გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.10.2019
საქმის ნომერი
330310119003158780
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310119003158780

საქმე №3/6619-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ელენე არდაზიშვილი

მოსარჩელე - ბ----------------ო

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - დ----------------ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 აპრილის №1---------/5 გადაწყვეტილება ბ----------------ოს სახელზე გაცემული სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;

 

1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა შესაგებელს, განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის №1--------- გადაწყვეტილებით, ბ----------------ოს 2018 წლის 14 მარტის №1--------- განცხადება დაკმაყოფილდა და ბ----------------ოს გაუგრძელდა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2021 წლის 11 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ.114-115);

 

3.2. შპს დ-----------–---------------–--------------------ის 2019 წლის 12 იანვრის №----- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ შპს დ-----------–---------------–--------------------ის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს, ტოპო ბანტი ჩაიას შეუჩერდა სტუდენტის აქტიური სტატუსი და ამოღებულ იქნა სტუდენტთა სიიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს დ-----------–---------------–--------------------ის 2019 წლის 12 იანვრის №----- წერილი (ს.ფ. 117);

 

3.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 4 თებერვლის №-------- წერილით ბ----------------ოს ეცნობა მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ფაქტი, მიეცა წინადადება ჩართულიყო საქმისწარმოების პროცესში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 4 თებერვლის №-------- წერილი (ს.ფ.103);

 

3.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 აპრილის №1---------/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის №1--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბ----------------ოს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 აპრილის №1---------/5 გადაწყვეტილება (ს.ფ. 101-102).

 

3.5. შპს დ-----------–---------------–--------------------ის 2019 წლის 14 მაისის №--- ბრძანებით ბ----------------ოს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი და ამოღებულ იქნა სტუდენტთა სიიდან.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 5 მაისის №--- ბრძანებით ბ----------------ოს მიენიჭა ერთიანი გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება.

 

შპს აღმოსავლეთ ევროპოს უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 8 აგვისტოს №-------- ბრძანებით ბ----------------ო ჩაირიცხა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ჯანდაცვის ფაკულტეტის დიპლომირებული მედდის (ინგლისურენოვან) ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს დ-----------–---------------–--------------------ის 2019 წლის 14 მაისის №--- ბრძანება (ს.ფ. 67);

- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 5 მაისის №--- ბრძანება (ს.ფ. 68-69);

- შპს აღმოსავლეთ ევროპოს უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 8 აგვისტოს №-------- ბრძანება (ს.ფ. 70-71);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, სადავოდ ქცეული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 აპრილის №1---------/5 გადაწყვეტილება არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით რეგლამენტირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.

 

ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა;

 

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებით განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

 

დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული და/ან ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს აცნობონ უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ.

 

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის №1--------- გადაწყვეტილებით, ბ----------------ოს 2018 წლის 14 მარტის №1--------- განცხადება დაკმაყოფილდა და ბ----------------ოს გაუგრძელდა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2021 წლის 11 თებერვლამდე. შპს დ-----------–---------------–--------------------ის 2019 წლის 12 იანვრის №----- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ შპს დ-----------–---------------–--------------------ის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს, ტოპო ბანტი ჩაიას შეუჩერდა სტუდენტის აქტიური სტატუსი და ამოღებულ იქნა სტუდენტთა სიიდან.

 

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 4 თებერვლის №-------- წერილით ბ----------------ოს ეცნობა მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ფაქტი, მიეცა წინადადება ჩართულიყო საქმისწარმოების პროცესში. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 აპრილის №1---------/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის №1--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბ----------------ოს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ.

 

მოსარჩელე სადავოდ იმ ფაქტს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 აპრილის №1---------/5 გადაწყვეტილების გამოცემის მომენტში მას შპს დ-----------–---------------–--------------------ის სტუდენტის სტატუსი ჯერ კიდევ ჰქონდა, კერძოდ აღნიშნულ უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსი მას შპს დ-----------–---------------–--------------------ის 2019 წლის 14 მაისის №--- ბრძანებით შეუწყდა.

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეუწყვიტოს იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, როდესაც გამოიკვეთა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძველი, შეეწყვიტა ბინადრობის ნებართვა. მითუმეტეს, თავად ბ----------------ოს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის რაიმე დოკუმენტი არ წარუდგენია, ხოლო სასამართლოში დავის განხილვისას ის საფუძველი, რაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის №1--------- გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო, - უკვე შეწყვეტილია.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. თავის მხრივ, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალიწინებულ კანონის დარღვევას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოება, რაც ბ----------------ოსათვის გაცემული ბინადრობის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი იყო. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 2019 წლის 8 აგვისტოდან მან მოიპოვა შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სწავლის უფლება, აღნიშნული შეიძლება გახდეს ახალი განაცხადის წარდგენისა და სასწავლო ბინადრობის მოთხოვნის, და არა მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური ნორმების სრული დაცვით. შესაბამისად არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ----------------ოს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბ----------------ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე