განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N030100120003441208
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
საქმის N1/19-2020 წ
12 მარტი, 2020 წელი ქ. ფოთი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ წულაძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი ე---–---- ბ------
დაცვის მხარე - ბრალდებული - ე---- ქ------- (დაბადებული 1--- წლის 0------------, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, გ-------–-------–-, ს-–----–-- განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ფოთი მ--–------- ჩ--- #-).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. ფოთში, მ--–------- ს--------- 8----ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, ე---- ქ-------, პოლიციის ორგანოში მის წინააღმდეგ გაკეთებული შეტყობინების გამო ყოფილ მეუღლეს მ------ დ------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 25 დეკემბრის საინფორმაციო ცენტრ 112-ში შესული შეტყობინებით დადგენილია, რომ მარინე დ------- ტელეფონით განახორციელა შეტყობინება, რომ მიუვარდა მეუღლე, გამოეკიდა და არის ძალიან აღელვებული.
2019 წლის 25 დეკემბრის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 25 დეკემბერს ბრალდებულის სახით 18:05 საათზე დაკავებული იქნა ე---- ქ-------.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა მ------ დ------- განმარტა, რომ 2019 წლის 25 დეკემბერს მეზობლისგან მიდიოდა სახლში, რა დროსაც ეზოში შეხვდა მთვრალი ე---- ქ-------, რომელიც დაემუქრა, რომ მოკლავდა, მოსპობდა, დაახრჩობდა და არ აპატიებდა იმის გამო თუ რატომ უჩივლა პოლიციაში და გამოეკიდა ეზოში, მას ჰქონდა თუ არა რამე არ იცის, თუმცა ემუქრებოდა, რომ დანით მოკლავდა, ყელს გამოჭრიდა და ხელი ჰქონდა ჩაყოფილი უბეში, თითქოს რაღაც ჰქონდა დამალული, ამის გამო შეეშინდა, ავიდა ბინაში და დარეკა შეშინებულმა. ვინაიდან ე---- ქ------- ხშირად სვამს და მთვრალი ვერ აკონტროლებს ნერვებს, რასაც იტყვის შეასრულებს და ამის გამო შეეშინდა.
ანალოგიური გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ მ------ დ------- მეზობელმა ნ------- მ---------, რომელმაც აღნიშნა, რომ 25 დეკემბერს მ------ დ------ მასთან იყო და გარეთ, რომ გავიდა შეხვდა ე---- ქ-------, რომელიც ჯერ ცუდი სიტყვებით მიმართავდა, მოგკლავო, მიჩივლეო და მ------ გაიქცა, ხოლო ე---- ქ------- გამოეკიდა და ჯიბეზე იკიდებდა ხელს, მოგკლავო, ვერავინ დამიჭერსო, შენთვის გამოვედი და მაინც მოგკლავო, მაგრამ მ------მ შეასწრო სახლში. იგი ხშირად სვავს და იგინება, აგინებს ყველას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ფოთის საქალაქო სამმართველოს მ--–------- პოლიციის გ---------–---- უ--------- გ------- ლ-------- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ადგილზე, სადაც ნახეს ე---- ქ-------, რომელიც იყო ნასვამი და მათი თანდასწრებითაც განაგრძობდა მ------ დ------- მიმართ მუქარას - მაგას მაინც მოვკლავ და ბოლოს მოვუღებო, რის შემდეგაც იგი დააკავეს.
ანალოგიური გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ--–------- პოლიციის გ---------–---- უფროსის მოადგილემ ბ------- კ--–--------.
ფოთის საქალაქო სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ფ-------- ნ---–---- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
ბრალდებულმა ე---- ქ-------მ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია.
ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ე---- ქ-------მ ოჯახის წევრის ყოფილი მეუღლის მ------ დ------- მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მ------ დ------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ე---- ქ-------მ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული. ბრალდებულის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე განსაკუთრებული გარემოება არ არსებობს, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რომლის ზომა ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში საშუალო ზომით. ამავე დროს არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე და 63-ე მუხლებით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე---- ქ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ე---- ქ-------ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან 2019 წლის 25 დეკემბრიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი