განაჩენი

სისხლის სამართლის 11.11.2019
საქმის ნომერი
330100119003255952
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5080-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – მ-----–-------ს

ბრალდებულ _ ჯ--- რ-–----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ჯ--- ა-------ს ძე რ-–----ის, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ----------––-------------–----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-------------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ--- რ-–----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრის მიმართ.

ჯ--- რ-–----ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ------–--–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ--- რ-–----ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის - თ----- ბ------–---–ის მიმართ, კერძოდ, ეჭვიანობის მოტივით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, მარჯვენა ხელი ძლიერად დაარტყა მარცხენა ლოყასა და ყურზე, რის შემდეგაც მთელი ძალით რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად თ----- ბ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდნენ თ----- ბ------–---–ის არასრულწლოვანი შვილები - 8 წლის ს--- რ-–----ე და 6 წლის მ------ რ-–----ე.

ე.ი. ჯ--- რ-–----ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

სასამართლოს დასკვნა ჯ--- რ-–----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულებისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

საქმის ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით მათი დედის მიმართ რეალურად განხორციელდა ფიზიკური ძალადობა ბრალდებულის მხრიდან, რასაც არც თავად ბრალდებული უარყოფს და ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, რის საფუძვლადაც მიუთითებს იმას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სურს განაგრძოს ოჯახთან თანაცხოვრება და მატერიალურად დაეხმაროს ოჯახის წევრებს, მათ შორის მის კმაყოფაზე მყოფ არასრულწლოვან შვილებს.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ჯ--- რ-–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, აფასებს ბრალდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. აღსანიშნავია, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ძალადობა არ გამოირჩეოდა ისეთი დაუნდობელი ხასიათითა და მომეტებული საშიშროებით, რაც აუცილებელს გახდიდა ჯ--- რ-–----ის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან საპატიმრო სასჯელის გამოყენების გზით. რაც შეეხება ძალადობის განმეორების რისკს, აღსანიშნავია, რომ მეუღლეებს შორის კონფლიქტი ამოწურულია, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას, რაც დგინდება ბრალდებულის განმარტებითა და დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით. აღნიშნული მიუთითებს ძალადობის განმეორების რისკის დაბალ საფრთხეზე, რაც ასევე არწმუნებს სასამართლოს ჯ--- რ-–----ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობაში.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იგი აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სისხლისსამართლებრივი სანქცია. იგი დასაქმებულია (მუშაობს კაფე „-------–--) და მატერიალურ დახმარებას უწევს ოჯახს და არასრულწლოვან შვილებს.

ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, ჯ--- რ-–----ის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ბრალდებულის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც. რაც შეეხება ალტერნატიული სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, რამდენადაც აღნიშნული სასჯელი შეუთავსებელი იქნება მის ძირითად საქმიანობასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ--- რ-–----ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ--- რ-–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ ჯ--- რ-–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 26 სექტემბრიდან - 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

3. მსჯავრდებულ ჯ--- რ-–----ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯ--- რ-–----ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. გაუქმდეს ჯ--- რ-–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი