გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240310019003255380
(3/83-2019)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.12.2019 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე -დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი -თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - ნ--- გუ-–---
წარმომადგენელი - ე-- ლა-------
მოპასუხე - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო
წარმომადგენელი - ია ბი--–---–-
მოპასუხე- შპს „სენაკის ფს--------- ჯანმრთელობის ცე------“
წარმომადგენელი-ი-----–------ (დირექტორი)
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „სენაკის ფს--------- ჯანმრთელობის ცე------“-ს დირექტორის 2019 წლის 26 ივლისის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ N197 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 21 ოქტომბრის N02/54877 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარების დავალება.
მოსარჩელემ საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოსარჩელის შვილი, 2017 წლის 24 აგვისტოს დაბადებული დ-----– თა-------- დაავადებულია დაუნის სინდრომით -Q90.0. მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების მიზნით, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა შპს „სენაკის ფს--------- ჯანმრთელობის ცენტრს“, თუმცა სადავო გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ საფუძვლით, დიაგნოზი-დაუნის სინდრომი არ წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების საფუძველს, ხოლო სხვა გონებრივი ჩამორჩენილობის დადგენა, სამ წლამდე ასაკის ბავშვებში, მათი განვითარების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო. იგივე საფუძვლით ეთქვა უარი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 21 ოქტომბრის N02/54877 გადაწყვეტილებით.
მოსარჩელის განმარტებით, როგორც შპს „სენაკის ფს--------- ჯანმრთელობის ცე------“-ს დირექტორის, ისე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ყველა გარემოება სრულყოფილად არ არის გამოკვლეული და სადავო აქტები არ არის დასაბუთებული, რითაც დაირღვა ბავშვის კანონიერი ინტერესი. აღნიშნული საფუძვლით ითხოვს შპს „სენაკის ფს--------- ჯანმრთელობის ცე------“-ს დირექტორის 2019 წლის 26 ივლისის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ N197 და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 21 ოქტომბრის N02/54877 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და პირველი მოპასუხისათვის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარების დავალებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე შპს „სენაკის ფს--------- ჯანმრთელობის ცე------“-ს დირექტორმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო. დაადასტურა მოსარჩელის შვილის დ-----– თა--------- ( დაბადების თარიღი- 24.08. 2017 წ) დაუნის სინდრომით -Q90.0 დაავადების ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ დაავადება-დაუნის სინდრომი, თავისთავად არ იძლევა ბავშვისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების საფუძველს. შეუძლებელია 3 წლის ასაკს მიუღწეველი ბავშვის ფუნქციური უნარების გამოკვლევა, ვინაიდან ბავშვი 3 წლის ასაკში აღწევს განვითარების იმ ეტაპს, როცა შესაძლებელი ხდება მისი გონებრივი შესაძლებლობის დადგენა. მოპასუხის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილება მიღებულია ამ სფეროში მოქმედი ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით და არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი (იხ.შესაგებელი; სხდომის ოქმი- 26.12.2019 წ)
2.2. მოპასუხე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელმა მის მიმართ აღძრული სარჩელის მოთხოვნა არ ცნო, მიიჩნია, რომ არის არასათანადო მოპასუხე, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა სცილდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას. ამასთან, მისი წერილი ინფორმაციული ხასიათისაა და იგი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. (იხ.შესაგებელი; სხდომის ოქმი-26.12.2019 წ)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მოსარჩელის ნ--- გუ-–---ს შვილი -დ-----– თა-------- (პ/ნ3----------) დაბადებული 2017 წლის 24 აგვისტოს, დაავადებულია დაუნის სინდრომით -Q90.0.განვითარების ეტაპების ჩამორჩენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
-ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა NIV-100/ა (გაცემის თარიღი-08 ივლისი, 2019 წ);
3.1.2.2019 წლის 9 ივლისს ნ--- გუ-–---მ განცხადებით მიმართა შპს „სენაკის ფს--------- ჯანმრთელობის ცენტრს“ და მოითხოვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების მიზნით, დ-----– თა---------ათვის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარება.
3.1.3. შპს „სენაკის ფს--------- ჯანმრთელობის ცე------“-ს დირექტორის ი-----–------ს 2019 წლის 26 ივლისის N197 წერილით, ნ--- გუ-–---ს ეცნობა შემდეგი: „თქვენი განცხადების (09.07.2019 წ) პასუხად გაცნობებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის N62/ნ ბრძანების თანახმად, თქვენი შვილის დ-----– თა--------- პ/ნ3----------, დაბ. 24.08. 2017 წ, სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული დიაგნოზი:დაუნის სინდრომი -Q90.0.არ წარმოადგენს შშ სტატუსის დადგენის საფუძველს. რაც შეეხება იმ ფაქტს, იგი განვითარებით ჩამორჩება ასაკს, ვერ მეტყველებს, დამოუკიდებლად ვერ დადის, დამოუკიდებლად ვერ იკვებება, მის ასაკში (1 წლის და 10 თვის), არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მას შშ სტატუსი მიენიჭოს დიაგნოზით:“სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელიც თან ახლავს სმენის,ან მხედველობის, ან მეტყველების,ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამოხატულ დარღვევებსა და ქცევის პათოლოგიურ ფორმებს (ბავშვებში 12 წლის ასაკამდე, სადაც ჩამორჩენის ხარისხის განსაზღვრა შეუძლებელია) (ბრძ.N62/ნ, მე-14 მუხლი, პუნქტი1 ა.თ.), რადგანაც 3 წლის ასაკამდე ფუნქციური უნარების გამოკვლევა და გონებრივი ჩამორჩენის შესახებ დასკვნის გაკეთება ვერ ხერხდება, ამასთან, შშ სტატუსი დგინდება 2 წლით, ამ ხნის განმავლობაში კი ბავშვის უნარების შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს (განვითარების ბუნებრივი პროცესების შესაბამისად), 1 წლის და 10 თვის ასაკში ზემოთარნიშნული უნარების განვითარებაზე ჩამორჩენა არ გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ თქვენს შვილს ნამდვილად აქვს ქმედუნარიანობის (თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობების, თვითკონტროლის და სწავლის უნარის) იმ ხარისხით შეზღუდვა, რაც მისთვის შშ სტატუსის მინიჭების საფუძველს მოგვცემდა“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
- შპს „სენაკის ფს--------- ჯანმრთელობის ცე------“-ს დირექტორის N197 წერილი
(გაცემის თარიღი-26.07.2019 წ);
3.1.4.2019 წლის 19 სექტემბერს ნ--- გუ-–---მ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაურთო შპს „სენაკის ფს--------- ჯანმრთელობის ცე------“-ს დირექტორის 2019 წლის 26 ივლისის N197 წერილი, რომლითაც უარი ეთქვა სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე და ითხოვა დახმარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნ--- გუ-–---ს განცხადება (19.09.2019 წ);
-მხარეთა განმარტებები;
3.1.5.აღნიშნული განცხადების პასუხად ნ--- გუ-–---ს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 21 ოქტომბრის N02/54877 წერილით ეცნობა შემდეგი: „სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განხილულ იქნა თქვენი განცხადება (N129403,19.09.2019 წ) რომელიც ეხება თქვენი შვილისათვის დ-----– თა---------ათვის (ორი წლის, პ/ნ3----------) „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“-ს განსაზღვრის მიზნით სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარების საკითხს.
გაცნობებთ, რომ საკითხის დაზუსტების მიზნით განცხადება განხილულ იქნა ა. ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების სხდომაზე. წარმოდგენილი დასკვნის(წერილი N18/2019,15.10.2019 წ) მიხედვით „შშ სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: 1. ცოდნის შეძენის უნარის პრობლემა, 2. შრომისუნარიანობის დაქვეითება, 3. თვითკონტროლი და 4. თვითმომსახურება. ამ უნარების შეფასება მხოლოდ სამი წლიდანაა შესაძლებელი. შესაბამისად შშ სტატუსის განსაზღვრა სამ წლამდე ვერ მოხერხდება“. ამასთანავე გონებრივი ჩამორჩენილობის განსაზღვრა ხდება სიმძიმის მიხედვით სხვადასხვა ასაკში, მათ შორის „სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა“ 3-დან 12 წლამდე. დამატებით გაცნობებთ, რომ დიაგნოზი დაუნის სინდრომი დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, არ წარმოადგენს შშ სტატუსის დადგენის საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
-სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს N02/54877 წერილი (21.10. 2019 წ)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებისათვის სადავო არ არის. სადავოს წარმოადგენს უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება, რაც სამართლებრივი შეფასების კატეგორიას წარმოადგენს და სასამართლო იმსჯელებს სამართლებრივი შეფასების გრაფაში.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტიური გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 32-ე მუხლებით; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-5,96-97-ე, მე- 601მუხლებით, „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის N62/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“-ს დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციით; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის N1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის“ განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
კანონის მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტები - შპს „სენაკის ფს--------- ჯანმრთელობის ცე------“-ს დირექტორის 2019 წლის 26 ივლისის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ N197 გადაწყვეტილება და იმავე საკითხთან დაკავშირებით, ზემდგომი/მაკონტროლებელი ორგანოს-სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 21 ოქტომბრის N02/54877 გადაწყვეტილება, რომლითაც ფაქტობრივად დაადასტურა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ, აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.
ამდენად, დავის საგანია შპს „სენაკის ფს--------- ჯანმრთელობის ცე------“-ს დირექტორის 2019 წლის 26 ივლისის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ N197 და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 21 ოქტომბრის N02/54877 გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო ამავე კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
ნორმატიული აქტით განსაზღვრული ამ უფლებამოსილების განხორციელებისას მოპასუხე, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნე-–------ და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რადგან თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება, ასევე, მისაღები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის სამართლებრივი მდგომარეობის შესაძლო გაუარესება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილებებიც მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია ამ სფეროში მოქმედი კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებთან, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლო აქვე, მიუთითებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლებზე და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მითითებულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი, ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად, მოცემულ საკითხზე იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიღებული არ ყოფილა, უკანონოდ პირის უფლებები არ შეზღუდულა, ასევე, არ დარღვეულა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილი, გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი. კერძოდ:
დადგენილია და მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის ნ--- გუ-–---ს შვილი -დ-----– თა-------- (პ/ნ3----------) დაბადებულია 2017 წლის 24 აგვისტოს და მისი დიაგნოზია - დაუნის სინდრომი -Q90.0. განვითარების ეტაპების ჩამორჩენა.
ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის შპს „სენაკის ფს--------- ჯანმრთელობის ცე------“-ს დირექტორის ი-----–------ს 2019 წლის 26 ივლისის N197 სადავო გადაწყვეტილებით, ნ--- გუ-–---ს უარი ეთქვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების მიზნით სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ საფუძვლით, დ-----– თა--------- დაავადება-დაუნის სინდრომი -Q90.0, არ წარმოადგენდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი“-ს სტატუსის მინიჭების საფუძველს და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხის დადგენა. იგივე საფუძვლებით ეთქვა უარი ნ--- გუ-–---ს ზემდგომი ორგანოს - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 21 ოქტომბრის N02/54877 გადაწყვეტილებით.
სასამართლო მიუთითებს ამ სფეროში მოქმედ „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის N62/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“-ს დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის N1/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის“ განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციაზე და აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია მითითებულ კანონებთან და სამართლებრივ ნორმებთან. კერძოდ:
„სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების ჯანმრთელობის დაცვა, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრა, მისი გამომწვევი მიზეზების პროფილაქტიკა და აღნიშნული კატეგორიის პირთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პირობების შექმნა, ხოლო მე-3 მუხლის ბ პუნქტით განმარტებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – პირი მყარი ფიზიკური, ფს---------, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; იგივე კანონის მე-10.5 მუხლის თანახმად, 18 წლის ასაკის მიღწევამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უდგინდება კატეგორია- „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული წესის შესაბამისად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის N62/ნ ბრძანებით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“-ს დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის 1-ლი და მე-2 მუხლების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 18 წლამდე ასაკის პირთათვის, კატეგორიის _ „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის შესახებ, დასკვნა გამოაქვს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს (შემდგომში- ბიურო). ბიუროში 18 წლამდე ასაკის პირის (შემდგომში _ პირი), შემოწმება ხდება მისი საცხოვრებელი ან მკურნალობის ადგილის მიხედვით, შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების მიმართვით, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მუშაობისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 1 ოქტომბრის №271/ნ ბრძანებით დადგენილი ფორმის (№IV-50/1) წარდგენის საფუძველზე.
მითითებული კანონებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი 18 წლამდე ასაკის პირს შესაძლოა მიენიჭოს სამედიცინო სოციალური დასკვნის საფუძველზე, რომელსაც „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გასცემს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიურო სტატუსმისანიჭებელი პირის საცხოვრებელი ან მკურნალობის ადგილის მიხედვით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის N62/ნ ბრძანებით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“-ს დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის lV თავში (მუხლები-14,15,16) მოცემულია იმ დაავადებათა და დეფექტთა ნუსხა, რომლებიც წარმოადგენენ 18 წლამდე ასაკის პირთათვის „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი”-ს და მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე“ სხვა პირის დადგენის საფუძველს, ასევე, დადგენილია სტატუსის გადამოწმების ვადები. კერძოდ, მითითებულ მუხლებში ჩამოთვლილია დაავადებები და დეფექტები, რაც შესაძლოა გახდეს 18 წლის ასაკამდე მოზარდისათვის ორი წლით, ხუთი წლით ან/და ერთჯერადად, „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი”-ს მინიჭების უპირობო საფუძველი.
ანუ დაავადებები, რომლებიც ჩამოთვლილია მითითებულ ნორმებში (მუხლები-14,15,16), არის ამ დაავადების (დაავადებების) მატარებელი ბავშვისათვის შესაბამის ვადებში (ორი წელი, ხუთი წელი, ან/და ერთჯერადად) „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი”-ს მინიჭების წინაპირობა და ეს კატეგორია ამ ჩამონათვალში მითითებული დაავადების მატარებელ ბავშვს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შესაძლოა მიენიჭოს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
ვინაიდან მოსარჩელის შვილის, დ-----– თა--------- დიაგნოზი იყო დაუნის სინდრომი - Q90.0 და იგი არ შედიოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის N62/ნ ბრძანებით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“-ს დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის მე-14,მე-15 ან მე-16 მუხლებით დადგენილ იმ დაავადებათა ჩამონათვალში, რომელიც სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, მიანიჭებდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს, მოპასუხეების მიერ, მოსარჩელეს უარი ეთქვა სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე.
მოსარჩელის მითითებით, მართალია, დაავადებათა ამ ჩამონათვალში არ შედიოდა დაუნის სინდრომი, თუმცა 2 წლის ვადით სტატუსის მინიჭების საფუძველს იძლეოდა დაავადება-სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა, სმენის, მხედველობის, მეტყველების პრობლემებით, რაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდებოდა და რაც უნდა ყოფილიყო ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი. მოსარჩელის აღნიშნულ პოზიციას სასამართლო ვერ დაეთანხმება შემდეგი საფუძვლით:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის N62/ნ ბრძანებით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“-ს დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის ა.თ. პუნქტის მიხედვით, 2 წლის ვადით „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“-ს დადგენის საფუძველია -სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელიც თან ახლავს სმენის, ან მხედველობის, ან მეტყველების ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამოხატულ დარღვევებსა და ქცევის პათოლოგიურ ფორმებს (ბავშვებში 12 წლის ასაკამდე, სადაც ჩამორჩენის ხარისხის განსაზღვრა შეუძლებელია).
მითითებული ნორმის მიხედვით, სტატუსის მინიჭების საფუძველია სმენის, მხედველობის, მეტყველების ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამოხატული დარღვევები და ქცევის პათოლოგიური ფორმები, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ჩამორჩენილობა, ხოლო ამ (გონებრივი) ჩამორჩენის ხარისხის განსაზღვრა შეუძლებელია.
სასამართლო შედარებისათვის აღნიშნავს, რომ დაუნის სინდრომი არის დაავადება, რომლისთვისაც ბუნებრივად, დამახასიათებელია განვითარების ჩამორჩენა, ამ დაავადების მატარებელი ბავშვები უფრო გვიან სწავლობენ ჯდომას, სიარულს, ლაპარაკს, თამაშს და ა.შ. შესაბამისად, დაავადებას ბუნებრივად ახლავს სხვადასხვა ხარისხის ჩამორჩენა, რაც დაკავშირებულია, როგორც ბიოლოგიურ ფაქტორებთან, ასევე ბავშვის რეაბილიტაციასთან, ხოლო გონებრივი ჩამორჩენილობა, თავის მხრივ, არის ფს--------- დაავადება, რომელიც ხასიათდება ინტელექტუალური ფუნქციონირების ნორმაზე დაბალი მაჩვენებლითა და ყოველდღიური უნარ-ჩვევების შეზღუდვით. ამ უნარ-ჩვევების შეზღუდვის დონის მიხედვით არსებობს გონებრივი ჩამორჩენილობის სხვადასხვა ხარისხი- მსუბუქი, საშუალო და მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ დადგინდეს პირი არის თუ არა გონებრივად ჩამორჩენილი, ან რა დონისაა მისი ჩამორჩენის ხარისხი, უნდა დადგინდეს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შედეგად, რომელსაც შესაბამისი პროფილის მედიკოსები (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი) განსაზღვრავენ ორი კრიტერიუმით: პიროვნების ინტელექტის დონითა (აზროვნების უნარი) და ადაპტაციური ფუნქციონირების ხარისხის მაჩვენებლით (კომუნიკაცია, სოციალური უნარ-ჩვევები...).
შესაბამისად, გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოსტირების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ინტელექტის შესაფასებელი ტესტებისა და ადაპტაციური ქცევების შესაფასებელი გამოკითხვის ჩატარება, რითაც განისაზღვრება ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტი და ადაპტაციური ფუნქციონირების ხარისხი. ინტელექტის შესაფასებლად ყველაზე ხშირად გამოყენება ვექსლერის შკალა (WISC-R) და კაუფმანის ბავშვთა შეფასების ბატარეა, ხოლო ადაპტაციური ფუნქციონირების ხარისხის დადგენა ხდება ადაბტაციური ქცევების შკალის (ABS) საშუალებით.
ინტელექტის შესაფასებელი ტესტებისა და ადაპტაციური ქცევების შესაფასებელი გამოკითხვის ჩატარება, ცხადია, ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული და იგი, ყველა ასაკში ვერ ჩატარდება. ამ თვალსაზრისით, სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხეთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, 3 წლის ასაკის მიღწევამდე შეუძლებელია გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხის დადგენა, ვინაიდან სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის ინტელექტუალური და ფუნქციონალური უნარების დონის განსაზღვრა, რაც წარმოადგენს გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოსტირების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს, შეუძლებელია ამ ასაკს (სამ წელს) მიუღწეველი ბავშვის ბუნებრივი განვითარების (ტესტებისა და გამოკითხვის ჩატარების შეუძლებლობის), გამო.
მოსარჩელის მოსაზრებით, ვინაიდან კანონი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის N62/ნ ბრძანებით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“-ს დადგენის წესის შესახებ ინსტრუქცია ითვალისწინებს კატეგორიის მინიჭების შესაძლებლობლობას 18 წლის ასაკამდე პირთათვის და არ აწესებს მინიმალურ ასაკს, მოპასუხე ვალდებული იყო მისი შვილისათვის, ჩაეტარებინა სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა, რასაც სასამართლო ვერ დაეთანხმება.
მითითებულ ინსტრუქციაში (მუხლები- 14,15,16), გარდა ისეთი დაავადებებისა, რომელთა დადგენაც შეუძლებელია განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე, მაგ. გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხის დადგენა, რაც ბავშვთან კომუნიკაციის დამყარებას მოითხოვს, წარმოდგენილია ასევე, დაავადებათა ნუსხა, რომელიც დადგენადია ადრეულ ასაკშივე, ფიზიკური გასინჯვის შედეგად, ზოგ შემთხვევაში, ბავშვის დაბადებისთანავე (მაგ. დეფორმაციები (სხეულის), გულისა და შინაგანი ორგანოების დაავადებები, სუნთქვის ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები და ა.შ.).
მოცემულ ნორმატიულ აქტში საკითხი მოწესრიგებულია შემდეგნაირად: ჩამოთვლილია იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებიც შესაძლოა გახდეს კატეგორიის -„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“-ს მინიჭების საფუძველი იმის შესაბამისად, თუ რა ასაკშია შესაძლებელი ამ დაავადების გამოვლენა და სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგენა. ვინაიდან ბავშვთან კომუნიკაციის დამყარების გაძნელების (კითხვებზე პასუხის მიღების უნარი) გამო ადრეულ ასაკში (საშუალოდ, 3 წლამდე) შეუძლებელია ბავშვის ინტელექტუალური და ადაპტაციური ქცევების შეფასება, რაც აუცილებელია ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხის დასადგენად, რაც თავის მხრივ, არის განსაზღვრული/ანდა განუსაზღვრელი ვადით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების საფუძველი, ამ ნორმატიული აქტის რეგულაციით, იგი უნდა განხორციელდეს იმ ასაკიდან, როცა ეს შესაძლებელია.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კანონსა ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში აისახება მხოლოდ ძირითადი რეგულაციები და იგი გაგებულ და აღქმულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიერ მასში გამოხატული ნებისა და იმ პრინციპების შესაბამისად, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოცემულია ეს აქტი.
სასამართლო დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ ვინაიდან ბავშვის დიაგნოზი იყო დაუნის სინდრომი, რომელიც არ შედიოდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მისანიჭებელ დაავადებათა ნუსხაში, ხოლო „სხვა სახის გონებრივი ჩამორჩენილობის“ ხარისხის დადგენა, ბავშვის მცირე ასაკის (1 წლის და 10 თვის) გამო შეუძლებელი იყო, მოსარჩელეს საფუძვლიანად ეთქვა უარი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე.
ყველა ზემოთ აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემისას ადგილი არ ქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52.1-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები(სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები) კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. იმავე კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 (ე) პუნქტის შესაბამისად. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ნ--- გუ-–---ს სასარჩელო მოთხოვნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსა და შპს „სენაკის ფს--------- ჯანმრთელობის ცე------ს“ მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა 32) სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია