განაჩენი

სისხლის სამართლის 09.03.2020
საქმის ნომერი
340100119003067840
დავის ტიპი
276 6
თარიღი
09.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119003067840

N1/102-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

09.03.2020 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი

ბრალდების მხარე:

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი: სანდრო გიორგაშვილი.

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზურაბ ზურაბაშვილი, რობერტ გრიგალაშვილი.

თარჯიმანი- რა----- მე-----–--ლი.

ბრალდებული: რამილ იბრაგიმოვი.

მამის სახელი:უსტარხან.

დაბადებული: 10.08. 1983წ.

პირადი ნომერი: 2----------.

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: არა ნასამართლევი.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი განჯალა.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილი.

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

2018 წლის 11 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში, სოფელ კაბლის მიმართულებით, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა ავტომობილი „ფორდ-ტრანზიტი“, რომელსაც მართავდა რამილ იბრაგიმოვი. მოძრაობისას მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველო კანონის 21-ე მუხლის მე-3, მე-6 პუნქტების, 33-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, დაინახა რა საპირისპირო სავალ ნაწილთან გვერდულზე მდგომი ბავშვები, არ გამოიჩინა განსაკუთრებული სიფრთხილე, არ შეამცირა სიჩქარე, არ გამოიყენა ხმოვანი სიგნალი ქვეითის დროული გაფრთხილებისთვის, რა დროსაც, მცირეწლოვანმა მირალი მუსაევმა ნელი სირბილით დაიწყო მისგან მარცხნიდან მარჯვნივ სავალი ნაწილის გადაკვეთა. მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა და შეეჯახა მირალი მუსაევს თავისი სავალი ნაწილის კიდიდან დაახლოებით 0.5 მეტრ მანძილში. შეჯახების შედეგად, მირალი მუსაევმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რის გამოც გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც 2018 წლის 18 მაისს გარდაიცვალა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

სასამართლომ დაადგინა, რომ რამილ იბრაგიმოვი უდანაშაულოა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა.

1. 3.1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

3.1.1. სასამართლომ განიხილა, რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულ რამილ იბრაგიმოვის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თავალსაზრისით და მიაჩნია, რომ არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და რომელიც საკმარისია რამილ იბრაგიმოვის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს წარდგენილს ბრალდებაში გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით.

 

3.1.2. მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული მოწმეების რამილ იბრაგიმოვის, ზალხა ნაბიევას, ლალაზარ მუსაევას, თალეხ ნაბიევის, ფარიმან ნაბიევის, რუსლან მუსაევის, ალი მუსაევის, სოინალი მუსაევის, ვაგიფ ვე-–--ვის, თაბრიზ მუსაევის გამოკითხვის ოქმები. ამ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რამაც გამოიწვის მირალი მუსაევის გარდაცვალება, მაგრამ ვერ დასტურდება რამილ იბრაგიმოვის ბრალეულობა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რადგან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადსტურებდა რამილ იბრაგიმოვის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამრთლოს მიერ გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:

 

3.1.3. მოწმის სახით დაკითხულმა არჩილ ღვინიაშვილმა განმარტა შემდეგი: იგი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარი ექსპერტი. მან 2018 წლის 22 მაისს გასცა დასკვნა N181/ტ,135/ა, რომლის მიხედვით - წარმოდგენილი ავტომობილის (ფორდ-ტრანზიტი, სახ.NJUJ482) ძრავის სახურავის მარცხენა მხარეს არსებული დაზიანებები განვითარებულია მასზე რაიმე რბილი საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც, ხოლო დანარჩენი დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა და თავისი ფორმით და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის.

წარმოდგენილი ავტომობილი ფორდ-ტრანზიტი, სახ.NJUJ482-ს საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.

მოცემულ შემთხვევაში მძღოლ რამილ იბრაგიმოვის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნება.

 

3.1.4. მოწმის სახით დაკითხულმა ლევან ფანოზიშვილმა განმარტა შემდეგი: იგი არის შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარი ექსპერტი, სპეციალობით მუშაობის 9 წლის სტაჟით. მან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს უფროს დავით გველესიანთან ერთად ჩაატარა სატრანსპორტო ტექნიკურ- ტრასოლოგიური ექსპერტიზა და გასცეს დასკვნა N007561718, რომის მიხედვით - მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ფორდ-ტრანზიტ’’ სახ.NJUJ482-ის მძღოლი, რამილ იბრაგიმოვი, ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება.

 

3.1.5. მოწმის სახით დაკითხულმა გია დეკანოზიშვილმა განმარტა შემდეგი: იგი არის გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტი. 2019 წლის 24 ივნისს გასცა N072/2-19 დასკვნა, რომის მიხედვით - 1. გზის მარჯვენა გვერდულას ნაწილი წარმოადგენს ეზოში შესასვლელ გზას, რომელიც გადადის წყლის საწრეტ არხზე ბეტონის მილის მეშვეობით: დაახლოებით 0.15მ. - არის ბეტონის საფარი, 0,71მ,-ბეტონი ხრეშისნარევი, 1,60მ. - დაფშვნილი ბეტონის ხრეშისილა, შესასვლელიდან მარცხნივ, შეჯახების ადგილამდე არის ამაღლებული ნაწილი ბალახის საფარით, ყოველივე აქედან გამომდინარე საბურავების გზასთან მოჭიდების კოეფიციენტი არის უკიდურესად დაბალი. 2. ავტომანქანის დაზიანებებიდან და შეჯახების ადგილამდე გზის მარჯვენა გვერდულაზე ავტომანქანის მოძრაობის ტრაექტორიიდან გამომდინარე ირკვევა, რომ შეჯახების მომენტის შემდეგ ვერ მოხდებოდა ავტომანქანის უკუგადაგორება. 3. კლასიკური ფორმულის გამოყენებით გამოთვლის მიხედვით ,,ფორდ-ტრანზიტ’’ სახ.NJUJ482- ს მოძრაობის სიჩქარე იქნებოდა არა უმეტეს V=57,9კმ/სთ; 4. ექსპერიმენტული (პრაქტიკული) გამოთვლების შედეგად ,,ფორდ-ტრანზიტ’’ სახ.NJUJ482- ს მოძრაობის სიჩქარე იქნებოდა V=53,8-54,7კმ/სთ-ს ფარგლებში; 5. ,,ფორდ-ტრანზიტ’’ სახ.NJUJ482- ს მძღოლის რამილ იბრაგიმოვი მომხდარი საგზაო-სატრანსპოტრო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა ვინაიდან რეაგირებისათვის ქონდა მცირე დრო. 6. ,,ფორდ-ტრანზიტ’’ სახ.NJUJ482- ს მძღოლის რამილ იბრაგიმოვის ქმედებაში არ აღინიშნება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა.

 

3.1.6. მოწმის სახით დაკითხულმა გია გოგიამ განმარტა შემდეგი: იგი არის დამოუკიდებელი საექსპერტო კრიმინალისტიკური ბიუროს ექსპერტი, რომელმაც გასცა 2019 წლის 24 ივნისს N014/კ-5 ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვით - 1. ავტომობილს . ,,ფორდ-ტრანზიტ’’ სახ.NJUJ482, აღენიშნება წინა მარცხენა მხარეს ძრავის სახურავზე მცირედ ჩაზნექილი დაზიანება და ასევე მის წინა მარხვენა მხარეს - ფრთაზე, ძრავის სახურავსა და ბამპერზე შეზნექვისა და ნაჭდევების სახის დაზიანებები. 2. ავტომობილის ,,ფორდ-ტრანზიტ’’ სახ.NJUJ482, წინა მარცხენა მხარეს ძრავის სახურავზე არსებული დაზიანება წარმოშობილია რბილ სხეულთან შეჯახების შედეგად, ხოლო წინა მარჯვენა მხარეს - ფრთაზე, ძრავის სახურავსა და ბამპერზე არსებული დაზიანებები კი წარმოშობილია მყარ სხეულთან შეჯახების შედეგად, როგორიცაა შემთხვევის ადგილზე არსებული ბუნებრივი აირის მილი. 3. ავტომობილ ,,ფორდ-ტრანზიტ’’ სახ.NJUJ482 დაზიანებები და შემთხვევის ადგილზე არსებული ბუნებრივი აირის მეტალის მილის დაზიანება განვითარებულია ურთიერთ შეჯახების შედეგად სტატიკურად და არა შეჯახების შემდგომ უკუცემისას.

 

აქედან გამომდინარე ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებს რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე რამილ იბრაგიმოვს კანონი არ დაურღვევია და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი მძიმე შედეგის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის

 

სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს განმარტებული იმდაგვარად, რომ ბრალდებულს დაეკისროს მის მიერ მოყვანილი ყველა გარემოების მტკიცების ტვირთი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ასევე ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაამტკიცოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

ყოველგვარი ეჭვი კი რომელიც არ დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თანახმად საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე ნაწილისა.

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რამილ იბრაგიმოვი ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდეს მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ და უტყუარად დაადასტურებდა რამილ იბრაგიმოვის მიმართ წარდგენილი ბრალს.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევა, არ საჭიროებს ავტომობილის სიჩქარის დასადგენად სპეციალურ ცოდნას, რადგან დადასტურებულია, რომ ავტომობილი მოძრაობდა 100კმ/სთ სიჩქარით. ასეთი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვით ,,ფორდ-ტრანზიტ’’ სახ.NJUJ482- ს მძღოლის რამილ იბრაგიმოვის ქმედებაში არ აღინიშნება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, ბრალდების მხარემ ვერაფერი დაუპირისპირა, გარდა მოსაზრებებისა, რომელიც არცერთი მტკიცებულებით არ არის გამაგრებული და მხოლოდ მოსაზრებებია.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხდება დანაშაულის ჩადენა გაუფრთხილებლობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 10-ე მუხლის თანახმად გაუფრთხილებელობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.

ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.

 

ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

 

კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩადენისას იგი იქნება თითიმედოვნებით თუ დაუდევრობით პირმა უნდა ჩაიდინოს წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, თითიმედოვნების დროს ითვალისწინებს წინდახედულობის ნორმით აკრძალულ ქმედების შესაძლო დადგომას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს შედეგის თავიდან აცილება, ხოლო დაუდევრობის დროს არ აქვს გაცნობიერებული წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების შედეგის შესაძლო დადგომა, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. ესე იგი ორივე შემთხვევაში წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება უნდა იქნას ჩადენილი. ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა წინდახედულების ნორმით აკრძალული რომელი ქმედება ჩაიდინა რამილ იბრაგიმოვმა, რამაც მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რამილ იბრაგიმოვს საგზაო მოზრაობის დროს კანონი არ დაურღვევია და შესაბამისად იგი უნანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება.

4.1. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ რამილ იბრაგიმოვი ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე-ე მუხლის 6-ე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზრაურება.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.

5.1. ავტომობილი ,,ფორდ-ტრანზიტ’’ სახ.NJUJ482, რომელიც განთავსებულია საჯარიმო პუნქტში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რამილ იბრაგიმოვი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

2. რამილ იბრაგიმოვის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, გაუქმდეს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის N12/2-19 განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა. ყადაღა მოეხსნას რამილ იბრაგიმოვის (პ/ნ 2----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების (მდებარე - ქ. ლაგოდეხში, საკადასტრო კოდი 54.02.53.4--, დაზუსტებული ფართობი 2288.00 მ2, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, საბაზრო ღირებულება - 7000 (შვიდი ათასი) ლარი), 5000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილ და დაუბრუნდეს მასვე.

 

3. ნივთიერი მტკიცებულება:

 

1) ფორდ-ტრანზიტის მარკის ავტომანქანა, რომელიც გაჩერებულია საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

4. განემარტოს რამილ იბრაგიმოვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

6. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე