გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/351-20
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ბადრი შონია
სხდომის მდივანი - მანანა გოგიბედაშვილი
მოსარჩელე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელი - მა-----------–---–ი, ნი------------–-–---–ი
მოპასუხე - ეკ---------------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასარგებლოდ ეკ---------------ას დაეკისროს 771.62 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - ეკ---------------ა არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მისთვის სხდომის თარიღის შესახებ ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დროსა და ადგილის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 08 თებერვლის MES 1------------ ბრძანების თანახმად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელოვნების ხელშეწყობის სამმართველოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ეკ---------------ას მიეცა 2019 წლის ანაზღაურებადი შვებულება 2019 წლის 11 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით (24 სამუშაო დღე). ეკ---------------ას მიეცა თანამდებობრივი სარგო 2019 წლის მარტისა და აპრილის თვის საშვებულებო ხელფასი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის MES 2------------ ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 08 თებერვლის MES 1------------ ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,მიეცეს 2019 წლის ანაზღაურებადი შვებულება ეკ---------------ას - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელოვნების ხელშეწყობის სამმართველოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს 2019 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით (17 სამუშაო დღე).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 08 თებერვლის MES 1------------ ბრძანება (ს/ფ 24-25)
- საგადახდო მოთხოვნები (ს/ფ 26-27)
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის MES 2------------ ბრძანება (ს/ფ 31-32)
3.2. 2019 წლის 02 აპრილს ეკ---------------ამ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს და მოითხოვა 2019 წლის 03 აპრილიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება (ს/ფ 28)
3.3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 21 მაისის N3---- ბრძანების თანახმად ეკ---------------ას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე შეუწყდა 2018 წლის 04 ოქტომბერს გაფორმებული N3- შრომითი ხელშეკრულება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელოვნების ხელშეწყობის სამმართველოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი 2019 წლის 03 აპრილიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 21 მაისის N3---- ბრძანება (ს/ფ 30)
3.4. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის 09 დეკემბერს წერილობით მიმართა ეკ---------------ას და აცნობა, 2019 წლის 8 თებერვლის MES 1------------ ბრძანებით განესაზღვრა ანაზღაურებადი შვებულება 2019 წლის 11 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით (24 სამუშაო დღე) და აუნაზღაურდა წინასწარ 2019 წლის მარტის, ხოლო აპრილის თვის დარჩენილი დღეების (13 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - სამუშაო დღე) ანაზღაურება განხორციელდა ხელფასის სახით 2019 წლის 19 აპრილს. 2019 წლის 21 მაისის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიხეილ გიორგაძის N3---- ბრძანებით 2019 წლის 3 აპრილიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო 2019 წლის 24 მაისის N6----- ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება N1----- შვებულების ბრძანებაში და შვებულების პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, რა დროსაც საშვებულებო თანხები სამინისტროს მიერ უკვე ანაზღაურებული იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 3 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ზედმეტად ანაზღაურებული და ბიუჯეტში დასაბრუნებელი ხელზე აღებული თანხა შეადგენს 771.62 ლარს (დარიცხული თანხა შეადგენს 984.21 ლარი, საშემოსავლო გადასახადი -192.91 ლარი), რაც ეცნობა სიტყვიერად ეკ---------------ას და ეთხოვა, არაუგვიანეს 2019 წლის 26 დეკემბრისა უზრუნველეყო თანხის ბიუჯეტში დაბრუნება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის 09 დეკემბერს წერილი (ს/ფ 33-34)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ეკ---------------ა 2019 წლის 03 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელოვნების ხელშეწყობის სამმართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიმართულებით შრომითი ხელშეკრულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, გამომდინარეობს, თუ საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან, მოსარჩელე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნა ეკ---------------ასათვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.
6.2. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 8 თებერვლის MES 1------------ ბრძანებით ეკ---------------ას განესაზღვრა ანაზღაურებადი შვებულება 2019 წლის 11 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით (24 სამუშაო დღე) და აუნაზღაურდა წინასწარ 2019 წლის მარტის, ხოლო აპრილის თვის დარჩენილი დღეების (13 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - სამუშაო დღე) ანაზღაურება განხორციელდა ხელფასის სახით 2019 წლის 19 აპრილს. 2019 წლის 21 მაისის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიხეილ გიორგაძის N3---- ბრძანებით 2019 წლის 3 აპრილიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო 2019 წლის 24 მაისის N6----- ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება N1----- შვებულების ბრძანებაში და შვებულების პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, რა დროსაც საშვებულებო თანხები სამინისტროს მიერ უკვე ანაზღაურებული იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 3 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ზედმეტად ანაზღაურებული და ბიუჯეტში დასაბრუნებელი ხელზე აღებული თანხა შეადგენს 771.62 ლარს (დარიცხული თანხა შეადგენს 984.21 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 192.91 ლარი), რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 3-5-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
ამრიგად, მოპასუხე ეკ---------------ას მიერ, უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 771,62 ლარი. შესაბამისად, მოპასუხე ეკ---------------ას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 771,62 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ეკ---------------ას (პ/ნ 0----------) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 771,62 ლარის ანაზღაურება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ბადრი შონია