განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2019
საქმის ნომერი
330100119003133046
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3653-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა------–-----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვ------–-- მ-----–-- ძე მ-------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0---------5, დაბადებული 1--- წლის 2---------ს, რეგისტრირებული: თ---–---- დ--------------- მ-----/რაიონი, კორპუსი #-- ბინა #--- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- დ--------------- მ-----/რაიონი, კორპუსი #--- ბინა #--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ).

.

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.წარდგენილი ბრალდების არსი :

 

1.1.2019 წლის 8 აპრილს, ქ------–--–-- დ-----------ის მ-----/რ, კორპ. #--- ბინა #---ში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ვ------–-- მ--------მ ოჯახური კონფლიქტის დროს, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლეზე ნ---- მ--------ზე და მასთან მცხოვრებ უმწეო მდგომარეობაში მყოფ მეუღლის დედაზე გ---–----- დ--–---–---–ზე. კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს, რომელსაც თანაცხოვრების პერიოდში სისტემატური ხასიათი ჰქონდა, ჯერ მეუღლეს ნ---- მ--------ს კოკა-კოლას ბოთლი ჩაარტყა თავში, ამოარტყა წიხლი მარცხენა ფერდში და ფეხი დააბიჯა მარცხენა ფეხის თითებზე, ხოლო შემდეგ მეუღლის დედას გ---–----- დ--–---–---–ს მუშტი დაარტყა თავის არეში. აღნიშნული ქმედებით ნ---- მ--------მ და გ---–----- დ--–---–---–მა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სისტემატური შეურაცხყოფის გამო-ტანჯვა.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი ორი პირის და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ

 

2.1. პატრულ-ინსპექტორების მ--–---- ბ--------–-–---–ის და ნ--------------ის ჩვენებებით, 2019 წლის 8 აპრილს, ,,112-ში“ შესული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ გამოძახების ადგილზე: თბილისში, დ-----------ის მ-----/რ, კორპ. #--- ბინა #---ში. მისამართზე დახვდათ შეტყობინების ინიციატორი ნ---- მ--------, დედასთან გ---–----- დ--–---–---–თან და მეუღლესთან ვ------–-- მ--------სთან ერთად. ნ---- მ--------მ პოლიციელებს განუცხადა, რომ მეუღლე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხსენებულ დღეს ფიზიკური ძალადობის შედეგად მან განიცადა ტკივილი. ნ---- მ--------ს დედამ, უსინათლო, მოხუცმა გ---–----- დ--–---–---–მა დაადასტურა შვილის ნათქვამი და განაცხადა, რომ სიძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა როგორც მას, ასევე ნ---- მ--------საც. მოწმეთა ჩვენებებით, ორივე დაზარალებული უჩიოდა ტკივილს თავის არეში და იყვნენ აღელვებულები. დაზარალებულების მითითების საფუძველზე, ბინაში მოხდა ვ------–-- მ--------ს დაკავება.

 

2.2. გამომძიებლის გ------- კ-–-----ის ჩვენებით, 2019 წლის 8 აპრილს ,,112-ში“ შესული შეტყობინების საფუძველზე, დაიწო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი ნ---- მ-------- და დედა გ---–----- დ--–---–---–ი. ნ---- მ--------ს განცხადებით, მეუღლე ვ------–-- მ-------- სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, 8 აპრილს, ფიზიკურადაც იძალადა, ბოთლი ჩაარტყა და წიხლი ამოარტყა, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. სიძის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბროდა ასაკოვანი, უსინათლო გ---–----- დ--–---–---–იც. იგი დარწმუნებული იყო, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა სიძემ ვ------–-- მ--------მ, რადგან ძალადობის დროს სახლში მხოლოდ ეს სამი პირი იმყოფებოდა, მას ესმოდა სიძის ხმა, რომელიც ეჩხუბებოდა მეუღლეს ნ---- მ--------ს, ჩხუბის დროს თავადაც იგრძნო თავში ჩარტყმა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.3. დაზარალებულმა ნ---- მ--------მ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

2.4. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გ---–----- დ--–---–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა მისი დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. გ---–----- დ--–---–---–ის ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის 8 აპრილს ვ------–-- მ--------ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ჩვენების პარალელურად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა გ---–----- დ--–---–---–ის 8.04.2019 წლის გამოკითხვის ოქმი. დაზარალებულმა განმარტა, რომ უკიდურესად შერყეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ახსოვდა არც გამოკითხვის ფაქტი და არც აღნიშნულ ოქმში მითითებული გარემოებები.

 

2.5. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ნ---- მ--------ს სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.

 

2.6. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, გ---–----- დ--–---–---–საც სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.

 

2.7.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ფიზიკური ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება დასჯადად რომ იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი: ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე: უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ, ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ, დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული ფიზიკური ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის მატერიალური ფაქტი. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა წონადი მტკიცებულება ან მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ბრალდებულის ბრალეულობაში. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულმა ნ---- მ--------მ სასამართლოს ჩვენება არ მისცა ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ. მეორე დაზარალებულმა გ---–----- დ--–---–---–მა ზეპირ ჩვენებაში გამორიცხა ვ------–-- მ--------ს მხრიდან ოჯახის წევრებზე ძალადობა. გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით (უსინათლო, ასაკობრივი ჩივილები) ვერ გაიხსენა გამოკითხვის ოქმში ასახული გარემოებები. გ---–----- დ--–---–---–ს, რომც დაედასტურებინა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, პირდაპირი მოწმის გარეშე, უპირობოდ ვერ მოხდებოდა მისი ჩვენების გაზიარება, გამომდინარე იქედან, რომ იგი არის უსინათლო და არ არის გამორიცხული კეთილსინდისიერად ცდებოდეს დარტყმის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირებაში. ნიშანდობლივია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- და #0-------- დასკვნებიც, რომელთა მიხედვით ნ---- მ--------ს და გ---–----- დ--–---–---–ს ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდათ. საგულისხმოა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა ტანჯვის ფაქტს, შესაფასებლად წარმოდგენილი არ ყოფილა არც შემაკავებელი ორდერის ოქმები, რომლებშიც აღწერილი იქნებოდა დაზარალებულების ხელმოწერით გადმოცემული დანაშაულის სურათი, ინციდენტის ფაბულა და ფაქტობრივი გარემოებები, ძალადობის მიმყენებელი პირი. გარდა აღნიშნულისა, დაზარალებულის გ---–----- დ--–---–---–ის დისკრედიტაციის მიზნით სასამართლოში არ დაკითხულა გარეშე პირი, რომელიც ესწრებოდა გ---–----- დ--–---–---–ის გამოკითხვას და შეეძლო ობიექტურად გაებათილებინა დაზარალებულის ჩვენება, რომელიც თითქოს ვერ იხსენებდა გამოძიებაში გამოკითხვის ფაქტს. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ირიბი მოწმეების: ნ--------------ის, მ--–---- ბ--------–-–---–ისა და გ------- კ-–-----ის ჩვენებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი და შეაფასოს ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის კომპონენტი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე თვითმხილველები, მათი ზეპირი ინფორმაციები სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. სასამართლო განმარტავს, მართალია, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება, თუმცა, მხოლოდ ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისთვის. სასამართლო ხაზს უსვამს მართლმსაჯულების როლს ოჯახში ძალადობისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასათან ბრძოლის პროცესში, სასამართლო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მოძალადის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. ამავე დროს, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ პირის მსჯავრდება არ უნდა მოხდეს ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებების დარღვევის ხარჯზე. პირის მსჯავრდება საქართველოს კონსტიტუციის თანახმად უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

2.8.სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის საკმარისი ვ------–-- მ--------ს ბრალეულობის დასადგენად, ისინი არ ქმნიან დანაშაულის ერთიან სურათს და ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

3.2.ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

3.3.საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას, ხერხს და ა.შ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

3.4. არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, სასამართლოს შეფასებით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ------–-- მ-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,გ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-272-ე, 275-276-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ------–-- მ-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით ვ------–-- მ--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გამართლებული პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

3. ვ------–-- მ--------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხათუნა ხარჩილავა