გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24808-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - ს-----------–-–---–ი
მოპასუხე - გ-------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ-------------–---–ს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 11391.73 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 6370.64 ლარი, პროცენტი - 969.72 ლარი, პირგასამტეხლო - 3955.37 ლარი და საკომისიო – 96 ლარი.
1.2. მოპასუხე გ-------------–---–ს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 2,46 ლარი (სესხის ძირითადი თანხის - 6 370,64 ლარის წლიური 14.1%);
სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:
2017 წლის 3 თებერვალს გ-------------–---–სა და სს ,,ს----------–--------ი“-ს შორის გაფორმდა N------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 9510 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, კრედიტზე წლიური 14.1%-ის სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებლის მიერ კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის თანახმად, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა, რის გამოც მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, სადაც მითითებული იყო, რომ დარღვეული იყო სესხის დაფარვის გრაფიკი და მიეცა ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად, რასაც შედეგი არ მოჰყვა. ამავე შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შეწყდებოდა საკრედიტო ხელშეკრულება და ბ---- მოითხოვდა კრედიტის სრულად დაფარვას.
დავალიანება მოპასუხის მიერ ჯეროვნად არ სრულდებოდა, რაც გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი.
2019 წლის 19 ნოემბრის განცხადებით მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა პირგასამტეხლოს ნაწილში და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს 9559.36 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 6370.64 ლარი, სარგებელი - 969.72 ლარი, პირგასამტეხლო - 2123 ლარი და საკომისიო - 96 ლარი;
2. მოპასუხის პოზიცია.
წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზეც მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო მთავარ სხდომაზე ასევე ცნო სასარჩელო მოთხოვნა საკომისიოს 96 ლარის ნაწილშიც და ბ----ს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ ოდენობამდე შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 3 თებერვალს გ-------------–---–სა და სს ,,ს----------–--------ი“-ს შორის გაფორმდა N------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 9510 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, კრედიტზე წლიური 14.1%-ის სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხელშეკრულება N-------
3.1.2. მსესხებლის მიერ კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის თანახმად, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა, რის გამოც მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, სადაც მითითებული იყო, რომ დარღვეული იყო სესხის დაფარვის გრაფიკი და მიეცა გაფრთხილება, 10 დღის ვადაში დავალიანების სრულად დაფარვის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბ---- მიმართავდა კანონით გათვალისწინებულ ზომებს, რასაც შედეგი არ მოჰყვა.
დავალიანების დაფარვის მოთხოვნით სარჩელი სს ,,ს----------–--------მა“ სასამართლოში 2019 წლის 04 ოქტომბერს აღძრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- გაფრთხილების წერილი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ-------------–---–ის გადასახდელი დავალიანება შეადგენს - 9559.36 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 6370.64 ლარი, სარგებელი - 969.72 ლარი, პირგასამტეხლო - 2123 ლარი და საკომისიო - 96 ლარი;
სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
მოთხოვნილი თანხიდან მოპასუხემ დავალიანება ნაწილობრივ ცნო სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო მთავარ სხდომაზე ასევე ცნო სასარჩელო მოთხოვნა საკომისიოს 96 ლარის ნაწილშიც და ბ----ს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ ოდენობამდე შემცირება. თუმცა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საკრედიტო ხელშეკრულება, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან, ცნობა დავალიანების შესახებ) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.10.2019 წლის ცნობა ფინანსური ვალდებულებების შესახებ;
- გადახდის გრაფიკი;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტი უნდა დაბრუნებულიყო ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკების მიხედვით, რაც დარღვეულია მოპასუხის მიერ.
მართალია მოპასუხე რიჩარდი ნადარეიშვილის მიერ სესხზე ბოლო გადახდა ფიქსირდება 2018 წლის 26 აპრილს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2019 წლის 04 ოქტომბერს და ბოლო გადახდიდან არ არის გასული სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხის და შეთანხმებული პროცენტის გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (სამოქალაქო კოდექსის მუხლი 316.1).
5.2. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
5.3. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლები. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
5.4. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
5.5. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
5.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 3 თებერვალს გ-------------–---–სა და სს ,,ს----------–--------ი“-ს შორის გაფორმდა N------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 9510 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, კრედიტზე წლიური 14.1%-ის სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.7. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.8. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 361-ე, 400-ე მუხლები). დარღვეულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
5.9. სადავო არარის დავალიანების არსებობა და მისი ოდენობა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ასევე პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერება. მოპასუხე გ-------------–---–ს სასამართლოში მიმდინარე დავის შესახებ ეცნობა და სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა, ხოლო მან წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო მთავარ სხდომაზე ასევე ცნო სასარჩელო მოთხოვნა საკომისიოს 96 ლარის ნაწილშიც და ბ----ს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ ოდენობამდე შემცირება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამიტომ, სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ექვემდებარება სრულად დაკმაყოფილებას.
5.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სარჩელით სს „ს----------–--------ი“ ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით იმ ზიანის ანაზღაურებას, რასაც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროცენტის სახით მიიღებდა, საკრედიტო ვალდებულება მოპასუხეს ჯეროვნად რომ შეესრულებინა. პროცენტის მიღება კი ბ----ს პირდაპირ და უშუალო ბიზნეს საქმიანობას წარმოადგენს. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 14.1% სარგებლის დაკისრების შესახებ.
5.11. მოქმედი კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილება და, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამიტომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო (შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა), მხარეებ შორის არსებული წერილობითი შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-418-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.
5.12. სადავო არაა, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.13. სასამართლო ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, პრეტენზიას აცხადებს პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც ითხოვს შემცირებას გონივრულ ოდენობამდე. ამიტომ, უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.
5.14. სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (420-ე მუხლი). ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ. დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ. ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ. პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
5.15. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი, გადასახდელი თანხის 0,5%ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 182.5%-ს, რაც შეუსაბამოა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტთან.
5.16. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისა, მოთხოვნილი პირგასამტეხლო კვლავ შეუსაბამოდ მაღალია და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 5-ჯერ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი - 0,01%-მდე და შესაბამისად, სს ,,ს----------–--------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გ-------------–---–ს გადასახდელად უნდა დაეკისროს 2123:5=424,6 ლარი;
6. საპროცესო ხარჯები.
6.1. საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
6.2. მოსარჩელეს სარჩელის აღძვრის დროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა.ბ) პუნქტის შესაბამისად გადახდილი აქვს 423 ლარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო მთავარ სხდომაზე ასევე ცნო სასარჩელო მოთხოვნა საკომისიოს 96 ლარის ნაწილშიც და ვინაიდან სესხის ძირი თანხის, პროცენტის, მიუღებელი შემოსავლისა და შემცირებული პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი კმაყოფილდება, მოსარჩელეს სახ. ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟის პროპორციული თანხა 277.05 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 94.98 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის არ დაკმაყოფილებული ნაწილის 1698.4 ლარის პროპორციულად გადახდილი სახ. ბაჟი 50.95 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
7.1. აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს „ს----------–--------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე გ-------------–---–ს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 7860.96 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6 370,64 ლარი, პროცენტი - 969,72 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 424.6 ლარი და საკომისიო 96 ლარი;
2.1. მოპასუხე გ-------------–---–ს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 2,46 ლარი (სესხის ძირითადი თანხის - 6 370,64 ლარის წლიური 14.1%);
3. მოპასუხე გ-------------–---–ს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 94.98 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 423 ლარიდან - 50.95 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. სს „ს----------–--------ი“(ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 04/10/2019წ. N30119 საგადახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (423 ლარიდან) 277.05 (ორას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და 5 თეთრი) ლარი (გადამხდელი სს „ს----------–--------ი“, გადამხდელის ბ---- - სს „ს----------–--------ი“, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბ---- - ხაზინა);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე