გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
050210019003312453
საქმე №2/1111-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11.02.2020 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე
მოსარჩელე: - ინ-----------იძე
წარმომადგენელი: - მა--------------ში
მოპასუხე: - რა-------------ე
წარმომადგენელი: რე---------------იძე
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე რა-------------ეს დაეკისროს შვილის 2----–-–---------–--- დაბადებული ბა---------------ძის პ/ნ 3---------- სასარგებლოდ ალიმენტი თვეში 100 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის ცხოვრობს მოხუც ბაბუასა და ბებიასთან ერთად, რომლებსაც არ გააჩნიათ მატერიალური საშუალება, გარდა პენსიისა. თავად კი მცირე შემოსავალი აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2019 წლის სექტემბერში ინ-----------იძესა და რა-------------ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით მხარეები მორიგდნენ. ბა---------------ძის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრა დედის- ინ-----------იძის საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------–------------ (იხ.ს/ფ. 17-18).
2----–-–------------------ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინებას (იხ.საქმის ფურცელი 15-16)
3.2.2. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 იანვრის №---------- ცნობის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით რა--------------ეს უფიქსირდება შემოსავლის სახით სახელფასო ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის ცნობა (იხ. ს.ფ. 47-55).
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
საქართველოს სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სუსგ, საქმე №ას-570-541-2015, 11.11.2015 წელი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- ,,ბავშვის უფლებათა შესახებ’’ კონვეცია;
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.2.,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის’’ პრეამბულა მიუთითებს, ,,ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს. გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო...”
მითითებული დეკლარაციის მე-16 მუხლის თანახმად, სრულასაკოვნებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით რაიმე შეზღუდვის გარეშე, დაქორწინდნენ და ოჯახი დააფუძნონ ისინი სარგებლობენ ერთნაირი უფლებებით დაქორწინებისას, ქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალ და სრული თანხმობისას. ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 23-ე მუხლის თანახმად, ოჯახი საზოგადოების და სახელმწიფოს ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
ალიმენტის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა მშობლების უპირველესი მოვალეობაა, რომელიც თანაბრად აკისრია როგორც დედას, ისე მამას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური მატერიალური მდგომარეობა, რადგან ალიმენტის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა იყოს რეალურად აღსრულებადი.
მოცემულ შემთხვევაში, მცირეწლოვანი შვილის - ბა---------------ძის აღზრდაში მონაწილეობის მიღება ეკისრებათ მათ მშობლებს: ინ-----------იძეს და რა--------------ეს.
6.5. საერთაშორისო სამართლებრივი აქტით -,,ბავშვის უფლებათა შესახებ’’ კონვენციით (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), რომელიც ასევე საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია, რეგულირდება ბავშვის მიმართ მზრუნველობის საკითხები. კერძოდ:
კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან, მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.
მოცემულ შემთხვევაში, ინ-----------იძისა და რა-------------ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ბავშვი არის მცირეწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. მხედველობაშია მისაღების ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტავს, რომ: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილებისა, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვა ცხოვრებისეული მოთხოვნილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე შესაძლოა სასამართლომ ჩათვალოს მნიშვნელოვნად. კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მშობლის უმუშევრობის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენს მისთვის ალიმენტის მინიმალური ოდენობის დაკისრების საფუძველს. უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას. მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის ოქტომბრის თვისათვის - 173.8 ლარს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანზე ზრუნვა და მისი რჩენა წარმოადგენს მშობლების უპირველეს მოვალეობას და მშობელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც გონივრულად შესაძლებელია იმისათვის, რომ შვილი უზრუნველყოს ცხოვრების იმ დონით, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდისათვის და მისცემს მას ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, სულიერად, სოციალურად განვითარებისა და საზოგადოებაში სრულყოფილად დამკვიდრების შესაძლებლობას.
სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს, შესაბამისად, მშობლის სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვების რჩენისა და აღზრდისათის უნდა იქნეს დადგენილი.
თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ, ვინაიდან თვლის, რომ არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის და საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ალიმენტის გადამხდელის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ყოველთვიურად 80 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 03 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ინ-----------იძის წარმომადგენლის მა--------------შის სარჩელი რა-------------ის მიმართ ალიმენტის ოდენობის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე რა-------------ეს დაეკისროს ალიმენტის სახით მცირეწლოვანი შვილის 2----–-–---------–--- დაბადებულ ბა---------------ძის სასარგებლოდ 80 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დროიდან, 2019 წლის 3 დეკემბრიდან, მის სრულწლოვანებამდე;
3. მოპასუხე რა-------------ეს დაეკისროს სახ. ბაჟის თანხა სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ 28.80 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ.№32), გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ.№14) მეშვეობით;
მოსამართლე: მარინა კიკნაძე