განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
330100118002706223
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4976-18

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ც-------–---–---ის

ბრალდებულ_ გ------ი ტ------–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ გ------ი თ------ის ძე ტ------–ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის (დანაშაულის ჩადენის დროისათვის), უმაღლესი განათლების მქონის, განქორწინებულის, მცხოვრების: ქ-------–--–----------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------ი ტ------–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

გ------ი ტ------–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 5 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ-------–--–----------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------ი ტ------–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ--- ნ-------–---–ს, კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელზე და დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მ--- ნ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. გ------ი ტ------–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით).

იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის 1 დეკემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 13 დეკემბერს) ზემოაღნიშნული მუხლი გაუქმდა, ხოლო ამავე მუხლით გათვალისწინებული ქმედება დასჯადი გახდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელმაც, განსხვავებით 125-ე მუხლისაგან, რომელიც სასჯელის სახეებად ითვალისწინებდა მხოლოდ ჯარიმასა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, სასჯელის სახით გაითვალისწინა აგრეთვე თავისუფლების აღკვეთაც და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, - სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით.

სასამართლოს დასკვნა ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო საქმის მასალების მიხედვით გ------ი ტ------–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ერთის მხრივ, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ძალადობრივი ქმედება ჩადენილია საჯარო ადგილას, რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით, ხოლო მეორეს მხრივ, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ძალადობა არ გამოხატულა მრავალჯერად დარტყმაში (ხელი მოუჭირა ყელში და ერთხელ დაარტყა სახის არეში) და არ ატარებდა დაუნდობელ ხასიათს, რაც ბრალდებულის პიროვნების მომეტებულ საშიშროებაზე მიუთითებდა. ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კერძოდ, როგორც ბრალდებულის განმარტებითა და საქმეში არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დასტურდება, გ------ი ტ------–ს აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რაც გამორიცხავს მის ფიზიკურ დატვირთვას, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის, ჩადენილი დანაშაულისადმი ბრალდებულის დამოკიდებულების (იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს) და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დღეის მდგომარეობით ითვლება ნასამართლობის არმქონედ (გაქარწყლებული აქვს), ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება მინიმალური ოდენობით, რომლის გადახდასაც, მისი განმარტებით, შეძლებს ოჯახის წევრების დახმარებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ი ტ------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

3. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი