განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1607-19
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა------–-----,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–-----–----–---- (დაბადებული - 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–-–---------------------–----------------ში).
ადვოკატები - ს-------------–----------------–-----,თარჯიმანი - გ---–--–---------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 21 მარტს, ქ. თ---–--–-----------–----------------ში ი-----–-----–----–---- იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ძმისშვილს რ----–-----–----–---ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).
2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
2.4. ი-----–-----–----–----ს მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ - რ----–-----–----–-----, მოწმეების - უ-–-------–-----ა და ა----–-----–----–----- გამოკითხვის ოქმები, მოწმეების - გ----------------–--–----, მ-------------–---–--ა და ბ--------------–---–-ს ჩვენებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6----------–-- განაჩენი და ექსპერტიზის დასკვნა.
2.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ი-----–-----–----–----ს სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი - დაზარალებულ რ----–-----–----–-----, მოწმეების - უ-–-------–-----ა და ა----–-----–----–----- გამოკითხვის ოქმები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6----------–-- განაჩენი და ექსპერტიზის დასკვნა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.6. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, დაზარალებულ რ----–-----–----–----- გამოკითხვის ოქმების თანახმად, ქ. თ---–--–-----------–----------------ში ცხოვრობს მამამისის ოჯახი, ასევე ორი ბიძა (ოჯახებით), მათ შორის ი-----–-----–----–----. საცხოვრებელი ფართები იზოლირებულია, თუმცა სახლს გააჩნია საერთო ეზო, რომლითაც სამივე ოჯახი სარგებლობს. ბიძამისი ი-----–-----–----–---- ალკოჰოლზე დამოკიდებულია. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ხშირად უმიზეზოდ ჩხუბობს, აგინებს და ემუქრება ნათესავებს. მსგავსი ქმედებების გამო ი-----–-----–----–----ს მიმართ მრავალჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. 2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–-----–----–---მა ე.წ. „ლომის“ საშუალებით სამაგრებიდან ამოაგდო რკინის ჭიშკარი, რომელიც მცირედით ასცდა იქვე მოთამაშე მის შვილს. ბრალდებულის აგრესიულ ქმედებას თან ახლდა ლანძღვა/გინება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა მის (რ----–-----–----–-----) მიმართ. ვინაიდან ი-----–-----–----–----ს მხრიდან აგრესიულ ქმედებებს, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა (ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ხშირად ისვროდა სხვადასხვა ნივთებს), სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად. შეეშინდა და სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამოიძახა საპატრულო პოლიცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა პატრულის თანამშრომლებმა შეძლეს სიტუაციის განმუხტვა და ბრალდებულის დაკავება.
2.7. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს გამოძიებაში გამოკითხვისას მოწმეებმა - უ-–-------–----მ და ა----–-----–----–---მა. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2019 წლის 21 მარტს, საღამოს საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–-----–----–---მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნათესავებს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რ----–-----–----–---ს. უ-–-------–----მ და ა----–-----–----–---მა ასევე დაადასტურეს, რომ ბრალდებულის მხრიდან გინებას, ჩხუბს და მუქარას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, რის გამოც ი-----–-----–----–----ს მიმართ, წარსულში არაერთხელ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. რ----–-----–----–----- მიმართ განხორციელებული მუქარა აღიქვეს რეალურად და შეეშინდათ.
2.8. პატრულ -ინსპექტორებმა - მ-------------–---–მა და გ----------------–--–---მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით შვიდის ნახევარზე, მიღებული შეტყობინების საფუძველზე იმყოფებოდნენ ქ. თ---–--–-----–-–-------–-----------–----------------ში. შემთხვევის ადგილზე დახვდათ დაზარალებული რ----–-----–----–---ი, რომელმაც განაცხადა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბიძა - ი-----–-----–----–---- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულმა რკინის ,,ლომის“ დახმარებით, სამაგრებიდან ამოგადო დიდი ზომის ჭიშკარი, რითაც მცირეწლოვან ბავშვს შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე. ძლიერ ნასვამი ი-----–-----–----–---- პატრულის თანამშრომლების დანახვაზე გამოვიდა თავისი ოთახიდან, რომელიც კვლავ აგინებდა და ემუქრებოდა ძმისშვილს, როგორც ქართულ ისე აზერბაიჯანულ ენაზე. ბრალდებული ძალიან აგრესიულად იქცეოდა, არაერთი მოწოდების მიუხედავად არ დამშვიდდა და პატრულის თანამშრომლებს არ მისცა სიტუაციაში გარკვევის საშუალება. აღნიშნული გარემოებების გამო დააკავეს ი-----–-----–----–----. დაზარალებული აღშფოთებული და გაღიზიანებული იყო. განაცხადა, რომ ბრალდებულის მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნულ მისამართზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არაერთხელ იყო გამოძახებული და ი-----–-----–----–----ს მიმართ რამოდენიმენეჯრ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ბრალდებული პატრულის ავტომანქანაში იქცეოდა არაადეკვატურად და ცდილობდა თვითდაზიანების მიყენებას.
2.9. სასამართლო აფასებს რ----–-----–----–-----, უ-–-------–----- და ა----–-----–----–----- გამოკითხვის ოქმებს, მ-------------–---–--ა და გ----------------–--–---- ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ როგორც გამოძიებისთვის, ასევე სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. რ----–-----–----–----, უ-–-------–---- და ა----–-----–----–---ი იდენტურად აღწერენ ი-----–-----–----–----ს მიერ ძმისშვილის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს. განმარტავენ, რომ 2019 წლის 21 მარტს, საღამოს საათებში, ნასვამმა ბრალდებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რ----–-----–----–---ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. ი-----–-----–----–----ს აგრესიული ქმედებებისა და მისი წარსული ცხოვრების გამო, ბრალდებულის მუქარა აღიქვეს რეალურად და შეეშინდათ. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორებმა ასევე დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე დახვდათ აგრესიული, არაადეკვატური ბრალდებული, რომელიც აგინებდა ნათესავებს და ემუქრებოდა რ----–-----–----–---ს. დაზარალებული იყო შეშინებული და რეალურად აღიქვამდა ბიძის მხრიდან განხორციელებულ, სიცოცხლის მოსპობის მუქარას. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ვერ შეძლო ი-----–-----–----–----ს დამშვიდება, რის გამოც მისი დაკავება გახდა აუცილებელი. ამდენად, რ----–-----–----–-----, უ-–-------–----- და ა----–-----–----–----- გამოკითხვის ოქმები, მ-------------–---–--ა და გ----------------–--–---- ჩვენებები ცალსახად ადასტურებენ ი-----–-----–----–----ს მხრიდან ძმის შვილის მიმართ განხორციელებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს, ასევე იმ გარემოებას რომ რ----–-----–----–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების (სიცოცხლის მოსპობის) რეალური შიში.
2.10. გამომძიებელმა ბ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ 2019 წლის 21 მარტს, საღამოს საათებში, გამოძახების საფუძველზე, პატრულის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ დაზარალებული და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, არაადეკვატური ი-----–-----–----–----. ბრალდებული აგინებდა და ემუქრებოდა რ----–-----–----–---ს, რის გამოც დააკავეს პატრულის თანამშრომლებმა. ი-----–-----–----–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.
2.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამომძიებელ ბ--------------–---–-ს მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებსა და რ----–-----–----–-----, უ-–-------–-----, ა----–-----–----–----- გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს. გამომძიებლის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ გამოძიება წარიმართა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.
2.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ დასკვნით სიტყვაში ბრალდებულმა ი-----–-----–----–---მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2019 წლის 21 მარტს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და გაბრაზებულმა ძმის შვილს უთხრა მუქარის შემცველი სიტყვები. იძლევა გამოსწორების პირობას და სასამართლოს პატიებას სთხოვს.
2.13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
2.14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
2.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15).
2.16. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა, რომ 2019 წლის 21 მარტს, ი-----–-----–----–---- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ძმისშვილს - რ----–-----–----–---ს. დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები, ბრალდებულის აგრესიული ქმედებები და უარყოფითი წარსული გამოცდილება ცხადყოფს, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება. ამ საკითხის შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ: მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი და განისაზღვროს ჩათვლიდა თუ არა ასეთი ადამიანი კონკრეტულ მუქარას რეალურად. ამ დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, ფორმა, არაერთჯერადი ხასიათი, პირის შეიარაღება, ფიზიკური კონდიციები მუქარის წარმოთქმისას და ობიექტური დაბრკოლებების არსებობა/არარსებობა.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 21 მარტს ი-----–-----–----–----ს მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული მუქარა მიმართული იყო რ----–-----–----–----- სიცოცხლის მოსპობისაკენ. ბრალდებულის აგრესიული ქმედებები, არაერთგზის გინება, მუქარის შემცველი სიტყვები ჩვეულებრივი ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს შეუქმნიდა განცდას მუქარის რეალურობასთან დაკავშირებით. ამასთან, დამმუქრებლის პიროვნების, დამნაშავესა და მსხვერპლს შორის ურთიერთდამოკიდებულების, მუქარის გამოხატვის ხერხისა და დაზარალებულის განმარტებების (მათ შორის წარსულში ბრალდებულის აგრესიული ქმედებების გათვალისწინებით) გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - მუქარის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----–-----–----–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ი-----–-----–----–---ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ი-----–-----–----–----ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია მისი აღიარება და ჯანმრთელობის მდგომარეობა (არის შეზღუდული შერაცხადი), ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა ოჯახური კატეგორიის დანაშაულისა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისათვის.
ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ი-----–-----–----–----ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ნათესავის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ი-----–-----–----–---- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რ----–-----–----–---ს) ი-----–-----–----–----ს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის დაერღვია სიმშვიდე, მყუდროება), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის უმუშევარი, არის შეზღუდული შერაცხადი, არის ალკოჰოლზე დამოკიდებული, არის ნასამართლევი), ი-----–-----–----–----ს ქცევას სასამართლო განხილვის დროს (საქმის არსებითად განხილვის დროს ბრალდებულს წესრიგი არ დაურღვევია), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ასევე იმ გარემოებას, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან დაახლოებით ერთ თვეში ი-----–-----–----–---მა ჩაიდინა ახალი დანაშაული, დანიშნულმა სასჯელმა ვერ უზრუნველყო დანაშაულის პრევენციის მიზანი და სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, ი-----–-----–----–---ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
4.6. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
4.7. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
4.8. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
4.9. ამდენად, განაჩენის 4.5.-4.8. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ი-----–-----–----–---ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ი-----–-----–----–----ს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–-----–----–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. ი-----–-----–----–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
3. ი-----–-----–----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 მარტიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი