განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2020
საქმის ნომერი
010100120003410770
დავის ტიპი
276 2
თარიღი
21.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100120003410770

საქმე №1-21/20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ა----------ს

ბრალდებულის - მ------- ხ--–--–ის

ადვოკატის - ჯ--–------------–--ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №075100919001 საქმე :

 

ბრალდებულ მ------- ხ--–--–ის მიმართ

მამის სახელი: ჯ------–

დაბადებული: 1--------- წელს

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ----------------------------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ბ------–------------–------------- საცხოვრებელი კორპუსის წინ, „მაზდას“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით PP966AA, მართვისას მ------- ხ--–--–მა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 25, პუნქტი 2, ქვეპუნქტი „ბ“-ს და მუხლი 32, პუნქტი 16-ის მოთხოვნები და უკუსვლით მოძრაობის დროს, ქვეითისათვის განკუთვნილ გადასასვლელზე შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თ------- ს------ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

2. ბრალდებულმა მ------- ხ--–--–მა სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულ თ------- ს------ს ჩვენებისა - სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა დაზარალებულის ჩვენების გარდა არც ერთი სხვა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. დაზარალებულმა თ------- ს------მ საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა, რომ 2019 წლის 10 სექტემბერს ქვეითთა გადასასვლელზე მოძრაობისას შეეჯახა ავტომანქანა, მიიღო მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, დაჭირდა ხანგრძლივი მკურნალობა. აქვს პრეტენზია ბრალდებულ ხ--–--–თან, რომელმაც არ აანაზღაურა მკურნალობის ხარჯები და გადასცა მხოლოდ მიზერული თანხა. მართალია მისი ოპერაცია და მკურნალობა სრულად დაფინანსდა სადაზღვეო კომპანიის მიერ, მაგრამ სურს მკურნალობის ხარჯი, იგივე მოცულობით, რაც სადაზღვევო კომპანიის მიერ გაიცა, ბრალდებულმა სრულად აუნაზღაუროს პირადად მას.

 

5. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------- ხ--–--–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, გარდა დაზარალებულ თ------- ს------ს ჩვენებისა და ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ------- ხ--–--–ის ბრალეულობას, კერძოდ:

 

მოწმე გ-----------ს ჩვენება; 2019 წლის 10 სექტემბერს შედგენილი დათვალიერების ოქმი, სქემა; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2019 წლის 31 ოქტომბრის №297/ა დასკვნა, რომლის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ მ------- ხ--–--–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 25 პუნქტი 2 ქვეპუნქტი „ბ“-ს და მუხლი 32 პუნქტი 16-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 18 ნოემბრის №ს/ტ-355 დასკვნა, რომლის თანახმად, წარმოდგენილ ავტომობილზე საჭით მართვის მექანიზმის და სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 07 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N007830219 დასკვნა, რომლის თანახმად, თ------- ს------ს დაესვა დიაგნოზი - მარცხენა მხრის ძვლის პროქსიმალური ბოლოს სახსარშიდა ფრაგმენტული მოტეხილობა. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, თ------- ს------ს აღენიშნებოდა: მარცხენა მხრის ძვლის პროქსიმალური ბოლოს სახსარშიდა ფრაგმენტული მოტეხილობა, ექსკორიაციები და სისხლნაჟღენთები მარცხენა იდაყვის სახსრის საპროექციო მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვის საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის მიზნით.

 

6. ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 25-ე, პუნქტი 2-ე, ქვეპუნქტი „ბ“-ს თანახმად: თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები.

 

7. ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 32-ე, პუნქტი 16-ის თანახმად: მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის ამავე მუხლის, პუნქტი 15-ით განსაზღვრლ ადგილებში.

 

8. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

10. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

11. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ------- ხ--–--–ის ბრალდების დადასტურება.

 

12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

15. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

16. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

17. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

18. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

20. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------- ხ--–--–მა ავტომანქანის მართვისას დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რამაც თ------- ს------ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

21. მ------- ხ--–--–ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებება არ გააჩნია.

 

22. მ------- ხ--–--–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

24. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

25. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

26. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

27. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

28. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

29. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------- ხ--–--–ს, რომელიც აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაული, არ არის ნასამართლევი - უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

30. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ------- ხ--–--–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული მ------- ჯ------–ის ძე ხ--–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი