განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
330100119003275207
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5327-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ა----–----–---–ის

ბრალდებულ _ ზ------ ა--------ის

ადვოკატ - დ----- კ----------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ზ------ ზ------ის ძე ა--------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–---------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------ ა--------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ზ------ ა--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 30 სექტემბერს, დღის საათებში, ქ------–--–---------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის კიბის უჯრედზე, ზ------ ა--------ემ პირად საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ------ პ---------ს, კერძოდ, ხელი ჰკრა ზურგისა და წელის არეში, მიაჯახა კიბის რკინის სახელურის კუთხეს, გადაუგრიხა მარცხენა ხელი, ფეხი ჩაარტყა მარცხენა ბარძაყის არეში და სამჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ლ------ პ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ზ------ ა--------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ზ------ ა--------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ზ------ ა--------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, ვიზუალური დათვალიერების ოქმს, შემაკავებელ ორდერს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზ------ ა--------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, ზ------ ა--------ეს რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ძალადობის საქმეებზე, რომელიც მიმართულია ქალის წინააღმდეგ, სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, მისი ჩადენის გარემოებებს და ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ქალის მიმართ, რომელიც ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მამაკაცის წინაშე მოკლებულია სათანადოდ თავდაცვის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში ძალადობა გამოიხატა არაერთჯერად დარტყმაში, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის დანიშვნისას.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებსაც. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი მოხდა პირველად და წარსულში ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო მოცემულ შემთხვევაშიც კონფლიქტი პროვოცირებულია პირადი მოტივით, ორმხრივი განაწყენების საფუძველზე. ამ ეტაპზე კი, როგორც ბრალდებულის განმარტებითა და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დგინდება, მათ შორის ურთიერთობა შეწყვეტილია და არც სამომავლოდ აპირებენ ურთიერთობის გაგრძელებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკს. ყოველივე ზემოაღნიშნულის, ჩადენილი დანაშაულისადმი ბრალდებულის დამოკიდებულების (იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს), აგრეთვე იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ იგი არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სასჯელი გამოყენებული, ჰყავს ოჯახი - მეუღლე და შვილები, სასამართლოს ზ------ ა--------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დასაქმებულია (მუშაობს სპორტის ფედერაციაში, საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე) და აქვს საკუთარი შემოსავალი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ჯარიმის დაკისრება, რომლის გადახდის შესაძლებლობაც მას აქვს, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ხელი შეეშლება ზემოაღნიშნული საქმიანობის გაგრძელებაში, საიდანაც მიღებული ანაზღაურება მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------ ა--------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად სასამართლოს საკმარისად მიაჩნია ჯარიმის გამოყენება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------ ა--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 2019 წლის 30 სექტემბრიდან - 2019 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ გადასახდელად დაეკისროს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. გაუქმდეს ზ------ ა--------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 7.000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

3. ლ------ პ---------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

4 განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი