გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.10.2019
საქმის ნომერი
330310019003033716
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4308-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ-------------–--ე

წარმომადგენელი - დ----------------–ი

 

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - თ---------–------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №8-- განკარგულება, რომლითაც ნ-------------–--ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე;

 

1.2. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ-------------–--ისთვის მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ს--------------------------–-----------ე კმ. ფართით 1170 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, დაეთანხმა შესაგებელში მითითებულ გარემოებებს და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ნ-------------–--ემ 2017 წლის 13 ივნისს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოითხოვა ქ. თბილისი, სამგორის რაიონში, ნ-----–-----------ე კმ-ზე არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მან მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ფოტომასალა, ორთოფოტო და მეზობლების სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა.

 

შპს „M--------“-ს მიერ 2017 წლის 3 მაისს მომზადებული საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ნ-----–-----------ე კმ-ზე მდებარე 1170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი ობიექტი, მშენებარე მდგომარეობაში, ფართით 38,19 კვ.მ. ნახაზს თან ერთვის ფოტომასალა, რომელზეც დაფიქსირებულია არასრული სართულის მქონე, დაუსრულებელი ობიექტი. აღნიშნული ობიექტი ფიქსირდება 2007 წლის ორთოფოტოზეც.

 

სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, ნ-----–-----------მა, ნ--------------–---–მა და ვ-–----------------–---–მა დაადასტურეს, რომ ნ-------------–--ე 1995 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს 1170,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ს--------------------------–-----------ე კმ. ამასთან, ისინი, როგორც ნ-------------–--ის მეზობლები, გამოთქვამენ თანხმობას, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ლეგალიზაცია/რეგისტრაცია/დაკანონება/საკუთრებაში გადაცემა მოხდეს ნ-------------–--ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ-------------–--ემ 2017 წლის 13 ივნისის განცხადება (ს.ფ. 16);

- საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ფოტომასალით (ს.ფ. 18-20);

- სიტუაციური ნახაზი (ს.ფ. 21);

- 2007 წლის ორთოფოტო (ს.ფ. 22);

- სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რეგ. №---------------------–----------------------------------------------------------–. (ს.ფ. 23-24).

 

3.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივნისის №2----- წერილით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ნ-------------–--ის მიერ წარდგენილი, ასევე, სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია გადაიგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, 2017 წლის 26 ივნისს.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2017 წლის 20 ივნისის №3-------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, №8----------- განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავი ნივთის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმების მიხედვით ინფორმაცია არ იძებნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივნისის №2----- წერილი (ს.ფ. 17);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივნისის №3-------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 55).

 

3.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 დეკემბრის №6------------- წერილის თანახმად, სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განმეორებით განიხილა ნ-----–-----------ე კმ-ზე არსებული 1170 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და დადგინდა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში (რზ-2). მასზე ვრცელდება სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 დეკემბრის №6------------- წერილი (ს.ფ. 52).

 

3.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 24 მარტის №4-- ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა ი-----–-----------–-ას №1------- განცხადება, ნ-----–-----------ე კმ-ის მიმდებარედ 1122 კვ.მ. მიწის ნაკვეთს საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ამავე ოქმის თანახმად, კომისიამ განმცხადებელს უარი უთხრა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მასზე განთავსებული იყო მშენებარე ნაგებობა.

 

ქალაქ თბილისის სარეგისტრაციო ზონის საკადასტრო რუკიდან ამონარიდით დგინდება, რომ ნ-------------–--ე და ი-----–-----------–-ა ერთიდაიგივე მიწის ნაკვეთზე ითხოვდნენ საკუთრების უფლების აღიარებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონარიდი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 24 მარტის №4-- ოქმიდან (ს.ფ. 74-78);

- ქალაქ თბილისის სარეგისტრაციო ზონის საკადასტრო რუკიდან ამონარიდი (ს.ფ. 53).

 

3.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2019 წლის 7 მარტის სხდომაზე (--------------ე საკითხად განიხილა ნ-------------–--ის განცხადება. სხდომის ოქმის თანახმად, ნ-------------–--ემ შეკითხვაზე, თუ რაში გამოიხატებოდა აღნიშნული ნაკვეთის ფლობა მისი მხრიდან, უპასუხა, რომ 1995 წელს შეიძინა, იდგა მეორე სართული, რომელიც ხის იყო, სალიანდაგო სადგურის შენობა იყო, 2005 წელს გაიძარცვა, ვინაიდან ის და მისი შვილები არ იყვნენ საქართველოში. კომისიის წევრებმა ერთხმად დააფიქსირეს უარი მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №8-- განკარგულებით უარი ეთქვა ნ-------------–--ეს მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ს--------------------------–-----------ე კმ, საერთო ფართობი - 1170,00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. ამავე განკარგულების თანახმად, კომისიამ მიიჩნია, რომ განსახილველი განცხადებით წარდგენილი მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნებს, იმ საფუძვლით, რომ როგორც საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზითა და ფოტომასალით დადგინდა, განმცხადებელი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა მშენებარე შენობის საფუძველზე. ამასთან, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2019 წლის 7 მარტს გამართულ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე (ოქმი №--), განმცხადებელმა განმარტა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა სალიანდაგო სადგურის კუთვნილება იყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონარიდი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 7 მარტის სხდომის №-- ოქმიდან (ს.ფ. 40-51);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №8-- განკარგულება (ს.ფ. 25-27).

 

3.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 ივნისის №2----- წერილის თანახმად, ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, №261029/17 განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსიით წარდგენილ ტერიტორიაზე, უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით არ არის რეგისტრირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 ივნისის №2----- წერილი (ს.ფ. 105).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-------------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №8-- განკარგულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე და რომლითაც უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისი, ს--------------------------–-----------ე კმ-ზე არსებულ 1170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნება ნ-------------–--ის საკუთრების უფლება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“. აღნიშნული წესი არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს მთავრობის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლითაც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები.

 

ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტში განმარტებულია, რომ თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შენობა გულისხმობს სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილ კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა.

 

ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით „საკუთრების უფლების აღიარება“ განმარტებულია, როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა; ხოლო „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „დაინტერესებული პირი“ ეს არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

 

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე უფლებამოსილი კომისიის მიერ ხორციელდება თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება, რა დროსაც კომისია ვალდებულია, გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა საკუთრების უფლების აღიარებისათვის აუცილებელი კანონში მოცემული წინაპირობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული დანაწესები თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის მნიშვნელობას ანიჭებს ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავების ფაქტს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საქმის გარემოებების გათვალისწინებით. კანონის მიზნებიდან გამომდინარე განმსაზღვრელია, რომ კანონის ამოქმედების მომენტში სახეზე იყოს ნივთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მფლობელობა. მფლობელობა კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამგვარად, მფლობელობა ნივთზე ფაქტობრივ „ბატონობას“, ნივთის, როგორც საკუთარის მართვა-გამგეობას გულისხმობს და ხორციელდება როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი მფლობელობის სახით, ნივთთან უშუალოდ ან სხვა პირთა მეშვეობით გარკვეული სივრცობრივი კავშირის შენარჩუნების გზით. საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის კი აღნიშნული გარემოების არსებობა უნდა დადგინდეს ზემოთ დასახელებული კანონის ამოქმედების მომენტისათვის.

6.3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

 

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი; ასევე, ამავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოწმის ჩვენებაა მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.

 

ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და მთავრობის დადგენილებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ნ-------------–--ემ 2017 წლის 13 ივნისს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ფოტომასალის, ორთოფოტოსა და მეზობლების სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის საფუძველზე, მოითხოვა ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ნ-----–-----------ე კმ-ზე არსებულ 1170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ნ-------------–--ის მიერ წარდგენილი, ასევე, სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია განსახილველად გადააგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში, 2017 წლის 26 ივნისს.

 

სასამართლო, ასევე, დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განსახილველი საკითხის შესწავლის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №8-- განკარგულება. მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ს--------------------------–-----------ე კმ, საერთო ფართობი - 1170,00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და ფოტომასალის თანახმად, განმცხადებელი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა მშენებარე შენობის საფუძველზე. ამასთან, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2019 წლის 7 მარტს გამართულ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე (ოქმი №--), განმცხადებელმა განმარტა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა სალიანდაგო სადგურის კუთვნილება იყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ზემოხსენებული დანაწესები თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავების ფაქტს, ასევე, მითითებული პერიოდისთვის მხარის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა ნაგებობის დანიშნულებასა და ფაქტობრივ მდგომარეობას, კერძოდ, განთავსებული საცხოვრებელი სახლი არის აშენებული თუ დანგრეული, ხოლო არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართი არის თუ არა აშენებული - დასრულებულ მდგომარეობაში. ამდენად, კანონის მიზნებიდან გამომდინარე განმსაზღვრელია, რომ უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ობიექტი არ იყოს დაუსრულებელი სახით, მშენებარე მდგომარეობაში, რაც უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს როგორც თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზებსა და ფოტომასალაზე, ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 24 მარტის №4-- ოქმსა და ქალაქ თბილისის სარეგისტრაციო ზონის საკადასტრო რუკიდან ამონარიდზე. მითითებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ სადავო ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა არის დაუსრულებელი. ამასთან, ფოტომასალის მიხედვით სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომ ობიექტი არ არის საცხოვრებელი დანიშნულების, ხოლო კანონმდებელი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობასთან მიმართებით იმპერატიულად ადგენს აშენებული (დასრულებული) სახით არსებობის ფაქტის დადასტურებას. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით არ დგინდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ნ-------------–--ის მიერ უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ობიექტის დასრულებული სახით არსებობის ფაქტი.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 პუნქტის, ასევე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

 

ამდენად, მითითებული ნორმები საკითხის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში შესაბამის კომისიას) ავალდებულებს გადაწყვეტილების მიღებისას შეისწავლოს როგორც წარდგენილი დოკუმენტები, ასევე, გაითვალისწინოს საკუთრების უფლების აღიარების შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან, რაც საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განახორციელა. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 დეკემბრის №6------------- წერილით დგინდება, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განმეორებით განიხილა ნ-----–-----------ე კმ-ზე არსებული 1170 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და გამოარკვია, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში (რზ-2). მასზე ვრცელდება სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა; მ) სასაფლაო და პანთეონი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს გამწვანებულ ტერიტორიას. როგორც უკვე აღინიშნა, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, სადავო ტერიტორია მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში (რზ-2) და მასზე ვრცელდება სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ ფუნქციური ზონები დგინდება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით, რომლის კანონიერების შესწავლა სცდება განსახილველი დავის საგანს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მოსარჩელეს მართებულად უთხრა უარი კონკრეტული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, რამდენადაც გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.

 

ამასთან, მართალია მოსარჩელე სადავოდ ხდის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №8-- განკარგულებაში დაფიქსირებულ ჩანაწერს ობიექტის სალიანდაგო სადგურის კუთვნილებასთან დაკავშირებით, რისთვისაც წარმოადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 ივნისის №2----- წერილი, თუმცა სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მითითებული გარემოების შეფასებას საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, ვინაიდან საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებით არ დგინდება უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ობიექტის დასრულებული სახით არსებობის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, სასარჩელო მოთხოვნები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №8-- განკარგულების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოკლებულია საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე