გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019003208800
საქმე № 3/237-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
მოსარჩელე: მ---- ნ-----–---–ი
წარმომადგენელი: გერმანე ადუაშვილი
მოპასუხე: კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენლები: ზ------ კ------ და მ------- დ------–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ---- ნ-----–---–ისთვის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 226 მ2 მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 06 ივნისის № 321 განკარგულების ბათილად ცნობა;
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ, 2019 წლის 26 მარტის № 105570 წერილში მითითებულ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო---ში მდებარე, № 6--0--4--1-- პირობითი საკადასტრო კოდით მონიშნულ 226 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, საკუთრების უფლების აღიარების დავალდებულება.
სარჩელის თანახმად, მ---- ნ-----–---–ს (პირ. № 2----------) 1970-იან წლებში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო---ში, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, გადაეცა მიწის ნაკვეთი, რაზეც მოსარჩელემ პირადად ბლოკით ააშენა საცხოვრებელი ოთახი და დღემდე სარგებლობს.
2019 წლის მარტში მ---- ნ-----–---–მა მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს ამ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელმაც, თავის მხრივ, განცხადება გადააგზავნა საკუთრების აღიარების კომისიაში. კომისიამ კი უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ, თითქოს, სადავო შენობა წარმოადგენდა საზოგადოებრივ ნაგებობას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ მ---- ნ-----–---–ის მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო---ში თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივი ნაგებობებით დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მერიის ინფორმაციით იმ ადგილზე ფუნქციონირებდა ჭიის გამოსაყვანი საამქრო, საექიმო ამბულატორია, ბაგა-ბაღი, კოლმეურნეობის კანტორა, კლუბი, მწველავების ოთახი. განკარგულებაში სამართლებრივ საფუძვლად შეცდომით მიეთითა, რომ იქ განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები; რეალურად სადავო ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების ობიექტებით დაკავებულ მიწას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ---- ნ-----–---–ის მიერ მოთხოვნილ 226 მ2 მიწის ნაკვეთზე მთლიანად განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რასაც აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება სახელმწიფო მიწა, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან კი - გზა;
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს. ფ. 14-17).
3.2.2. მ---- ნ-----–---–ს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 ივნისის № 321 განკარგულებით უარი ეთქვა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სადავო შენობა წარმოადგენს საზოგადოებრივ ნაგებობას;
მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 ივნისის № 321 განკარგულება (ს. ფ. 10).
3.2.3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ კასპის რაიონის სოფელ ო---ის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის 1990 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საზოგადოებრივი ნაგებობებით დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის № 131204/17 სამსახურებრივი ბარათი (ს. ფ. 12).
3.2.4. მ-----– ბ--–----–---–ის, ვ--–------ შ---------ისა და შ--–-- გ----–-–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული 2018 წლის 26 დეკემბრის ხელწერილის მიხედვით, მ---- ნ-----–---–მა 1970 წელს თვითნებურად დაიკავა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 828,7 მ2 კასპის რაიონის სოფელ ო---ში, ზედ ააშენა საცხოვრებელი სახლი და დღემდე სარგებლობს მისით;
მტკიცებულება: ხელწერილი (ს. ფ. 18).
3.2.5. სადავო ტერიტორიის მიმდებარედ განთავსებულია 2 საცხოვრებელი კორპუსი, ყოფილი კლუბის შენობა, ამბულატორია, ყოფილი მეურნეობის შენობა-ნაგებობა (სკოლა), გამგეობის შენობა-ნაგებობა, საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა, მშენებარე კლუბი;
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, ორთოფოტო, ფოტოილუსტრაცია (ს. ფ. 63-72).
3.2.6. სადავო შენობა-ნაგებობა ბლოკით აშენებული და საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში არ არის;
მტკიცებულება: ფოტოილუსტრაცია (ს. ფ. 71-72).
3.2.7. ო---ის თემის საკრებულოს სოფელ ო---ის 1996-2007 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება მ---- ნ-----–---–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 100 მ2 საცხოვრებელი სახლი და 1,25 ჰა მიწის ფართობი, ხოლო 1992 წლის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით: რეფორმამდე - 0,30 ჰა, მისაცემი - 0,95 ჰა, ზონარგაყრილი წიგნით - 0,25 ჰა, ზედმეტად ფლობდა - 0,05 ჰას;
მტკიცებულება: კასპის არქივის 2014 წლის 11 ივლისის № AA2014036357-03 საარქივო ცნობა (ს. ფ. 51).
3.2.8. მ---- ნ-----–---–მა თავის სახელზე დაირეგისტრირა უძრავი ქონება 4 ნაკვეთად, რითაც სრულად ამოწურა საარქივო ცნობით დადასტურებული მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ფართი.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 მარტის № 105570 მიმართვა (ს. ფ. 45).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც ფაქტი, რომ მ---- ნ-----–---–ის შემთხვევაში მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა იმგვარ ქმედებას, რაც კანონმდებლობით კვალიფიცირდება როგორც მიწის თვითნებურად დაკავება, სახეზე არ არის: სადავო შენობა-ნაგებობა მისი აშენებული არ არის; ამავე დროს, შენობა მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი" ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები.
დადგენილია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 ივნისის № 321 განკარგულებით მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივი ნაგებობებით დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და თვით ეს შენობაც წარმოადგენს საზოგადოებრივ ნაგებობას.
მ---- ნ-----–---–ისათვის უარის თქმის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოებების შინაარსი არ გულისხმობს მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი" ქვეპუნქტით განსაზღვრულ საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტებს, და შესაბამისად, სამართლებრივ საფუძვლად ამ პუნქტის მითითება არასწორია.
იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ, კასპის რაიონის სოფელ ო---ის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის 1990 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საზოგადოებრივი ნაგებობებით დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს.
დადგენილია და მხარეთა შორისაც დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სადავო შენობის მიმდებარედ განთავსებულია 2 საცხოვრებელი კორპუსი, ყოფილი კლუბის შენობა, ამბულატორია, ყოფილი მეურნეობის შენობა-ნაგებობა (სკოლა), გამგეობის შენობა-ნაგებობა, საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა, მშენებარე კლუბი.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწაა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული (გარდა მართლზომიერი მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთისა).
დადგენილია, რომ მ---- ნ-----–---–ი საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს როგორც დაინტერესებული დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელიც მითითებული კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) თვითნებურად დაეუფლა სადავო მიწის ნაკვეთს და ამ პერიოდში ააშენა კაპიტალური შენობა-ნაგებობა და დღემდე სარგებლობს.
წარმოდგენილი ფოტოილუსტრაციით ნათელი ხდება, რომ სადავო შენობა-ნაგებობა არ არის აშენებული ბლოკით, და არც საცხოვრებლად გამოყენებადია (იხ. ფოტოილისტრაცია, ს. ფ. 71-72);
მ---- ნ-----–---–ის მითითებით კი, მან ბლოკით ააშენა საცხოვრებელი სახლი და დღემდე იქ ცხოვრობს.
მითითებული შენობა აშენებულია ქვით, რომლის ამორტიზებული კედლის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ბლოკით ამოშენებული.
ასეთ ვითარებაში მ-----– ბ--–----–---–ის, ვ--–------ შ---------ისა და შ--–-- გ----–-–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული 2018 წლის 26 დეკემბრის ხელწერილი, რომლის თანახმადაც, მ---- ნ-----–---–მა 1970 წელს თვითნებურად დაიკავა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 828,7 მ2 კასპის რაიონის სოფელ ო---ში, ზედ ააშენა საცხოვრებელი სახლი და დღემდე სარგებლობს მისით, მიწის თვითნებურად დაუფლების დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულად ვერ მიიჩნევა.
კანონმდებლობით, თვითნებურად დაკავებული მიწაა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).
სასამართლო განმარტავს, რომ მიწის თვითნებურად დამკავებლად მიჩნეული უნდა იქნეს ის ფიზიკური პირი, რომელმაც უშუალოდ ააშენა შენობა-ნაგებობა სადავო მიწაზე.
ამ პირის მიერ შენობის აშენებად ვერ ჩაითვლება უკვე არსებული შენობის გაფართოება, რემონტი ან/და ზედ სხვა შენობა-ნაგებობის მიშენება.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებისას იმპერატიულად ადგენს, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე აშენებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან აშენებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა.
შენობა-ნაგებობა უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ უნდა იყოს აშენებული, ხოლო უკვე აშენებული შენობა-ნაგებობიანი მიწის თვითნებურად დაკავება, დასახელებული კანონით განსაზღვრულ ,,თვითნებურად დაკავებად" განხილული ვერ იქნება.
მითითებული კანონით, მიწის თვითნებურად დაკავება ამ მიწაზე შენობა-ნაგებობის განთავსებით უნდა მოხდეს (თუ ეს მიწა არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ).
აქედან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის დაუფლება ისეთ პირობებში, როდესაც ამ მიწაზე უკვე განთავსებულია სხვა პირის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობა, რაც აღიარებისთვის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის მიერ დაკავებამდე არსებობდა, ვერ ჩაითვლება მითითებული კანონით განსაზღვრულ თვითნებურ დაუფლებად.
უკვე არსებული შენობის გაფართოება, რემონტი ან/და მიშენება ადასტურებს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ დაუფლებას, თუმცა კანონით განსაზღვრულ თვითნებურ დაუფლებად კვალიფიცირებული ვერ იქნება.
მ---- ნ-----–---–ის მიერ დაუფლებამდე, ამ მიწის მიმდებარედ უკვე იყო და დღეის მდგომარებითაც განთავსებულია საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები, და, ბუნებრივია, თუკი აღმოჩნდება, რომ ეს ქონება წარმოადგენს მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტს, ამ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელ პირს საკუთრების უფლება არ წარმოეშვება.
მერიის ინფორმაციით იმ ადგილზე ფუნქციონირებდა ჭიის გამოსაყვანი საამქრო, საექიმო ამბულატორია, ბაგა-ბაღი, კოლმეურნეობის კანტორა, კლუბი, მწველავების ოთახი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აღმოჩნდება, რომ ეს ქონება არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართის თვითნებურ დამკავებლად არა მ---- ნ-----–---–ი, არამედ უკვე არსებული შენობა-ნაგებობის ამშენებელი პირი უნდა იქნეს მიჩნეული.
პირველ და მეორე შემთხვევაშიც მ---- ნ-----–---–ი არ წარმოადგენს ამ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით განსაზღვრულ თვითნებურად დამკავებელ პირს მიუხედავად იმისა, განაგებდა თუ არა იგი ამ შენობას.
როგორც აღინიშნა, მითითებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობა უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ უნდა იყოს აშენებული, ხოლო უკვე აშენებული შენობა-ნაგებობის დაკავება, რემონტი, ზედ მიშენება არ აკმაყოფილებს თვითნებურად დაუფლების კვალიფიკაციის მინიჭების ამ კანონით განსაღვრულ მოთხოვნებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი, მათი სამართლებრივი შეფასება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად მიჩნევის თვალსაზრისით, სწორია, გასაჩივრებული განკარგულება არ ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
1.1. მ---- ნ-----–---–ის სარჩელი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 ივნისის № 321 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.2. მ---- ნ-----–---–ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ, 2019 წლის 26 მარტის № 105570 წერილში მითითებულ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო---ში მდებარე, № 6--0--4--1-- პირობითი საკადასტრო კოდით მონიშნულ 226 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, საკუთრების უფლების აღიარების დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მ---- ნ-----–---–ი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი