გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №340310020003469945
საქმე №3/10-20
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14 თებერვალი 2020 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - გ------------–---–-
წარმომადგენელი - შ--–---------–-–---–-
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ------- პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო
წარმომადგენელი - გ---------–--–-–---–-
დაინტერესებული პირი - ჟ--- ო---–---–-
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერების გაუქმება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ------- პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ 2020 წლის 06 თებერვალს გ------------–---–-ს მიმართ შედგენილი №026829 შემაკავებელი ორდერი.
მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოსარჩელე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ჟ--- ო---–---–თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ა------- და მ------ კ-------–---–ები. მეუღლეები 2018 წლის ნოემბრიდან დაცილდნენ ერთმანეთს და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ურთიერთშეთანხმებით ბავშვები ხან მამასთან და ხან დედასთან ცხოვრობენ. 2020 წლის 6 თებერვალს ბავშვები მამასთან იმყოფებოდნენ. საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე მოსარჩელე სახლში დაბრუნდა. მისი შვილი მ------ი ცუდად იყო და დედას კითხულობდა. ვინაიდან დედა ფრანგულ სამედიცინო ცენტრში ,,კ------- იონში“ გვიანობამდე მუშაობს, მოსარჩელემ მასთან მანქანით მისვლა და ბავშვებთან წამოყვანა გადაწყვიტა. განყოფილებაში ე---------- ბ-------–---–- შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ჟ--- სამსახურიდან 5 წუთის წასული იყო. მოსარჩელემ მობილურზე დაურეკა ჟ---ს და ჰკითხა თუ სად იყო, რაზეც უპასუხა, რომ სამსახურში იყო. მოსარჩელემ განუმარტა, რომ ისიც მის სამსახურშია და სად იყო, თუმცა ვერ მოასწრო იმის თქმა, რომ ბავშვი ავადაა რადგან ჟ---მ ტელეფონი გათიშა.
მოსარჩელის განმარტებით ამის მეტი საუბარი მათ შორის არ მომხდარა. ჟ--- ო---–---–--თვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არც დამუქრებია, თუმცა პოლიციამ მის მიმართ მაინც შეადგინა შემაკავებელი ორდერი.
2. მოპასუხისა და დაინტერესებული პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარემ წარმოადგინა წერილობითი მოსაზრება. სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვება მოითხოვა.
2.2. დაინტერესებული პირი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მან წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოფილმა მეუღლემ 2020 წლის 6 თებერვალს მობილურზე დაურეკა და ყვირილით ჰკითხა თუ სად იყო. პასუხის გაცემის შემდეგ დაუწყო გინება და უცენზურო სიტყვებით მიმართა. იგი ამ პერიოდში სამსახურეობრივ საქმეზე ადმინისტრაციულ კორპუსში იმყოფებოდა და ყოფილი მეუღლის ყვირილი, ტელეფონის პარალელურად, ეზოდანაც ესმოდა. მას არ უხსენებია, რომ ბავშვი ავად იყო. ბავშვის საავადმყოფოში შეყვანას რაც შეეხება, ეს იმისთვის გააკეთეს, რომ თავისი ძალადობრივი საქციელი გაემართლებინა, რადგან ბავშვს არაფერი სჭირდა და ეს მეორე დღეს ექიმებმა დაუდასტურეს. ასევე განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც გიგა საპატიმროდან გათავისუფლდა, იგი ხშირად ჩუმად დაჰყვება, უსაფუძვლო ეჭვიანობით მის შეზღუდვას ცდილობს. იმ დღესაც სამსახურის მიმდებარე ტერიტორიიდან უთვალთვალებდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტები:
3.1.1. მოსარჩელე და დაინტერესებული პირი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ა------- და მ------ი კ-------–---–ები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)
- ბავშვის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 24).
3.1.2. მოსარჩელე და დაინტერესებული პირი ერთმანეთს 2018 წლის ნოემბერში დაცილდნენ. დაინტერესებული პირი ცხოვრობს მშობლებთან ერთად გურჯაანის რაი----- სოფელ ჩ----–--–-. არასრულწლოვანი შვილები ურთიერთშეთანხმებით ხან მოსარჩელესთან (მამასთან) და ხან დაინტერესებულ პირთან (დედასთან) იმყოფებიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-14)
3.1.3. 2020 წლის 06 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა გურამ ნაცვლიშვილმა შეადგინა შემაკავებელი ორდერის ოქმი №026829 და შემაკავებელი ორდერი №026829 გ------------–---–-ს მიმართ, მსხვერპლი ჟ--- ო---–---–ზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. შემაკავებელი ორდერი გამოიცა შემდეგი პირობებით:
· მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს;
· მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;
· მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
· მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 17);
- შემაკავებელი ორდერის ოქმი (ს.ფ. 18-23).
3.2. სადავო ფაქტები:
3.2.1. საქმის განხილვის შედეგად გ------------–---–-ს მხრიდან 2020 წლის 6 თებერვალს ჟ--- ო---–---–--ათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დადასტურდა. შესაბამისად, არ დადასტურდა ფსიქოლიგიური ძალადობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარის მიერ მითითებული გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილია ე---------- ბერუკაშვილის (ფრანგული სამედიცინო ცენტრი ,,კ------- ი-----“ ექიმი) გამოკითხვის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ 2020 წლის 06 თებერვალს, სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, განყოფილებაში ჟ--- ო---–---–-- ყოფილი მეუღლე გ------------–---–- მივიდა და ჟ---ს ადგილსამყოფელი იკითხა, რადგან ბავშვი ჰყავდა ავად.
საქმეში წარმოდგენილია მ------ კ-------–---–ის გამოკითხვის (მოსარჩელის დედა) ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ 2020 წლის 06 თებერვალს მ------ კ-------–---–ს ჰქონდა ტკივილები მუცლის არეში და გ------------–---–- ჟ--- ო---–---–-- მოსაყვანად წავიდა მასთან სამსახურში. გ------------–---–- სახლში დაახლოებით ორ საათში დაბრუნდა და ვინაიდან მ------ის დედა ვერ ნახა, ამიტომ სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც მ------ი საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქმესი წარმოდგენილია ცნობა (ფორმა 100), რომლითაც დასტურდება, რომ 2020 წლის 07 თებერვალს 00:10 საათზე შპს ჯეო ჰოსპიტალსის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრში მიყვენილი იქნა მ------ი კ-------–---–ი. მოკლე ანემნეზის მიხედვით ბავშვს აღენიშნებოდა შეტევითი ხასიათის მუცლის ტკივილები. ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და მკურნალობა. ავადმყოფი სტაციონარიდან გაეწერა იმავე დღეს 05:00 საათზე.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2020 წლის 06 თებერვალს გ------------–---–-ს მისვლა ჯანა ო---–---–თან ბავშვის ავადმყოფობით იყო გამოწვეული. აგრეთვე დასტურდება, რომ მათ შვილა - მ------ი კ-------–---–ს სამედიცინო დახმარება ნამდვილად სჭირდებოდა. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაინტერესებული პირის მხრიდან განცხადებაში დაფიქსირებული მოსაზრება, რომ 2020 წლის 06 თებერვალს გ------------–---–- მას უთვალთვალებდა და ბავშვის ავადმყოფობასთან დაკავშირებული ფაქტი ძალადობრივი საქციელის გამართლების მიზნით იყო მოგონილი, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. რაც შეეხება სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც აღნიშნული იქნებოდა დადასტურებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გამოკითხვის ოქმები (ს.ფ. 28-29);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 25)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებისა და მტკიცებულებების შემოწმების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
5.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 06 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა შეადგინა შემაკავებელი ორდერის ოქმი №026829 და გამოსცა შემაკავებელი ორდერი №026829 გ------------–---–-ს მიმართ, რომლის საფუძველზეც მოძალადეს აეკრძალა - 1) იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; 2) აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; 3) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; და 4) აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.
შემაკავებელი ორდერის და ოქმის მიხედვით, მსხვერპლზე - ჟ--- ო---–---–ზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ძალადობა. აღნიშნული კი გამოიხატა 2020 წლის 06 თებერვალს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
იმავე კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს და ამ მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფსიქოლოგიური ძალადობა არის მსხვერპლის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
ამავე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;
ამავე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოძალადე არის – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით;
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე და დაინტერესებული პირი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. ისინი ერთმანეთს 2018 წლის ნოემბერში დაცილდნენ და მას შემდეგ ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამდენად, მოსარჩელე და დაინტერესებული პირი წარმოადგენენ ყოფილ მეუღლეებს და, ზემოაღნიშნული კანონის განმარტებიდან გამომდინარე, ისინი ოჯახის წევრებად ითვლებიან. სწორედ ამიტომ, სასამართლომ უნდა შეაფასოს ფაქტი იმის შესახებ, რომ ჰქონდა თუ არა ადგილი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური ძალადობა.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ძალადობა ხშირად ფარულად ხდება და მისი დადასტურება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მითუმეტეს რთულია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის დადასტურება როცა ამას სხვა პირები არ ესწრებიან. ძალადობის არსებობის შესახებ ინფორმაციის შემოწმებისას ყურადღება უნდა მიექცეს ყველა გარემოებას, რომელიც ობიექტური დამკვირვებლის თვალში ძალადობის არსებობაზე მიუთითებენ. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომელსაც უფლებამოსილ პირს აწვდიან ერთის მხრივ მსხვერპლი და მოძალადე. აგრეთვე, ის ვითარება, რომელშიც თითოეული მათგანი ფაქტზე მყისიერი რეაგირების მომენტში იმყოფება. ფაქტის მიმართ მყისიერი რეაგირება გულისხმობს როგორც მსხვერპლის და მოძალადის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესწავლას, ასევე ინციდენტის ირგვლივ არსებული რელევანტური მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას. ამასთან, მოპოვებული ინფორმაციის დაფიქსირება უნდა მოხდეს სათანადო წესით, რათა დავის დაწყების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს მათი დადასტურება და მასზე დაყრდნობით სადავო საკითხის გადაწყვეტა.
სასამართლოს განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზანს ოჯახის ერთი წევრის ძალადობრივი ქმედებისგან სხვა წევრ(ებ)ის დაცვა წარმოადგენ. მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოიცემა შემაკავებელი ორდერი, რომელიც დროებითი ხასიათის აქტია და მისი მოქმედება განისაზღვრება იმ ვადით რა ვადითაც გამოიცა. ამავდროულად, მსხვერპლის დაცვის მიზნით ორდერში მიეთითება ის ღონისძიება, რომლის აუცილებელია მის დასაცავად. ყველა პირობა, რაც მითითებული იქნება შემაკავებელ ორდერში მიმართული უნდა იყოს და უნდა ემსახურებოდეს მსხვერპლის ძალადობისაგან დაცვას. ამდენად, შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას უნდა წარმოადგენდეს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური, ფსიქოლოგიური ეკონომიკური თუ სხვა სახის ძალადობის მსხვერპლად. თუმცა, აღნიშნული ღონისძიების გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
შემაკავებელი ორდერის გამოცემის წინაპირობა ძალადობის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. მის გარეშე შემაკავებელი ორდერის გამოცემა ვერ მოხდება. განსახილველ შემთხვევაში კი საქმისათვის მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის დადგენა. ანუ, იმის დადგენა, რომ მოსარჩელემ ფსიქოლოგიურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე. ამისათვის კი აუცილებელია, რომ სახეზე იყოს კანონით ფსიქოლოგიური ძალადობის ტერმინში ჩამოთვლილი ქმედება, როგორიცაა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ამდენად, მოქმედება, რომელსაც მოძალადე ახორციელებს თავისი შინაარსით უნდა იწვევდეს მსხვერპლში ზემოთჩამოთვლილი რომელიმე გრძნობას და ასევე, ამგვარად უნდა აღიქმებოდეს ობიექტური დამკვირვებლის თვალშიც. ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობა უნდა დასტურდებოდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით - წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ. და უნდა იყოს შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროისათვის აქტუალური.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე უტყუარად არ დასტურდება ფაქტი, რომ 2020 წლის 6 თებერვალს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთი სახის ქმედებას, რომელიც კანონით ფსიქოლოგიურ ძალადობად კვალიფიცირდება. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის მხრიდან ყოფილი მეუღლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან მისთვის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტს დაადასტურებდა. გამოკითხვის ოქმები და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ 2020 წლის 06 თებერვალს, მოსარჩელის და დაინტერესებული პირის საერთო შვილი მ------ი კ-------–---–ი ავად იყო და დედას კითხულობდა. მოსარჩელის განმარტებით, სწორედ ამან განაპირობა ყოფილი მეუღლის სამსახურში მისი მისვლა. ამდენად, არსებობს ურთიოერთდაკავშირებული ფაქტები იმის სათქმელად, რომ მოსარჩელის მისვლა ბავშვის ავადმყოფობით იყო გამოწვეული და არა სხვა მოტივით, რომელზეც დაინტერესებული პირი თავის განცხადებაში უთითებს. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ ბავშვის ავად არ იყო და ეს მოგონილია მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამართლების მიზნით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც ბავშვისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ფაქტი უტყუარად დასტურდება. ასევე ვერ იქნება გაზიარებული ის გარემოება, რომ მოსარჩელემ დარეკვისთანავე უყვირა და აგინებდა, რადგან გარდა მისიგანმარტებისა ამის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით დამკვიდრებული მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა-განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ დადასტურდა მოსარჩელის მხრიდან ჟ--- ო---–---–-- მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის ისეთი ქმედება, რაც შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდებოდა და ამიტომ, მოსარჩელის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის მე-12, მე-13, 2114-2115 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ------- პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ 2020 წლის 06 თებერვალს გ------------–---–-ს მიმართ შედგენილი №026829 შემაკავებელი ორდერი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდ: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. N24) მეშვეობით.
მოსამართლე რომან კუპატაძე