გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2019
საქმის ნომერი
340216919003156009
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
27.12.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340216919003156009

საქმე #2/630-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

27.12.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

განმცხადებელი - გ---------------–--–-–---–-

განმცხადებლის ადვოკატი - ნ-------------–---–-

მხარდაჭერის მიმღები პირი - ზ----------------–--–-–---–-

მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატი - ა-–-------------–---–-

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი- თ----------------–---–-

მოთხოვნის არსი: უძრავი ქონების მართვა-განკარგვის სფეროში მხარდამჭერის მიმღებად ცნობა, მხარდამჭერად დანიშვნა

აღწერილობითი ნაწილი:

1. განმცხადებლის მოთხოვნა:

ზ---------------–--–-–---–ი ცნობილი იქნეს მხარდაჭერის მიმღებად ქონების მართვა-განკარგვის, გარიგების დადების, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადების სფეროში და გ---------------–--–-–---–- დაინოშნოს მხარდამჭერად.

(იხ. განცხადება და სასამართლოს 27.12.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:18:49-13:19:19 სთ)

განმცხადებელმა შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: ზ---------------–--–-–---–ი გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან ურთიერთობის სფეროში პენსიის/სოციალური პაკეტის დანიშვნის, ცვლილების, მიღების, განკარგვის, განახლების სფეროში; ნებისმიერ საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში, მათ შორის პენსიის/სოციალური პაკეტის თანხის მიღების მიზნით პლასტიკური ბარათის დამზადება/მიღების მიზნით; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობების სფეროში. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ქონების მართვა-განკარგვის, ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სფეროებში ზ---------------–--–-–---–ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის და მხარდაჭერის დანიშვნის ნაწილში.

ზ---------------–--–-–---–ს საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სახლი, მდებარე გ--------------------ს სოფელ ჩ----–--ში, სადაც განმცხადებელი მხარდაჭერის მიმღებთან ერთად ცხოვრობს. მათთან ასევე ცხოვრობენ ლ-----------–---–- და ნ--–----------–---–ი ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. ისინი განმცხადებელს ზ---------------–--–-–---–ის მოვლაში ეხმარებიან. ოჯახის შემოსავალს განმცხადებლის და ზურაბ ქართლელიშვილის პენსია წარმოადგენს. ასევე იღებენ ოჯახის სოციალურ დახმარებას.

ზ---------------–--–-–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებას დიდი ღირებულება არ გააჩნია. განმცხადებელი მხარდაჭერის მიმღებზე ზრუნავს, მაგრამ მისი გარდაცვალების შემთხვევაში, რაც ადამიანებისთვის ბუნებრივი პროცესია, იმ მოკრძალებული ქონების ბედი, რაც მას გააჩნია და რომელსაც უმნიშვნელო ღირებულება აქვს, გაურკვეველ პირებს უნდა დარჩეთ, რადგან ზ---------------–--–-–---–ს პირველი რიგის მემკვიდრე არ ჰყავს, თავად განმცხადებელი კი 90 წლისაა.

ლ-----------–---–ს და ნ--–----------–---–ს საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ და ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ზ---------------–--–-–---–ს. ისინი განმცხადებელზეც ზრუნავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ისინი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. ზ---------------–--–-–---–ისათვის მხარდაჭერის სფეროს გაფართოვების შემთხვევაში, იგი ორმაგი ზრუნვის ქვეშ მოექცევა, რადგან მასზე იზრუნებს მხარდამჭერიც და მარჩენალიც. უფრო გაიზრდება ოჯახის წევრების პასუხისმგებლობა და სტიმული.

გამომდინარე აქედან, განმცხადებელმა ზ---------------–--–-–---–ის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა მოითხოვა ქონების მართვა-განკარგვის, გარიგების დადების და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადების სფეროში.

2. მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატის და მესამე პირის პოზიცია:

2.1. მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატმა განმარტა, რომ წარმოდგენილი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება შეიცავს სტანდარტულ პირობებს, ემსახურება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესებს. ხელშეკრულებით დაზღვეულია მისი ინტერესები, რადგან უძრავი ქონების გასხვისება ხელშეკრულებით აკრძალულია. ამასთან, მხარდაჭერის მიმღები და მხარდამჭერი მარჩენალ პირებთან ერთად წლებია ცხოვრობენ, მათი ურთიერთობის გათვალისწინებით ხელშეკრულება ემსახურება მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს, თუმცა აქვს რამოდენიმე შენიშვნა რაც გასათვალისწინებელია (იხ. სასამართლოს 27.12.2019 წლის სხდომის ოქმი 12:47:38-12:50:12 სთ). ადვოკატმა განმარტა, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება არის რისკის შემცველი და მიუხედავად წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტის გარკვეული პირობებისა, მთლიანობაში ხელშეკრულება მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს ემსახურება, თავად არ იცნობს მარჩენალ პირებს, მაგრამ მათ ნდობას მხარდამჭერი უცხადებს და ამიტომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. სასამართლოს 27.12.2019 წლის სხდომის ოქმი 13:22:31-13:22:46 სთ).

2.2. მესამე პირის წარმომადგენელი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადების სფეროში მხარდაჭერის მიმღებად ცნობის და მხარდაჭერის დანიშვნის მოთხოვნას დაეთანხმა, ქონების მართვა-განკარგვის სფეროში მოთხოვნას არ დაეთანხმა. აგრეთვე განმარტა, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადების საფუძველი არის, ოღონდ არა იმ პირობებით რა პირობებიც მოცემულია ხელშეკრულებაში (იხ. სასამართლოს 27.12.2019 წლის სხდომის ოქმი 13:26:02-13:27:02 სთ).

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 12.12.2018 წელს მომზადებული დასკვნის მიხედვით, ზ---------------–--–-–---–ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი მკვეთრად არის გამოხატული. მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად, მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრად არის დაქვეითებული, მას ესაჭიროება მხარდამჭერი შემდეგ სფეროებში: გარიგების დადების, სოციალური მომსახურების სააგენტოდან პენსიის (დახმარების) დანიშვნის; ბანკებიდან პენსიის მიღების; ქონების მართვა-განკარგვის, ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის ; ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობებში.... თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოქმედებაში. არ შეუძლია მხარდამჭერის დახმარებით განახორციელოს საკუთარი უფლებები და მოვალეობები, სრულყოფილად აღიქვას გარიგების პირობები და სამართლებრივი შედეგები და გამოავლინოს ნება. შესაძლებელია, რომ მხარდამჭერს მიენიჭოს უფლება მხარდაჭერის მიმღების მონაწილეობის გარეშე დამოუკიდებლად დადოს მისი ინტერესებიდან გამომდინარე საჯარო გარიგებები მითითებულ სფეროებთან მიმართებით და განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 11-21).

3.1.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 06.03.2019 წლის გადაწყვეტილებით (საქმე№2/641-18) გ---------------–--–-–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზ---------------–--–-–---–ი ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან ურთიერთობის სფეროში პენსიის/სოციალური პაკეტის დანიშვნის, ცვლილების, მიღების, განკარგვის, განახლების სფეროში; ნებისმიერ საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში, მათ შორის პენსიის/სოციალური პაკეტის თანხის მიღების მიზნით პლასტიკური ბარათის დამზადება/მიღების მიზნით; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობების სფეროში.

ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა ქონების მართვა-განკარგვის, ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სფეროში ზ---------------–--–-–---–ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის და მხარდაჭერის დანიშვნის ნაწილში. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 8-11).

3.1.3. ზ---------------–--–-–---–ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება 1344 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 126.5 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა, მდებარე გ--------------------ს სოფელი ჩ----–--ში. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №5-----------. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ამონაწერში 12.04.2016 წელს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაა მითითებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 59-60).

3.1.3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 02.05.2019 წელს მომზადებული ამონაწერის მიხედვით ზ---------------–--–-–---–ი, გ---------------–--–-–---–-, ლ-----------–---–-, ნ--–----------–---–ი, გ-------------–---–- და თ--------------–---–- ერთი ოჯახის წევრებს წარმოადგენენ. ოჯახის ყველა წევრები ზ---------------–--–-–---–ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს. ამონაწერის მიხედვით ოჯახის სარეიტინგო ქულაა 43480.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 24);

- ამონაწერი (ს.ფ. 31).

- განცხადება (ს.ფ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლომ გაანალიზა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია.

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში.

ამავე კოდექსის 1280-ე მუხლის თანახმად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

ამავე კოდექსის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. ამავე კოდექსის 1293-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობაში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებები 2015 წლის 01 აპრილიდან ამოქმედდა. მანამდე მოქმედი რედაქციით, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე პირის ქმედუუნაროდ ცნობა ხდებოდა. ქმედუუნარო სტატუსის მქონე პირს ჰყავდა მეურვე, რომელიც სამეურვეო პირის ნებას საკუთარი ნებით ანაცვლებს, ამიტომ ქმედუუნაროდ ცნობილი პირები აღიქმებოდნენ სამოქალაქო ცხოვრებიდან გამქრალ პირებად, რადგან მათი სახელით მოქმედებდა ერთი ადამიანი - მეურვე. სამოქალაქო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მიხედვით აღარ არსებობს ნების ჩანაცვლების პრინციპი, ანუ გადაწყვეტილებას მიიღებს ის პირი ვისაც ეს ეხება, თუმცა გადაწყვეტილების მიღების წინ ის კონსულტაციას გაივლის მხარდამჭერთან. მისთვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მხარდამჭერი აწვდის საჭირო ინფორმაციას, უხსნის რას ეხება ესა თუ ის გარიგება და ამის შემდგომ მხარდაჭერის მიმღები გამოხატავს ნებას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამდენად, ნების გამომხატველია არა მხარდამჭერი არამედ მხარდაჭერის მიმღები პირი. ამ წესიდან არსებობს კანონით დადგენილი ერთი გამონაკლისი, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები (სსსკ-ის 1293.4-ე მუხლი). კანონმდებელი არ აკონკრეტებს აუცილებელი გარიგებების ჩამონათვალს, თუმცა სასამართლო პრაქტიკით დადგინდა, რომ ,,აუცილებელ გარიგებას“ წარმოადგენს ყველა ის გარიგება, რომლის დადებაც მნიშვნელოვანია მხარდაჭერის მიმღები პირის სამოქალაქო უფლება-მოვალეობების განხორციელების მიზნით და თანხვედრაშია მის ინტერესებთან. ამავდროულად, გარიგების დადების უფლება ენიჭება მხარდამჭერს მხოლოდ იმ სფეროებში, რომლებშიც პირი მხარდაჭერის მიმღებად არის ცნობილი. ამ სფეროების განსაზღვრა კი სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება.

საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზ---------------–--–-–---–ს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები აქვს, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი სრულ და ეფექტიან მონაწილეობას. მისი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი მკვეთრადა გამოხატული. მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად, მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრად არის დაქვეითებული და ესაჭიროება მხარდამჭერი. მას არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოქმედებაში, არ შეუძლია მხარდამჭერის დახმარებით განახორციელოს საკუთარი უფლებები და მოვალეობები, სრულყოფილად აღიქვას გარიგების პირობები და სამართლებრივი შედეგები და გამოავლინოს ნება. ამავე დასკვნის მიხედვით შესაძლებელია, რომ მხარდამჭერს მიენიჭოს უფლება მხარდაჭერის მიმღების მონაწილეობის გარეშე დამოუკიდებლად დადოს მისი ინტერესებიდან გამომდინარე საჯარო გარიგებები მითითებულ სფეროებთან მიმართებით და განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები.

საქმეში წარმოდგენილია გურჯაანის რაიონული სასამართლოს 06.03.2019 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ზ---------------–--–-–---–ი ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან ურთიერთობის სფეროში პენსიის/სოციალური პაკეტის დანიშვნის, ცვლილების, მიღების, განკარგვის, განახლების სფეროში; ნებისმიერ საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში, მათ შორის პენსიის/სოციალური პაკეტის თანხის მიღების მიზნით პლასტიკური ბარათის დამზადება/მიღების მიზნით; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობების სფეროში. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გ---------------–--–-–---–- დაინიშნა მხარდამჭერად და მიენიჭა უფლებამოსილება, რომ როგორც მხარდამჭერმა დამოუკიდებლად განახორციელოს მოქმედებები მხარდაჭერის მიმღების სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა ქონების მართვა-განკარგვის, ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სფეროში ზ---------------–--–-–---–ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის და მხარდაჭერის დანიშვნის ნაწილში. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

ამდენად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ზ---------------–--–-–---–ი წარმოადგენს პირს, რომელსაც აღენიშნება მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი სრულ და ეფექტიან მონაწილეობას. მას არ შეუძლია გამოავლინოს ნება და განახორციელოს საკუთარი უფლებები და მოვალეობები თუნდაც მხარდამჭერის დახმარებით, არ შეუძლია აღიქვას გარიგების პირობები და სამართლებრივი შედეგები. სასამართლოს 06.03.2019 წლის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარდამჭერს მიენიჭა გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სფეროებში საჭირო გარიგებების დამოუკიდებლად დადების უფლება. მოცემული განცხადების ფარგლებში კი დასადგენია არსებობს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი მხარდაჭერის სფეროს გაფართოვების და მხარდამჭერის დანიშვნის წინაპირობა. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ განისაზღვროს განცხადებაში მითითებულ სფეროებში მხარდაჭერის მიმღებად პირის ცნობის და მხარდაჭერის დანიშვნის აუცილებლობა. ამავდროულად, უნდა დადგინდეს, რომ დამატებითი სფეროს განსაზღვრა მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესებს შეესაბამება.

6.2. სასამართლო მიუთითებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე, რომლის მონაწილე სახელმწიფოები ხაზგასმით აღნიშნავენ რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზების ხელშეწყობაზე მიმართულ ყველა წამოწყებაში გენდერული ასპექტების გათვალისწინების აუცილებლობას, იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

მოცემული კონვენციის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ სამართლის სუბიექტად აღიარებაზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი; აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში; იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იმ დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებისათვის; უზრუნველყოფენ, რომ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ყველა ზომა ითვალისწინებდეს შესაბამის და ეფექტურ გარანტიებს მათი ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდნენ, რომ უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები ორიენტირებული იყოს პიროვნების უფლებებზე, სურვილსა და უპირატესობებზე, თავისუფალი იყოს ინტერესთა კონფლიქტისა და არასასურველი გავლენისაგან, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს ამ პიროვნების მდგომარეობას, გამოიყენებოდეს რაც შეიძლება მინიმალური დროით და რეგულარულად მოწმდებოდეს კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს ან სასამართლოს მიერ. აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს მოცემული პირის უფლებებისა და ინტერესების ხელმყოფი ზომების პროპორციული; ამ დებულებათა გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.

კონვენციის 22-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არც ერთ პირი, მიუხედავად მისი საცხოვრებელი ადგილისა და პირობებისა, არ უნდა განიცდიდეს თვითნებურ ან უკანონო ჩარევას მის პირად ცხოვრებაში, ოჯახში, საცხოვრებელში, კორესპონდენციასა და სხვა სახის კომუნიკაციაში; დაუშვებელია მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა. ასეთი სახის ჩარევისა და თავდასხმის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ იყონ დაცული კანონით.

სასამართლო განმარტავს, რომ გარკვეულ სფეროებში მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში პირი ამ სფეროებში სამოქალაქო უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მხარდამჭერის მონაწილეობით. მას ეზღუდება რაიმე მოქმედებებისა და გარიგების დამოუკიდებლად დადების უფლება. მხარდაჭერის სფეროებს კი სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე და საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრავს. ამგვარი შეზღუდვის დაშვებით კანონმდებლის მიზანს თავად მხარდასაჭერი პირის ინტერესის დაცვა წარმოადგენს. სამოქალაქო კანონმდებლობა არ გამორიცხავს ასეთი პირის ავტონომიურობას, პირის თავისუფლებას, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს საკუთარი შინაგანი სამყარო, მისი პირადი გონებრივი და ფიზიკური სფერო, სხვებისგან ჩაურევლად, პირადი გადაწყვეტილებით დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობა სხვა პირებთან და გარესამყაროსთან თუ კი ფსიქიკური დაავადებით გამოწვეული უუნარობა არ გამორიცხავს ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას სრული მოცულობით შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან უხელმძღვანელოს მათ. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც პირს არ შესწევს ამათუ იმ საკითზე ნების გამოვლენის უნარი, მაშინ ნების ჩამოყალიბების და გამოვლენის უფლება დამოუკიდებლად ეძლევა მხარდამჭერს, რომლის უმთავრესი დანიშნულება მხარდაჭერის მიმღების ინტერესის მიხედვით მოქმედება წარმოადგენს. ამდენად, პირის ავტონომიურობა შეიძლება შეიზღუდოს იმდენად, რამდენადაც ამის საჭიროება ობიექტურად არსებობს გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხიდან გამომდინარე და იქ, სადაც ეს შესაძლებელია.

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ყოველი სფერო, რომლის განსაზღვრაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება, და რომელშიც პირის მხარდაჭერის მიმღებად იქნება ცნობილი, უნდა ემსახურებოდეს ამ სფეროში პირის სამოქალაქო უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფას. ნებისმიერი ქმედება, რაც ამ სფეროებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების დაცვისა და განხორციელებისთვისაა საჭირო, უნდა მომდინარეობდეს ობიექტური საჭიროებიდან და დასაცავი პირის ინტერესებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში პირის ავტონომიურობაში ჩარევა გაუმართლებელი იქნება. ასეთი საჭიროების განსაზღვრა და დადგენა ინდივიდუალურად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის, საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის შეფასებისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე ხდება. სასამართლო სფეროს განსაზღვრისას გარკვეულწილად დამოკიდებულია იმ გარემოებებზე, რომელსაც მხარეები მიაწვდიან სასამართლოს და რაც პირის დაცულ სფეროში ჩარევის აუცილებლობას განაპირობებს. აღნიშნული მითუმეტეს მძაფრად წარმოჩინდება იმ შემთხვევაში, როდესაც მხარდასაჭერი პირის სახელით უნდა დაიდოს ისეთი გარიგება, რომელსაც პერსპექტივაში მხარდაჭერის მიმღები პირის კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვას-გასხვისებას ეხება და რასაც შესაძლებელია მოჰყვეს ქონებრივი უფლების დაკარგვა ან ისეთი ქონებრივი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც მისთვის შესაძლოა მძიმე აღმოჩნდეს და გარკვეული ფინანსური ვალდებულებები გაუჩინოს.

6.3. განმცხადებლის მოთხოვნებია ქონების მართვა-განკარგვის და გარიგების დადების სფეროში პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და მისი სახელით სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება. ვინაიდან საკითხი მხარდაჭერის მიმღები პირის კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვას ეხება, ამიტომ სასამართლო უპირველესად განმარტავს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ისეთ ხელშეკრულებებს, როგორიცაა: ნასყიდობა, ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით, განვადებით ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა. ეს ხელშეკრულებები განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს.

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დამოუკიდებელი ხასიათი ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას, მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმა საჭირო არაა და იგი ძალაში შედის ყველა არსებით პირობაზე თუნდაც ზეპირი ფორმით შეთანხმების შემთხვევაში, კანონმდებლობით დაწესებულია გარკვეული გამონაკლისი იმ შემთხვევისთვის, როდესაც მარჩენალისთვის გადასაცემ ქონებას უძრავი ნივთი წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე მარჩენალი, სარჩენის მიერ მისთვის ხელშეკრულებით გადაცემული ქონების მესაკუთრე ხდება. მართალია კანონით ქონების განკარგვის ნაწილში გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, მაგალითად ის, რომ მარჩენალს, რომლის საკუთრებაშიც გადადის უძრავი ქონება, არა აქვს უფლება გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება, თუმცა ამ უფლებას მარჩენალი მოიპოვებს სარჩენი პირის თანხმობის შემთხვევაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარემოებით, ძირითადად იგი იდება იმ შემთხვევებში, როდესაც სარჩენი არის შრომისუუნარო, ანდა განიცდის მატერიალურ გაჭირვებას და საჭიროებს მოვლას. იგი დებს ხელშეკრულებას მარჩენალთან, რომელსაც მისი მოვლისა და დახმარების სანაცვლოდ გადასცემს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებას. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება მისი სასყიდლიანი ხასიათია, რადგან ქონება მარჩენალის საკუთრებაში გადადის სარჩენი პირის სასარგებლოდ განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით.

კანონმდებლობით დასაშვებია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე უარის თქმაც. სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის მიხედვით, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას. ამ შემთხვევაში კანონმდებელი აწესებს გადაცემული უძრავი ქონების სარჩენი პირის საკუთრებაში დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მარჩენალს აძლევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, თუ კი ეს უფლება ხელშეკრულებითაა გათვალისწინებულ. სხვა შემთხვევაში მარჩენალი ვერ მოითხოვს გაწეული ხარჯის ანაზღაურებას.

ამდენად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის მხარეებს მარჩენალი და სარჩენი პირები წარმოადგენენ. მისი დადების ერთ-ერთი მიზეზი სარჩენი პირის შრომისუუნარობა, მატერიალური გაჭირვება ან სხვა ისეთი გარემოებაა, რომელიც მისი მოვლის საჭიროებას განაპირობებს. თავის მხრივ მარჩენალს შესაძლებელია გააჩნდეს ქონებრივი ინტერესი, როგორიცაა სარჩენი პირის კუთვნილი ქონების საკუთრებაში მიღება. კანონი ზღუდავს რა გადაცემული ქონების გასხვისების და სანივთო უფლებით დატვირთვის ასევე მარჩენალის ვალდებულებების მიქცევის შესაძლებლობას, ამით სარჩენი პირის ქონებრივ ინტერესს იცავს, თუმცა გადაცემული ქონების დატვირთვა და გასხვისება შესაძლებელია მარჩენალის თანხმობით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კი ქონება უბრუნდება სარჩენს, ხოლო მარჩენალი ვერ მოითხოვს გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ---------------–--–-–---–ი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამოდინარე შრომისუუნაროა და საჭიროებს მოვლას. ეს გარემოება ქმნის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადების წინაპირობას. ასევე დადგენილია, რომ მხარდაჭერის მიმღებზე მზრუნველობას ახორციელებს მხარდამჭერი და ოჯახის სხვა წევრებიც. თუმცა სამისდღეშიო ხელშეკრულების დადების აუცილებლობას განმცხადებელი ასაბუთებს არა იმით, რომ ეს მხარდაჭერის მიმღები პირის მდგომარეობითაა გამოწვეული და მას დამატებითი მომვლელი ესაჭიროება, არამედ მიუთითა, რომ ოჯახში მცხოვრები სხვა პირებს (ლ-----------–---–-, ნ--–----------–---–ი და მათი ორი არასრულწლოვანი შვილი) სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ. სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ შემდგომში მარჩენალ პირებს სარემონტო სამუშაოების ჩატარება და თავისთვის გარკვეული კომფორტის შექმნა სურთ, რაც ხარჯთანაა დაკავშირებული და ხელშეკრულების დადების საჭიროება იქიდან გამომდინარეობს, რომ შემდგომში ეს პირები ღია ცისქვეშ არ დარჩნენ (იხ. განცხადება და სასამართლოს 27.12.2019 წლის სხდომის ოქმი 13:01:05-13:02:05 სთ). ასევე განმარტა, რომ მარჩენალებს სურთ სახლი ისე მოაწყონ, როგორც საკუთარი და ამისთვის ხარჯი უნდა გაწიონ და თუ იმაზე მეტ ხარჯს გაწევენ ვიდრე ეს აუცილებელია, მათ უნდა ჰქონდეთ ამ ხარჯის მოთხოვნის უფლება (იხ. განცხადება და სასამართლოს 27.12.2019 წლის სხდომის ოქმი 13:19:31-13:22:31 სთ).

სასამართლო განმარტავს, რომ სხვის ქონებაზე გაწეული აუცილებელი ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის სხვა სამართლებრივი საფუძვლები არსებობს და ამისთვის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება აუცილებელი არ არის. ამავდროულად, ხელშეკრულებით ორივე მხარის ინტერესის დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა ხელშეკრულების დადების წინაპირობა უპირატესად მხარდაჭერის მიმღები პირის საჭიროებიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა პირიქით. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელმა მხარემ მიუთითა, რომ მარჩენალ პირებს რემონტის გაკეთება სურთ, თუმცა არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ზ---------------–--–-–---–ის საცხოვრებელ სახლს რემონტი ესაჭიროება და ეს უკანასკნელი მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესებშიც შედის. ფაქტობრივად მხარემ მნიშვნელოვანი ყურადღება მარჩენალი პირების ინტერესებზე და მათ დაცვაზე გაამახვილა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენცია და სამოქალაქო კოდექსი აწესებს უმთავრეს პირობას - სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებით მიღებულმა ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ უნდა დაიცვას მხარდასაჭერი პირი და შქმნას გონივრული წინაპირობა უფლების არამართლზომიერი გამოყენებისგან მისი დაცვის მიზნით. განსახილველ შემთხვევაში მხარემ ვერ წარუდგინა სასამართლოს ამ პირობების დაცვისათვის საჭირო და წონადი არგუმენტები. მისი განმარტება მთლიანად მარჩენალი პირების ინტერესებზეა მორგებული, რითაც მხარდასაჭერი პირის ინტერესი მეორეხარისხოვანი გახადა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---------------–--–-–---–-ს განცხადება უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე; 248-ე, 257-ე, 36321-ე, 364-ე; 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ---------------–--–-–---–-ს განცხადება ქონების მართვა-განკარგვის, გარიგების დადების, სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების დადების სფეროში ზ---------------–--–-–---–ის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის და მხარდამჭერად დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე