განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2271-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - გ--------–-–--–---
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ-----------------
ბრალდებული - ვ---------–-------------პ/-------------), დაბადებული 1--- წლის 21 ი-----, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თბილისში, დ--------------, ი-------------–-- ქ.#-- ბინა #--–ი, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, გ------–---–-- ქ.#--- ბინა #---ში
წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის 27 აპრილს, თბილისში, დ--------------, პ------–--------ში მდებარე, შპს ,,ბ------------ სახელით რეგისტრირებულ, ვ---------–------------ კუთვნილ მაღაზიაში, ვ---------–------------ მის მეგობარ ქალთან - მ-----------–--------- შელაპარაკება მოუვიდა. კონფლიქტისას, ამ უკანასკნელს ვ---------–------------ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, ხელი ჩაარტყა თავის არეში და მოქაჩა თმები, წააქცია, რის შემდეგაც წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მუცლისა და გულმკერდის არეში. აღნიშნულის შემდეგ მ-----------–------ წამოდგა, რა დროსაც ვ---------–------------ კიდევ ერთხელ ჩაარტყა თავში ხელი.
ამავდროულად, კონფლიქტის დროს, ვ---------–------------ მაღაზიის დახლიდან აღებული ბალახის საჭრელი დიდი ზომის მაკრატლის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ-----------–------. აღნიშნულის შედეგად, მ-----------–------ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 27 აპრილს, თბილისში, დ--------------, პ------–--------ში მდებარე, შპს ,,ბ------------ სახელით რეგისტრირებულ, ვ---------–------------ კუთვნილ მაღაზიაში, ამ უკანასკნელს შელაპარაკება მოუხდა მის მეგობარ ქალთან - მ-----------–---------. კონფლიქტისას, ვ---------–------------ მ-----------–------ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა თავისა და სხეულის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ მ-----------–------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 2017 წლის 27 აპრილს მივიდა პ------–-- ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ვ---------–------------თან, რომელთანაც მრავალწლიანი ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, რათა გაერკვია, როგორც პირადი ურთიერთობა, ისე - ბრალდებულის მიერ ვალის დაბრუნების საკითხი. მაღაზიაში თავიდან მშვიდი გარემო იყო, ვ--------– ჩუმად იყო, მიდიოდა-მოდიოდა, ხმას არ იღებდა, ასეთი სიჩუმით აყალიბებდა გეგმას, როგორ მოეყვანა სისრულეში განზრახვა. კერძოდ, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, თავიდან ხელი იმდენად ძლიერად ჩაარტყა თავში, რომ ეგონა, რამე ნივთი მოხვდა, შემდეგ თმები მობღუჯა. ყვიროდა, უნდოდა, მაღაზიაში ვინმე შესულიყო, მაგრამ დაკეტილი იყო და არავინ მიშველებია. რომ არ ჩერდებოდა, ვ---------–----------- გამწარდა, ზედ შედგა და ისე ურტყამდა, გულმკერდის არეში დაარტყა ფეხი, რის გამოც ძლიერი ტკივილი განიცადა. პირველი დარტყმის შემდეგ მოახერხა და მაღაზიის ტელეფონით ვ--------- ოჯახში დარეკა, რის გამოც პატრულის მისვლამდე მისი შვილი მივიდა. პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც მივიდა სასწრაფო დახმარება. სხეულზე ვიზუალური დაზიანებები აღენიშნებოდა, თავის რაღაც ნაწილში თმები ჰქონდა ამოგლეჯილი, თავი გაწითლებული ჰქონდა და ჰემატომა განუვითარდა, რაც შემდგომში გაშავდა, გულმკერდის არეში და ხელ-ფეხზე ჯერ სიწითლე ჰქონდა, შემდეგ სილურჯესა და სიყვითლეში გადავიდა, წნევაც დავარდნილი ჰქონდა. თავის ტკივილები და გულის რევები შემდეგ დღეებშიც აწუხებდა და მედიკამენტებს იღებდა, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა ჰქონდა.
დაზარალებულის განმარტებით, მას ვ---------–------------ წარსულში ხელი გადაუტეხა, რის გამოც ტრავმატოლოგიურში მოხვდა, რაც მის ეჭვიან ბუნებასა და ვალს უკავშირდებოდა, ის ყველაფერს აკონტროლებდა და ფსიქოლოგიურად მოქმედებდა მასზე.
პატრულ-ინსპექტორ, მოწმე ნ-----–-----–------–-–---–-- ჩვენებით, 2017 წლის 27 აპრილს, მეწყვილე ნ-----–------------------ ერთად, მოძრაობდა დ------------–-, პ------–-- ქუჩაზე, როდესაც მიიღეს შეტყობინება იმავე ქუჩაზე #--–ი მდებარე მაღაზია ,,---------–--- კონფლიქტის თაობაზე. დაუყოვნებლივ გამოცხადდა ადგილზე ნ-----–------------------ ერთად. მაღაზიაში დახვდნენ მ-----------–------ და ვ---------–-----------. ქალი აღელვებული იყო, ცრემლები მოსდიოდა, განაცხადა, რომ ვ---------–------------ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სახეზე, ხელებზე, თავის არეში, თუმცა ზუსტად რა ადგილებში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არ ახსოვს. ვიზუალურად მ-----------–------ დაზიანება არ აღენიშნებოდა. დაზარალებული, ასევე, აცხადებდა, რომ ფინანსური დავა ჰქონდათ ერთმანეთთან, მაღაზიაში არსებული ნივთების დიდი ნაწილი მისი ფულით იყო ნაყიდი. გაესაუბრნენ ვ---------–------------აც, რომელმაც აღნიშნა, რომ თვითონ მ-----------–------ ცდილობდა მისთვის სახის არეში დაზიანებების მიყენებას, რის გამოც მას ხელებს უკავებდა. რადგან სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ადგილზე საპატრულო პოლიციის საგამოძიებო ნაწილი გამოიძახეს. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მომსახურებაზე მ-----------–------- უარი განაცხადა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს პატრულ-ინსპექტორმა ნ-----–--------------, რომელმაც განმარტა, რომ მ-----------–------ ძალიან ანერვიულებული დახვდათ, განუცხადა მათ, რომ ვ---------–----------- იყო მისი მეგობარი და ერთმანეთთან მოუხდათ კონფლიქტი. კონფლიქტის დროს ვ---------–------------ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გაარტყა და თმებში მოქაჩა. როგორც ახსოვს, დაზარალებულმა სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე უარი განაცხადა. ვ---------–------------ გასაუბრებისას დაადასტურა მასსა და მ-----------–------ შორის მომხდარი კონფლიქტი, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა უარყო, განაცხადა, რომ, პირიქით, ქალი ცდილობდა მასზე ფიზიკურ ზემოქმედებას. როგორც ახსოვს, ვიზუალურად დაზიანების აშკარა ნიშნები არცერთს არ აღენიშნებოდა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის, მოწმე ა------–-–---–-- ჩვენებით, ძალადობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა მისამართზე. შემთხვევის ადგილზე დახვდნენ დაზარალებული მ-----------–------ და ვ---------–-----------. გასაუბრებისას ქალბატონმა განაცხადა, რომ რამდენიმეწლიანი ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბრალდებულთან და მათ შორის მომხდარი გაუგებრობის გასარკვევად მივიდა მის მაღაზიაში, რა დროსაც კონფლიქტი მოუხდათ. მისი გადმოცემით, კონფლიქტის დროს ვ---------–------------ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში ხელი გაარტყა, თმა ძლიერად მოქაჩა, რის გამოც ძალიან ცუდად იყო, თავს იტკიებდა. დაზარალებული ძალიან აღელვებული იყო და ფაქტობრივად სრულად ვერ გადმოსცემდა მომხდარის ზუსტ დეტალებს. ადგილზე გაესაუბრა ბრალდებულსაც, რომელმაც განმარტა, რომ მოხდა კონფლიქტი, თუმცა არ უღიარებია ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. გარდა აღნიშნული ორი პირისა და სამართალდამცავებისა, შემთხვევის ადგილზე არავინ იმყოფებოდა. დაზარალებულთან ერთადერთხელ ჰქონდა გასაუბრება, ისიც შემთხვევის ადგილზე, როდესაც მან აჩვენა თავი, რომელიც გაწითლებული ჰქონდა და სტკიოდა, როგორც ამბობდა, ზუსტად ამ ადგილას მოქაჩა ბრალდებულმა. როდესაც მ-----------–------ გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო ორგანოში გადაიყვანეს, შეუძლოდ გახდა, თავის ტკივილს უჩიოდა, გულისრევის შეგრძნება ჰქონდა და ფეხზე ვერ დგებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო და ექიმებმა სტაციონარში გადაიყვანეს, რის გამოც მისი გამოკითხვის საშუალება არ მიეცა.
მოწმე გ---------------–---- ჩვენების თანახმად, მოცემული სისხლის სამართლის საქმე გადმოეწერა გამომძიებელ ა------–-–---–--გან. მოწმის სახით გამოკითხა მ-----------–------ და ვ---------–------------ ასევე, ჩაატარა სხვა საპროცესო მოქმედებები.
ბრალდებულმა ვ---------–------------ საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებულია ბრალდებულის დუმილის უფლება, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება. მის მიერ დუმილის უფლების არჩევა კი, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. აღნიშნული წარმოადგენს ბრალდებულის თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიას და უკავშირდება, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს არავინ არის ვალდებული, გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის წინააღმდეგ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიღებული შეტყობინების თანახმად, 2017 წლის 27 აპრილს, თბილისში, პ------–--------ში მდებარე, შპს ,,---------–--- გამოვლენილ იქნა ვ---------–------------ რომელმაც ურთიერთშელაპარაკების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ-----------–------.
საპატრულო პოლიციის დეპარატმენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ს----------–---------------–--------–----–----–-- პატრულ-ინსპექტორ ნ-----–-------------- პატაკით ირკვევა, რომ, ნ-----–-----–------–-–---–---- ერთად, გამოცხადდა ზემოხსენებულ მისამართზე, სადაც დახვდათ ინიციატორი მ-----------–------, რომელმაც მიუთითა იქვე მყოფ მამაკაცზე, ვ---------–-----------ზე, რომ მაღაზიაში კონფლიქტის დროს ამ უკანასკნელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ანალოგიური განაცხადა ვ---------–------------, აღნიშნა, რომ მ-----------–------ მივიდა მასთან მაღაზიაში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
შპს ,,-------–-------------------- სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, მ-----------–------- კლინიკაში შესვლისა და გაწერის დროებია 2017 წლის 28 აპრილის 01:35 საათი და 28 აპრილის 10:00 საათი. კლინიკაში შესვლისას პაციენტი უჩიოდა ტკივილს გულმკერდისა და თავის არეში, სამედიცინო ჩარევის ფონზე ტკივილი ოკუპირებულია, რეკომენდირებულია 3-4 დღიანი წოლითი რეჟიმი.
სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ მ-----------–------ კლინიკაში გადაყვანილია 112-ის მიერ. პაციენტის წინასწარი დიაგნოზი არის ტკივილი გულმკერდის არეში. მიმღები ექიმის ჩანაწერით, მ-----------–------ უჩივის ტკივილს გულმკერდისა და თავის არეში. მისი გადმოცემით, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მეგობარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მ-----------–------ თავზე, თხემის არეში, აღენიშნება ჰემატომა. ამასთან, ირკვევა, რომ აღენიშნებოდა გულისრევა და ღებინება, სხეულის სხვადასხვა ადგილზე კი აღენიშნებოდა ექსკორიაციები.
2017 წლის 1 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით,· როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----დან ირკვევა, მ-----------–------ აღნიშნული ცენტრისთვის სამედიცინო დახმარების მიზნით მიუმართავს 2017 წლის 28 აპრილს, სადაც დაესვა დიაგნოზი: მრავლობითი ტრავმები დაუზუსტებელი, სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული, რეაქცია მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევა.
· სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია თხემის არეში ჰემატომა.
· როგორც ირკვევა, შპს ,,-------–-------------------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #---- და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა #-----დან, მ-----------–------ კლინიკაში შესულა 2017 წლის 28 აპრილს, სადაც დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის ტკივილი დაუზუსტებელი. ტკივილი გულმკერდისა და მუცლის არეში დაუზუსტებელი. სხეულზე სხვადასხვა ადგილებში ექსკორიაციები. თხემის მიდამოში ჰემატომა.
· დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის განსაზღვრა, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანებათა მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, შეუძლებელია.
მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ე-------–--–---–-- სასამართლოში დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რაც სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გასცა. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ მკვრივი, ბლაგვი საგანი შეიძლება იყოს ხელი. მუჭი ზოგადად არის მკვრივი, ბლაგვი საგანი. მა----------–-------- დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელი იყო, რამდენადაც დოკუმენტაციაში არ იყო სრული აღწერილობა, კერძოდ, მასში დაფიქსირებულია, რომ არის ჰემატომა და ექსკორიაციები, მაგრამ არ არის მითითებული მათი ფერი, მორფოლოგია, ფუფხის მდებარეობა და ა.შ.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლო ადგენს, რომ ვ---------–------------ 2017 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, თბილისში, პ------–--------ში მდებარე მაღაზიაში, მასსა და მ-----------–------ შორის მომხდარი კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა მა----------–--------.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამავე სტანდარტს ადგენს საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
აღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ვ---------–------------ 2017 წლის 27 აპრილს ფიზიკურად იძალადა მა----------–--------, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
პატრულ-ინსპექტორებმა - ნ-----–-------------- და ნ-----–-----–------–-–---–-- ერთმანეთთან თავსებად ჩვენებებში აღწერეს, რომ, შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, პ------–--------ში გამოცხადებულთ ადგილზე მხოლოდ ვ---------–----------- და მ-----------–------ დახვდათ, ქალი ძალიან აღელვებული იყო, ტიროდა და ცრემლებით უხსნიდა მათ, რომ ვ---------–------------ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ურტყამდა სახეზე, ხელებზე, თავის არეში.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს გამომძიებელმა ა------–-–---–--, რომელიც, პატრულ-ინსპექტორების შეტყობინების საფუძველზე, ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მოწმე ა------–-–---–-- სასამართლოს, ნ-----–--------------ა და ნ-----–-----–------–-–---–-- მსგავსად, გადმოსცა, რომ მ-----------–------ ძალიან აღელვებული იყო, უთხრა, რომ კონფლიქტის დროს ვ---------–------------ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში ხელი გაარტყა, თმა ძლიერად მოქაჩა, რის გამოც ძალიან ცუდად იყო. მოწმის განმარტებით, მ-----------–------ თავი გაწითლებული ჰქონდა და სტკიოდა. ამასთან, ა------–-–---–-- თავის ჩვენებაში გადმოსცა დაზარალებულის ემოციური მდგომარეობა, რომ ეს უკანასკნელი ისე ღელავდა, მომხდარის ზუსტი დეტალების გადმოცემა უჭირდა, რასაც ხაზი გაესვა პატრულ-ინსპექტორების მიერაც. ამასთან, მოწმე ა------–-–---–-- ჩვენების თანახმად, გამოსაკითხად სამართალდამცავ უწყებაში გადაყვანილი მ-----------–------- გამოკითხვა ვერ შეძლო მისი შეუძლოდ ყოფნის გამო, თავი სტკიოდა, გულისრევის შეგრძნება ჰქონდა და ფეხზე ვერ დგებოდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის სტაციონარში გადაიყვანა.
მოწმე ა------–-–---–-- ჩვენება სრულ თანხვედრაშია სამედიცინო დოკუმენტაციასთან, რომელიც მოიცავს როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გაცემულ სამედიცინო ბარათს, ისე - შპს ,--------–----------------–--- შედგენილ დოკუმენტებს, რომელთა თანახმად, 2017 წლის 28 აპრილს, 01:35 საათისთვის, მ-----------–------ უჩიოდა ტკივილს გულმკერდისა და თავის არეში, ამასთან, მას თავზე, თხემის არეში, აღენიშნებოდა ჰემატომა, რაზეც სასამართლოში ყურადღება გაამახვილა დაზარალებულმაც. ამასთან, მას სხეულზე ჰქონდა ექსკორიაციები, აღენიშნებოდა გულისრევა და ღებინება. როგორც ამავე დოკუმენტებით ირკვევა, დაზარალებულმა ღამე სტაციონარში გაატარა, რაც, ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებო იყო.
სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით და ექსპერტ ე-------–--–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათით და შპს ,,-------–-------------------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, მ-----------–------- დიაგნოზია: ტკივილი გულმკერდისა და მუცლის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ექსკორიაციები, ასევე, ჰემატომა თხემის მიდამოში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, ექსპერტმა განმარტა, რომ მკვრივი და ბლაგვი საგანი შესაძლოა იყოს ადამიანის ხელი, მუშტი, რაც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან, რომ ვ---------–------------ ხელი დაარტყა მას.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზას არ აქვს დადგენილი დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობა, სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანებათა მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, მთელი ამ მოცემულობისა და ვითარების აღდგენით, სასამართლო ეჭვს გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ-----------–------- სხეულზე არსებული დაზიანებები მიზეზობრივ კავშირშია ვ---------–------------ მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან. დაზიანებათა განვითარებასთან დაკავშირებით საგულისხმოა სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული, პაციენტ მ-----------–------- მიერ ექიმისთვის გადაცემული ინფორმაცია, რომ ურთიერთშელაპარაკების შედეგად მეგობარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც სრულ თანხვედრაშია როგორც მის მიერ სასამართლოსთვის გადმოცემულ, ასევე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ სამართალდამცავებისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან.
მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მოწოდებული ინფორმაცია, სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთობლიობაში, რაც იმავე დღეს იქნა დაფიქსირებული მიმღები და სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ, განიხილება პირდაპირ მტკიცებულებებად. აღნიშნული მტკიცებულებები ამტკიცებს, რომ დაზარალებულს სხვადასხვა ადგილებში აღენიშნებოდა ექსკორიაციები, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მხოლოდ ერთჯერად დარტყმას.
დაზარალებულის სხეულზე განვითარებული დაზიანებებისა და ზემოთ განხილული ჩვენებების გაანალიზების შედეგად, როგორც სუბიექტურად, ისე - ობიექტურად, უტყუარად დგინდება, რომ ვ---------–------------ მხრიდან მ-----------–------- მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ზემოთ მითითებული მტკიცებულებები და გარემოებები, ერთობლიობაში წარმოადგენს იმ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებებს, რაც საკმარისია დასარწმუნებლად, რომ ვ---------–------------ განზრახ განახორციელა მ-----------–------- მიმართ ძალადობა.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა, რაც, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას გულისხმობს, და სხვაგვარი ძალადობა - ერთჯერადი ძალმომრეობითი აქტი. ამასთან, აღნიშნულმა ქმედებებმა ფიზიკური ტკივილი უნდა გამოიწვიოს და არ უნდა მოჰყვეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი, კერძოდ, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, თბილისში, პ------–--------ში მდებარე თავისსავე მაღაზიაში, ვ---------–------------ არაერთჯერადად დაარტყა მ-----------–------ სახისა და სხეულის არეში, ასევე, თმები მოქაჩა მას, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ---------–------------ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და იგი სწორედ ამ დანაშაულისთვის უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით, რამდენადაც მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით გაზრდილია სასჯელის სახეები.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
დაზარალებულ მ-----------–------- ჩვენებით, მაღაზიაში მისულს, ვ---------–----------- ემუქრებოდა მოკვლით. კარგად იცნობს მას და იცის, რომ მართლა შეუძლია მოკლას, რადგან დიდი ოდენობით ფული აქვს წაღებული მისგან. როცა განერვიულდება, ვ-------- საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს, პირიდან თეთრი ქაფი გადმოსდის და ასეთი ადამიანი რომ ეუბნება, მოგკლავო, კარგს ვერ იფიქრებს. ის საშიშია ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით საშიშია ქალისთვის, იყო შემთხვევა, როცა ხელიც კი გადაუტეხა. ის ბუნებით ეჭვიანი ადამიანია და ყველა კონფლიქტი მასთან გამოწვეული იყო აქედან, აკონტროლებდა ყველაფერს და ფსიქოლოგიურად მოქმედებდა მასზე.
დაზარალებულის განმარტებით, როცა მაღაზიაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, არეულობა იყო, გადმოყრილი იყო რაღაცეები, ძირს იყო მაკრატელიც. ვინაიდან ტელეფონი დასატენი ჰქონდა და თვითონ ფოტოს ვერ იღებდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სთხოვა, ჩაეწერათ, რომ თმაც დაბლა ეგდო და მაკრატელიც.
პატრულ-ინსპექტორების, მოწმეების - ნ-----–-----–------–-–---–--ა და ნ-----–-------------- ჩვენებებით, 2017 წლის 27 აპრილს პ------–-- ქუჩაზე მდებარე მაღაზია ,,---------–--- გამოცხადდნენ შეტყობინების საფუძველზე, რომ მაღაზიაში იყო კონფლიქტი. ადგილზე მ-----------–-------, რომელიც აღელვებული იყო და ტიროდა, მათ განუცხადა, რომ ვ---------–------------ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ამასთან, მოწმე ნ-----–-----–------–-–---–-- ჩვენებით, როგორც ახსოვს, მაღაზიაში ნივთები ჩვეულებრივ ეწყო, ზუსტად არ ახსოვს, რადგან დიდი ხანია გასული. ასევე, გასული დროის გამო, ზუსტად არ ახსოვს, იყო თუ არა მუქარა ბრალდებულის მხრიდან მ-----------–------- მიმართ. მაღაზიაში არეულობა არ ახსენდება, ასევე, მოწმე ნიკოლოზ აფხაიძეს.
გამომძიებლის, მოწმე ა------–-–---–-- ჩვენებით, ძალადობის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა მისამართზე. ადგილზე მ-----------–------ აცხადებდა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ---------–------------. დაზარალებულის გამოკითხვა ვერ მოახერხა, რადგან შეუძლოდ გახდა, შემდეგ კი საქმე გადაეწერა სხვა გამომძიებელს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიღებული შეტყობინების თანახმად, ვ---------–------------, ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ-----------–------.
პატრულ-ინსპექტორ ნ-----–-------------- პატაკით ირკვევა, რომ, ნ-----–-----–------–-–---–---- ერთად მისამართზე გამოცხადებულს, ადგილზე დახვდათ მ-----------–------, რომელმაც მიუთითა იქვე მყოფ ვ---------–-----------ზე, რომ მაღაზიაში კონფლიქტის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ არ არსებობს გონივრული ეჭვის გადამლახავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადგინდებოდა ვ---------–------------ მიერ მ-----------–------- მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი და არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე (დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა), სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ---------–------------ მიმართ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდებოდა ვ---------–------------ მიერ მ-----------–------- მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელება.
ვ---------–------------ მიერ მ-----------–------- მიმართ მუქარის დამადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, სასამართლოში წარმოდგენილი და განხილული სხვა არცერთი მტკიცებულება არ იძლევა საკმარის საფუძველს ვ---------–------------ მიმართ მ-----------–-------ადმი სიცოცხლის მოსპობის მუქარის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიჩნევისათვის. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავს არცერთ ირიბი სახის ინფორმაციასაც კი აღნიშნულთან დაკავშირებით.
სასამართლო, რა თქმა უნდა, არ აკნინებს დაზარალებულის ჩვენების მნიშვნელობას და არ მიიჩნევს მას არასანდოდ, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, დროის ფაქტორიდან და მომხდარიდან გამომდინარე, ბრალდებულის მხრიდან მისთვის დამუქრების შესახებ სამართალდამცავი ორგანოსთვის შეტყობინებისას, შესაძლოა, არც განემარტა ყველაფერი, თუმცა არცერთი ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცავის, არც პატრულ ინსპექტორების - ნ-----–--------------ა და ნ-----–-----–------–-–---–-- და არც გამომძიებელ ა------–-–---–-- ჩვენებებით არ დასტურდება დაზარალებულის მხრიდან მუქარის შესახებ მათთვის ინფორმაციის მიწოდების ფაქტი. პატრულ-ინსპექტორებს, გასული დროის გათვალისწინებით, არ ახსენდებათ, ასევე, მაღაზიაში არეულობა, არც პატრულ-ინსპექტორ ნ-----–-------------- შეტყობინებაში და არც პატაკში ამგვარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული. გარდა ამის, როგორც გამოკვლეული მასალებით ირკვევა, არ მომხდარა არც შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რაც დაადასტურებდა ან უარყოფდა დაზარალებულის ინფორმაციას მაღაზიაში არეულობის შესახებ და იმ ფაქტის შესახებ, რომ ვ---------–------------ მუქარის დროს მაკრატელი ეჭირა, რაც პოლიციელების ადგილზე მისვლისას იატაკზე ეგდო. ასევე, ამგვარ ინფორმაციას არ შეიცავს არცერთი სხვა წერილობითი მტკიცებულება.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის ჩვენების თანმხვედრი სხვა მტკიცებულება და არ არსებობს პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით გონივრული ეჭვის ბარიერის გადასალახად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა სიცოცხლის მოსპობის მუქარის ეპიზოდში, ვ---------–----------- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი/დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე, ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, რომ არ არის ნასამართლევი; ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენიდან გასულია ორ წელზე მეტი და მისი მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს და სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ---------–------------ მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ---------–----------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ვ---------–----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 27 აპრილს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე