განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2020
საქმის ნომერი
200100119003116024
დავის ტიპი
381 1 , 126 1 , 126 1
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100119003116024

N1/199-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

24 იანვარი 2020 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ი--------------ე

ბრალდებული: ხ---- გ-------–---–ი

მამის სახელი: კ----–--

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: გ-------–-------–-

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ქ.ახმეტა, ე.თ----–---–ის ქუჩა N35

მცხოვრები: ქ.ახმეტა, ე.თ----–---–ის ქუჩა N35

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2019 წლის 25 ივნისს გამოცემული იქნა შსს ა------------------–--------------–--ს გამომძიებლის მიერ შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის მიხედვით ხ---- გ-------–---–ს 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი _ დედა ზ---- მ-------–---–ი ცხოვრობს. აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

2. 2019 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში, ხ---- გ-------–---–ი, რომლისთვისაც ცნობილი იყო 2019 წლის 25 ივნისის შემაკავებელი ორდერი N0------ით გათვალისწინებული აკრძალვების შესახებ, მივიდა ქალაქ ახმეტაში, ე--------ის ქუჩა N5-ში მდებარე დ------- ქ----–---–---–ის საცხოვრებელ სახლში, შევიდა პირველ სართულზე მდებარე ოთახში, სადაც იმყოფებოდა დედა ზ---- მ-------–---–ი და მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ქმედებებით ხ---- გ-------–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, მივიდა იმ ადგილას სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა.

3. ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. 2019 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში, ქალაქ ახმეტაში, ე--------ის ქუჩა N5-ში მდებარე დ------- ქ----–---–---–ის საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე მდებარე ოთახში ხ---- გ-------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას ზ---- მ-------–---–ს. კერძოდ, ხ---- ლანძღავდა დედას ზ---- მ-------–---–ს, სიტყვიერად ემუქრებოდა მოკვლით, შემდეგ თმებში წაავლო ხელი და მოქაჩა ძლიერად, მეორე ხელი კი ერთხელ დაარტყა სახის არეში. ზ---- მ-------–---–მა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5. ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამარლომ დაადგინა:

 

6. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ბრალდებულ - ხ---- გ-------–---–ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება. იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

7. ხ---- გ-------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და დუმილი გამოიყენა. საბოლოო სიტყვაში კი განმარტა, რომ ვინაიდან, მას აკრძალული ჰქონდა დედასთან მოახლოვება, ღამის გასათევად მივიდა მეზობელ დ------- ქ----–---–---–ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც დედამისი დახვდა. მას დედისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

8. მანვე განმარტა, რომ ამჟამად, ცხოვრობს დედასთან ერთად, დედა არის ავად და უვლის თვითონ.

9. ბრალდებულის დედამ დაზარალებულმა ზ---- მ-------–---–მა შვილის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

10. დაცვის მხარემ არასადავოდ გახადა სხვა დანარჩენი მტკიცებულები და სისხლის სამართლის საქმეში არსებული დოკუმენტაცია, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

11. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა ბრალად წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

13. ხ---- გ-------–---–ის მიერ დედის ფიზიკური შეურაცხყოფისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შეუსრულებლობის ფაქტის დამადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა ერთი პირდაპირი არასადავო მტკიცებულება, მოწმის დ------- ქ----–---–---–ის ჩვენება. (ს.ფ 53-56)

14. მოწმე დ------- ქ----–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 25 ივნისს საღამოს მის საცხოვრებელ სახლში სტუმრად მივიდა მეზობელი ზ---- მ-------–---–ი. დაახლოვებით 30-40 წუთში ასევე მივიდა ზ. მ-------–---–ის შვილი ხ---- გ-------–---–ი. ხ---- და დედამისი მისი სახლიდან ერთად გავიდნენ. მის სახლში ხ----ს და დედამისს ერთმანეთში უსიამოვნება და ფიზიკური კონფლიქტი არ მოსვლიათ. იგი ასეთ ფაქტს არ შესწრებია. არც ეზოდან არ გაუგია ჩხუბის ხმა.

15. ბრალდების მხარემ ასევე წარმოადგინა მოწმე ი----- ქ----–---–---–ის, დ------- ქ----–---–---–ის შვილის არასადავო ჩვენება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ის სამსახურიდან სახლში დაბრუნდა 26 ივნისს გვიან ღამით და დედამისისგან გაიგო, რომ მათ სახლში მისულები იყვნენ მეზობლები ზ---- მ-------–---–ი და ხ---- გ-------–---–ი. ვინაიდან, დედამისი შეუძლოდ იყო მას აღარაფერი აღარ უკითხავს და დაიძინა. ღამით გააღვიძეს პოლიციის თანამშრომლებმა და უთხრეს, რომ მის სახლში დანაშაული მოხდა და უნდოდათ შემთხვევის ადგილის დათვალიერება. რაზეც ის დაეთანხმა. (ს.ფ 36-37).

16. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

17. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია,რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს, მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05, 45553/05, 35680/05, 36085/05, 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10, 31/).

20. საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება და არა გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გასაზიარებელია, ვინაიდან, ზ---- მ-------–---–მა უარი თქვა შვილის საწინააღმდეგო, მამხილებელი ჩვენების მიცემაზე და ამ გზით არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია.

21. სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ოჯახური ძალადობის ფაქტს საქმის მასალებში არ მოიპოვება. პირიქით ნეიტრალური მოწმე - დ------- ქ----–---–---–ი ასეთ გარემოებებს არ ადასტურებს და გამოძიების ეტაპზევე ბრალი ემყარებოდა ერთ მტკიცებულებას, დაზარალებულის ჩვენებას.

22. რაც შეეხება მეორე მოწმეს დ------- ქ----–---–---–ის შვილის ი----- ქ----–---–---–ის ჩვენებას, 2019 წლის 26 ივნისს გვიან ღამით დაბრუნდა სახლში და და დედამისისგან გაიგო, რომ მათ სახლში მისულები იყვნენ მეზობლები ზ---- მ-------–---–ი და ხ---- მ-------–---–ი. მომხდარი სავარაუდო დანაშაულის შესახებ მან პოლიციელებისგან გაიგო, მაშინ როდესაც პოლიციელები შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით მივიდნენ მის სახლში.

23. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, არასადავო ჩვენებებს, აღნიშნული პირები არიან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები, რომლებიც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ვერ დაადასტურებენ.

24. გარდა არნიშნულისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის ოჯახურ ძალადობად განმარტავს ქმედებას, - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლით მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ხ---- გ-------–---–ის ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს, ის, რომ მან ფიზიკური ტკივილი მიაყენა დაზარალებულს.

25. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად, უწყვეტად, რამდენჯერმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ტკივილს აყენებს. მსუბუქ დარტყმას, რასაც არ მოჰყოლია ფიზიკური ტკივილი ცემად არ განიხილება, ასევე ცემას არ წარმოადგენს ერთი დარტყმა, თუნდაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს. ასეთი ერთჯერადი დარტყმა ჩაითვლება სხვა ძალადობად.

26. ამდენად, დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება არის ის, რომ დაზარალებული განიცდის ტკივილს.

27. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ხ---- გ-------–---–ის მამხილებელი ჩვენება. არ დაადასტურა, რომ ხ---- გ-------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ფიზიკური ტკივილი განიცადა.

28. ამდენად, სასამართლო ვერ დაადგენს, რომ ხ---- გ-------–---–მა ჩაიდინა ძალადობის ფაქტი. სხვა მტკიცებულება, რაც დაადგენდა ხ---- გ-------–---–ის ბრალეულობას, არ გამოკვლეულა.

29. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

30. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

31. საქმის მასალებით (ს.ფ 63-78) დგინდება, რომ 2019 წლის 25 ივნისს ხ---- გ-------–---–ის მიმართ გამოტანილი იყო შემაკავებელი N0----- ორდერი, რომლის თანახმადაც მას 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი _ დედა ზ---- მ-------–---–ი ცხოვრობს. აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

32. საქმის მასალებით, ბრალდებულის განმარტებით, მოწმის დ------- ქ----–---–---–ის არასადავო ჩვენებით დადგინდა, რომ 2019 წლის 25 ივნისს ხ---- გ-------–---–ი მივიდა ქალაქ ახმეტაში, ე--------ის ქუჩა N5-ში მდებარე დ------- ქ----–---–---–ის საცხოვრებელ სახლში, შევიდა პირველ სართულზე მდებარე ოთახში, სადაც დახვდა დედა ზ---- მ-------–---–ი. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ხ---- გ-------–---–მა იცოდა დედამისის ადგილსამყოფელის შესახებ, განზრახ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვა და დედისათვის შეურაცხყოფის მიყენების მიზნით მივიდა მეზობლის საცხოვრებელ მისამართზე. ასეთი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოდგენილა. ბრალდებულის მიერ საბოლოო სიტყვაში დაფიქსირებული პოზიციის მიხედვით ის მეზობლის დ------- ქ----–---–---–ის საცხოვრებელ ბინაში მივიდა ღამის გასათევად და მეზობლის სახლში დედა დახვდა.

33. იმ ვითარებაში, როდესაც ხ---- გ-------–---–ისთვის უცნობი იყო დედის ადგილსამყოფელი და მას განზრახვა არ აქვს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვის დარღვევით თუნდაც სიტყვიერი კომუნიკაცია დაამყაროს დედასთან, არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებად, ვინაიდან, ასეთ ვითარებაში, მეზობლის სახლი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მსხვერპლის სამყოფელ ადგილად. მეზობლის დ------- ქ----–---–---–ის საცხოვრებელ სახლში მას დახვდა დედა. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ მას არ აქვს განზრახვა მივიდეს დედის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე, მსხვერპლის ადგილსამყოფელში. ის, რომ მეზობლის სახლში დახვდა დედა - მსხვერპლი, არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვის დარღვევად, ვინაიდან, ბრალდებულს ეს განზრახვა არ გააჩნია, ამასთან ყურადღებამისაქცევია, რომ ბრალდების დადგენილების მიხედვით ბრალდებული დ------- ქ----–---–---–ის სახლში მიდის საღამოს. ამ კუთხით ბრალდებულის განმარტება, რომ მას სურდა ღამის გათევა გასაზიარებელია, რაც ასევე გამორიცხავს ბრალდებულის განზრახვას შემაკავებელი ორდერით დადგენილი პირობის შეუსრულებლობის თაობაზე.

34. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

36. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

37. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

38. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

39. საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხ---- გ-------–---–ი მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს.

41. გამართლებულ ხ---- გ-------–---–ს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

42. ხ---- გ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

43. ხ---- გ-------–---–ი 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

44. ხ---- გ-------–---–ს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

45. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

46. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური