გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.11.2019
საქმის ნომერი
330310019003161163
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6688-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - დ-----------ა

 

მოპასუხე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

წარმომადგენელი - ს--–-------------------ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის 20 აგვისტოს №გ----------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს განმეორებით განიხილოს დ-----------ას 2019 წლის 12 აგვისტოს S---------------- განცხადება და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე №3-------- ადმინისტრაციული საქმის განხილვის ფარგლებში, სადაც მოსარჩელეს წარმოადგენს დ-----------ა, ხოლო მოპასუხეებს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2019 წლის 11 აპრილს გაიმართა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. სხდომის ოქმში დაფიქსირდა, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე დ-----------ა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ფაქტთან დაკავშირებით, 2019 წლის 6 მაისს დ-----------ამ მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სხვა მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ 2019 წლის 11 აპრილის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმში ყალბი მონაცემების „დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე დ-----------ა“-ს შეტანის ფაქტის აღმოფხვრა და ამ სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულების გაქარწყლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის №3-------- სხდომის ოქმი (მატერიალური სახით) (ს.ფ. 16-17);

- დ-----------ას 2019 წლის 6 მაისის განცხადება (ს.ფ. 19-21).

 

3.2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 17 ივნისის №7------------- წერილით დგინდება, რომ დ-----------ას განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გადაიგზავნა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 2019 წლის 17 მაისის წერილით.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 17 ივნისის №7------------- წერილით დ-----------ას ეცნობა, რომ განცხადებაზე თანდართული მასალების თანახმად, დ-----------ა მისი სარჩელის განხილვის ფარგლებში, 2019 წლის 11 აპრილის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომიდან გაძევებული იქნა მოსამართლის მიერ. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ მოსამართლის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის საჩივრით (განცხადებით) მიმართვა. ამასთან, საჩივარი (განცხადება) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საჩივრის (განცხადების) წარდგენა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფორმით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 17 ივნისის №7------------- წერილი (ს.ფ. 32-33).

3.3. დ-----------ამ 2019 წლის 3 ივლისის №2--- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა: 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს დაევალოს, უზრუნველყოს მონაცემთა პრინციპების დარღვევით მითითებული არანამდვილი მონაცემის 2019 წლის 17 ივნისის №7------------- წერილიდან წაშლა; 2. ინფორმაციის მიწოდება, მოსამართლის მიერ გაძევების გამო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა თუ არა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ან მისი რომელიმე სამსახური.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის 2019 წლის 1 აგვისტოს №1------------- წერილით დ-----------ას ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ 2019 წლის 26 ივლისს დამოუკიდებელ ინსპექტორს გადასცა მისი განცხადება იმ ნაწილში, სადაც იგი მიუთითებდა მოსამართლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2019 წლის 17 ივლისს წარდგენილი №1-- წინადადების საფუძველზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 755 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და 756 მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მოსამართლის მიმართ განცხადებაში აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება და საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის 2019 წლის 9 აგვისტოს №9------------- წერილის თანახმად, დ-----------ას მისი 2019 წლის 3 ივლისის N2----ო განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების გამო პირისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დავისას სათანადო მოპასუხის განსაზღვრა ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 85-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო სამართლის ნორმის განმარტების უფლებამოსილება სცდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დ-----------ას 2019 წლის 3 ივლისის №2--- განცხადება (ს.ფ. 34-35);

- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის 2019 წლის 1 აგვისტოს №1------------- წერილი (ს.ფ. 81);

- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის 2019 წლის 9 აგვისტოს №9------------- წერილი (ს.ფ. 36).

 

3.4. დ-----------ამ 2019 წლის 13 აგვისტოს ელექტრონულად მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 17 ივნისის №7------------- წერილის მეშვეობით ადგილი ჰქონდა მის შესახებ არანამდვილი მონაცემის დამუშავებას. კერძოდ, განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენდა: 1. 2019 წლის 17 ივნისის №7------------- წერილის მეშვეობით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მიერ მის შესახებ არანამდვილი მონაცემების დამუშავების დადგენა, შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება და აღნიშნული წერილიდან არანამდვილი მონაცემის აღმოფხვრა; 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის 2019 წლის 9 აგვისტოს №9------------- წერილის მეშვეობით განმცხადებლის კანონიერი მოთხოვნის (2019 წლის 17 ივნისის №7------------- წერილში მითითებული მონაცემების წაშლის შესახებ) უგულებელყოფის დადგენა და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება; 3. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ინსპექტორი მიიჩნევდა, რომ სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, განცხადება გადაეგზავნა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის 20 აგვისტოს №გ----------- გადაწყვეტილებით დ-----------ას უარი ეთქვა 2019 წლის 13 აგვისტოს S---------------- განცხადების (რომლითაც ითხოვდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განცხადებაში მითითებული მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლასა და შესაბამისი რეაგირების მოხდენას) განსახილველად მიღებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დ-----------ას 2019 წლის 12 აგვისტოს ელექტრონული განცხადება და განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 69-72);

- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის 20 აგვისტოს №გ----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 40-46).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ-----------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის 20 აგვისტოს №გ----------- გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ დავის განხილვისას უნდა შეამოწმოს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისათვის და რომლითაც დ-----------ას 2019 წლის 12 აგვისტოს S---------------- განცხადების განმეორებით განხილვის შედეგად მიღებული იქნება ობიექტური გადაწყვეტილება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტატუსს, მისი საქმიანობის პრინციპებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებებს, სახელმწიფო ინსპექტორის არჩევისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესებს, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო და მის მიზანს წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის განხორციელება. ამასთან, კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აქტებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

 

სასამართლო მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებაზე, არაავტომატური საშუალებებით იმ მონაცემთა დამუშავებაზე, რომლებიც ფაილური სისტემის ნაწილია ან ფაილურ სისტემაში შეტანის მიზნით მუშავდება, აგრეთვე დანაშაულის თავიდან აცილებისა და გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ მონაცემთა ავტომატურ დამუშავებაზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულია ამ კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა, მათ შორის, „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით; ხოლო „დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ მონაცემთა დამუშავება გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულს ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას. „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტს, რომელსაც კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლება აქვს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

 

ამასთან, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადება პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. მონაცემთა სუბიექტის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას გამოსაყენებელი ღონისძიებების შესახებ, რის თაობაზედაც აცნობებს განმცხადებელს. ხოლო მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოავლენს ამ კანონის ან მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტის დარღვევას, იგი უფლებამოსილია გამოიყენოს ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე ღონისძიება.

 

ამდენად, ისეთი ინფორმაციის მიმართ, რომელიც ფიზიკური პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა, ნებისმიერი მოქმედება, მისი დამუშავება უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად. ამასთან, პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მის მიმართ არსებული პერსონალური მონაცემი დამუშავდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, შეუძლია მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ვინაიდან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს უკანასკნელი განიხილავს რა კონკრეტულ განცხადებას, განხილვის შედეგად მონაცემთა დამმუშავებლის მიმართ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას გამოიყენებს მხოლოდ მონაცემთა დამუშავების კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოვლენის შემთხვევაში.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 17 ივნისის №7------------- წერილის მეშვეობით ადგილი ჰქონდა მის შესახებ არანამდვილი მონაცემის დამუშავებას და განმცხადებელმა მოითხოვა: 1. 2019 წლის 17 ივნისის №7------------- წერილის მეშვეობით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მიერ მის შესახებ არანამდვილი მონაცემების დამუშავების დადგენა, მისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება და აღნიშნული წერილიდან არანამდვილი მონაცემის აღმოფხვრა; 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის 2019 წლის 9 აგვისტოს №9------------- წერილის მეშვეობით განმცხადებლის კანონიერი მოთხოვნის (2019 წლის 17 ივნისის №7------------- წერილში მითითებული მონაცემების წაშლის შესახებ) უგულებელყოფის დადგენა და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება. ამავე განცხადებით მოქალაქემ მოითხოვა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორს განცხადება გადაეგზავნა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა დ-----------ას პერსონალური მონაცემის დამუშავებას და ამასთან, მონაცემთა დამუშავებისას ადგილი ჰქონდა თუ არა კანონის დარღვევას.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე №3-------- ადმინისტრაციული საქმის განხილვის ფარგლებში, სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა დ-----------ა, ხოლო მოპასუხეებს: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2019 წლის 11 აპრილს გაიმართა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. სხდომის ოქმში დაფიქსირდა, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე დ-----------ა.

საქმის მასალების თანახმად, 2019 წლის 6 მაისს დ-----------ამ წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ 2019 წლის 11 აპრილის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმში ყალბი მონაცემების „დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე დ-----------ა“-ს შეტანის ფაქტის აღმოფხვრა. აღნიშნული განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გადაიგზავნა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 2019 წლის 17 მაისის წერილით.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 17 ივნისის №7------------- წერილით დ-----------ას ეცნობა, რომ განცხადებაზე თანდართული მასალების თანახმად, დ-----------ა მისი სარჩელის განხილვის ფარგლებში, 2019 წლის 11 აპრილის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომიდან გაძევებული იქნა მოსამართლის მიერ. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა მოსამართლეთა მიმართ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შესახებ საჩივრის წარდგენის წესი და განმხილველი ორგანო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქმნება სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით. ამავე ორგანულიკანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი.

 

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხის, აპარატის მოხელეთა და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-207 გადაწყვეტილების პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი თავის საქმიანობას ახორციელებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის, სხვა სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. აპარატში იქმნება დეპარტამენტები, სამმართველოები, სამსახურები და სხვა სტრუქტურული ერთეულები. ამასთან, დებულების მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის კომპეტენციაა კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და მიუთითებს, რომ ვინაიდან მისი 2017 წლის 6 მაისის განცხადება ეხებოდა სასამართლოს სხდომის ოქმში არასწორი ინფორმაციის დაფიქსირებას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატმა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დ-----------ას განცხადებაში აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით მოამზადა წერილობითი პასუხი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 17 ივნისის №7------------- წერილის სახით. როგორც უკვე აღინიშნა, ამ უკანასკნელით განმცხადებელს ეცნობა მოსამართლის მიმართ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში საჩივრის წარდგენის წესი და განმხილველი ორგანო. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან კომპეტენციის გათვალისწინებით მომზადებული წერილობითი დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს მოსარჩელის მიმართ პერსონალური მონაცემის დამუშავებად, რაც გულისხმობს კონკრეტული ინფორმაციის შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას. აქედან გამომდინარე, მით უფრო საფუძველს არის მოკლებული მხარის მოსაზრება კანონის საწინააღმდეგოდ მის მიმართ არსებული არანამდვილი/არასწორი მონაცემის დამუშავების თაობაზე. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ არალოგიკურია სხდომაზე არგამოცხადებული პირის სხდომის დარბაზიდან გაძევების ფაქტი, როგორც ეს 2019 წლის 17 ივნისის №7------------- წერილში იქნა მითითებული, სასამართლო აღნიშნავს, რომ უშუალოდ ამ საკითხის კანონიერების შესწავლა, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატმა წერილობითი პასუხი მოამზადა თუ არა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე, სცდება განსახილველი დავის საგანს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება არა ნებისმიერი დაწესებულების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა, არამედ, პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კონტროლი, რასაც მოცემულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. მითითებული კანონის 23-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული საშუალების გამოყენებით. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებელი იმპერატიულად ადგენს მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებას გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს დაუზუსტებელი ან მოძველებული ან კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებული მონაცემი. აქედან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, შეფასების საგანს წარმოადგენს ადგილი აქვს თუ არა პერსონალური მონაცემის დამუშავებას და მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში უნდა დადგინდეს მისი დამუშავება განხორციელდა თუ არა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

 

საქმეში არსებული მასალების თანახმად, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 17 ივნისის №7------------- წერილში მითითებულ ინფორმაცია მიიჩნია კანონის მოთხოვნათა დარღვევით მისი პერსონალური მონაცემის დამუშავებად და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2019 წლის 3 ივლისს წარდგენილი №2--- განცხადებით მოითხოვა: 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს დაევალოს უზრუნველყოს მონაცემთა პრინციპების დარღვევით მითითებული არანამდვილი მონაცემის 2019 წლის 17 ივნისის №7------------- წერილიდან წაშლა; 2. ინფორმაციის მიწოდება, მოსამართლის მიერ გაძევების გამო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა თუ არა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ან მისი რომელიმე სამსახური.

 

დადგენილია, რომ მოსამართლის მიმართ განცხადებაში აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით დ-----------ას განცხადება რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს და აღნიშნული ინფორმაცია მას ეცნობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის 2019 წლის 1 აგვისტოს №1------------- წერილით, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის 2019 წლის 9 აგვისტოს №9------------- წერილით მოსარჩელეს პასუხი გაეცა კონკრეტული დავაში მოპასუხის განსაზღვრის წესის თაობაზე.

 

ამდენად, მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2019 წლის 3 ივლისს წარდგენილ განცხადებაში დაფიქსირებული რომელიმე მოთხოვნის უგულებელყოფაზე და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატმა სადავო საკითხის განხილვისას იმოქმედა კომპეტენციის ფარგლებში, მოამზადა წერილობითი პასუხები, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსის 2019 წლის 9 აგვისტოს №9------------- წერილის სახით, და აცნობა მოსარჩელეს. აქედან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის, როგორც მონაცემთა დამმუშავებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის, როგორც მონაცემთა სუბიექტის მიმართ პერსონალური მონაცემის დამუშავებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა კანონით განსაზღვრული პრინციპების დარღვევით დამუშავებული მონაცემის/არანამდვილი მონაცემის წაშლის შესახებ, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და მასზე ვერ გავრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლით განსაზღვრული პირის ვალდებულება გაასწოროს კანონის დარღვევით დამუშავებული მონაცემი.

 

ამდენად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის 20 აგვისტოს №გ----------- გადაწყვეტილება, რომლითაც დ-----------ას უარი ეთქვა 2019 წლის 13 აგვისტოს S---------------- განცხადების (რომლითაც ითხოვდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განცხადებაში მითითებული მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლასა და შესაბამისი რეაგირების მოხდენას) განსახილველად მიღებაზე, კანონის შესაბამისად იქნა გამოცემული.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებით არ დადგინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელის განცხადებაზე/მოთხოვნაზე კანონის შესაბამისად განხორციელებულ ქმედებას და არა მოსარჩელის პერსონალური მონაცემის დამუშავებას. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის 20 აგვისტოს №გ----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ-----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე