განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100120003448076
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - თორნიკე გოგეშვილი
ბრალდებული - გი----------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: გი----------ძე
მამის სახელი: ლ----ი
დაბადებული: 2-.0-.19-- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6---------1
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქობულეთი, სოფ. ბ--------თი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
12-1 მუხლის 1-ლი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 17 დეკემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ--------თში მდებარე საცხოვრებელ სახლში გი----------ძემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, მამას - ლ---- ბ-----ეს თავის კედელზე მირტყმით და ხელის სახის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი:
4. 2019 წლის 17 დეკემბერს, ქობულეთის რაიონულ სამმართველოში გი----------ძის შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
5. შეტყობინების (რეგისტრაციის N3382296) თანახმად, მშობელმა შვილზე განახორციელა ძალადობა, მხარი აქვს მოტეხილი.
6. ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ლ---- ხ--------შვილის მიერ შედგენილი N0250-5 შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2019 წლის 17 დეკემბერს, გი----------ძემ მამას - ლ---- ბ-----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე შემაკავებელი ორდერით, მოძალადეს - გი----------ძეს აეკრძალა მსხვერპლთან - ლ---- ბ-----ესთან ყოველგვარი კომუნიკაცია.
7. ბრალდებულმა გი----------ძემ დაადასტურა, რომ 2019 წლის 17 დეკემბერს, ქობულეთში, სოფ. ბ--------თში მდებარე საცხოვრებელ სახლში ძალადობა განახორციელა მამის - ლ---- ბ-----ის მიმართ, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის გამოკითხვის ოქმით.
8. სამედიცინო ექსპერტიზის №000366820 დასკვნის თანახმად, ლ---- ბ-----ეს, სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (18.12.19 წ) ცხვირის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1 მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
10. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
11. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გი----------ძე არის ლ---- ბ-----ის შვილი.
12. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი----------ძემ ჩაიდინა ოჯახის წევრის - მამის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
13. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გი----------ძის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გი----------ძეს ჰქონდა განზრახვა ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით და ეს განახორციელა.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 12-1 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
15. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გი----------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1 მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
16. გი----------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
17. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
18. საქართველოს სსკ-ის 12-1 მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას.
19. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
20. მოცემულ შემთხვევაში, გი----------ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული არ არის ნასამართლევი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი----------ძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 12-1 მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. აღნიშნული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გი----------ძის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 2-0-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გი----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 12-1 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 55 (ორმოცდათხუთმეტი) საათით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად დაურჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 25 (ოცდახუთი) საათის ოდენობით.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს გი----------ძეს (პ/ნ 6---------7) კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს გი----------ძის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 2.000 (ორი ათასი) ლარი. დასტური N ა 056142, სალაროს შემოსავლის ორდერი N18/42490 სს ,,საქართველოს ბანკი’’.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი