განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/5755-19
#(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 იანვარი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი გაიოზ ილურიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ანა მ---------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
გ------------ი - დაბადებული 1--- წლის 2---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, არასრული-საშუალო განათლებით, დაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ზ------------ ქუჩა N3;
კვალიფიკაცია: გ------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 08 ნოემბერს, კინოფილმ - ,,დ---------–----თ’’ პრემიერით განაწყენებულმა გ------------მა, 2019 წლის 09 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, მივიდა მ-----------------------------ში მდებარე კინოთეატრ ,,ა------ში’’ და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ხელის დარტყმით დააზიანა კინოთეატრის ვესტიბიულის კედელზე განთავსებული ,,SAMSUNG’’-ის ფირმის 5 (ხუთი) ცალი ტელევიზორი, თითოეული ღირებული 300 (სამასი) ლარად, რომლებშიც ტრიალებდა სხვადასხვა ფილმების, მათ შორის კინოფილმ ,,დ---------–----თ’’ სარეკლამო რგოლები. გ------------ის ქმედებით კინოთეატრ ,,ა------ს’’ საერთო ჯამში მიადგა 1500 (ათას ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.1. ბრალდებულმა გ------------მა, თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისებრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისთვის. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის მნიშნველოვანი ზიანის მიყენება. მოცემულ შემთხვევაში გ------------ის განზრახი ქმედების საფუძველზე დაზიანდა კინოთეატრ ,,ა------ის“ ტელევიზორები, რის შედეგადაც დაზარალებულს, საერთო ჯამში მიადგა 1500 (ათას ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2.3. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------------მა, ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. გ------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების : ნიკოლოზ ბუნტურის, ლაშა ბერიძის, გიორგი ფერიაშვილის და გიორგი ნიკოლეიშვილის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ გ------------ის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, კომპლექსური (ტრასოლოგიური, საქონელმცოდნეობითი) ექსპერტიზის N---------; 2---/ს დასკვნა და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. გ------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და არის ნასამართლობის არმქონე.
5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება გ------------ს მიმართ არის ის რომ მის მიერ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია სექუალური ორიენტაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. გ------------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ნასამართლობის არ მქონეა, არ გააჩნია სამუშაო ადგილი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას გ------------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გ------------ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
2. გაუქმდეს გ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა 4000 ლარის ოდენობით გადახდილი 12.12.2019 წელს სს ,,საქართველოს ბანკში’’ დაუბრუნდეს გირაოს შემტანს, გ------------ს პ/ნ #0----------.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა გ------------მა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
5. საქმეზე დართულ ნივთმტკიცების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:
შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი