განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100119003046422 / №1-126/2019
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27.02.2020 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
პროკურორი - რო--------–----ე
ბრალდებული - მე---------–----ი (არ გამოცხადდა)
ადვოკატი - ლა–-----------ე
ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის №173230519003 საქმე
ბრალდებულ მე---------–----ის მიმართ
მამის სახელი: ჰა----
დაბადებული: 1--------- წელი
დაბადების ადგილი: თურქეთი
მოქალაქეობა: თურქეთი
განათლება: სა–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არა
პირადი ნომერი: 23---------
რეგისრტირებული: თურქეთი, ქ. აფ-------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. მე---------–----მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება 3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს (მდმა) წონით 0,176 გრამი, რომელიც 2019 წლის 23 მაისს, ქ. ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილზე, გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.
2. არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. 2019 წლის 23 მაისს მე---------–----ის პირადი ჩხრეკის დროს, ამოღებული იქნა პოლიეთილენს პარკში მოთავსებული ერთი ცალი გულის ფორმის ვარდისფერი აბი.
5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 24 მაისის ექსპერტიზის №ქ/265 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მე---------–----ისგან ამოღებულ ერთ ცალ ტაბლეტში, ნარკოტიკულ საშუალება 3,4 მეთილენდიოქსიმეტაფეტამინის (მდმა) რაოდენობრივი შემცველობა შეადგენს - 0,176 გრამს.
6. მე---------–----ის ჩვენების თანახმად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მისი კუთვნილია.
7. მე---------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე საქმეზე პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მოწმეების: ლე----------ის, ჯე---–---–----ის, იმ----------–--ის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 23 მაისის ბრალდებულის დაკავების ოქმით.
8.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
9. ნარკოტიკული საშუალება 3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია I, №96 რეგისტრაციით და 0,176 გრამი 3,4მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) წარმოადგენს დიდ ოდენობას;
10.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება 3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
11.მე---------–----ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება 3,4მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) შეძენისა და შენახვის თაობაზე.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მე---------–----მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 3,4მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა).
სამართლებრივი შეფასება:
13. სასამართლოს მიაჩნია, რომ მე---------–----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
14. მე---------–----ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
15. მე---------–----ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
20. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით - იგი მიიმალა და აღარ ცხადდებოდა სასამართლოში, ასევე დანაშაული ჩადენილია საჯარო ადგილას, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ მე---------–----ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მე---------–----ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
17. მე---------–----ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 14-ე ნაწილით, 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-271-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ბრალდებული მე----- ჰა----ის ძე ოლ----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 03 ივლისის კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
2. მე---------–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან.
3. მე---------–----ს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 23 მაისიდან 2019 წლის 03 ივნისის ჩათვლით.
4.გაუქმდეს მე---------–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
5.მსჯავრდებული მე---------–----ი დაპატიმრების შემდეგ მოთავსდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში;
6. მე---------–----ის მიმართ უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
7.საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნარკოტიკული საშუალება 3,4მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი (მდმა) წონით 0,176 გრამი გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად, ხოლო საფულე, ორი ცალი პლასტიკური ბარათი, ფულადი თანხა, ფოტოსურათი, მე---------–----ის სახელზერ გაცემული თურქეთისა და საქართველოს პირადობის მოწმობით მგზავრობის შესვლისა და გასვლის ბეჭედდასმული ფურცელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7.მსჯავრდებულ მე---------–----ის, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8.განაჩენი პროკურორს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე