განაჩენი

სისხლის სამართლის 09.12.2019
საქმის ნომერი
330100119003081001
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/3026-19

№0-----------

09 დეკემბერი, 2--- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი------------–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ-----------------, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, გ. გ---–---–---------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, შ------------–-------------ში (პირადი №0----------)

ადვოკატი - ა-----------------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილები

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ დაადგინა:

დ-----------------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (2--- წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

2--- წლის 09 მარტს, დაახლოებით 02:35 საათზე, ქ. თბილისში, მდინარე მ--------------------------------ე, გ----------------------- ,,ს----------", ვ----–------------------------–------------ მიმდებარედ, დ-----------------მ, რომელიც მართავდა ავტომობილ „ტოიოტას“, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილ ,,ტოიოტა პრიუსს“, სახელმწიფო ნომრით K--------, რომელსაც მართავდა ი-----–-------–----.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ი-----–-------–---- და მისი მგზავრი - ს--–------–----------- გარდაიცვალა, ხოლო ი-----–-------–----ს მეორე მგზავრმა - ნ------------–---მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე (სიცოცხლისათვის სახიფათო) დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ი-------------------------------ს მიერ შედგენილი ცნობით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ირკვევა, რომ 2--- წლის 09 მარტს, დაახლოებით 02:35 საათზე, ქ. თბილისში, მდინარე მ--------------------------------ე, გ----------------------- „ს----------“, ვ----–------------------------–------------ მიმდებარედ, ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომანქანა „ტოიოტა 4 რანერი“, სახ. ნომრით L--------, რომელსაც მართავდა დ----------------- და ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსი“, სახ. ნომრით K--------, რომელსაც მართავდა ი-----–-------–----. შეჯახების შედეგად, „ტოიოტა პრიუსის“ მგზავრი - ს--–------–----------- ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი - ი-----–-------–---- და მგზავრი ნ------------–---, აგრეთვე, „ტოიოტა 4 რანერის“ მძღოლი დ-----------------, გადაყვანილ იქნენ სხვადასხვა კლინიკებში.

მოწმე დ-----------------მ, ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ინსპექტორმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ შედგენილ ზემოაღნიშნულ დოკუმენტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სიზუსტე და დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე დახვდა „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანის მძღოლი, ბრალდებული, რომელიც ძალიან შეწუხებული იყო და აცხადებდა, რომ ავტომანქანის მართვისას ჩაეძინა და ავტოსაგზაო შემთხვევა ამიტომ მოუხდა.

2--- წლის 09 მარტს, 03:00-03:50 სთ. პერიოდში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ მ-----–-------- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ოქმითა და მასზე თანდართული სქემატური ნახაზით დგინდება, რომ მდინარე მ--------------------------------ე, გმირთა მოედნის მხრიდან დიღმის მიმართულებით თავის სამოძრაო ზოლში მოძრავ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა შემხვედრად მოძრავი, საპირისპირო სავალ ნაწილზე გადასული ავტომობილი. შეჯახების ადგილი გმირთა მოედნის მხრიდან დიღმის მიმართულებით სავალი ნაწილია.

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის (ექსპერტი გ----------------ე) თანახმად, ს--–------–------------ სიკვდილის მიზეზია ჩონჩხის ძვლებისა და შინაგანი ორგანოების მრავლობითი ტრავმული დაზიანება, განვითარებული სხეულის შერწყმული ბლაგვი ტრავმის შედეგად.

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის (ექსპერტი ნ---------------) თანახმად, ი-----–-------–----ს სიკვდილის მიზეზია გულმკერდის და მუცლის დახურული ბლაგვი ტრავმა - ნეკნების მოტეხილობით, ფილტვების დაჟეჟილობით, ორმხრივი ჰემო-პნევმოთორაქსით, ღვიძლის, ელენთის, წვრილი ნაწლავის და პანკრეასის რუპტურით, გართულებული აბსცედირებადი ბრონქოპნევმონიით, პლევრიტით, ჩირქოვან-ნეკროზული ტრაქეიტით, ტრაქეო ეზოფაგური ფისტულით და ჩირქოვან-ფიბრინული პერიტონიტით.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი შპს „აკად. ნ-----–----------–----------------------------–-----ს” სტაციონარული პაციენტის N2--- სამედიცინო ბარათის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების მიხედვით, ნ------------–--- ზემოაღნიშნულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას 09.03.2--- წ.- 21.03.2--- წ. დაესვა დიაგნოზი: მუცლის ღრუს დახურული ტრავმა; ელენთის ტრავმა (რუპტურა); ჰემოპერიტონეუმი; მარჯვენა მხრის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა. ასევე აღენიშნებოდა ექსკორიაცია მარჯვენა წვივის არეში, სკალპირებული ჭრილობა შუბლისა და თხემის არეში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შპს „ვ--------ს“ სტაციონარული პაციენტის N1--- სამედიცინო ბარათით, დ----------------- აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 09.03.2--- წ., სადაც დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, ქუთუთოსა და პერიოკულური მიდამოს სხვა ზედაპირული ტრავმები. გულმკერდის წინა კედლის სხვა ზედაპირული ტრავმა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ექსკორიაცია და სისხლჩაქცევა; დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ, დ----------------ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.

მოწმე ტ-------------–---–მა, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, - ბრალდებული დ----------------ის გამოკითხვა. საგამოძიებო მოქმედებისას დ----------------- გადმოსცემდა რა შემთხვევის დეტალებს, განმარტავდა, რომ იგი მანქანას დაღლილი მართავდა, რის გამოც ჩაეძინა და სხვა ავტომანქანას შეეჯახა.

მოწმე გ------------------ გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2--- წლის 09 მარტს, დაახლოებით 02:30 საათზე, მისი კუთვნილი ავტომობილით მოძრაობდა ქ. თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, გმირთა მოედნის მხრიდან დიღმის მიმართულებით. მის წინ, თანმხვედრი მიმართულებით, დაახლოებით თხუთმეტი მეტრის მანძილზე მოძრაობდა „ტოიოტა პრიუსის" მარკის მუქი ფერის ავტომობილი. გაცდნენ რა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდს, მოულოდნელად, საპირისპირო სავალი ნაწილიდან მათ სამოძრაო გზაზე გადმოვიდა შემხვედრად მოძრავი „ტოიოტას“ მარკის, წითელი ფერის „ჯიპის“ ტიპის ავტომობილი, რომელიც დაეჯახა „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილს. თუ რატომ გადმოვიდა ჯიპის ტიპის ავტომობილი საპირისპირო სამოძრაო გზაზე არ იცის, რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რასაც შეეძლო მისთვის მოძრაობაში შეეშალა ხელი, არ ჰქონია, გზა ჰქონდა სრულიად თავისუფალი. შემთხვევის დანახვისთანავე გააჩერა ავტომობილი, დარეკა „112“-ზე და გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ვინაიდან საგზაო შემთხვევის შედეგად იყვნენ დაშავებულები. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ „ტოიტა პრიუსის“ ერთი მგზავრი, ახალგაზრდა ქალბატონი იყო გარდაცვლილი, მისი მეორე მგზავრი და ორივე ავტომობილის მძღოლები კი დაშავდნენ.

ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ირკვევა, რომ 2--- წლის 15 მარტს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ტ-------------–---–ის მიერ, სპეციალისტ შ--–---------–---–-ს მონაწილეობით, დათვალიერდა შპს „სო-------------------------–-----ს“ ქ. თბილისი, მდ. მ--------------------------------ე, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმდებარედ არსებული ავტოგასამართი სადგურის გარე ფასადზე დამონტაჟებული ორი კამერის ჩანაწერები, რომლებიც ასახავენ ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გზის სავალ ნაწილზე 2--- წლის 09 მარტის 02:30 საათიდან 02:50 საათამდე დროის შუალედში მიმდინარე მოვლენებს. ჩანაწერების დროით 02:38:09/02:37:20 საათზე ფიქსირდება, რომ მდინარე მ--------------------------------ე, გმირთა მოედნის მხრიდან დიღმის მიმართულებით, თავის სამოძრაო ზოლში მოძრავ მსუბუქ ავტომობილს ეჯახება შემხვედრად მოძრავი ავტომობილი, რომელიც გადასულია საპირისპირო სავალ ნაწილზე. შეჯახება ხდება გმირთა მოედნის მხრიდან დიღმის მიმართულებით სავალ ნაწილზე.

სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N5------ დასკვნით: 1.წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მათი რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედება-შეჯახებით; 2.ავტომობილებზე არსებული დაზიანებების ფორმა, ხასიათი და დაზიანებათა განვითარების მიმართულება გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ შეჯახების მომენტისათვის ავტომობილების გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე, შეჯახების კუთხე, შეადგენდა დაახლოებით 25 გრადუსს. 3.წარმოდგენილი ავტომობილების საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში იმყოფება ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად.

ავტოტექნიკური ექსპერტიზის N3---- დასკვნის თანახმად, 1. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ დ----------------ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 21, პუნქტი 5-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა; 2. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ი-----–-------–----ს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შეთხვევა გამოწვეულია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ტოიოტა 4 რანერის“ მძღოლის, დ----------------ის ქმედებით, რომლის მოქმედებაც არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს.

საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით ავტომობილ „ტოიოტა პრიუსის“ მძღოლ ი-----–-------–----ზე აღნიშნული ავტო-საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ იყო დამოკიდებული და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

დაზარალებულმა ნ------------–---მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2--- წლის 09 მარტს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მდინარე მ--------------------------------ე, ვ----–------------------------–------------ მიმდებარედ ტაქსით მგზავრობის დროს მეგობარ ს--–------–-----------სთან ერთად მოყვა ავტოავარიაში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა, თავად კი მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ავტოსაგზაო შემთხვევის გარემოებები არ ახსოვს, საგზაო შემთხვევის შესახებ, შეიტყო საავადმყოფოში ყოფნის დროს.

 

დაზარალებული ი-----–-------–----ს უფლებამონაცვლე თ------------–----- გამოკითხვის ოქმით, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, დგინდება, რომ 2--- წლის 09 მარტს ქ. თბილისში, მდინარე მ--------------------------------ე, მისი შვილის, ი-----–-------–----ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს დაეჯახა დ----------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი. შედეგად, ი-----–-------–----, მიღებული დაზიანებების გამო, 2--- წლის 10 მაისს, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება თ------------–----- პოზიციას მძღოლ დ----------------ის დასჯასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ არ არის მომხრე ბრალდებული დაისაჯოს ციხეში ყოფნით.

ბრალდებულმა დ-----------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2--- წლის 09 მარტს, დაახლოებით 02:35 საათზე, მდინარე მ--------------------------------ე, გ----------------------- ,,ს----------", ვ----–------------------------–------------ მიმდებარედ, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილ ,,ტოიოტა პრიუსს“. მანვე აღნიშნა, რომ თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ ავტოავარია საჭესთან ჩაძინების გამო მოუხდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, არც იმის შესაძლებლობას გამორიცხავს, რომ ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მოულოდნელად გართულებული მდგომარეობა, ეპილეფსიური შეტევაა.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დგინდება დ----------------ის სამედიცინო დიაგნოზი, 2--- წლის 08 აპრილის და 11 მაისის მდგომარეობით, - ქალა-ტვინის დახურული ტრავმა (თავის ტვინის შერყევა - 09.03.2---). ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში აღნიშნულია, რომ დ-----------------ს მიეცა რეკომენდაცია მკურნალობა გაეგრძელებინა ანტიეპილეფსიურ საშუალებათა ჩართვით.

სასამართლომ გამოიკვლია რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ დ----------------ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სრულადაა დადასტურებული სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

2--- წლის 09 მარტს მდინარე მ--------------------------------ე, ვ----–------------------------–------------ მიმდებარედ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რომ დ----------------ის ბრალეულობით ჰქონდა ადგილი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მასზე დართული სქემა, შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეთა ჩვენებები მოწმობს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტს არც ბრალდებული დ----------------- უარყოფს, რომელიც აღიარებს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანაზე შეჯახების ფაქტს, თუმცა, ამასთანავე, განმარტავს, რომ ზუსტად არ იცის, მაგრამ ვარაუდობს, რომ ავტოავარია განპირობებული იყო არა საჭესთან ჩაძინებით, - როგორც იგი ამას შემთხვევიდან მცირე ხანში განმარტავდა, -არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესებით.

სასამართლო თვლის, რომ ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ბრალდებული დ----------------ის მიერ პოზიციის ცვლილება და წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით მისი ორაზროვანი დამოკიდებულება (ერთის მხრივ, განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს, მეორეს მხრივ კი, აღნიშნავს, რომ შეჯახება შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, რაც გამორიცხავს მისთვის შედეგის ობიექტურად შერაცხვის შესაძლებლობას) განპირობებულია საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქების სურვილით. სასამართლოს დასკვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ავტოავარიის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე და საავადმყოფოში მყოფი ბრალდებული აღნიშნავდა, რომ შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომანქანასთან შეჯახება გამოწვეული იყო იმით, რომ დაღლილს საჭესთან ჩაეძინა. აღსანიშნავია, რომ თავის სამოძრაო ზოლიდან საპირისპირო სავალი ნაწილისკენ დ----------------ის მიერ ავტომანქანისთვის მიმართულების შეცვლა განპირობებული იყო სუბიექტური ფაქტორით, რადგან, გამოკვლეული მასალებით უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, შეჯახებამდე, საპირისპირო მიმართულებით სავალ ნაწილზე ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე გადაადგილდა. აღნიშნული გარემოება, დ----------------ის პირვანდელ განმარტებასთან ერთად, - რომლის სპონტანურობა და კონტექსტი დიდ დამაჯერებლობას სძენს მას, - სარწმუნოს ხდის ბრალდების მხარის ვერსიას, რომლის თანახმადაც ავტომანქანის საპირისპირო ზოლში გადასვლა და ი-----–-------–----ს ავტომანქანაზე შეჯახება ავტომანქანის მართვისას დ----------------ის ჩათვლემას მოჰყვა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, დ----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია ვერ ახდენს სახელმწიფო ბრალმდებლის დამაჯერებელი ვერსიის დისკრედიტაციას, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ----------------ის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შესატანად, - გარდა იმისა, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ამ დოკუმენტაციის ავთენტურობის დასადგენად, აღნიშნული დოკუმენტაცია არც იმ გარემოებებს ადგენს, რომ დიაგნოზით გათვალისწინებული დაავადება დ-----------------მ შემთხვევამდე შეიძინა და არა ავტოავარიისას მიღებული ტრავმის შედეგად, ამასთან, - ამ დაავადებას მართლაც შეეძლო გამოეწვია დ----------------ის ცნობიერების მომენტალური დაკარგვა. სასამართლოსთვის ნიშანდობლივია ისიც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საავადმყოფოში მოთავსებული ბრალდებულისათვის ჩატარებული გამოკვლევების შედეგად მსგავსი დიაგნოზი დადგენილი არ იქნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ----------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა სრულად, კერძოდ, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა, რომ 2--- წლის 09 მარტს, დაახლოებით 02:35 საათზე, ქ. თბილისში, მდინარე მ--------------------------------ე, გ----------------------- ,,ს----------", ვ----–------------------------–------------ მიმდებარედ, ავტომანქანის მართვისას, დ----------------- ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილს, რის შედეგადაც ორი პირი გარდაიცვალა, ერთმა პირმა კი ჯანმრთელობის მძიმე (სიცოცხლისათვის სახიფათო) დაზიანება მიიღო.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ან სხვა უფრო მძიმე შედეგი გამოიწვია, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დასჯად ქმედებას. მოცემული ავტოსატრანსპორტო დანაშაულის უშუალო ობიექტია ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს: 1. ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას (ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესი მოწესრიგებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით); 2. მძიმე შედეგს, კერძოდ, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას (1-ლი ნაწილი), მძიმე დაზიანებას (მე-3 ნაწილი), ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას (მე-5 ნაწილი) ან ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას (მე-7 ნაწილი); სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით მაკვალიფიცირებელ გარემოებადაა მიჩნეული თუ ეს ქმედებები ჩადენია მთვრალ მდგომარეობაში; 3. მიზეზობრივ კავშირს წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის.

სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს გაუფრთხილებლობით დანაშაულს, რაც საქართველოს სსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, დაკავშირებულია წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების გაცნობიერებულად (თვითიმედოვნება) ან გაუცნობიერებლად (დაუდევრობა) დარღვევასთან. წინდახედულობის ვალდებულება ნიშნავს პირის მოვალეობას შეიცნოს კონკრეტული ურთიერთობიდან წარმოშობილი საფრთხე, რომელიც ემუქრება სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს და უარი თქვას სახიფათო მოქმედების შესრულებაზე ანდა გაატაროს საკმარისი უსაფრთხოების ღონისძიებები, მართლსაწინააღმდეგო შედეგის თავიდან ასაცილებლად. კონკრეტული წინდახედულობის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას სპეციალური სამართლებრივი დებულებებიდან, მაგალითად, მოძრაობის უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე.

,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე, გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლომ დაადგინა, რომ დ-----------------მ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაღლილობა და უძილობა გავლენას მოახდენდა მის, როგორც მძღოლის მოქმედებაზე და მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე, შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილს, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი პირი, ერთმა კი ჯანმრთელობის მძიმე (სიცოცხლისათვის სახიფათო) დაზიანება მიიღო. სასამართლო თვლის, რომ დამდგარი მძიმე შედეგი მიზეზობრივ კავშირშია ბრალდებული დ----------------ის ქმედებებთან და იგი ბრალდებულს ობიექტურად უნდა შეერაცხოს ბრალად, რადგან საქმის არსებითი განხილვისას ვერ იქნა დადგენილი რაიმე გარემოება, რომელიც ასეთ შერაცხვას გამორიცხავდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვისგამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი და დადასტურებული იქნა, რომ დ----------------ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით (2--- წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ დ----------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი გულწრფელად განიცდის დამდგარ შედეგს, ხასიათდება დადებითად, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი (1-ლი ნაწილი); სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (მე-4 ნაწილი).

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის სანქცია სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს კი სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, ბრალდებულის პიროვნებას (სასწავლო დაწესებულებიდან და სამუშაო ადგილიდან ხასიათდება დადებითად), მის წარსულს (კანონდარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა), გულწრფელ სინანულს დამდგარი შედეგის გამო და, ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, მის მცდელობას თავი აარიდოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასჯელის მიზნებს უზრუნველყოფს მინიმალურ ზღვართან მიახლოებული ზომა - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლითა და 06 (ექვსი) თვით, - რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევას, დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი გაუფრთხილებლობის უარყოფითი შედეგების გააზრებას და დაზარალებულის, დაზარალებულთა უფლებამონაცვლეების და საზოგადოების სხვა წევრებისათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მსჯავრდებულ დ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 16 მაისიდან.

ნივთიერი მტკიცებულება:

ელექტრონული დისკები და სამედიცინო დოკუმენტაცია დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

სისხლის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

„ტოიოტას“ მარკის ავტომაქანები სახელმწიფო ნომრით L-------- და K--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი