გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.02.2020
საქმის ნომერი
140310019003282545
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019003282545

საქმე № 3/275-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2020 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: მ------ ღ----–----

 

მოპასუხე: ა------ კ--–--–---

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

პირგასამტეხლოს- 2500 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, ა------ კ--–--–--- (პირ. № 6----------) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და მასთან გაფორმდა კონტრაქტი; იგი დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.1.5 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 28 000 ლარის გადახდის ვალდებულება, რაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შემცირებულია 2 500 ლარამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, რის გამოც მისი პოზიცია ამ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 13 სექტემბრის № MOD 8 16 00003347 ბრძანებით სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის" იუნკერი ა------ კ--–--–--- გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და 2016 წლის 11 სექტემბერს გაუფორმდა თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბერს N 729 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი" № 1147;

 

მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 13 სექტემბრის № MOD 8 16 00003347 ბრძანება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა" და ა------ კ--–--–---ს შორის 2016 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტი (ს. ფ. 14-20).

 

3.2.2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 6 ივნისის № MOD 3 18 00002062 ბრძანებით, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.5 პუნქტის საფუძველზე, სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის" ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების (სასწავლო ბატალიონის II კურსი) იუნკერი, რიგითი ა------ კ--–--–--- დათხოვნილ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2018 წლის 29 მაისიდან;

 

მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 6 ივნისის № MOD 3 18 00002062 ბრძანება (ს. ფ. 21).

 

3.2.3. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამხედრო სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.

 

მტკიცებულება: კონტრაქტი (ს. ფ. 15-20).

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის № 238 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის № 729 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა ა------ კ--–--–---მ მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

ა------ კ--–--–--- საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2018 წლის 6 ივნისის ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

ეს აქტი მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარმოუდგენია ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და ა------ კ--–--–---სთან კონტრაქტი სწორედ ამ აქტითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

 

როგორც აღინიშნა, მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა კონტრაქტის 6.1.5. პუნქტის საფუძველზე (საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პერიოდში ვადამდე დათხოვნა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას).

 

ა------ კ--–--–---ს მიმართებაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რაც არ იწვევს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ადგილი არ აქვს.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5. პუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.

 

პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

 

იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის № 264 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის № 238 დადგენილებაში, კერძოდ: პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე ,,სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის № 729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდა 2 500 ლარამდე II კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით და შემდგომ კანონმდებლობით შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 2 500 ლარი - ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში, მოცემულ შემთხვევაში არის გონივრული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.

 

აღსანიშნავია, რომ ა------ კ--–--–---ს პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნასა და მის ოდენობასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს - მას არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 2 500 ლარით განსაზღვრა კანონშესაბამისია, რითაც ა------ კ--–--–---სთან მიმართებაში დაცულია როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.

 

საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, 38-39-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 251 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე ა------ კ--–--–---ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2016 წლის 11 სექტემბრის № 1147 კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ჯარიმის სახით) 2 500 (ორიათას ხუთასი) ლარი.

 

2. ა------ კავაშილავას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 100 (ასი) ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი