გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-3---1- გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1-.1-.2--- წელი ქ. რ-------ი
შესავალი ნაწილი
რ-------ის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ნ----- ქ---------ე
მოსარჩელე- გ------- მ---------–ი,წარმომადგენელი -მ--–---- ა-–------–---–ი,მოპასუხე- ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია,წარმომადგენელი - ლ-------------–-,მესამე პირი- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულის საგენტო,წარმომადგენელი - ე---------- ნ--------ე,დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2------------ის №--- განკარგულების ბათილად ცნობას და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. მოსარჩელის მითითებით, ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2------------ის №--- განკარგულებით უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადგილზე დათვალიერების აქტით, სალეგალიზაციო ობიექტზე განთავსებული დამხმარე შენობა წარმოადგენს საქონლის სადგომს. განკარგულებაში ასევე მითითებულია, რომ ,,ქალაქ რ-------ის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ რ-------ის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების შესაბამისად, ქალაქის სამომავლო განვითარების გეგმა არ ითვალისწინებს დამხმარე ნაგებობებს (საქონლის სადგომის) განთავსების შესაძლებლობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2--- წლის 0--------ს პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაგზავნილი იქნა გ------- მ---------–ის განცხადება და წარმოების მასალები, რითაც მოსარჩელე ითხოვდა ქ. რ-------ში მ--------- მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთზე ფართობით 6 272 კვ.მ საკუთრების უფლების აღიარებას.
ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2------------ის №--- განკარგულებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო ობიექტი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონას (სზ5), მაღალი სიმჭიდროვის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა მრავალ ერთეულიანი საცხოვრებლები, როგორიცაა მრავალბინიანი კორპუსები, სასტუმროები, კონდომინიუმები, ამხანაგობები და საერთო საცხოვრებლები, ასევე დასაშვები გამოყენებებია საზოგადოებრივი ყოველდღიური მოხმარების და სამეზობლო კომერციული ცენტრები. ამასთან ქალაქის სამომავლო განვითარების გეგმა არ ითვალისწინებს დამხმარე ნაგებობების (საქონლის სადგომის) განთავსების შესაძლებლობას. ის გარემოება, რომ სალეგალიზაციო ობიექტზე განთავსებული დამხმარე შენობა წარმოადგენს საქონლის სადგომს, რაც ეწინააღმდეგება ,,ქალაქ რ-------ის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ რ-------ის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებას.
2.2. მესამე პირი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის არ დაეთანხმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 0------------–ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა გ------- მ---------–მა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. რ-------ი, მ--------- მიმდებარე ტერიტორია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-1-);
- წერილობითი შესაგებელი ( ს.ფ 36-44);
- განცხადების მიღების ბარათი (ს. ფ. 13);
-რეგისტრაციის ფურცელი (ს. ფ. 46)
3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 0--------ის №7---- მიმართვით გ------- მ---------–ის განცხადება, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა რ-------ის მუნიციპალიტეტის მერის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 0--------ის №7---- წერილი (ს. ფ. 14)
3.1.3. ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 26 სექტემბრის №--- განკარგულებით - გ------- მ---------–ს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქალაქ რ-------ი, მ--------- მ/ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი 6272 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო ობიექტზე განთავსებული დამხმარე შენობა წარმოადგენს საქონლის სადგომს. ამასთან, ქალაქ რ-------ის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ რ-------ის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების შესაბამისად, სალეგალიზაციო ობიექტი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონას (სზ5), მაღალი სიმჭიდროვის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა მრავალ ერთეულიანი საცხოვრებლები, როგორიცაა მრავალბინიანი კორპუსები, სასტუმროები, კონდომინიუმები, ამხანაგობები და საერთო საცხოვრებლები, ასევე დასაშვები გამოყენებებია საზოგადოებრივი ყოველდღიური მოხმარების და სამეზობლო კომერციული ცენტრები. ამასთან ქალაქის სამომავლო განვითარების გეგმა არ ითვალისწინებს დამხმარე ნაგებობების (საქონლის სადგომის) განთავსების შესაძლებლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-1-);
- წერილობითი შესაგებელი ( ს.ფ. 36-44);
-ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 26 სექტემბრის №--- განკარგულება (ს. ფ. 1--18)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული აქვს არასრულყოფილად, არ გამოიკვლია მასალები, არ დაუდგენია თუ ვის მიერაა აშენებული სადავო ტერიტორიაზე არსებული შენობები და მისი აშენების დრო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე გ------- მ---------–ის სარჩელი მოპასუხე ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'';
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი - ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 26 სექტემბრის №--- განკარგულება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2------------ის №--- განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მესამე მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2--- წლის 0------------–ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა გ------- მ---------–მა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. რ-------ი, მ--------- მიმდებარე ტერიტორია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 0--------ის №7---- მიმართვით გ------- მ---------–ის განცხადება, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა რ-------ის მუნიციპალიტეტის მერის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
დადგენილია, რომ ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2------------ის №--- განკარგულებით - გ------- მ---------–ს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქალაქ რ-------ი, მ--------- მ/ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი 6272 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო ობიექტზე განთავსებული დამხმარე შენობა წარმოადგენს საქონლის სადგომს, ამასთან ,ქალაქ რ-------ის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ რ-------ის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების შესაბამისად, სალეგალიზაციო ობიექტი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონას (სზ5), მაღალი სიმჭიდროვის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა მრავალ ერთეულიანი საცხოვრებლები, როგორიცაა მრავალბინიანი კორპუსები, სასტუმროები, კონდომინიუმები, ამხანაგობები და საერთო საცხოვრებლები, ასევე დასაშვები გამოყენებებია საზოგადოებრივი ყოველდღიური მოხმარების და სამეზობლო კომერციული ცენტრები. ამასთან, ქალაქის სამომავლო განვითარების გეგმა არ ითვალისწინებს დამხმარე ნაგებობების (საქონლის სადგომის) განთავსების შესაძლებლობას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 2-----------–ის №9------ სამსახურეობრივი ბარათის შინაარსიდან გამომდინარე, ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, №882---0----- განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე, 2--- წლის 1-----------–ის მდგომარეობით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ,ქალაქ რ-------ის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ რ-------ის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების (რომელიც ძალადაკარგულია ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 2----------ის №154 დადგენილებით) მე-20 მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ზონები. კონკრეტულ საცხოვრებელ ზონებში (სზ) მთავარი და დასაშვები გამოყენებებია: ა) საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2) - დაბალი სიმჭიდროვის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა ერთი ან ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლები ან საცხოვრებელი-სამუშაო ერთეულები. ასევე დასაშვები გამოყენებებია: სახელმწიფო ან თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული პარკები, რეკრეაციული ცენტრები, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები, პოლიციისა და ხანძარსაწინააღმდეგო განყოფილების სადგურები, საჯარო და სამთავრობო სამსახურები, საჯარო ბიბლიოთეკები, რელიგიური დანიშნულების ნაგებობები, საბავშვო ბაღები, სკოლები და კოლეჯები, საზოგადოებრივი ავტოსადგომების ტერიტორიები, კერძო გარაჟები, მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურებები, ზემოთ ნებადართული გამოყენებების დამხმარე შენობა-ნაგებობები (მათ შორის გარაჟები და დამატებითი საცხოვრებელი), ასევე დროებითი შენობა-ნაგებობები. ბ) საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3) - საშუალო სიმჭიდროვის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა ერთი ან ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლები, საცხოვრებელი-სამუშაო ერთეულები ან მრავალ ერთეულიანი (მრავალბინიანი) საცხოვრებელი სახლები. ასევე ყველა გამოყენება, რომელიც დასაშვებია საცხოვრებელ ზონა 2 (სზ-2)-ში. გ) საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5) - მაღალი სიმჭიდროვის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა მრავალ ერთეულიანი საცხოვრებლები, როგორიცაა: მრავალბინიანი კორპუსები, სასტუმროები, კონდომინიუმები, ამხანაგობები და საერთო საცხოვრებლები. ასევე დასაშვები გამოყენებებია საზოგადოებრივი, ყოველდღიური მოხმარების და სამეზობლო კომერციული ცენტრები, ამასთანავე ყველა გამოყენება, რომელიც დასაშვებია საცხოვრებელ ზონა 3 (სზ-3)-ში.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ზონა 5 ითვალისწინებს ყველა გამოყენებას რაც დასაშვებია საცხოვრებელი ზონა 3-ით, რომელიც თავის მხრივ დასაშვებს ხდის საცხოვრებელ ზონა 2-ის პირობებს. შესაბამისად, არასწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ქალაქ რ-------ის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ რ-------ის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების შეუსაბამობის შესახებ, ქალაქის სამომავლო განვითარების გეგმაზე დამხმარე ნაგებობების (საქონლის სადგომის) განთავსების შეუძლებლობის თაობაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მოპასუხეს სრულყოფილად არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, ისე უთხრა უარი მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებაზე, რომ არ გაითვალისწინა ქალაქ რ-------ის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ რ-------ის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების ზემოაღნიშნული მოთხოვნები, არ დაადგინა შენობის აშენების დრო და მისი ამშენებლის ვინაობა, მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით აღნიშნული შენობები წარმოადგენდა 1-91 წელს აშენებულ საქვაბის ტერიტორიას, რომლითაც ქალაქი მარაგდებობა თბილი წყლით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას''. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს''.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დააფუძნა მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სალეგალიზაციო ობიექტზე განთავსებული დამხმარე შენობა წარმოადგენს საქონლის სადგომს, ამასთან ,ქალაქ რ-------ის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ რ-------ის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების შესაბამისად, სალეგალიზაციო ობიექტი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონას (სზ5), თუმცა საქმეში წარმოდგენილი ორტოფოტოთი (ს. ფ. 20) დგინდება, რომ სალეგალიზაციო ობიექტზე გარდა დამხმარე შენობა ნაგებობისა განთავსებულია სხვადასხვა შენობა-ნაგებობები, რაზედაც ადინისტრაციული ორგანოს ყურადღება არ გამახვილებულა.
რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის მითითებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სალეგალიზაციო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიან ბინების მშენებლობაზეა ნებართვები გაცემული, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეიძლება აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოდგენილა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევეაში სახეზეა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ეს გარემოებები იმდენად სპეციფიური, იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია, კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს.
ამდენად, სასამართლოს მიერ მართალია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი, მაგრამ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე ანუ მიწის ფართის საკუთრების უფლების აღიარებაზე. თუმცა უნდა განიმარტოს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისი უფლებამოსილების განხილვისას დაიცვას კანონის მოთხოვნები და მოქმედებდეს კანონით დადგენილ ფარგლებში, მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის განხილვა უნდა მოხდეს ყოველმხრივ, ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლა, შეფასების შედეგად. მოპოვებული უნდა იქნეს ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება რასაც სასამართლო მიუთითებს. მოახდინოს ადგილზე დათვალიერება, განსაზღვროს სადაო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობა, დაადგინოს ვის მიერ იქნა აშენებული აღნიშნული შენობა-ნაგებობები. შენობის აშენების დროის დადგენა გარდა ექსპერტიზისა შესაძლებელია საჯარო რეესტრიდან დროის სხვადასხვა მონაკვეთში ორთოფოტოს გამოთხოვით. ადმინისტრაციული ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვითა და მოწმეთა გამოკითხვით შესაძლებელია დადგინდეს შენობების ამშენებელ პირთა ვინაობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.
სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება.
რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძოდ კი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხე - ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაეკისროს გ------- მ---------–ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-4, მე-10, მე-1-, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- მ---------–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2------------ის №--- განკარგულება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი აქტი;
2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რ-------ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რ-------ი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი