გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.12.2019
საქმის ნომერი
190310019003287598
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26.12.2019 წელი ქ. რუსთავი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრო

წარმომადგენელი - დ--------------ე

 

მოპასუხე - ზ-------------ა

 

დავის საგანი - თანხის (ზედმეტად ჩარიცხული ხელფასი) დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ზ-------------ას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის 202.99 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე - ზ-------------ამ ჩაიბარა საღცელი და თანდართული მასალები, თუმცა მის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი. სასამართლო პროცესზე გამოცხადებული მოპასუხე მხარე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №MIA 1 19 0------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I სამმართველოს II განყოფილების II ქვეგანყოფილების ინსპექტორი, პოლიციის უფროსი სერჟანტი ზ-------------ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №MIA 1 19 0------- ბრძანება (ს.ფ 16-17)

 

3.1.2. 2019 წლის 23 აგვისტოს N7----- საგადახდო მოთხოვნით ზ-------------ას ჩაერიცხა აგვისტოს თვის თანამდებობრივი სარგო 1043.00 ლარის ოდენობით. ხოლო N7----- საგადასახადო მოთხოვნით მოპასუხე მხარეს დაერიცხა აგვისტოს თვის დანამატი 209.76 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადახდო მოთხოვნები (ს.ფ 20-21)

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 04 სექტემბერს №MIA 4 19 0------- მიმართვით ზ-------------ას განემარტა, რომ ერიცხება დავალიანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ 2019 წლის აგვისტოს თვის ზედმეტად მიღებული ხელფასი 202.99 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 04 სექტემბერს №MIA 4 19 0------- მიმართვა (ს.ფ 18-19)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი,,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N998 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 34-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამრიგად, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას და იქ დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის შემადგენელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, გამომდინარეობს, თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან, მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა ზ-------------ასთვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N998 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო პირს და დამხმარე მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო - ხელფასი (თანამდებობრივი სარგო).

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №MIA 1 19 0------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I სამმართველოს II განყოფილების II ქვეგანყოფილების ინსპექტორი, პოლიციის უფროსი სერჟანტი ზ-------------ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ხოლო, 2019 წლის 23 აგვისტოს N7----- საგადახდო მოთხოვნით ზ-------------ას ჩაერიცხა აგვისტოს თვის თანამდებობრივი სარგო 1043.00 ლარის ოდენობით. ხოლო N7----- საგადასახადო მოთხოვნით მოპასუხე მხარეს დაერიცხა აგვისტოს თვის დანამატი 209.76 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ზ-------------ას მიერ, უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 202.99 ლარი. შესაბამისად, მოპასუხე ზ-------------ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 202.99 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ზ-------------ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 202.99 ლარის გადახდა.

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) მხარეთათვის მოტივირებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნინო ონიანი