განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2019
საქმის ნომერი
330100119003245790
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4938-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2019წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ხ------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- თ------------ ძე გ--------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---- გ------------–-- ქუჩა #---

 

ადვოკატი - ი-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 4 სექტემბერს, თბილისში ლვოვის ქუჩა #83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და შ. ნუცუბიძისა და ი. კანდელაკის ქუჩების კვეთაზე, გ------- გ--------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა ლ--–- კ-----–---–-ას მიმართ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი სხეულის სხვადასხვა არეში. ცემის შედეგად ლ--–- კ-----–---–-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.

 

2.2. სასამართლოს დასკვნა გ------- გ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ლ--–- კ-----–---–-ას და მოწმეების - ლ------------–----ის, გ------- გ-–---ს, თ------–---–-----ის და ლ-------------ის გამოკითხვის ოქმებს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 სექტემბრის #---------- დასკვნას, პაციენტის #-------- სამედიცინო ბარათს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------- გ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა და სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. ცემა გამოიხატება ადამიანის სხეულზე ინტენსიურ დარტყმებში, რაც შედეგად დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით და პაციენტის #-------- სამედიცინო ბარათით დადასტურდა, რომ მსხვერპლმა ცემის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა. ბრალდებულმა გ------- გ--------ემ შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა ცემის ფაქტი და განმარტა, რომ დაზარალებული ლ--–- კ-----–---–-ა წლების განმავლობაში ავიწროებს ბრალდებულის ოჯახს, არ აძლევს მშვიდად, ოჯახურ გარემოში ცხოვრების საშუალებას, არაერთხელ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის, რამდენჯერმე გამოიცა შემაკავებელი ორდერი დაზარალებულის მიმართ და განხორციელდა საპოლიციო რეაგირება, თუმცა ლ--–- კ-----–---–-ა, პერიოდულად აგრძელებს ბრალდებულის მეუღლის მიმართ უკანონო თვალთვალს და ადევნებას, აღნიშნულ ფაქტებზეც მიმდინარეობს გამოძიება.

 

3.3. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.5. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ------- გ--------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- გ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა.

 

4.2. გ------- გ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა საჯარო ადგილზე.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასამართლო სასჯელის განსაზღვრის დროს თანაბრად იღებს მხედველობაში პირის პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელ, ასევე შემამსუბუქებელ გარემოებებს: დამამძიმებელია დანაშაულის ჩადენა საჯარო ადგილზე, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებებია - გამოძიებასთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული. ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა. ასევე მხედველობაში იქნა მიღებული დამნაშავე პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენამდე დაზარალებულის ქცევა, ეს უკანასკნელი გ------- გ--------ის ოჯახს წლების განმავლობაში ურღვევდა პრივატულ სივრცეს, ბრალდებულის ოჯახმა არაერთხელ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით გ------- გ--------ეს უნდა განესაზღვროს ჯარიმა. ჯარიმის განსაზღვრის დროს გათვალისწინებული იქნა ბრალდებულის ეკონომიკური მდგომარეობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

2. გაუქმდეს გ------- გ--------ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

4. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა