გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2020
საქმის ნომერი
340210019003206863
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
22.01.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340210019003206863

საქმე #2/729-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

(შესავალი ნაწილი)

22.01.2020 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - ელ---------------–-------ი

წარმომადგენელი -გა-----------------ი

მოპასუხეები - გე-–-----–-–---–ი, ალ-------–-–---–ი, ირ------–-–---–ი, ვა-–--------–-–---–ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გე-–-----–-–---–ის, ირ------–-–---–ის, ალ-------–-–---–ის და ვა-–--------–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას გუ---------------–----–----ტის სოფ--–------–--ში მდებარე, საჯარო რეესტრში №5----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი და ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

(მოთხოვნის დაზუსტება იხილეთ სასამართლოს 22.01.2020 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)

მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: 2019 წლის 06 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა გუ---------------–----–----ტის სოფ--–------–--ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №5-----------. უძრავ ქონებაში ცხოვრობენ მოპასუხეები და არაერთი მოთხოვნის და გაფრთხილების მიუხედავად აგრძელებენ უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობას, რითაც მესაკუთრის ინტერესებს ხელყოფენ.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა გე-–-----–-–---–მა, ირ------–-–---–მა და ვა-–--------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ 2011 წელს სვ----–-----------ისგან აირეს სესხი და იპოთეკით დატვირთეს უძრავი ქონება. სესხით ნაწილი თანხა გადახდილი აქვთ და დარჩენილი ნაწილის გადახდასაც აპირებდნენ, მაგრამ კრედიტორმა სახლი გაყიდა. მათ ახალი მესაკუთრისგან რაიმე გაფრთხილება არ მიუღიათ.

2.2. სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გე-–-----–-–---–ი, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მათ სხვა საცხოვრებელი არ აქვთ.

2.3. მოპასუხე ალ-------–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. გურჯაანის რაიონის სოფ--–------–--ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №5-----------, მოსარჩელე ელ---------------–-------ის საკუთრებას წარმოადგენს. საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 11.09.2019 წლიდან არის აღრიცხული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21-22).

3.1.2. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება მოპასუხეების მფლობელობაშია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 2-14; 35-43);

- მოპასუხე გე-–-----–-–---–ის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გურჯაანის რაიონის სოფ--–------–--ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №5-----------, მოსარჩელე ელ---------------–-------ის საკუთრებას წარმოადგენს. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე გე-–-----–-–---–მა განმარტა, რომ მოპასუხეებთან ირ------–-–---–თან და ვა-–--------–-–---–თან ერთად ცხოვრობს მოსარჩელის კუთვნილ ქონებაში. მანვე განმარტა, რომ მოპასუხე ალ-------–-–---–ი არ ცხოვრობს სადავო ქონებაში.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლ მე-3 და მე-4 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ.. (1-ლი ნაწილი); პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. (მე-3 ნაწილი); მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ალ-------–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მას სასამართლოს უწყება ჩაჰბარდა სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. შესაბამისად, შესაგებლის არარსებობის და სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სარჩელში მითითებული გარემოება, რომ იგი ფლობს მოსარჩელის კუთვნილ ქონებას დადასტურებულად ჩაითვალა.

ამდენად, მოპასუხეების მფლობელობაშია მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავი ქონება. მათ მფლობელობაშია მთლიანი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. წარმოდგენილი შესაგებლით და მოპასუხის განმარტებით კი დადგენილია, რომ მოპასუხეების ქონების გამოთავისუფლებაზე და მოსარჩელისათვის დაბრუნებაზე უარს აცხადებენ.

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის აღიარებული სანივთო–სამართლებრივი საშუალებები სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებია. ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა. ვინდიკაციის ვითარებაში მესაკუთრეს შერჩენილი აქვს მხოლოდ ნივთზე საკუთრების უფლება, რომელიც თავისთავად არამატერიალური უფლებაა და ვის ხელშიც არ უნდა იყოს საკუთრების ობიექტი, მესაკუთრეს ეს უფლება არ წაერთმევა. ვინდიცირების წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზითაა მესაკუთრის ხელიდან საკუთრების ობიექტი გამოსული. როდესაც მესაკუთრის ნების გარეშე გამოდის ქონება მისი ხელიდან, ვის ხელშიც არ უნდა აღმოჩნდეს ეს ქონება, მისგან ნივთის გამოთხოვა გარდაუვალია.

საკუთრების დაცვის მეორე საშუალებაა ნეგატორული სარჩელი. ამ შემთხვევაში საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე.

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მოპასუხეები ფლობენ. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობის ფაქტი დადასტურდებოდა. შესაბამისად, არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება უძრავი ქონების ფლობასთან დაკავშირებით და მოპასუხეების მოქმედებით მოსარჩელეს უძრავ ქონებაზე ფლობის უფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აქვს ჩამორთმეული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიმართ მოსარჩელის პრეტენზია, სადავო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნების თაობაზე, დასაბუთებულია და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.

6.2. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობას სასამართლო მხარის მოთხოვნის შემთხვევაში იხილავს. ეს უფლება მატერიალური სამართლის ნორმებით დაცულ უფლებას არ წარმოადგენს. ამიტომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს მისი დასაბუთების ვალდებულება ეკისრება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილისა. ამასთან, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მხარე დაასაბუთებს, რომ აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მხარეს, ან გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს. განსახილველ შემთხვევაში სარჩელში მხოლოდ მოთხოვნაა მითითებული და რაიმე არგუმენტაციას შუამდგომლობა არ შეიცავს. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

7. საპროცესო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) განისაზღვრება 4 000 ლარით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით. ვინაიდან უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ აღძრული სარჩელები მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეს განეკუთვნება, ამიტომ ამ საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 60 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 ლარის ანაზღაურება, ხოლო ზედმეტად გადახდილი ბაჟი - 60 ლარი მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს.

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 251-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე ელ---------------–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხეების გე-–-----–-–---–ის, ირ------–-–---–ის, ალ-------–-–---–ის და ვა-–--------–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას გუ---------------–----–----ტის სოფ--–------–--ში მდებარე, საჯარო რეესტრში №5----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი და ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე ელ---------------–-------ს.

3. მოპასუხეებს გე-–-----–-–---–ს, ირ------–-–---–ს ალ-------–-–---–ს და ვა-–--------–-–---–ს მოსარჩელე ელ---------------–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.

4. მოსარჩელე ელ---------------–-------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი (საგადახდო დავალება 21626509; გადახდის თარიღი 27.09.2019 წელი; გადამხდელი ელ---------------–-------ი; გადახდილი თანხა 120 ლარი).

5. მოსარჩელე ელ---------------–-------ს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

8. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე