განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2020
საქმის ნომერი
330100119003042399
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2640-19

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის ნ---------------ის,ადვოკატის ზ-------------–-–---–ის,ბრალდებულის გ--------–------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------–------ის (პ/ნ 0----------) დაბადებულის 1----–-–---------------- რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, კ-----------------------------, საქართველოს სსკ 187-ე პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გ--------–------ს ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 10 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, კოტ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ--------–------მა დააზიანა ი-----–-----–---–---–ის კუთვნილი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ,-----------) უკანა საქარე მინა, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--------–------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის უტყუარ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ გ--------–------მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალადშერაცხული ქმედება.

მოწმე მ----------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ცხოვრობს კ----------ის ქუჩაზე. დაზარალებული ი-----–-----–---–---–ი მისი შვილია, რომელიც საკუთარ ავტომანქანას ხშირად აყენებს კოტ-------------------18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2019 წლის 10 მაისს, ღამის საათებში იგი სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ქუჩიდან მოესმა მსხვრევის ხმა. როდესაც გაიხედა ქუჩაში, მიხვდა, რომ ი-----–-----–---–---–ის მანქანას ჰქონდა პრობლემა, რადგან მის მანქანასთან იყო ჩოჩქოლი. მან გ--------–------ი დაინახა სახეზე, რომელიც მანქანის საბარგულზე იყო გადაწოლილი და მისი ხელები არ ჩანდა. მან დაუძახა გ---ს, თუ რას აკეთებდა მანქანაზე და დაემუქრა პატრულში დარეკვით, თუმცა პატრული მალევე მივიდა ადგილზე მისი დარეკვის გარეშე. შემდეგ ი-----–-----–---–---–ისგან და მეზობლებისგან შეიტყო, რომ თურმე გ--------–------ს ბოთლი გაუვარდა და შემთხვევით გატეხა მანქანის შუშა. ეს რომ თავიდანვე სცოდნოდა, არ ატეხდა ასეთ ამბავს. გ--------–------ს მის შვილთან და ოჯახთან არ ჰქონია არანაირი კონფლიქტი და გაკვირვებული იყო რატომ მოხდა ეს შემთხვევა.

2019 წლის 11 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისში, კოტ-------------------ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სახლის კედელთან დგას შავი ფერის ავტომანქანა ,,მერსდესი ცე-ელ-ესი“, სახ. ნომრით N--------. აღნიშნულ ავტომანქანას დაზიანებული აქვს უკანა საქარე მინა, კერძოდ არის მთლიანად დამსხვრეულ მდგომარეობაში. მინის ნამსხვრევებზე და ზემოაღნიშნული ავტომანქანის საბარგულზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ასევე მოწითალო ფერის ლაქა აღინიშნება ავტომანქანის სახურავზე, უკანა მარჯვენა მხარეს. მინის ნამსხვრევები ჩაყრილია მთლიანად ავტომანქანის სალონში. ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა უკანა საქარე მინის ნატეხები მათზედ არსებული მოწითალო ფერის ლაქებით (ს.ფ. 21-31).

2019 წლის 11 მაისის სასაქონლო ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, 2019 წლის 10 მაისის მდგომარეობით, ავტომანქანის ,,MERCEDES-BENZ CLS 550”, სახ. ნომრით N--------, უკანა საქარე მინის საბაზრო ღირებულება შეადგენს - 250 ლარს, აღდგენითი სამუშაოების ღირებულება შეადგენს - 50 ლარს, აღნიშნულიდან გამომდინარე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის უკანა საქარე მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს - 300 ლარს (ს.ფ. 53-56).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი თ----------ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ:

მოწმე გ------------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ გ--------–------ი არის მისი მეზობელი, რომელთანაც აქვს მეგობრული ურთიერთობა. ასევე იცნობს ი-----–-----–---–---–ს, რომელთანაც ასევე მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. 2019 წლის 10 მაისს, საღამოს საათებში იმყოფებოდა კ----------ის ქუჩაზე, მეგობრებთან - ლ-–-------–--ესთან და დ-----------ესთან ერთად. ერთი საათის შემდეგ მათთან ასევე მივიდა გ--------–------ი, რომელსაც ხელში ლუდის შუშის ბოთლი ეჭირა. გ--- ამ დროს მსუბუქად ნასვამი იყო. გ---ც შეუერთდა მათ და ისინი ერთმანეთთან საუბრობდნენ. 5-10 წუთის შემდეგ გ--------–------ს საუბრის დროს ბოთლი შემთხვევით გაუვარდა ხელიდან, რაც დაეცა ი-----–-----–---–---–ის ავტომანქანის უკანა შუშას და ჩატყდა. გ--------–------ი შეეცადა, რომ შუშაში გაჭედილი ბოთლი ამოეღო მანქანიდან, რა დროსაც შუშაზე ხელი დაიზიანა და ერთი-ორჯერ შეიგინა. იგი ამ დროს თავის თავს ადანაშაულებდა. ამ დროს ბ--–---–---–ის დედა გამოვიდა, რომელიც ნერვიულობდა, თუმცა როდესაც გაიგო რაც მოხდა, დაწყნარდა. ასევე მეზობლებიც გამოვიდნენ, რომლებიც კითხულობდნენ რა ხდებოდა. მათ გ--------–------ი სახლში წაიყვანეს, რის შემდეგაც ადგილზე მისულმა პოლიციამ დააკავა იგი.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა დ-----------ემ და ლ-–-------–--ემ.

მოწმე თ------–--------მა სასამართლოს მოახსენა, რომ გ--------–------ი და ი-----–-----–---–---–ი არიან მისი მეზობლები, რომლებთანაც აქვს კარგი ურთიერთობა. 2019 წლის 10 მაისს, საღამოს საათებში იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ქუჩიდან მოესმა ხმამაღალი საუბარი. მან გაიხედა ქუჩაში და დაინახა მისი მეზობლები გ------------–-–---–ი, ლ-–-------–--ე და დ-----------ე, ხოლო გ--------–------ი სახლში ჩადიოდა. მან ჰკითხა ბიჭებს, თუ რა ხდებოდა, რაზეც უპასუხეს, რომ გ--------–------ს შემთხვევით გაუვარდა ბოთლი, რაც მოხვდა ი-----–-----–---–---–ის მანქანის შუშას და დააზიანა. ამის შემდეგ იგი დაბრუნდა სახლში.

ბრალდებულმა გ--------–------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 10 მაისს, საღამოს საათებში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ბარში, სადაც მიირთმევდა ლუდს. შემდეგ სახლში ფეხით დაბრუნდა. გზაში შეიძინა ლუდი შუშის ბოთლით. კ----------ის ქუჩაზე მისვლისას მას შეხვდნენ თავისი მეზობლები ლ-–-------–--ე, გ------------–-–---–ი და დ-----------ე. ისინი ქუჩაში გაჩერდნენ და სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ. საუბრისას მას ლუდის ბოთლი ხელიდან გაუვარდა, რაც მოხვდა იქვე მდგარ ი-----–-----–---–---–ის კუთვნილი ავტომანქანის უკანა შუშას, რაც დაზიანდა. ბოთლი შუშაში გაიჭედა, რომლის ამოღებაც სცადა მან, თუმცა სისველის გამო, ამოღებისას მას შუშაზე ხელი დაუზიანდა და სისხლი წამოუვიდა, რაზეც აეშალა ნერვები, დაიწყო გინება და გაბრაზებულმა ბოთლის ამოღების მიზნით ხელი დაარტყა შუშას, რადგან ისედაც დაზიანებული და გამოსაცვლელი იყო. მას იქვე მყოფი მეგობრები ეუბნებოდნენ, რომ ხელი არ მოეკიდა შუშაზე, რომ არ დაზიანებულიყო, თუმცა მაინც შეეცადა ბოთლის ამოღებას. ბიჭებმა იგი წამოიყვანეს სახლში, თუმცა შემდეგ იგი პოლიციამ დააკავა, რადგან ამ შემთხვევის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ამ სიტუაციაში მას არ შეუმჩნევია ადგილობრივი მოსახლეობა ხედავდა თუ არა მას. მხოლოდ მეზობელი თ------–--–-------ი დაინახა, რომელმაც გამოიხედა სახლიდან და როდესაც ნახა, რომ სერიოზული არაფერი ხდებოდა, ისევ შევიდა სახლში.

სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურდა გ--------–------ის ბრალეულობა საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება შეაფასა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის. კერძოდ:

მოწმეებმა გ------------–-–---–მა, დ-----------ემ და ლ-–-------–--ემ, რომლებიც ავტომანქანის უკანა საქარე მინის დაზიანების დროს გ--------–------თან ერთად იმყოფებოდნენ, აცხადებენ, რომ ბრალდებულს საუბრის დროს ბოთლი შემთხვევით გაუვარდა ხელიდან, რაც დაეცა ი-----–-----–---–---–ის ავტომანქანის უკანა შუშას და ჩატყდა. გ--------–------ი შეეცადა, რომ შუშაში გაჭედილი ბოთლი ამოეღო მანქანიდან, რა დროსაც შუშაზე ხელი დაიზიანა და ერთი-ორჯერ შეიგინა. იგი ამ დროს თავის თავს ადანაშაულებდა. ასევე მოწმე თ------–--------მა, რომელიც ცხოვრობს კ----------ის ქუჩაზე, დაადასტურა, რომ მის შეკითხვაზე გ------------–-–---–მა, დ-----------ემ და ლ-–-------–--ემ უპასუხეს, რომ გ--------–------ს შემთხვევით გაუვარდა ბოთლი, რაც მოხვდა ი-----–-----–---–---–ის მანქანის შუშას და დააზიანა. დაზარალებულ ი-----–-----–---–---–ის დედამ მ----------------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ მან საკუთარი შვილისგან და მეზობლებისგან შეიტყო, რომ თურმე გ--------–------ს ბოთლი გაუვარდა და შემთხვევით გატეხა მანქანის შუშა.

ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ გ--------–------მა განზრახ დააზიანა ი-----–-----–---–---–ის კუთვნილი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ,-----------) უკანა საქარე მინა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც გაუფრთხილებლობით (დაუდევრობით) ნივთის დაზიანება დასტურდება, ვინაიდან არც ერთი მოწმე არ უთითებს, რომ წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების ჩადენისას (ბოთლის ხელიდან გავარდნისას) გ--------–------ს შეეძლო გაეთვალისწინებინა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის (ავტომანქანის უკანა საქარე მინის დაზიანების) შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცებას მათემატიკური სიზუსტით. გონივრულია ეჭვი თუ ის ეფუძნება ლოგიკას, საღ აზრს, მსჯელობას, მიზეზს და გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც საშუალო სტატისტიკურ გონიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მტკიცებულებათა აწონ-დაწონვის შედეგად.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ--------–------ის ბრალეულობაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

ასევე, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, მხოლოდ ვარაუდია ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ გ--------–------მა სხვისი ნივთი დააზიანა განზრახ ან გაუფრთხილებლობით.

ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ--------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში - უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--------–------ი საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

გ--------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მინის ნატეხები მათზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი