განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/6128-19 (№------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ--------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ-------------------------–------–----–---–- - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ----------------–------------–--------------------------------------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის I ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რ--------------–----–---–-- მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, რ--------------–----–---–- 2016 წლის 2 სექტემბრიდან - 2019 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას რ--------------–----–---–- ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშწორებას.
რ--------------–----–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დრო სესხის სახით გაცემული აქვს 32 700 აშშ დოლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა შეადგინა შესაბამისი კურსით 17 288.07 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, რ--------------–----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2016-2018 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 2 362.24 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი თანდართულ სესხისა ხელშეკრულებებთან ერთად და ხელშეკრულებების გაუქმების სანოტარო აქტებთან ერთად, ელექტრონული საინფორმაციო საშუალების დათვალიერების ოქმი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვის წერილი, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის წერილი, ეროვნული ბანკის წერილი, თემატური რევიზიის აქტი და სხვ.) ერთობლიობა რ--------------–----–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ--------------–----–---–-- ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის I ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ--------------–----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათის, ბრალდებულების პიროვნებისა (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არაა ნასამართლევი, აანაზღაურა ზიანი) და ასაკის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად რ--------------–----–---–ს უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ--------------–----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია