გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002496002
2-2496/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22/01/2020 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: შპს ,,უ---------–ი”
წარმომადგენელი: ა-----–--------------ე
მოპასუხე: ხ------- ტ------–--ე, მ----–--- მ-----–--ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს ,,უ---------–ი” სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ხ------- ტ------–--ეს და მ----–--- მ-----–--ეს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2366,80 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2017 წლის 26 ოქტომბერს შპს ,,უ---------–სა“ და ხ------- ტ------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხ------- ტ------–--ემ მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 2000 ლარი, 60 დღის ვადით. ხელშეკრულების მიხედვით სესხს სარგებელის სახით დაერიცხება 231,60 ლარი. სესხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. თანხის ვადაში გადაუხდელობისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე დავალიანების დაერიცხება 0,41 %. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 26 ოქტომბერს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება დაიდო მ----–--- მ-----–--ესთან. შესაბამისად ხ------- ტ------–--ის ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა იკისრა მ----–--- მ-----–--ემ. ხ------- ტ------–--ემ დაარღვია ვალდებულება და სესხად მიღებული თანხა შეთანხმებულ ვადაში არ დააბრუნა. სესხი არ დაფარა თავდებმა პირმაც. ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო. სესხზე გადასახდელი ძირითადი თანხაა 1511,46 ლარი, პროცენტი 174,04 ლარი, პირგასამტეხლო 440,20 ლარი და საურავი 240 ლარი. სულ 2366,80 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მ----–--- მ-----–--ემ შესაგებლით სარჩელი არ სცნო. მან მოსამზადებელ სხდომაზე ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში სარჩელი სცნო. სარჩელში მითითებულ ფაქტებს ადასტურებს. მოითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას.
2.2. ხ------- ტ------–--ემ შესაგებელი არ წარმოადგინა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 26 ოქტომბერს შპს ,,უ---------–სა“ და ხ------- ტ------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხ------- ტ------–--ემ მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 2000 ლარი, 60 დღის ვადით. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს 231,60 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება ს.ფ. 15-16
3.1.2. 2017 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებით სესხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. თანხის ვადაში გადაუხდელობისათვის სესხის თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა მიმდინარე დავალიანების 0,41 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება ს.ფ. 15-16
3.1.3. ხ------- ტ------–--ესთან დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულებაზე თავდებობა იკისრა მ----–--- მ-----–--ემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ს.ფ 18
3.1.4. ხ------- ტ------–--ემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სესხი არ დაფარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კლიენტის საგადახდო ბარათი. ს.ფ. 26-28
- იურიდიული შეტყობინება. ს.ფ. 29.
3.1.5. სესხის დაფარვა თავდებ პირს - მ----–--- მ-----–--ეს არ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კლიენტის საგადახდო ბარათი. ს.ფ. 26-28
- იურიდიული შეტყობინება. ს.ფ. 29.
3.1.6. სესხზე დავალიანება შეადგენს: - ძირი თანხა 1511,46 ლარი, პროცენტი 174,04 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კლიენტის საგადახდო ბარათი. ს.ფ. 26-28
- იურიდიული შეტყობინება. ს.ფ. 29.
- მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მ----–--- მ-----–--ე სადაოდ ხდის პირგასამტეხლოს დარიცხვას და მის მოცულობას. პირგასამტეხლოზე შეთანხმებას არ უარყოფს. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა კანონიერი, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_საქართველოს კონსტიტუცია.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრება სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა, თუმცა ის ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოსარჩელის მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.
6.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
დადგენილია, რომ მოსარჩელსა და ხ------- ტ------–--ეს შორის ვალდებულება წარმოიშვა 2017 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ 60 დღის ვადით ხ------- ტ------–--ეს ასესხა 2000 ლარი. სესხს სარეგებელის სახით უნდა დარიცხვოდა 231,6 ლარი. მსესხებელი ვალდებული იყო 60 დღის შემდეგ გადაეხადა სესხის ძირიცა და სარგებელიც. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.3. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ხ------- ტ------–--ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ხ------- ტ------–--ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ხ------- ტ------–--ემ დაარღვია ვალდებულება და სესხი არ დაფარა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 1511,46 ლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ხ------- ტაიელაძე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.
დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ სარგებელის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა. ხ------- ტ------–--ეს სარგებელის სახით უნდა გადაეხადა 231,60 ლარი. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მას სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ხ------- ტ------–--ემ სარგებელის გადახდის ვალდებულება ნაწილობრივ არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს 175,04 ლარი. ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ გადახდის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხად გაცემული თანხის 0,41 %.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ ხ------- ტ------–--ემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა სესხის დაფარვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 680,20 ლარი.ვალდებულების დარღვევის პერიოდის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია, შესაბამისად ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ხ------- ტ------–--ესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ მ----–--- მ-----–--ესთან თავდებობის ხელშეკრულება დადო. ხელშეკრულებით მ----–--- მ-----–--ემ იკისრა ვალდებულება ხ------- ტ------–--ესთან ერთად პასუხი აგოს სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893 და 895 მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.
ხ------- ტ------–--ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევისა და სესხის დაფარვის შეწყვეტის გამო, ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ ხ------- ტ------–--ეს აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც ხ------- ტ------–--ის, ასევე მ----–--- მ-----–--ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.’’
სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის 2017 წლის 26 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება, დაადგინა, რომ მხარეები ხელშეკრულების 8.5 პუნქტით შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადაო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხის მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მოპასუხისათვის თანხების დაკისრება მოითხოვა. სარჩელის საფუძველზე მიღებულია წინამდებარე გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლისა და მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების 8.5 მუხლის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 50 ლარს. მოპასუხეს გადახდილი აქვს 100 ლარი, ანუ 50 ლარით ზედმეტი.
7.2. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომაზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მ----–--- მ-----–--ემ სარჩელი 1686,5 ლარის ნაწილში სცნო, ამიტომ ის ამ თანხის კუთვნილ ბაჟის, 40 ლარის გადახდისაგან უნდა განთავისუფლდს. სახს ბაჟის სახით გადახდილი 10 ლარი მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად. 40 ლარის გადახდა კი ხ------- ტ------–--ეს უნდა დაეკისროს ინდივიდუალურად. ზედმეტად გადახდილი 50 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,უ---------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ხ------- ტ------–--ეს და მ----–--- მ-----–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2366,80 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელეს უკან დაუბრუნდეს ა-----–--------------ის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 50 ლარი (საგადასახადო დავალება 0, გადამხდელის ბანკი - სს ’’თიბისი ბანკი’’, გადახდის თარიღი - 14/06/2018 წელი, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300693150)
4. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეს აუნაზღაურონ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილი 10 ლარი.
5. ხ------- ტ------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის გადახდილი 40 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30)
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე