გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/9091-19
24 იანვარი, 2020 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - ნ-----–--------------–---–-----ა
წარმომადგენელი - გ-----------–--–--ა
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ნ-------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 7 ნოემბრის №1--------- გადაწყვეტილება ნ-----–--------------–---–-----ას ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნ-----–--------------–---–-----ას მიერ 2019 წლის 22 ოქტომბრის წარდგენილი N1--------- განცხადების არსებითად განხილვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. . სადავო აქტი გამოცემულია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და
,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილების შესაბამისად. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, არ არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ე-----------------–- რესპუბლიკის მოქალაქე ნ-----–--------------–---–-----ა (დაბადების თარიღი - 1--0--1--- წელი) არის პ-----------------------------------ის (დაბადების თარიღი ----.0--1--- წელი) ოჯახის წევრი -მშობელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პასპორტის ასლი (ს.ფ. 88).
- დაბადების რეგისტრაციის ასლი (ს.ფ. 15).
3.1.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ნოემბრის N1--------- გადაწყვეტილებით პ-----------------------------------ის სახელზე გაიცა სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 29 ნოემბრიდან, 2019 წლის 29 ნოემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ნოემბრის N1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 54-55).
3.1.3. 2019 წლის 22 ოქტომბერს ე-----------------–- რესპუბლიკის მოქალაქე ნ-----–--------------–---–-----ამ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მოითხოვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ. (ს.ფ. 57-60).
3.1.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 ოქტომბრის N1----------- გადაწყვეტილებით ნ-----–--------------–---–-----ას დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, არ იყო წარდგენილი სათანადო წესით (აპოსტილი/ლეგალიზაცია) დამოწმებული დაბადების მოწმობა. მითითებული ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარსადგენად, ნ-----–--------------–---–-----ას განესაზღვრა ვადა - 2019 წლის 31 ოქტომბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 ოქტომბრის N1----------- გადაწყვეტილება (ს.ფ 12).
3.1.5. დადგენილია, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს ნ-----–--------------–---–-----ამ ზემოაღნიშნული დოკუმენტის წარდგენის მიზნით, ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებით მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 28.1--2019 წლის განცხადება (ს.ფ. 65).
3.1.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 ოქტომბრის N1----------- გადაწყვეტილებით ნ-----–--------------–---–-----ას დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად გაუგრძელდა ვადა 2019 წლის 07 ნოემბრამდე.
დადგენილია, რომ განმცხადებლის - ნ-----–--------------–---–-----ას მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 ოქტომბრის N1----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13).
- მხარეთა ახსნა- განმარტება.
3.1.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 ოქტომბრის N1----------- გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტერნეტვებგვერდზე გამოქვეყნდა 2019 წლის 30 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 დეკემბრის N0-------- წერილი (ს.ფ. 48).
3.1.8. დადგენილია ასევე, რომ განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 7 ნოემბრის №1--------- გადაწყვეტილებით, ნ-----–--------------–---–-----ას 2019 წლის 22 ოქტომბრის N1--------- განცხადება, საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განუხილველად იქნა დატოვებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 7 ნოემბრის №1--------- გადაწყვეტილება. (ს.ფ. 10-11).
3.1.9. დადგენილია, რომ სასარჩელო განცხადების თანდართულ დოკუმენტად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილ იქნა 2019 წლის 12 ნოემბერს სათანადო წესით დამოწმებული დაბადების რეგისტრაციის ასლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების რეგისტრაციის ასლი (ს.ფ. 14-16).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----–--------------–---–-----ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი’’.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის
შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 7 ნოემბრის №1--------- გადაწყვეტილებას ნ-----–--------------–---–-----ას ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონიის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით’’ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი
მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება უვადო ბინადრობის ნებართვის, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე, აგრეთვე სხვა ქვეყანაში მყოფ უცხოელზე, რომელსაც სურს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, სააგენტოს მიმართოს ელექტრონული ფორმით. ოჯახის
გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-7 მუხლში: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ-----–--------------–---–-----ამ მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, მოითხოვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, არ იყო წარდგენილი სათანადო წესით (აპოსტილი/ლეგალიზაცია) დამოწმებული დაბადების მოწმობა. მითითებული ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარსადგენად მოსარჩელეს განესაზღვრა ვადა - 2019 წლის 31 ოქტომბრამდე. 2019 წლის 28 ოქტომბერს ნ-----–--------------–---–-----ამ ზემოაღნიშნული დოკუმენტის წარდგენის მიზნით, ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებით მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ-----–--------------–---–-----ას დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად გაუგრძელდა ვადა 2019 წლის 07 ნოემბრამდე.
დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენის აუცილებლობის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება გამოქვეყნდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტერნეტ გვერდზე, ხოლო განსაზღვრულ ვადაში დამატებითი
დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 7 ნოემბრის №1--------- გადაწყვეტილებით, ნ-----–--------------–---–-----ას 2019 წლის 22 ოქტომბრის N1--------- განცხადება, საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განუხილველად იქნა დატოვებული.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
დადგენილია, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ წარმოადგინა დაბადების რეგისტრაციის სათანადო წესით დამოწმებული ასლი და განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტის საგარეო საქმეთა სამინისტროში სათანადო წესით დამოწმება გარკვეულ დროს საჭიროებდა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა იყო არაგონივრული; შესაბამისად, იგი ვალდებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ზემოაღნიშნული გარემოებების ხელახალი შეფასების შედეგად, კვლავ გამოიკვლიოს მოსარჩელის მიმართ საქართველოში ნებართვის გაცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და მათზე დაყრდნობით, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----–--------------–---–-----ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 7 ნოემბრის №1--------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნევინ შავკი ბეხით ბეშაი შეჰათას მიერ 2019 წლის 22 ოქტომბერს წარდგენილ N1--------- განცხადებასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის პირობებში, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 23–ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნ-----–--------------–---–-----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 7 ნოემბრის №1--------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნევინ შავკი ბეხით ბეშაი შეჰათას მიერ 2019 წლის 22 ოქტომბერს წარდგენილ N1--------- განცხადებასთან დაკავშირებით.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა აფციაური