გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2020
საქმის ნომერი
010210017002229345
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010210017002229345

საქმე N2-5154/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - როინ კახიძე

სხდომის მდივანი - თენგიზ ბოლქვაძე

მოსარჩელე - შპს „ბ-------- ნ-----------------–------–- ქ-------“

წარმომადგენელი - ე---------- კ-----------.

მოპასუხე - შპს „ე-----------–-“

წარმომადგენელი - ბ------- ბ-------.

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „ე-----------–--“ მოსარჩელე შპს „ბ-------- ნ-----------------–------–- ქ--------“ სასარგებლოდ 26 630.97 ლარის გადახდა.

 

2. მოსარჩელის პოზიცია:

 

2017 წლის 7 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა მხარეთა შეთანხმება ფინანსური დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის თაობაზე, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შეთანხმების გაფორმების დღიდან, ექვსი თვის ვადაში ეტაპობრივად გადაუხადოს მოსარჩელს მასზე დარიცხული დავალიანება 39 946.47 ლარი, ყოველთვიურად 6 657.74 ლარის ოდენობით. შეთანხმების შემდეგ მოპასუხე მხარემ გადაიხადა მხოლოდ ორი თვის შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა, შემდეგ დაარღვია შეთანხმების პირობები შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, შესაბამისად შპს „ე-----------–--“ დავალიანება შპს „ბ-------- ნ-----------------–------–- ქ--------“ მიმართ შეადგენს 26 630,97 ლარს.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი. იგი სარჩელს არ დაეთანხმა და შესაგებელში განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვა 26 630.97 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე 2017 წლის 13 აპრილისათვის ანუ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე გადასახდელი ჰქონდა სამ თვეზე 17097*3=51 291 ლარი, 13 აპრილის თვეზე გაანგარიშებით 7408,70 ლარი, სულ 58 699.7 ლარი. საგარანტიო თანხის 50000 ლარის გაქვითვით და მოსარჩელის სალაროში 2017 წლის 7 ივნისის მერე შეტანილი 6 657+6 657=13 315 ლარის ჩათვლით მოპასუხეს გადახდილი აქვს 63 314 ლარი ანუ ძირითად თანხაზე საიჯარო ქირის 58 699.7 ლარზე 4 615 ლარით მეტი და ეს თანხა ფაქტიურად არის პირგასამტეხლოში წაღებული თანხა და მოთხოვნილი 26 630.97 ლართან ერთად პირგასამტეხლო შეადგენს 31 246.27 ლარს, რაც განუზომლად დიდი და კაბალურია, შესაბამისად სასამართლომ უნდა შეამციროს საჯარიმო სანქცია დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ხოლო საქმის ზეპირი განხილვისას, მოპასუხემ აღნიშნა, რომ 2017 წლის 7 ივნისს მასსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა შეთანხმება ფინანსური დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის თაობაზე, რომლის თანახმად, იკისრა ვალდებულება, შეთანხმების გაფორმების დღიდან, ექვსი თვის ვადაში ეტაპობრივად გადაუხადოს მოსარჩელს 39 946.47 ლარი, ასევე განმარტა, რომ მის მიერ აღნიშნული შეთანხმების შემდეგ ორჯერ - 2017 წლის 21 ივნისს და 2017 წლის 17 ივლისს გადახდილია 6 657+6 657=13 315 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 7 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა მხარეთა შეთანხმება ფინანსური დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის თაობაზე, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შეთანხმების გაფორმების დღიდან, ექვსი თვის ვადაში ეტაპობრივად გადაუხადოს მოსარჩელს მასზე დარიცხული დავალიანება 39 946.47 ლარი, ყოველთვიურად 6 657.74 ლარის ოდენობით.

 

შეთანხმების მეორე მუხლით გათვალისწინებული იქნა ვალდებულების წარმოშობის წინაპირობა, რომლის 2.1. და 2.2 პუნქტის თანახმად: 2015 წლის 27 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების საიჯარო ქირის საფასური განისაზღვრებოდა 17097 ლარის ოდენობით (თვეში), ხოლო ქირის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 15 რიცხვამდე. ხელშეკრულების საფასურისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ ჯამში შეადგინა 89 946.47 ლარი. ვინაიდან ხელშეკრულების დადების მომენტისათვის საგარანტიო თანხის ოდენობით გადახდილი იყო 50 000 ლარი, დასაფარ თანხად განისაზღვრა 89 946.47-50 000=39 946.47 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა შეთანხმება ფინანსური დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის თაობაზე;

-გადახდის გრაფიკი;

-მხარეთა ახსნა განმარტება;

 

3.1.2. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, შპს „ე-----------–--“ მიერ შპს „ბ-------- ნ-----------------–------–- ქ--------ათვის“ 2017 წლის 21 ივნისს და 2017 წლის 17 ივლისს გადახდილია 13 315 ლარი (6 657+6 657=13 315 ლარი), მხარეებს შორის 2017 წლის 7 ივნისს გაფორმებული შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა შეთანხმება ფინანსური დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის თაობაზე;

-გადახდის გრაფიკი;

-სალაროს შემოსავლის ორდერები;

-მხარეთა ახსნა განმარტება;

 

3.1.3. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხეს შპს „ე-----------–-“ სრულად არ გადაუხდია 2017 წლის 7 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული შეთანხმებით შეთანხმებული თანხა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა შეთანხმება ფინანსური დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის თაობაზე;

-გადახდის გრაფიკი;

-სალაროს შემოსავლის ორდერები;

-მხარეთა ახსნა განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმებიდან გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი, მხარეთა შეჯიბრობითობა და პროცესის დისპოზიციურობა. ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თავისი პოზიცია ააგოს იმ ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს. მხარე უპირველეს ყოვლისა განსაზღვრავს რა გარემოება დაუდოს საფუძვლლად თავის სარჩელს თუ შესაგებელ. აღნიშნული უფლებით მხარეები სარგებლობენ თანაბრად. სასამართლო ვერ შეზღუდავს ან ვერ გააფართოებს ერთი მხარის პროცესუალურ უფლებას, მეორე მხარის უფლებრივი ბალანსის შენარჩუნების გარეშე.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ 2017 წლის 7 ივნისს მასსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა შეთანხმება ფინანსური დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის თაობაზე, რომლის თანახმად, იკისრა ვალდებულება, შეთანხმების გაფორმების დღიდან, ექვსი თვის ვადაში ეტაპობრივად გადაუხადოს მოსარჩელს მასზე დარიცხული დავალიანება 39 946.47 ლარი, ასევე განმარტა, რომ მის მიერ აღნიშნული შეთანხმების შემდეგ ორჯერ - 2017 წლის 21 ივნისს და 2017 წლის 17 ივლისს გადახდილია ორი თვის თანხა 6 657+6 657=13 315 ლარი, ასევე განმარატვს, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული შეთანხმების გაფორმებამდე დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამო და კაბალური. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შემხებლობას მოცემული დავის სამართლებრივად გადაწყვეტასთან, სასამართლო შეაფასებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სასამართლო, სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, ადგენს, რომ საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

-სამოქალაქო კოდექსი;

-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ვალდებულების არსებობის აღიარების საკითხი განსხვავებულადაა მოწესრიგებული სამოქალაქო კოდექსის 137-ე, 144-ე და 341-ე მუხლებით სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება ცალმხრივი აბსტრაქტული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვით ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ კისრულობს გარკვეულ შესრულებას, ამასთან, იგი დამოუკიდებელია მხარეთა შორის არსებული ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან, რომლის არსებობა მხარეებისთვის შეიძლება სადავოც კი იყოს.

 

სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი, რომლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, როგორც დამოუკიდებელი ვალდებულება, წარმოიშვა ვალის არსებობის აღიარებით. „ვალის აღიარების ხელშეკრულება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ., სუსგ Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015 წ.).

 

ვალის აღიარება თავისი შინაარსით დამოუკიდებელია მხარეთა შორის მანამდე არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან და წარმოადგენს მოვალის დამოუკიდებელ შეპირებას კრედიტორის მიმართ, მის საფუძვლად არსებული მოთხოვნის უფლების შესრულებასთან დაკავშირებით. ამდენად, ვალის აღიარების ამ ფორმით, კრედიტორი იძენს ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას, ეს მოთხოვნა ანაცვლებს თავდაპირველ ვალდებულებას. ვალის აღიარების შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს აღარ წარმოადგენს რის საფუძველზე დაიდო ვალის აღიარება. მთავარია, აღიარება დადებული იყოს მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს, სწორედ, ვალის აღიარების კონსტიტუციურ შემთხვევას. შეთანხმების შინაარსიდან არ იკვეთება მისგან გამომდინარე ვალდებულების ბმა მანამდელ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობასთან. ამდენად, მოცემულ საქმეში, სასამართლო კვლევის საგანს არ წარმოადგენს რა სახის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები არსებობდა 2017 წლის 7 ივნისამდე ანუ შეთანხმების გაფორმებამდე მხარეთა შორის. ვინაიდან, თავისი არსით, აღნიშნული დოკუმენტით დადგინდა მხარეთა შორის მანამდე არსებულ ვალდებულებისაგან დამოუკიდებელი ახალი ვალდებულება. სასამართლოს კვლევის საგანია მხარეთა ნების ნამდვილობა მოცემული შეთანხმების გაფორმებისას და შესრულდა თუ არა შეთანხმების პირობებით განსაზღვრული ვალდებულება.

 

6.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 7 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა მხარეთა შეთანხმება ფინანსური დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის თაობაზე, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შეთანხმების გაფორმების დღიდან, ექვსი თვის ვადაში ეტაპობრივად გადაუხადოს მოსარჩელს მასზე დარიცხული დავალიანება 39 946.47 ლარი, ყოველთვიურად 6 657.74 ლარის ოდენობით. აღნიშნული შეთანხმების გაფორმება, ნების ნამდვილობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

 

უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეს შეთანხმების პირობა არ შეუსრულებია. მოპასუხემ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს აღიარებული თანხიდან გადაუხადა 13 315 ლარი (6 657+6 657=13 315 ლარი), დარჩენილი დავალიანება კი მის მიერ არ არის გადახდილი, ვინაიდან 2017 წლის 7 ივნისის შეთანხმების გაფორმებამდე, მოსარჩელის მიერ 2015 წლის 27 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამო და არარეალურია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში კვლევის საგანს არ წარმოადგენს პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება ფულადი სახით.

 

სასამართლო ვერ დაეთანხება მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ თავის დროზე პირგასამტეხლოს დარიცხვის, საგარანტიო თანხის არასწორად გაქვითვის და მის მიერ 13 315 ლარის მოსარჩელეზე გადახდის გამო, მას დავალიანება აღარ გააჩნია მოსარჩელის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ შეთანხმების (ხელშეკრულების) საგანს, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შესრულება, ხოლო პირგასამტეხლოს დარიცხვა/ოდენობა და საგარანტიო თანხის არასწორი გაქვითვა მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს დავის საგანს და აღნიშნული მოპასუხის მხრიდან შეცილებული უნდა ყოფილიყო შეთანხმების გაფორმების დროს. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ინტერესი შეთანხმების გაფორმებისას იყო, ფულადი ვალდებულების შესრულება, რა მიზნითაც მან მომართა სასამართლოს. ხოლო მოპასუხის ინტერესი იყო მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების ეტაპობრივი გადახდა, რა მიზნითაც მან შეთანხმების გაფორმების შემდეგ ორჯერ გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხა.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილია, რომ მოპასუხეს მორიგებით დადგენილი პირობა არ შეუსრულებია, თანხა არ გადაუხდია, მისი მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულების დარღვევას, რაც მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 798.91 ლარის ოდენობით. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა სრულად. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „ბ-------- ნ-----------------–------–- ქ--------“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

1.1. შპს „ე-----------–--“ შპს „ბ-------- ნ-----------------–------–- ქ--------“ სასარგებლოდ დაეკისროს 26 630.97 ლარის გადახდა;

 

2. შპს „ე-----------–--“ შპს „ბ-------- ნ-----------------–------–- ქ--------“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 798.91 ლარის გადახდა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე როინ კახიძე