განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/557-20 (№------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 მარტი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი ნინო ხაჩიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- კ------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა----- წ---–-----ი - დაბადებული 1--- წლის 1------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------------------------------------ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ა----- წ---–-----მა ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა----- წ---–-----მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა----- წ---–-----ი 2015 წლის 1 იანვრიდან - 2019 წლის 3 დეკემბრის პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ა----- წ---–-----ი ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.
ა----- წ---–-----ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 56 400 აშშ დოლარი და 251 330 ლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა შეადგინა შესაბამისი კურსით 72 734.79 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ა----- წ---–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2015-2018 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 11 471.96 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ა----- წ---–-----მა თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების გამოკითხვის ოქმები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი თანდართული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებთან ერთად და ხელშეკრულების გაუქმების სანოტარო აქტებთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვის წერილი, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის წერილი, ეროვნული ბანკის წერილი, თემატური რევიზიის აქტი და ექსპერტიზის დეპარტამენტის და სხვ.) ერთობლიობა ა----- წ---–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ბრალდებულმა რეგისტრაციის გარეშე განახორციელა სამეწარმეო საქმიანობა, ამ საქმიანობით მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, რომლის დეკლარირებაც კანონის შესაბამისად არ მოახდინა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო, რომელიც საბაზრო ეკონომიკაზეა ორიენტირებული, ერთის მხრივ, ხელს უწყობს სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ, მეორე მხრივ, განსაზღვრულ კონტროლსაც ახორციელებს მასზე. სახელმწიფო კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე აუცილებელია ასევე მეწარმეთა დასაბეგრად, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება მეწარმეთა რეგისტრაციის დადგენილი წესი და ამა თუ იმ სახის სამეწარმეო საქმიანობაზე სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) მიღების აუცილებლობა. ფიზიკური და იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობა ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას, რამდენადაც რეგისტრაციას კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს, მეწარმეთა შესახებ კანონი ზუსტად განსაზღვრავს რეგისტრაციის პირობებს.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ:
ა----- წ---–-----მა ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით;
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა----- წ---–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათის, ბრალდებულის პიროვნების, ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობის, მიყენებული ზიანის ოდენობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად ა----- წ---–-----ს უნდა განესაზღვროთ ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, ამასთან სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა----- წ---–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
2. ა----- წ---–-----ი მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა 7 000 ლარი, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
3. განაჩენი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სა მართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი