გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2020
საქმის ნომერი
330310019002812168
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე N3/392-19 12 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი გიორგი ჩიქოვანი, ნატო მიქელაშვილი

 

მოსარჩელე - ა------------ე

წარმომადგენლები - ვ--–--------------–---ი, ნ--------–--–--ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - შ-------------–-–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის N8------------13 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ის N5----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

1.3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქალაქ თბილისში, გ-–-----ს I-------ს ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2017 წლის 13 ოქტომბერს ა------------ემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს N8----------- განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, გ-–-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა:

- დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

- საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

- გამომცემლობა „პ---–---------ტის“ მუშა-მოსამსახურეთა მებაღეობის ამხანაგობის N30 მებაღის წიგნაკი, რომელიც გაცემულია ლ-------– თ--------ის ძე მ----------ე. მებაღის წიგნაკში მითითებული არ არის მისი მიმღები პირისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მონაცემები, ამასთან, გაკეთებულია ჩასწორება - გადახაზულია მებაღის წიგნაკის მიმღებად მითითებული მ-------- ლ-----–ა თედოს ძე და მის ნაცლად დაფიქსირებულია მ-------- ლ-------– თ--------ის ძე. შესწორება დამოწმებულია ამხანაგობის ბეჭდით. მებაღის წიგნაკი ხელმოწერილია ამხანაგობის თავმჯდომარისა და გამგეობის მდივნის მიერ 1982 წლის 9 სექტემბერს;

- სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით, 2016 წლის 3 დეკემბერს გაიხსნა სამკვიდრო ლ-------–ი მ-------ის ქონებაზე და სამკვიდრო ქონება სრულად მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ - მეუღლე ა------------ემ.

მტკიცებულება: შემოვლის ფურცლები, განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები (ტომი 1, ს.ფ. 88, 89, 90-96, 97); სამკვიდრო მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 98-101), მებაღის წიგნაკი (ტომი 1, ს.ფ. 103-106).

 

3.2. ა------------ის N8----------- განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიების მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 22 ოქტომბრის N4----1 წერილით სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ლ-------–ი თ--------ის ძე მ-------ის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის), მასზე რიცხული ქონებისა და სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა და 2017 წლის 22 ოქტომბრის N8------------04 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ N8----------- განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება მითითებული წერილის პასუხის მიღებამდე გადაიდო. შედეგად:

- მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 24 ოქტომბრის N1---- წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ გ-–-----ს საკრებულოსა და ამავე საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე მებაღეობის ამხანაგობათა მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში 2002 წლისა და 2003 წლის მონაცემებით ლ-------–ი თ--------ის ძე მ-------- არ ირიცხება;

- შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 ოქტომბრის N21-01/1----- მიმართვით სააგენტოს განემარტა, რომ გ-–-----ს ტერიტორიაზე მიწის გადასახადის გადამხდელთა (მებაღეობა) 2002-2003 წლების სიებში ლ-------–ი თ--------ის ძე მ-------- არ ფიქსირდება;

- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის რეგიონული არქივის 2017 წლის 6 ნოემბრის N3-------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ დუშეთის რეგიონალურ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის გ-–-----ს სასოფლო საბჭო - საკრებულოს სოფელ გ-–-----ს 1986-1996 წლებით, 1997-2000 წლებითა და 2001-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნებში 2004 წლის 10 თებერვლით დათარიღებულ რეფორმამდე არსებული და რეფორმის დროს გაცემული ნაკვეთების მეპატრონეთა სიებში ჩანაწერი ლ-------–ი თ--------ის ძე მ-------ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების მიწის ნაკვეთების საგადასახადო სიები, მიღება-ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შესულა.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 22 ოქტომბრის N8------------04 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 107), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 ოქტომბრის N4----1 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 108), მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შემოსავლების სამსახურისა და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წერილები (ტომი 1, ს.ფ. 109, 111, 110).

 

3.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა 2017 წლის 14 ნოემბერს N6-------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურიდან ა------------ის N8----------- განცხადებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. სააგენტოს საინფორმაციო სამსახურს 2017 წლის 15 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს ეცნობა, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, N8----------- განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე 2017 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, მცხეთის რაიონის გ-–-----ს მეცხოველეობის საზ. მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა კოლექტიური მებაღეობისათვის გამოყოფილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. სამსახურებრივ ბარათში ასევე მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემები არ იძლევა განცხადებაზე თანდართულ ნახაზზე წარდგენილ ტერიტორიაზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ინფორმაციის სრულყოფილად მოძიების საშუალებას.

მტკიცებულება: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ნოემბერს N6-------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 115), სამსახურებრივი ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 116).

 

3.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 22 ნოემბრის N8------------11 გადაწყვეტილებით ა------------ეს ეცნობა, რომ მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დასტურდებოდა მიერ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, რის გამოც, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, N8----------- განცხადებაზე დართული და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2017 წლის 22 ნოემბრის N4----- მიმართვით გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და N8----------- განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება მითითებული წერილის პასუხის მიღებამდე გადაიდო.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 22 ნოემბრის N8------------11 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 118), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის N4----- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 119).

 

3.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 ოქტომბრის N1--- განკარგულებით, ა------------ეს ქალაქ თბილისში, გ-–-----ს I-------ს ტერიტორიაზე მდებარე 600.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმაზე მითითებით, რომ არ დასტურდებოდა ა------------ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, კერძოდ, არ დგინდებოდა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) მითითებული კანონის ამოქმედებამდე, ამასთან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა ა------------ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

მტკიცებულება: საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 05 ოქტომბრის N1--- განკარგულება (ტომი 1, ს.ფ. 121-122).

 

3.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის N8------------13 გადაწყვეტილებით ა------------ეს N8----------- განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმაზე მითითებით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 ოქტომბრის N1--- განკარგულებით ანნა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის N8------------13 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 123-124).

 

3.7. 2018 წლის 19 ნოემბერს ა------------ის წარმომადგენლებმა ვ--–--------------–---მა და ნ--------–--–--მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N6-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის N8------------13 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და N8----------- განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

მტკიცებულება: საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 125-127).

 

3.8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ის N5----- გადაწყვეტილებით ა------------ის წარმომადგენლების ვ--–------ი ჯ----–--ნისა და ნ--------–--–--ის 2018 წლის 19 ნოემბრის N6-------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე ა------------ის მართლზომიერი მფლობელობა არ დგინდება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, შესაბამისად, უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციაზე ა------------ის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის N8------------13 გადაწყვეტილებით უარი მართლზომიერად ეთქვა.

მტკიცებულება: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ის N5----- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 168-173).

 

3.9. ა------------ის N8----------- განცხადების განხილვის პროცესში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და სათანადოდ არ შეაფასა მასთან წარდგენილი დოკუმენტები.

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით) მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

აღნიშნული დანაწესის შინაარსიდან და განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, მტკიცების საგნის ხანდაზმულობისა და მასთან დაკავშირებული წარმოების ხარვეზების მხედველობაში მიღებით, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ მტკიცებულებად შესაძლებელია, მიჩნეულ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი, თუ ამ დოკუმენტში ასახული მონაცემებისა და დაინტერესებული პირის განმარტებების საწინააღმდეგო არ დადასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის უფლების არსებობასა თუ სხვა გარემოების თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში ა------------ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დასადასტურებლად წარუდგინა გამომცემლობა „პ---–---------ტის“ მუშა-მოსამსახურეთა მებაღეობის ამხანაგობის N30 მებაღის წიგნაკი, რომელიც გაცემულია მის მამკვიდრებელზე - ლ-------– თ--------ის ძე მ----------ე. მებაღის წიგნაკში მითითებული არ არის მისი მიმღები პირისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მონაცემები, თუმცა მებაღის წიგნაკის შინაარსიდან გამომდინარე ცხადია, რომ მებაღეობის ამხანაგობის წევრად მიღება და მებაღის წიგნის გადაცემა გულისხმობდა შესაბამისი მებაღეობის მიწის ნაკვეთის მფლობელობაში გადაცემას, რომლის ნომერიც, როგორც წესი, მებაღის წიგნაკის ნომრის იდენტური იყო (მტკიცებულება: გამომცემლობა პ---–---------ტის მებაღეობის წევრ ს-----------–-–-–---–ზე გაცემული მებაღის წიგნაკი N86 - ტომი 1, ს.ფ. 146-250). ამასთან, მებაღეობის წევრებს 600-600 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთები გადაეცემოდათ (ამხანაგობის ზოგიერთ წევრზე გაცემული მებაღის წიგნაკები - ტომი 1, ს.ფ. 45-48, 224-228, 231-236, 246-250). ლ-------– მ----------ე გაცემული მებაღის წიგნაკში არსებული ჩანაწერის მიხედვით, 1980, 1981, 1982 და 1988 წლებში ლ. მ--------მ გადაიხადა მებაღეობის საწევროს შესატანი თანხა, რაც მეტყველებს შესაბამის პერიოდში მის მიერ მებაღის წიგნაკით გადაცემული მიწის ნაკვეთის მფლობელობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დასკვნა მასზე, რომ ა------------ეს არ წარუდგენია მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი, მიღებულია არსებულ მტკიცებულებათა არასწორი შეფასების შედეგად.

სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეკვლია სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები და გამოეთხოვა დამატებით მტკიცებულებები. როგორც სააგენტოსათვის იყო ცნობილი, მცხეთის რაიონის გ-–-----ს მეცხოველეობის საზ. მეურნეობის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა კოლექტიური მებაღეობისათვის გამოყოფილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო N7--1--3--1-- და N7--1--3--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებს შორის (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ტომი 1, ს.ფ. 41-42, საკადასტრო რუკა, ტომი 1, ს.ფ. 58, 201-203, ორთოფოტო, ტომი 1, ს.ფ. 57). N7--1--3--1-- საკადასტრო უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი თბილისი, სოფელი გ-–-----, გ---------------ს საკუთრებაშია და მითითებული მიწის ნაკვეთის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მე-2 გვერდზე (ტომი 1, ს.ფ. 55) მითითებულია, რომ უძრავი ქონებას C_D მხარეს ესაზღვრება N30 მიწის ნაკვეთი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 1, ს.ფ. 51, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N1----, ტომი 1, ს.ფ. 52, 55, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, ტომი 1, ს.ფ. 53-54), რაც, საწინააღმდეგო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მეტყველებს მასზე, რომ ა------------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი იდენტურია N30 მებაღის წიგნაკით მისი მამკვიდრებლისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთისა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის N8------------13 გადაწყვეტილება და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ის N5----- გადაწყვეტილება, მიიჩნევს, რომ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის N8------------13 გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერება უნდა იქნეს შეფასებული იმ გარემოებების გამოკვლევით, ა------------ის 2017 წლის 13 ოქტომბრის N8----------- განცხადებაზე განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას სათანადოდ იქნა თუ არა გამოკვლეული საქმის გარემოებები და შეფასებული არსებული მტკიცებულებები ან/და მართლზომიერად ეთქვა თუ არა უარი ა------------ეს მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციაზე.

საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის განსაზღვრავს.

დასახელებული კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა (მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი). უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი კი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი).

ამავე კანონის მიხედვით, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლებისა და მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა ხორციელდება რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით (მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი).

ამავე კანონის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (კანონის მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები).

რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე (კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი). სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,ლ“ პუნქტები).

ამავე კანონის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ:

ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას;

ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას;

გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი;

ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას;

ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე;

ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია;

„ვ2) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის წარდგენილ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი ან/და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დოკუმენტი სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ განცხადების ასლთან ერთად ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ3) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის მოთხოვნა იდენტურია იმ მოთხოვნისა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოში მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება;

ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი კერძო პირთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილებას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ანიჭებს და განმარტავს, რომ შესაბამისი მიზნებისათვის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწად მიიჩნევა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, მე-41 მუხლი, მე-5 მუხლი). მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში, დაინტერესებულ პირად კი მიიჩნევა ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლი).

მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლი).

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).

ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.

როგორც მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, ა------------ის N8----------- განცხადების განხილვის პროცესში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და სათანადოდ არ შეაფასა მასთან წარდგენილი დოკუმენტები (პუნქტი 3.9).

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

მითითებული ნორმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------------ის N8------------13 გადაწყვეტილება მიღებულია რა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილებით გაკეთებული განმარტებების მხედველობაში მიღებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

6.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის N8------------13 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების მხედველობაში მიღებით, ცხადია, რომ დასახელებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგიც კანონმდებლობის არასწორი გამოყენების გზით დადგინდა, რაც საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული აქტის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ის N5----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ა------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------ის N5----- გადაწყვეტილება;

3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------------ის N8------------13 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალოს, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

4. მხარეები განთავისუფლებულნი არიან ბაჟის გადახდისაგან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია