გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.02.2020
საქმის ნომერი
340310019003187039
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
06.02.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340310019003187039

საქმე №3-117-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

(შესავალი ნაწილი)

06.02.2020 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

 

მოსარჩელე - რ--------------–---–ი

წარმომადგენელი - ნ--------------–---–-

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - თ----------------–---–-

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 12.07.2019 წლის №3867-2019/1 გადაწყვეტილება;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.08.2019 წლის №04/42010 გადაწყვეტილება.

1.3. რ--------------–---–ს დაენიშნოს ასაკობრივი პენსია.

მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოსარჩელე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობს. 2019 წლის 15 ივლისს 65 წელი შეუსრულდა და სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოში განცხადება წარადგინა. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულმა განყოფილებამ, მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო პენსია ეკუთვნის, მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და პენსიის დანიშვნაზე უარი უთხრა. მოსარჩელემ საჩივრით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, მაგრამ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად იმისა რომ მოსარჩელე სასამართლოში მუშაობს, იგი საჯარო მოხელეს არ წარმოადგენს და მას, როგორც პენსიის მიმღებ კანდიდატს და ასაკოვანს, პენსია ეკუთვნის. სოციალურმა სამსახურმა პენსიის დანიშვნაზე სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი. ამიტომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებები და დაენიშნოს პენსია.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სახელმწიფო სამსახურში და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე პენსიის გაცემა არ ხდება. მოპასუხე დასაქმებულია გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და შესაბამისად, მისთვის პენსიის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს. ამდენად, მიღებული გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ამიტომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელე დაბადებულია 15.07.1954 წელს. შესაბამისად, მას 15.07.2019 წელს 65 წელი შეუსრულდა.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ. 13).

3.1.2. მოსარჩელემ 11.07.2019 წელს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას და სახელმწიფო პენსიის დანიშვნა მოითხოვა.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გადაწყვეტილება №3867-2019/1 (ს.ფ. 17).

3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 12.07.2019 წლის №3867-2019/1 გადაწყვეტილებით, საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, მოსარჩელის განცხადება სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გადაწყვეტილება №3867-2019/1 (ს.ფ. 17).

3.1.4. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე დაწესებულების გურჯაანის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.08.2019 წლის №04/42010 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ სახელმწიფო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირისათვის, ,,სახელმწიფო პენსიის“ შესახებ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მიუხედავად სამსახურებრივი სტატუსისა ან/და საქმიანობის ხანგრძლივობისა (მათ შორის, გააჩნია თუ არა პირს საჯარო მოხელის სტატუსი), სახელმწიფო პენსიის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ წარმოიშობა. ამავე წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ მისთვის სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნა ვერ განხორციელდებოდა.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 06.08.2019 წლის №4/42010 წერილი (ს.ფ. 14-15).

3.1.5. მოსარჩელე 10.07.2018 წელს დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობს. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 700 ლარს შეადგენს. შრომითი ხელშეკრულება დადებულია უვადოდ.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ცნობა (ს.ფ. 12);

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 62-63).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს კონსტიტუცია;

5.2. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“;

5.3. ,,ევროპის სოციალური ქარტია";

5.4. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი;

5.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

5.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

5.7. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი;

5.8. ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანება.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე, ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22–ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს აქვს სოციალური უზრუნველყოფის, ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, უფლება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში ეროვნული ძალისხმევის, საერთაშორისო თანამშრომლობის მეოხებით, და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესატყვისად. ამავე დეკლარაციის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს იყოს ისეთ ცხოვრებისეულ დონეზე რომელიც გულისხმობს საკვების, ტანისამოსის, საცხოვრისის, სამედიცინო მოვლისა და სოციალური მომსახურების უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია თვით მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და დოვლათისთვის, ადამიანს აქვს უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, სიბერეში დაუძლურების თუ, მისგან დამოუკიდებლად არსებობისათვის სხვა საშუალებების დაკარგვის შემთხვევაში.“

,,ევროპის სოციალური ქარტიის" 23-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით ეფექტურად სარგებლობის მიზნით, სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ან წაახალისოს შესაბამისი ზომები, რომლებიც საშუალება მისცემს ხანდაზმულ პირებს დარჩნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, უზრუნველყოს ადეკვატური სახსრებით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მითითებული საერთაშორისო აქტები ავალდებულებს სახელმწიფოს ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნის და შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფას. ერთ-ერთ ასეთს წარმოადგენს სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფა, რომელიც როგორც ეკონომიკური კატეგორია, ფულადი სახსრების წარმოქმნისა და გადანაწილების ეკონომიკური საშუალებაა და აუცილებელია საზოგადოების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ნაწილისათვის. საპენსიო უზრუნველყოფა, თავისი სოციალურ-ეკონომიკური არსით, გამოხატავს საზოგადოების შრომითი შესაძლებლობების არმქონე ნაწილის ინტერესთა შეთანხმებას იმ დანარჩენ ნაწილთან, რომელიც ქმნის მატერიალურ კეთილდღეობას. საქართველოს კონსტიტუციაში და საერთაშორისო აქტებში მითითებული ფუნქციის განხორციელებისათვის, ეროვნულ დონეზე მიღებულია სხვადასხვა საკანონდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებშიც უკვე დაკონკრეტებულია სოციალური უფლებების სახეები და მოცულობა. მოსარჩელის მხრიდან სადავოდ გამხდარი უფლება - სახელმწიფო პენსიის მიღება, განეკუთვნება იმ უფლებათა ჩამონათვალს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითა და საეთაშორისო კანონმდებლობით არის უზრუნველყოფილი.

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს. იგი განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.

მითითებული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, პენსიის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით და მისი დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ამავე კანონის მე-12 მუხლში აღნიშნულია, რომ პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დამატებით მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

მითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევა წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან პენსიის მიღების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მოპასუხე მხარე წარმოადგენს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნის, მისი გაცემის, ორგანიზების, შეჩერების, განახლების და შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2019 წლის 15 ივლისს შეუსრულდა 65 წელი. შესაბამისად, მას შეუსრულდა საპენსიო ასაკი და პენსიის დანიშვნის მოთხოვნით განცხადებით მიმართა მოპასუხეს. მოპასუხემ 12.07.2019 წლის №3867-2019/1 გადაწყვეტილებით სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე მოსარჩელეს უარი უთხრა. ამავე გადაწყვეტილებით განუმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელე საჯარო საქმიანობას ახორციელებდა, ამიტომ მასზე სახელმწიფო პენსიის დანიშვნა ვერ მოხდებოდა. მოსარჩელემ საჩივრით მიმართა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს და რაიონული განყოფილების გადაწყვეტილების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა. მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ სახელმწიფო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირისათვის, ,,სახელმწიფო პენსიის“ შესახებ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მიუხედავად სამსახურებრივი სტატუსისა ან/და საქმიანობის ხანგრძლივობისა (მათ შორის, გააჩნია თუ არა პირს საჯარო მოხელის სტატუსი), სახელმწიფო პენსიის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ წარმოიშობა და ამიტომ სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნა ვერ განხორციელდებოდა.

6.3. როგორც აღინიშნა, პენსიის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს ამ ბრძანების და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1-ის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს დანიშნული პენსიის შეწყვეტის საფუძველს. იგივეა მითითებული მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში, რომელთა მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც განმარტებულია, რომ საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

მითითებული ნორმის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებებში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა ნორმით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, წარმოადგენს საჯარო საქმიანობას. შესაბამისად, პირის მხრიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში დაუშვებელია სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, ხოლო დანიშნული პენსიის გაცემა უნდა შეწყდეს.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელე 10.07.2018 წელს დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობს. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 700 ლარს შეადგენს. შრომითი ხელშეკრულება დადებულია უვადოდ.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფო ხელისუფლება დანაწილებულია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოს, რომლის ფუნქცია და უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტებით. ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით სახელმწიფო სამსახური განიმარტება, როგორც საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.

ამდენად, სასამართლო წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოს და პირი, რომელიც შრომითსამართლებრივ ურთიერთობაშია სასამართლოსთან, ითვლება რომ იგი ანაზრაურებად საქმიანობას ეწევა სახელმწიფო სამსახურში.

სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოსარჩელე 10.07.2018 წელს დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო დაწესებულებაში ახორციელებს შრომითი ანაზღაურებად საქმიანობას, ეს ურთიერთობა ექცევა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში და მისი საქმიანობა ითვლება საჯარო საქმიანობად. შესაბამისად, იგი ვერ ისარგებლებს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებით და ამიტომ, არ არსებობს მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საფუძველი. გამომდინარე აქედან, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტებით სწორად ეთქვა უარი სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.

6.4. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არა აქვს მითითებული ნორმების მოთხოვნათა დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. აგრეთვე, სადავო აქტების მიღებისას დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები:

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე რ--------------–---–ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ.გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა №24) მეშვეობით.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე