განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-578-19
(№021070719001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28.01.2020 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი
ბრალდების მხარე: პროკურორი ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე: ადვოკატი რიმა გურგულია,ბრალდებული: ი------------ი
მამის სახელი: ი-------ი
დაბადებული: 27.12.1--- წ.
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო განათლებით
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: გარდაბნის რაიონი, სოფ. ბ----–--ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
თარჯიმანი: თალე ალიევა
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 23:00 სთ-ზე, ი------------მა ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფ. ბ----–--ში, მათი არასრულწლოვანი შვილების - 2011 წლის 2-----------ს დაბადებულ ა---------------ის და 2013 წლის 0-------------ს დაბადებული მ---------------ას თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ა---------------ას: წიხლი დაარტყა მარცხენა ფეხში, ხოლო შემდეგ ქამარი დაარტყა ხელ-ფეხზე, რის შედეგადაც ა---------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებული ა---------------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ 9 წელია დაქორწინებულია ბრალდებულთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. 2019 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 23:00 სთ-ზე, მათ საცხოვრებელ სახლში, მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფ. ბ----–--ში, მისმა გოგონამ მის ვაჟს აპარსა თმა. ი------------მა ამის გამო უსაყვედურა, რის გამოც იკამათეს და მათი შვილების, ა---------------ის და მ---------------ას თანდასწრებით მეუღლემ წიხლი დაარტყა მარცხენა ფეხში, ხოლო შემდეგ ქამარი დაარტყა ხელ-ფეხზე, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
ბრალდებულმა ი------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ. 2020 წლის 28 იანვარს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
სასამართლოს დასკვნა, ი------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი და დაზარალებული ა---------------ას ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ლ---------------ის, მ--–------------–---–ის, არასრულწლოვნების ა---------------ის და მ---------------ას გამოკითხვის ოქმებს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 11 ივლისის #004804819 დასკვნას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის უნდა არსებობდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში. მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისი ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით, ოჯახში ძალადობა, როგორი ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს, მის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ძალადობის უშუალო მსხვერპლს არ წარმოადგენს, ძალადობის მოწმედ ყოფნა, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან ადამიანებს შორის, როგორიც მშობლებია, უარყოფითად აისახება მის კეთილდღეობაზე და მოწყვლადს (განსაკუთრებული ზრუნვისა და საჭიროების მქონეს) ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ი------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების (ოჯახში ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებასა და უმართლობის ხარისხს, რაც მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით დღეისათვის მომეტებული საშიშროების მატარებელია, ასევე ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, მიაჩნია, რომ ი------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს პირობითი სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
6.1. ი------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად.
ი------------ს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
2. ი------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. ი------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 07 ივლისიდან 2019 წლის 09 ივლისის ჩათვლით.
4. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი