გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.12.2019
საქმის ნომერი
330310019003210114
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7430-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - გიორგი ჩიქოვანი

 

მოსარჩელე - გ-----------------–ი

წარმომადგენელი - დ--------------ე

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - ს-----------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 26 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი შპს თ---–---------------------------ის მიერ 2010 წელს გ-----------------–ის მიმართ გაცემული კუთვნილი ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. შპს თ---–---------------------------ის რექტორის 2006 წლის 29 სექტემბრის №--- ბრძანებით გ-----------------–ი ჩაირიცხა 2006-2007 სასწავლო წელს ლიცენზირებული რეჟიმის ბიზნესის და მართვის ფაკულტეტზე.

 

შპს თ---–-----------------------------მა 2010 წლის 1 ნოემბერს გ-----------------–ის სახელზე გასცა დიპლომი B--------- (რეგისტრაციის №---), რომლის თანახმად, შპს თ---–---------------------------ის ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის 2010 წლის 25 ივნისის №-- გადაწყვეტილებით გ-----------------–ს მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვეო საქმის სპეციალობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს თ---–---------------------------ის რექტორის 2006 წლის 29 სექტემბრის №--- ბრძანების №-- დანართი (ს.ფ. 55-58);

- სანოტარო წესით დამოწმებული დიპლომი B--------- (ს.ფ 39-40).

 

3.2. გ-----------------–მა 2019 წლის 6 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს თ---–---------------------------ის მიერ მასზე გაცემული B--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ-----------------–ის 2019 წლის 6 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 36-37);

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 35).

 

3.3. საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრში არსებული ჩანაწერების, საარქივო დოკუმენტაციისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს თ---–-------------------------------------ის (შპს თ---–----------------------------ი) მიერ 2002 წლის 27 მაისიდან 2011-2012 სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელებული უმაღლესი და 2007 წლის 3 ოქტომბრიდან 2011-2012 სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელებული პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ჩარიცხული პირებისათვის აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, 2010 წლის პირველ სექტემბრამდე ლიცენზირებულ რეჟიმში ჩარიცხული პირების მიერ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, ხოლო 2012 წლის ოქტომბრიდან აღნიშნული იურიდიული პირი წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 3 აგვისტოს M---------------- წერილი (ს.ფ. 72-73);

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 10 ნოემბრის M---------------- მოხსენებითი ბარათი, დანართით (ს.ფ. 74-103).

 

3.4. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წლის 23 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით გ-----------------–ის შესახებ მონაცემები არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შორის. მისი მონაცემები, ასევე, არ იძებნება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 26 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 104-108).

 

3.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 26 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა B--------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ გ-----------------–ის მიერ შპს თ---–---------------------------ში სწავლის პერიოდი, მისთვის 2010 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის B--------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ნამდვილობის დადასტურების წინაპირობას წარმოადგენს პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) ჩარიცხვა და მიღებული განათლების სახელმწიფო აღიარების თაობაზე ცენტრისთვის განცხადებით მიმართვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 26 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 104-108).

 

3.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის 12 დეკემბერს M---------------- წერილით მიმართა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს, გ-----------------–ის მიერ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

 

სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 26 დეკემბრის M---------------- წერილის თანახმად, გ-----------------–მა მონაწილეობა მიიღო 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა მან ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მის მიერ მიღებულ შეფასებას წარმოადგენდა: ქართული ენა და ლიტერატურა - 48 ქულა (სკალირებული ქულა - 140,2), ზოგადი უნარები - 49 ქულა (სკალირებული ქულა 149,7), გერმანული ენა - 40 ქულა (სკალირებული ქულა - 142,7), მათემატიკა - 16 ქულა (სკალირებული ქულა - 131,8).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 დეკემბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 141);

- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 26 დეკემბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 142).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-----------------–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 26 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ დავის განხილვისას უნდა შეამოწმოს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ასევე, ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც დადასტურდება შპს თ---–---------------------------ის მიერ გ-----------------–ის სახელზე გაცემული B--------- დიპლომის ნამდვილობა.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), მე-5 მუხლის მიხედვით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების (შემდგომში – საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების (მითითებული რედაქციის) მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ავალდებულებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება განახორციელოს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ გ-----------------–მა 2019 წლის 6 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს თ---–---------------------------ის მიერ მასზე გაცემული B--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. ასევე, დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 26 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა B--------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ გ-----------------–ის მიერ შპს თ---–---------------------------ში სწავლის პერიოდი, მისთვის 2010 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის B--------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ნამდვილობის დადასტურების წინაპირობას წარმოადგენს პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) ჩარიცხვა და მიღებული განათლების სახელმწიფო აღიარების თაობაზე ცენტრისთვის განცხადებით მიმართვა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში ჩარიცხვის წესზე, კერძოდ, საქმის მასალებით, მათ შორის, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 26 დეკემბრის M---------------- წერილით დადგენილია, რომ 2006 წელს გ-----------------–ი შპს თ---–---------------------------ში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ გ-----------------–მა მონაწილეობა მიიღო 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა მან ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ახლადაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირებას იმ კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ფაკულტეტმა წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს. სიები ეგზავნება შესაბამის ფაკულტეტებს. მე-10 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა 2010 წელს შპს თ---–---------------------------ის მიერ, გ-----------------–ის სახელზე გაცემული B--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.

 

ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფომ მისცა შესაძლებლობა ჩაებარებინა და ესწავლა კონკრეტულ უნივერსიტეტში, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიუხედავად, სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა მითითებული პერიოდისათვის იმპერატიულად ითხოვდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მეშვეობით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებას, რასაც, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 26 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-----------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე