიმართ აღნიშნა, რომ ,,დაბრუნებოდნენ სამუშაო პროცესს, რადგან არ იყო ბაზარი“.
მოპასუხემ განმარტა, რომ სამსახურში მოხდა ინციდენტი, რის შემდეგ თანაშრომლებმა სთხოვეს აღელვებულ მოსარჩელეს არ წასულიყო სამსახურიდან, მაგრამ ის მაინც წავიდა. სთხოვეს განყოფილების თანამშრომლებმა და უფროსმა და მან არ შეასრულა თხოვნა. უფროსმა მოხსენებით ბარათში მიუთითა, რომ თვითნებურად დატოვა სამუშაო ადგილი.
დისციპლინური წარმოების დროს სრულყოფილად იქნა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები და ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება - გაფრთხილება მიეცა ყველა თანაშრომელს, გარდა დათხოვნილი თანამშრომლისა, მათ შორის განყოფილების უფროსს.
2019 წლის 19 ივლისის ბრძანება ნ---- თ-----–---–ის მიერ ნანახი იქნა 2019 წლის 8 ივლისს, ხოლო მის მიერ დასრულებულია, ჩამოწერილია 2019 წლის 24 ივლისს კომენტარით: ,,გავეცანი“. ვინაიდან მერის ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, მის მიმართ მოქმედებდა დისციპლინური ზომა და ამიტომ უფრო მძიმე ზომა იქნა გამოყენებული.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2019 წლის 10 ივნისს ნ---- თ-----–---–მა განცხადებით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერს, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისიდან იმყოფება საავადმყოფო ფურცელზე. თანდართული საავადმყოფო ფურცელი, გაცემული შპს ,,ნ---- მ---–ი“. მითითებულია, რომ ამბულატორიულად მკურნალობდა 10.06.19 - ცხრამეტი ივნისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ნ---- თ-----–---–ის 2019 წლის 10 ივნისის N7461/04/5 განცხადება. საავადმყოფო ფურცელი.
3.2. შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 2019 წლის N7441/09 მოხსენებითი ბარათით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერს, რომ მერის დავალების საფუძველზე მიმდინარე წლის 10 ივნისს განხორცილდა შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მიერ ადმინისტრაციის სამსახურის მ---------–-----ტ---------- უ----------–-----ის განყოფილების თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა/შემოწმება. გამოვლინდა, რომ 9:00 საათიდან 9:30 საათამდე განყოფილების არც ერთი თნაშრომელი არ იყო გამოცხადებული სამსახურში. ეთხოვა, საკითხის შესწავლა, შინაგანაწესით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში გატარება შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 2019 წლის N7441/09 მოხსენებითი ბარათი
3.3. გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 13 ივნისის N 3834 ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება მერიის თანამშრომელთა, მათ შორის ნ---- თ-----–---–ის მიმართ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე. დისციპლინური წარმოების განხორციელება დაევალა გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს - ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 13 ივნისის N 3834 ბრძანება.
3.4. ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის 2019 წლის 14 ივნისის N7686/04 მოხსენებითი ბარათის მიხედვით მერის დავალების საფუძველზე მიმდინარე წლის 10 ივნისს განხორციელდა შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მიერ ადმინისტრაციის სამსახურის მ---------–-----ტ---------- უ----------–-----ის განყოფილების თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა/შემოწმება. გამოვლინდა, რომ 9:00 საათიდან 9:30 საათამდე განყოფილების არც ერთი თანაშრომელი არ იყო გამოცხადებული სამსახურში. აღნიშნული ბარათით ითხოვდა დისციპლინური წარმოების წესის და საქმისს მასალების გაცნობის, აგრეთვე უფლებებისა და მოვალეობების განმარტებისათვის იმ საჯარო მოხელეებზე გადაწერას ვის მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება და წერილობით განმარტების წარმოსადგენად მიეცათ 5 დღე. ამ თანამშრომელთა შორის იყო ნ---- თ-----–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის 2019 წლის 14 ივნისის N7686/04 მოხსენებითი ბარათი.
3.5. ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 2019 წლის 17 ივნისის N7734/04/3 მოხსენებითი ბარათით, ამავე სამსახურის ხელმძღვანელს წარედგინა გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანაშრომელთა საჯარო მოხელეთეთა შეფასების საბოლოო შედეგები, მათ შორის ნ---- თ-----–---–ის, რომელმაც მიიღო უმაღლესი შეფასება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 2019 წლის 17 ივნისის N7734/04/3 მოხსენებითი ბარათი.
3.6 2019 წლის 20 ივნისს ნ---- თ-----–---–მა განმარტებითი ბარათით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერს, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისიდან ცხრამეტი ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ნ---- თ-----–---–ის 2019 წლის 20 ივნისის N7461903/04/5 განმარტებითი ბარათი.
3.7 გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დისციპლინური წარმოების ფარგლებში ზეპირი ახსნა-განმარტება მოისმინეს მოსარჩელს უშუალო უფროსისაგან- ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მ---------–-----ტ---------- უ----------–-----ის განყოფილების ხელმძღვანელი ს- თ----- უ---–--------–-საგან. მან განმარტა, რომ ნ---- თ-----–---–მა მას შემდეგ დაწერა განცხადება საავადმყოფო ფურცლის შესახებ, რაც გაიგო, რომ მასზე იწყებოდა დისციპლინური წარმოება. მანამდე არ გაუფრთხილებია, რომ აპირებდა საავადმყოფო ფურცელზე გასვლას. ამავე ოქმის მიხედვით დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში გადამოწმდა თუ რა დროს დაწერა ნ---- თ-----–---–მა განცხადება საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ და გამოვლინდა, რომ დაწერა 2019 წლის 10 ივნისს 14:45:25 საათზე საკუთარი მომხმარებლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დისციპლინური წარმოების ფარგლებში ზეპირი ახსნა-განმარტების მოსმენის 2019 წლის 24 ივნისის ოქმი.
3.8 დისციპლინური საქმისწარმოების განმახორციელებელი პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დასკვნა მომზადდა რამდენად იყო დარღვეული შინაგანაწესი და საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები, შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მიერ ადმინისტრაციის სამსახურის მ---------–-----ტ---------- უ----------–-----ის განყოფილების თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა/შემოწმების შდეგად გამოვლენილი დაგვიანების დროს. 9:00 საათიდან 9:30 საათამდე განყოფილების არც ერთი თანაშრომელი არ იყო გამოცხადებული სამსახურში. დასკვნა მომზადდა რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ერთად და შესწავლილი იქნა ფაქტობრივი გარემოებები, იმ პირთა განმარტებითი ბარათები, ვის მიმართაც იყო დაწყებული დისციპლინური წარმოება, აგრეთვე ზეპირი მოსმენის დროს დადგენილი ფაქტები, გადამოწმდა ვიდეოკამერების ჩანაწერები, რათა დაედგინათ თანამშრომელთა სამსახურში შესვლის და გასვლის დრო. ნ---- თ-----–---–თან დაკავშირებით დადგინდა, რომ გამოცხადდა დაგვიანებით. დასკვნის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმისწარმოების დროს გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის არსებობის ფაქტი აღნიშნული განყოფილების რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის ნ---- თ-----–---–ის მიერ და დადგინდა რომ არ იყო მძიმე გადაცდომა. დასკვნაში მითითებულია, რომ საჯარო მოხელეების მიერ დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია გაუფრთხილებლობით აღნიშნული შემთხვევა იყო გამონაკლისი და სისტემატური ხასიათი არ ჰქონდა. ყველა თანამშრომლის მიმართ, დასკვნის მიხედვით განისაზღვრა დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომის მიზანშეწონილობა. ნ---- თ-----–---–ის მიმართ ჩაითვალა მიზანშეწონილად გაფრთხილების განსაზღვრა. დასკვნა მომზადდა ყველა თანამშრომლის მიმართ, ერთიანი სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
დისციპლინური საქმისწარმოების განმახორციელებელი პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დასკვნა.
3.9 გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 ბრძანებით ნ---- თ-----–---–ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა ,,გაფრთხილება“. საფუძვლად მიეთითა, დისციპლინური საქმისწარმოების განმახორციელებელი პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დასკვნა, გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 13 ივნისის N 3834 ბრძანება. შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძვანელის 2019 წლის N7441/09 მოხსენებითი ბარათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N2/0089 დასკვნა და მისი მასალები.
3.10 ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა 2019 წლის 21 ივნისის N7929/04/5 მოხსენებითი ბარათით მიმართა ზემდგომ ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს ნ---- თ-----–---–ის მიერ გორის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევის შესასწავლად და შესაბამისი ზომების მისაღებად. 2019 წლის 21 ივნისს სამუშაო ოთახში მყოფს შემოესმა ნ---- თ-----–---–ის ხმამაღალი საუბარი,რომელიც გადაიზრდა ყვირილში. სიტუაციაში გარკვევის და განმუხტვის მიზნით მიმართა მას, თუმცა პასუხი არ გასცა და უთხრა, რომ არავის შეეჩერებინა, რის შემდეგ თვითნებურად დატოვა ადმინისტრაციული შენობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა 2019 წლის 21 ივნისის N7929/04/5 მოხსენებითი ბარათი.
3.11 გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ 2019 წლის 24 ივნისის N7947/01 მოხსენებითი ბარათით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერს სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შესახებ და ითხოვა საქმის წარმოების დაწყება. მანვე მიუთითა გარემოებები, რომ ,,შეესწრო თანამშრომლების პროტესტს, რაზეც მისცა შენიშვნა, რომ დერეფანში გასარჩევი ეს არ იყო და დაბრუნებოდნენ სამუშაო ვითარებას. ნ---- თ-----–---–მა 09:35 საათზე უნებართვოდ დატოვა მერიის შენობა 10:05 საათამდე და საჩივლელად წავიდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, აღნიშნულის შესახებ განაცხადა წასვლამდე თანამშრომელთა წრეში.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 24 ივნისის N7947/01 მოხსენებითი ბარათი.
3.12 გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 ივნისის N 4138 ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება ნ---- თ-----–---–ის მიმართ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე. დისციპლინური წარმოების განხორციელება დაევალა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მეორად სტრუქტურულ ერთეულს - ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურს - იურიდიულ განყოფილებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 ივნისის N 4138 ბრძანება.
3.13 ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის 2019 წლის 27 ივნისის N8085/04 მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ნ---- თ-----–---–ს ეცნობა დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლის შესახებ და წერილობით განმარტების წარსადგენად მიეცა 5 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის 2019 წლის 27 ივნისის N8085/04 მოხსენებითი ბარათი.
3.14 2019 წლის 5 ივლისს ნ---- თ-----–---–მა განმარტებითი ბარათით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერს, რომ მიმდინარე წლის 21 ივნისს დერეფანში გამოთქვა აზრი ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ხდებოდა სხვა თანაშრომელთა შორის, რასაც შეესწრო მერის მოადგილე. მერის მოადგილემ მას უხეშად მიმართა და ამის გამო ძალიან აღელდა. გახდა ცუდად, სჭირდებოდა მედიკამენტოზური დახმარება და ამიტომ ძალიან მცირე ხნით დატოვა შენობა. მოერიდა სასაწრაფო დახმარების გამოძახებას. წამლის დალევის შემდეგ დაუბრუნდა სამუშაო პროცესს, მაგრამ ვერ გააგრძელა და დაეთხოვა უშუალო უფროსს. ითხოვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ცოტა ხნით სამსახურიდან გასვლის საპატიოდ ჩათვლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ნ---- თ-----–---–ის 2019 წლის 20 ივნისის N8434/04/5 განმარტებითი ბარათი.
3.15 დისციპლინური საქმისწარმოების განმახორციელებელი პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დასკვნა მომზადდა რამდენად იყო დარღევული შინაგანაწესი და საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები, ნ---- თ-----–---–ის მიერ. შესწავლილი იქნა ფაქტობრივი აგრემოებები, ახსნა-განმარტებანი. დადგინდა, რომ თვითნებურად დატოვა შენობა. დასკვნის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმისწარმოების დროს გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის არსებობის ფაქტი დადგინდა, რომ იყო მძიმე გადაცდომა, რადგან დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომა უკვე იყო გამოყენებული ნ---- თ-----–---–ის მიმართ. განისაზღვრა დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომის მიზანშეწონილობა- საყვედური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
დისციპლინური საქმისწარმოების განმახორციელებელი პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დასკვნა.
3.16 გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის №4628 ბრძანებით ნ---- თ-----–---–ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა ,,საყვედური“. საფუძვლად მიეთითა, დისციპლინური საქმისწარმოების განმახორციელებელი პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დასკვნა, გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 ივნისის N4138 ბრძანება. გორის მერის მოადგილის მოხსენებითი ბარათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის №4628 ბრძანება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, გორი მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი მოწესრიგებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მიხედვით 85-ე მუხლის მიხედვით: 1.დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.2. დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი.
3. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ:
ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას;
გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას;
დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;
ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე;
ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა
ხოლო 87-ე მუხლით განსაზღვრულია დისციპლინური წარმოების პრინციპები:
1. დისციპლინური წარმოება ემყარება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს. არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე.
2. არავის არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის.
3. მოხელე არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინურ წარმოებაში, თუ მას აქვს პირადი ინტერესი ან/და თუ არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის გადაწყვეტაზე.
4. დისციპლინური წარმოება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით უნდა მიმდინარეობდეს.
5. პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს დისციპლინური წარმოების ჩატარებისას რამდენად იქნა დაცული აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნები. რადგან სადავო საკითხი ეხება საჯარო მოხელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას, უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონთან, რომლითაც მოწესრიგებულია მოცემული საკითხი. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნაა გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ბრძანების და გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის №4628 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, აღნიშნული გარემოებები უნდა შეფასდეს თითოეული ბრძანების მიმართ.
1. პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა 2019 წლის N7441/09 მოხსენებითი ბარათით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერს, რომ მერის დავალების საფუძველზე მიმდინარე წლის 10 ივნისს განხორცილდა შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მიერ ადმინისტრაციის სამსახურის მ---------–-----ტ---------- უ----------–-----ის განყოფილების თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა/შემოწმება. გამოვლინდა, რომ 9:00 საათიდან 9:30 საათამდე განყოფილების არც ერთი თანაშრომელი არ იყო გამოცხადებული სამსახურში. ეთხოვა, საკითხის შესწავლა და შინაგანაწესით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში გატარება შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების.
მოხდა ყველა თანამშრომლის და მათ შორის ნ---- თ-----–---–ის აღრიცხვა/შემოწმება. ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებით და დისციპლინური წარმოების დროს მომზადებული დასკვნით დადგენილია, რომ ნ---- თ-----–---–ი ამ დღეს, შემოწმების შემდეგ იმყოფებოდა სამსახურში და არ შეუტყობინებია უფროსისთვის, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებდა სამსახურში ყოფნას, როგორც ეს ევალებოდა შინაგანაწესით. მან მოგვიანებით წარადგინა საავადმყოფო ფურცელი, გაცემული შპს ,,ნ---- მ---–ი“. მითითებულია, რომ ამბულატორიულად მკურნალობდა 10.06.19 - ცხრამეტი ივნისის ჩათვლით.
დადგენილია, რომ დისციპლინური საქმისწარმოების განმახორციელებელი პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დასკვნა მომზადდა იმის შესახებ, თუ რამდენად იყო დარღვეული შინაგანაწესი და საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები, შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მიერ ადმინისტრაციის სამსახურის მ---------–-----ტ---------- უ----------–-----ის განყოფილების თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა/შემოწმების შედეგად გამოვლენილი დაგვიანების დროს. 9:00 საათიდან 9:30 საათამდე განყოფილების არც ერთი თანაშრომელი არ იყო გამოცხადებული სამსახურში. დასკვნა მომზადდა რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ერთად და შესწავლილი იქნა ფაქტობრივი გარემოებები, იმ პირთა განმარტებითი ბარათები, ვის მიმართაც იყო დაწყებული დისციპლინური წარმოება, აგრეთვე ზეპირი მოსმენის დროს დადგენილი ფაქტები, გადამოწმდა ვიდეოკამერების ჩანაწერები, რათა დაედგინათ თანამშრომელთა სამსახურში შესვლის და გასვლის დრო. ნ---- თ-----–---–თან დაკავშირებით დადგინდა, რომ გამოცხადდა დაგვიანებით. დასკვნის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმისწარმოების დროს გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის არსებობის ფაქტი აღნიშნული განყოფილების რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის ნ---- თ-----–---–ის მიერ და დადგინდა რომ არ იყო მძიმე გადაცდომა. დასკვნაში მითითებულია, რომ საჯარო მოხელეების მიერ დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია გაუფრთხილებლობით, აღნიშნული შემთხვევა იყო გამონაკლისი და სისტემატური ხასიათი არ ჰქონდა. ყველა თანამშრომლის მიმართ, დასკვნის მიხედვით განისაზღვრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მიზანშეწონილობა. ნ---- თ-----–---–ის მიმართ ჩაითვალა მიზანშეწონილად გაფრთხილების განსაზღვრა. დასკვნა მომზადდა ყველა თანამშრომლის მიმართ ერთიანი სახით. მიუხედავად იმისა, რომ შემოწმდა ყველა თანამშრომელი ერთდროულად და არა მხოლოდ ნ---- თ-----–---–ი, დისციპლინური წარმოება უნდა დაწყებულიყო და გაგრძელებულიყო ცალცალკე, რადგან წარმოების პროცესში გამოიკვლიეს და იმსჯელეს ისეთ საკითხებზე (მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის), რისი გაუმჟღავნებლობის უფლება აქვს პირს ვის მიმართაც მიმდინარეობს აღნიშნული წარმოება.
აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია კონფიდენციალურობის პრინციპი, რომლის დაცვითაც უნდა წარემართა დისციპლინური წარმოება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 ბრძანება, რომლითაც ნ---- თ-----–---–ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა ,,გაფრთხილება“ გამოცემისას სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ, მაგრამ არ იქნა დაცული 87-ე მუხლის მე-4-ე ქვეპუნქტი, რომლის თანახმად დისციპლინური წარმოება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით უნდა მიმდინარეობდეს. ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილობას იწვევს მისი მომზადებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, აღნიშნული ბრძანება ამ გარემოებათა გათვალისწინებით ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ 2019 წლის 24 ივნისის N7947/01 მოხსენებითი ბარათით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერს სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შესახებ და ითხოვა საქმის წარმოების დაწყება. მანვე მიუთითა გარემოებები, რომ ,,შეესწრო თანამშრომლების პროტესტს, რაზეც მისცა შენიშვნა, რომ დერეფანში გასარჩევი ეს არ იყო და დაბრუნებოდნენ სამუშაო ვითარებას. ნ---- თ-----–---–მა 09:35 საათზე უნებართვოდ დატოვა მერიის შენობა 10:05 საათამდე და საჩივლელად წავიდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, აღნიშნულის შესახებ გაანცხადა წასვლამდე თანამშრომელთა წრეში.“ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დაიწყო დისციპლინური წარმოება, რომლის ფარგლებში მომზადდა დისციპლინური საქმისწარმოების განმახორციელებელი პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დასკვნა, თუ რამდენად იყო დარღვეული შინაგანაწესი და საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები, ნ---- თ-----–---–ის მიერ. შესწავლილი იქნა ფაქტობრივი გარემოებები, ახსნა-განმარტებანი. დადგინდა, რომ თვითნებურად დატოვა შენობა. დასკვნის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმისწარმოების დროს გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის არსებობის ფაქტი დადგინდა რომ იყო მძიმე გადაცდომა, რადგან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უკვე იყო გამოყენებული ნ---- თ-----–---–ის მიმართ. განისაზღვრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მიზანშეწონილობა- საყვედური.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, როდესაც ჩათვალა, რომ მოსარჩელემ თვითნებურად დატოვა სამსახურის შენობა, რადგან მხარეთა ახსნა-განმარტებებით და ასევე უშუალო უფროსის მოხსენებითი ბარათით, დადგენილია, რომ ნ.თ-----–---–ის მცირე ხნით გასვლა, ცნობილი იყო უფროსისა და სხვა თანამშრომლებისთვისაც და ასევე ცნობილი იყო მიზეზი რის გამოც გადიოდა. ამიტომ არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მის მიერ დარღვეული იქნა შინაგანაწესი.
რაც შეეხება სამართლებრივ საფუძველს რის გამოც დაკისრა პასუხისმგებლობის მკაცრი ზომა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასწორად იქნა გამოყენებული, რადგან გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 ბრძანება, რომლითაც ნ---- თ-----–---–ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა ,,გაფრთხილება“ არ იყო შესული კანონიერ ძალაში, ვინაიდან არ იყო გასული მისი გასაჩივრების ვადა და არ იყო სამართალწარმოება დასრულებული. რითაც დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის №4628 ბრძანების გამოცემისას, რომლითაც ნ---- თ-----–---–ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა ,,საყვედური“, არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ, რაც აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 და 2019 წლის 19 ივლისის №4628 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ბრძანებები.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ საქმეზე გორის მუნიციპალიტეტის მერიას ხარჯების ანგარიშში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 100(ასი) ლარი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---- თ-----–---–ის სარჩელი მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 ივლისის №4407 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ბრძანება.
3. ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივლისის №4628 დისცილინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ბრძანება.
4. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. მოცემულ საქმეზე გორის მუნიციპალიტეტის მერიას ხარჯების ანგარიშში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 100(ასი) ლარი.
6. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული